რუსეთის რბილი და ხისტი ძალა საქართველოს წინააღმდეგ

სიახლეები | პუბლიკაციები | ბლოგპოსტები 17 მარტი 2017

ავტორი: გიორგი ლომთაძე

 

რუსული პროპაგანდა და საინფორმაციო ომი კვლავ აქტუალური საკითხია როგორც საქართველოში ისე საერთაშორისო ურთიერთობებში. განსაკუთრებით იმ ცნობების ფონზე, რომლის თანახმად, რუსეთი უხეშად ჩაერია აშშ-ის არჩევნებში და სავარაუდოდ, გავლენა იქონია მის შედეგზე. ევროპული სახელმწიფოები უკვე სრულად აცნობიერებენ რუსული დეზინფორმაციისა და საინფორმაციო ოპერაციების საფრთხეს და ცდილობენ შესაბამისი ზომები მიიღონ.

 

საქართველოში რუსული რბილის ძალისა და სახელმწიფო პროპაგანდის გააქტიურებაზე უკვე წლებია მიმდინარეობს აქტიური დისკუსია.  ამის ფონზე რიგი სახელმწიფო სტრუქტურები, ისევე როგორც სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები ცდილობენ წინ აღუდგნენ რუსული პროპაგანდის საფრთხეს. რუსული პროპაგანდა საქართველოში რბილი და ხისტი ძალის ერთგვარ ნაზავს წარმოადგენდა, რაზეც ჩვენ უკვე გავამახვილეთ ყურადღება სტატიაში "კრემლის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ: პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებლობა" თუმცა, საინტერესოა რა შეიცვალა პროპაგანდისტულ მეთოდებში უკანასკნელი წლების მანძილზე და რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში.

 

რუსეთის რბილი და ხისტი ძალა საქართველოს წინააღმდეგ

 

რუსეთის რბილი ძალის მახასიათებლები საქართველოში სტაბილურია. ძირითადად, რბილი ძალის გამოყენება ორ კატეგორიაში შეგვიძლია მოვაქციოთ - 1. საქართველოს კულტურული (ღირებულებები და წეს-ჩვეულებები), ისევე როგორც ისტორიული კავშირები რუსეთთან 2. დასავლური პოლიტიკური ღირებულებები რუსეთის ე.წ. „რეალპოლიტიკის“ (ძალის პოლიტიკა) წინააღმდეგ.

 

რელიგიური წარმოდგენები და კულტურული მეხსიერება რუსეთის რბილი ძალის არსენალში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტია, ვინაიდან მართლმადიდებლური ქრისტიანული ღირებულებები მნიშვნელოვანია მოსახლეობის საგრძნობი ნაწილისთვის და რელიგიური წრეებიდან წამოსულ გზავნილებს დიდი გავლენა აქვს საქართველოს მოსახლეობაზე. კრემლი იყენებს ქართული საზოგადოების ამ თავისებურებას და დასავლეთს წარმოაჩენს, როგორც მანკიერი „ლიბერალური“ იდეოლოგიის მქადაგებელს, რასაც უპირისპირდება კონსერვატორული რუსეთი რომელიც იცავს ტრადიციულ ღირებულებებს.

 

სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების დამსახურებით, რომლის ფარგლებშიც იმართება ქართველი სასულიერო პირების შეხვედრები ევროკავშირის, ისევე როგორც ნატოს ხელმძვანელობასთან, სასულიერო პირების მხრიდან უარყოფითი გზავნილების რაოდენობა დასავლური ინსტიტუტების მიმართ საგრძნობლად შემცირდა. თუმცა, რიგ შემთხვევებში გარკვეულ სასულიერო წრეებში ანტი-დასავლური ტენდენციები მაინც ვლინდება (უკანასკნელ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ რომის პაპის ვიზიტის წინააღმდეგ გამართული პროტესტი). შესაბამისად, რუსეთის კულტურული ნარატივი კვლავ მძლავრია საქართველოში და მნიშვნელოვან ფაქტორს თამაშობს კრემლის პროპაგანდის სტრატეგიაში.

 

საგარეო პოლიტიკური ნარატივი პერიოდულად იცვლებოდა და უფრო მეტად რეაქციული იყო. თავდაპირველად, მეტი ყურადღება ეთმობოდა დასავლური ინსტიტუტების მიმართ სკეპტიციზმის გაღვივებას. ნატოში გაწევრიანება შეუძლებლად, ხოლო საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები უპერსპექტივოდ იყო წარმოჩენილი.

 

ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში მნიშვნელოვანი წინსვლის (ასოცირების შესახებ შეთანხმება და ვიზა ლიბერალიზაცია) შემდეგ, ძირითადი ყურადღება ევროკავშირთან ინტეგრაციის ღირებულებით შეუსაბამობაზე იყო გადატანილი. ევროკავშირში განვითარებული მოვლენებიც არ დარჩა უყურადღებოდ - საბერძნეთის ეკონომიკური პრობლემები, ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება, პოლონეთის მთავრობის წინააღმდეგობა ევროპული ინსტიტუტების მიმართ გამოყენებულია ევროკავშირის, როგორც საერთო ევროპული პროექტის, მარცხის მაჩვენებლად.

 

ნატოს შემთხვევაში, შენარჩუნებული ერთი მუდმივი გზავნილი - თუ რამდენად შორეული პერსპექტივაა და საფრთხის შემცველია საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება. ეს გზავნილი ნელ-ნელა, თუმცა ეფექტიანად მოქმედებს საქართველოს მოსახლეობაზე. ყირიმის ანექსიისა და სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციების შემდეგ, ნატო წარმოჩენილია, როგორც წამგებიანი და სტატიკური სამხედრო ალიანსი, მაშინ როდესაც რუსეთის აგრესიული სამხედრო ექსპანსია ნატოზე უპირატესობის მტკიცებულებად არის გამოყენებული. ასევე, ხდება ნატოსა და რუსეთის ქმედებების ერთმანეთთან შედარება და პარალელების გავლება (სერბეთი-უკრაინა, ლიბია-სირია, აშშ-ის ინტერვენციები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში).

 

რბილის ძალის პარალელურად და მისი ზემოქმედების გასაძლიერებლად, ხისტი ძალის პოლიტიკა მიმართულია საქართველოს მოსახლეობაში შიშისა და დაძაბულობის განცდის შესანარჩუნებლად. ე.წ. „საზღვრის“ უკანონო გავლება, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივი სამხედრო წვრთნები მკვეთრი გზავნილია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ რუსეთი მზადაა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს ხისტი ძალა.

 

ასევე, სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობის ხელშეკრულებები სეპარატისტულ მთავრობებთან ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ რუსეთი განაგრძობს საერთაშორისო სამართლის პრინციპების უგულებელყოფას და ამ მიდგომით ცდილობს დაამტკიცოს საკუთარი ძლევამოსილება . შესაბამისად, რუსეთის მონაწილეობა სამხედრო მოქმედებებში (სირია, უკრაინა) პროპაგანდის ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტია.

 

რა მიმართულებით გააქტიურდება რუსული პროპაგანდა საქართველოში?

 

მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, კრემლის პროპაგანდა სავარაუდოდ იერიშს მიიტანს ვიზა ლიბერალიზაციაზე. იქნება მცდელობები, რომ დაკნინებული იქნას მისი სარგებელი და მცირედი პრობლემაც კი წარმოჩენილი იქნება, როგორც ქართველების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი (მაგალითად, საქართველოს მოქალაქეების რეადმისია). მაგალითისთვის, უახლესი მსგავსი შემთხვევა იყო რუსული დეზინფორმაცია უვიზო მიმოსვლის სანაცვლოდ, საქართველოში ლტოლვილთა ბანაკების მშენებლობის შესახებ.

 

ღირებულებებზე დაფუძნებული პროპაგანდა საპარლამენტო არჩევნების პერიოდთან შედარებით ნაკლებად, თუმცა კვლავ აქტიურია. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმართველობების წინასაარჩევნო პერიოდში მოსალოდნელია შესაბამისი პოლიტიკური სუბიექტებისა თუ ჯგუფების გამოყენებით ანტი-დასავლური პროპაგანდის კიდევ უფრო გააქტიურება.

 

სავარაუდოდ უახლესი სამიზნე გახდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და ყველა ის დასავლური ინსტიტუტი, რომლებმაც რუსთავი 2-ის სასამართლო დავაში საეჭვო გარემოებებზე გაამახვილეს ყურადღება. არასამთავრობო სექტორი საქართველოში კვლავ „მეხუთე კოლონად“ იქნება წარმოჩენილი და ძირითადი დარტყმა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე შეიძლება იქნას მიტანილი.

 

რასაკვირველია, რთულია გაიზომოს რუსული პროპაგანდის შედეგი საქართველოში, ან მიაღწია თუ არა მუდმივმა დეზინფორმაციულმა  გზავნილებმა დასახულ მიზანს. თუმცა ის ფაქტორი, რომ საქართველოში რუსეთი ახორციელებს კომბინირებულ ინფორმაციულ სტრატეგიას (რბილი და ხისტი ძალის ერთობლიობა) ჩვენ საზოგადოებას განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის კრემლის ზეგავლენისგან. იმის ფონზე, რომ ხელისუფლებას საკმაოდ მწირი რესურსი აქვს რუსეთის ხისტი ძალის შესაკავებლად, ვფიქრობთ აუცილებელია რუსეთის რბილი ძალასთან უფრო პროაქტიული და მეთოდური შეკავების პოლიტიკის განხორციელება საინფორმაციო ველში. ევროკავშირის ქვეყნებმა უკვე დაიწყეს რუსეთის დეზინფორმაციასთან აქტიური დაპირისპირების პროცესი და საქართველომაც უნდა მოახერხოს ყველა რესურსის - უსაფრთხოების სექტორი, პოლიტიკური მოღვაწეები, აღმასრულებელი ხელისუფლება, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური წრეები - სრული კონსოლიდაცია რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია

22.10.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024