საპარლამენტო არჩევნების შედეგები - გამოწვევები საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე

სიახლეები | პუბლიკაციები | ბლოგპოსტები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 19 ოქტომბერი 2016

ავტორი: ლევან ავალიშვილი

 

2016 წლის 8 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა საზოგადოების ნაწილში გააჩინა შიში, რომ საქართველოს მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარება შესაძლებელია სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდეს.


მოქმედი უსამართლო საარჩევნო სისტემის წყალობით, რომლის ძირეული რეფორმაც საარჩევნო დაპირების მიუხედავად, დღემდე არ განხორციელებულა, ჩვენ მივიღეთ რეალობა როდესაც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელმაც უპრეცედენტოდ მცირე საარჩევნო აქტივობის პირობებში (51,6%) ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 49% მიიღო, შესაძლებელია, მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობა.


სამწუხაროდ, იმის მოლოდინი, რომ არჩევნების შედეგად საქართველოში ჩამოყალიბდებოდა მრავალპარტიული პარლამენტი, სადაც ადგილი ექნებოდა კონსესუსზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, სადაც იარსებებდა სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებს შორის ბალანსი და ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენცია, ფუჭი აღმოჩნდა.


2012 წლის მოწვევის პარლამენტისგან განსხვავებით, ახალ პარლამენტში ერთმანეთს დაუპირისპირდება არა მრავალპარტიული კოალიცია (სხვადასხვა პარტიისგან შემდგარი პოლიტიკური ბლოკი) და ერთი კონკრეტული პარტია, არამედ 2 მონოლითური პოლიტიკური ცენტრი, რომლებიც ერთმანეთთან მიმართებით რადიკალურ დაპირისპირებაში იმყოფებიან. კონფრონტაციულ რეჟიმში მყოფ 2 პოლიტიკურ ძალას ზურგს უმაგრებს პოლარიზებული ამომრჩეველი და მედია. ამავე დროს, საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა გამოიწვია სხვა პოლიტიკური პარტიების შესუსტება და მმართველობითი პროცესებიდან ჩამოშორება.


კოალიციური მმართველობის პირობებში, ხშირად ხერხდებოდა გარკვეული საყრდენის მოძიება პირველ რიგში მმართველ კოალიციაში, რაც ხშირად აუმჯობესებდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესს და მეტ ბერკეტს აძლევდა სამოქალაქო საზოგადოებას ხელისუფლების კონტროლისა თუ კანონშემოქმედებით საქმიანობაში რეალური მონაწილეობის კუთხით.


არჩევნების შემდგომ ჩამოყალიბებულ ორპოლუსიან სისტემაში, როდესაც მმართველ ძალას გაადვილებული ექნება ნებისმიერ საკითხზე შიდა კონსესუსის მიღწევა, ხოლო მის ოპონენტ პოლიტიკურ ძალას არ ექნება რეალური ბერკეტი, რომ მოახდინოს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზემოქმედება, გაიზრდება დაპირისპირების მუხტი საზოგადოებრივ სივრცეში და შესაბამისად, არსებობს ალბათობა, რომ ეს პროცესები გავიდეს საკანონმდებლო ჩარჩოს გარეთ და გამოიწვიოს პოლიტიკური დაპირისპირება.


საკანონმდებლო და აღმასრულებელი ძალაუფლების სრული კონცენტრაცია ერთი პოლიტიკური გაერთიანების ხელში, უდიდესი გამოწვევა და ტვირთია სწორედ მმართველი პოლიტიკური ელიტისთვის. კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ მმართველ ძალას გააჩნია შესაძლებლობა ნებისმიერ საკითხზე ერთპიროვნულად და რეალური კონსესუსის გარეშე ქვეყნის მთავარ კანონში შეიტანოს ცვლილებები, არამედ იმასაც, რომ პასუხისმგებლობის მძიმე ტვირთის ქვეშ ნებისმიერ ფასად შეასრულოს ყველა წინასაარჩევნო დაპირება.


ძალაუფლების ასეთი კონცენტრაცია მმართველი ხელისუფლების ხელში, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს ისეთ მყიფე დემოკრატიულ სისტემას, როგორიც ჩამოყალიბებულია საქართველოში, რადგან:


• მას აქვს მსუსხავი ეფექტი მართველობითი სისტემის ყველა რგოლზე: სასამართლოზე, ძალოვან სტრუქტურებზე, თვითმმართველობებზე, საჯარო მოხელეებზე. მკაცრი ვერტიკალური მმართველობის პირობებში ნებისმიერი მოხელე, თუ თანამდებობის პირი, ახდენს თვითშეზღუდვას, ეს კი განსაკუთრებით სახიფათოა ხელისუფლების მესამე შტოს, სასამართლოსთან მიმართებით;


• სამართალშემოქმედებითმა პროცესმა შესაძლოა მიიღოს ფორმალური ხასიათი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების შეზრდის პროცესი და ოპოზიციური პარტიის მოსაზრებათა მიუღებლობა, გამოიწვევს გადაწყვეტილებების მიღების დაჩქარებას და ფორმალიზებას;


• ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მმართველობის ასეთ სისტემაში, როდესაც მმართველი პოლიტიკური პარტია ერთპიროვნულად დააკომპლექტებს მთავრობას, პარლამენტმა შეასრულოს თავისი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია, მოახდინოს აღმასრულებელი ხელისუფლების ეფექტური კონტროლი, რაც თავის მხრივ გაზრდის კორუფციული თუ ლობისტური მმართველობის რისკებს;


• გადაწყვეტილებების კრიტიკა და საპარლამენტო ოპოზიციური სპექტრიდან ამ კრიტიკის მხარდაჭერა, გამოიწვევს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მარგინალიზაციას და ხელისუფლების და მათი მხარდამჭერების მხრიდან მათ მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების ზრდას. ასეთივე დამოკიდებულება ჩამოყალიბდება პარლამენტის გარეთ დარჩენილი პოლიტიკური სუბიექტების მიმართაც;


• იმ გლობალური პოლიტიკური ძვრების ფონზე, რომელშიც დღეს იმყოფება მსოფლიო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მოახდინოს რაიმე სახის გავლენა ხელისუფლების შიდა პოლიტიკაზე. ასეთი კარტ-ბლანშის პირობებში, კი ერთპიროვნული და საზოგადოებრივი ჩართულობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს სოციალურ არასტაბილურობას.


ძალაუფლების მაქსიმალური კონცენტრაცია ერთი პოლიტიკური სუბიექტის ხელში იწვევს ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის მექანიზმის დარღვევას ნებისმიერ მმართველობით სისტემაში, მაგრამ ისეთი გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, აღნიშნული ბალანსის დარღვევა კიდევ უფრო დიდ რისკებს შეიცავს. ზემოთჩამოთვლილი ყველა პუნქტი დამახასიათებელი იყო წინა ხელისუფლებისთვის, როდესაც 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში სწორედ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოხდა ხელისუფლების მაქსიმალური კონცენტრაცია ერთი პოლიტიკური გუნდის ხელში. შესაბამისად, ქართულ საზოგადოებასაც და დღეს უკვე მმართველ გუნდს, რომელსაც თავის დროზე ოპოზიციში უწევდა პოლიტიკური საქმიანობა კონსტიტუციური უმრავლესობის საპირისპიროდ, კარგად უნდა ახსოვდეს, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ასეთ მმართველობას.


რა თქმა უნდა, საზოგადოება ვერ იქნება იმის იმედზე, რომ მმართველი ელიტა მოახდენს ამომრჩეველის მიერ მათზე გაცემული მანდატის თვითშეზღუდვას და პროცესებს წარმართავს ყველა დაინტერესებულ მხარის მაქსიმალური ჩართულობისა და მონაწილეობის პირობებში. შესაბამისად, აუცილებელია, კონკრეტული მექანიზმების შექმნა ან არსებული ფორმატების გამოყენება იმისთვის, რომ მინიმუმამდე დავიდეს ძალაუფლების უკონტროლო გამოყენების რისკები. პირველ რიგში, ამის უზრუნველსაყოფად, საჭიროა არსებობდეს მმართველი გუნდის გაცხადებული პოლიტიკური ნება და აღნიშნულ საკითხზე პერმანენტული დიალოგის წარმართვა საჯარო პოლიტიკის ყველა სუბიექტს შორის. დიდ მნიშვნელობას იძენს ასევე დამოუკიდებელი მედია, სამოქალაქო სექტორი და ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც უნდა შეასრულონ ხელისუფლების მაკონტროლებლის როლი. კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების სისტემაც.


უკვე არსებული, ფორმატებიდან კი, მე მინდა ყურადღება გავამახვილო საქართველოს პარლამენტთან არსებულ ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოზე, რომელიც 2015 წლის 30 დეკემბერს, IDFI-ის რეკომენდაციის გათვალისწინებითა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შეიქმნა. ინტერფრაქციული მუშაობის პრინციპზე დაფუძნებული საბჭო, შეიმუშავებს და შესრულების კონტროლს უწევს საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმას, რომელიც პარლამენტის სისტემის შიდა დემოკრატიულ გარდაქმნას უწყობს ხელს. 2016 წელს, არასამთავრობო სექტორისა და პარლამენტის წევრების უშუალო ჩართულობით შემუშავებულ სამოქმედო გეგმაში შესულია ისეთი ვალდებულებები, როგორიცაა: პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსის დამტკიცება, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმების გაუმჯობესება, სხდომათა დღის წესრიგში ცვლილებების დასაბუთების ვალდებულების განსაზღვრა და სხვა. პარლამენტის მიერ აღებული ამ ვალდებულებების შესრულება, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მართველობით პროცესებში საზოგადოებრივი მონაწილეობის გაუმჯობესებას, საკანონმდებლო პროცესების გამჭვირვალობას და საპარლამენტო საქმიანობის კონტროლის ახალი მექანიზმების დანერგვას. თუმცა, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ იარსებებს ამ ცვლილებებისთვის გაცხადებული პოლიტიკური ნება.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არასათანადო რეაგირება საპოლიციო ძალების მიერ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე

09.12.2024

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024
განცხადებები

IDFI-ის განცხადება გიორგი დავითურის უკანონო დაკავების შესახებ

02.12.2024

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024