განათლების უფლების დაცულობა საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში - სკოლამდელი, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლების აღსაზრდელთა/მოსწავლეთა/სტუდენტთა მონაცემების სტატისტიკის ანალიზი

ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | ბლოგპოსტები 17 იანვარი 2022

ანალიტიკური სტატიის ავტორია მათე ნებაძე და ის დაიწერა კონკურსისთვის „მონაცემები ცვლილებებისთვის“. კონკურსი ჩატარდა IDFI-ის მიერ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ვიშეგრადის გრანტების პროგრამით, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული იდეების წახალისება. ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პოზიციას.    

 

მთავარი მიგნებები

 

- განხორციელებული რეფორმების მიუხედავად, საქართველოს განათლების სისტემა თითოეულ საფეხურზე მნიშვნელოვან გამოწვევებს აწყდება. განხორციელებული რეფორმების არაეფექტურობა შესაძლოა ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვასთან იყოს დაკავშირებით.

 

- მიუხედავად სკოლამდელი განათლების დაფინანსების გაზრდისა და გატარებული რეფორმებისა,  მისი საყოველთაობის უფლება ირღვევა სოციალური ფენის, საცხოვრებელი ადგილის და სხვა გარემო პირობების გამო. ამასთან, მოსახლეობაში საბავშვო ბაღების მიმართ უნდობლობა იმატებს.

 

- საბაზო განათლების დამთავრების შემდეგ, მოსწავლეთა დიდი ნაწილი სწავლას წყვეტს, ეს კი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მრავალ ეჭვს ბადებს.

 

- საქართველოში, სკოლის მოსწავლეების (6-16 წელი) 1,7%-ს განათლების უფლება მისი სოციალური ფენის და/ან სხვა სოციალური მდგომარეობის გამო ერღვევა. ამასთანავე, პანდემიის პირობებში, მოსწავლე-მასწავლებლების 11% საერთოდ არ სარგებლობდა ონლაინ სწავლების სერვისებით

 

- პროფესიულ განათლებაში საგანმანათლებლო დაწესებულებების მკვეთრი კლება იწვევს სტუდენტთა დაახლოებით 5-ჯერ კლებას. გამომდინარე აქედან, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების კლება ხალხის დიდ ნაწილს უზღუდავს პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობას.

 

- საქართველოში უმაღლესი განათლების ღირებულება ბევრად მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში, ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს სტატუსშეჩერებული სტუდენტების (ფინანსური, ან/და სხვა მიზეზით) რაოდენობის აღმავალ ტენდენციას.

 

- ყოველწლიურად, სტუდენტების ოდენობის და სტატუსშეჩერებული სტუდენტების ზრდის მიუხედავად სახელმწიფო გრანტების ოდენობა ერთეულებით იცვლება.  

 

შესავალი

 

ყველას აქვს განათლების უფლება.

 

დღესდღეობით, განვითარებული სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა თავისი მოქალაქეებისთვის განათლების უფლების დაცულობის უზრუნველყოფაა. საქართველო, თავისი იდეოლოგიით ამ ქვეყნების რიგში ეწერება, მაგრამ განათლების საყოველთაოდ ხელმისაწვდომობა ქვეყანაში 30 წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგაც არაა გარანტირებული განათლების თითქმის ყველა საფეხურზე.  ამ ფაქტზე მეტყველებს საქართველოს შედეგები ქვეყნების განათლების დონის კვლევებში, რომლებშიც საქართველო ყველაზე ნაკლებად განათლებული ქვეყნების ათეულში შედის სხვა კვლევებით კი საქართველოში 15 წლის მოსწავლეები კითხვაში, მათემატიკაში და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მსოფლიო საშუალო ქულაზე ბევრად დაბალ მაჩვენებელს აგროვებენ, მონაცემები კი ყოველწლიურად უარესდება. გარდა ამისა, საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატისტიკა ეჭვქვეშ აყენებს სახელმწიფოში განათლების სისტემის და უფლებადამცველი ორგანოების/ორგანიზაციების გამართულად მუშაობას.   

 

განათლების შესაძლებლობა ყველა მსურველისთვის მოიცავს როგორც სწავლების მატერიალურად ხელმისაწვდომობას (სწავლის საფასურის მინიმუმამდე დაყვანას), ისე პირის უზრუნველყოფას საჭირო ინვენტარით - სასწავლო მასალებით, უსაფრთხო გარემოთი,  ტრანსპორტით (საჭიროების შემთხვევაში) და რაც მთავარია, ხარისხიანი განათლების გარანტიით. ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნები საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კონცეპტუალური დოკუმენტებითაა გარანტირებული. წინარე სტატიაში კი განხილულია, თუ როგორ ხორციელდება შესაბამისი ორგანოების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება, შესაბამისად, რამდენად არის დაცული საქართველოში განათლების უფლება. 

 

სკოლამდელი დაწესებულებების სტატისტიკა

 

საქართველოს განათლების სისტემა რამდენიმე საფეხურისგან შედგება. პირველი საფეხური სკოლამდელი განათლებაა.  აღნიშნული საფეხურის განსავითარებლად  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ფუნქციონირებს სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველო, რომლის მიზანია მაქსიმალურად ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს სკოლამდელი განათლება ქვეყნის მასშტაბით.  ამ სფეროში წლების განმავლობაში მიღებულ იქნა სხვადასხვა კანონები და წესდებები, რომლთა მიზანია სახელმწიფო უწყებების უფლებამოსილებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების დადგენა, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ფუნქციონირების გაწერა და ა. შ.


ყოველწლიურად, განათლების ნაწილში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სკოლამდელი დაწესებულებების განვითარებისთვის გაცემული ხარჯები იზრდება. მიუხედავად გაზრდილი ხარჯებისა, ყოველწლიურად ასობით ახალი საბავშვო ბაღის აშენებისა და გატარებული რეფორმებისა (მათ შორის აღსანიშნავია 2020-2021 სასწავლო წელს სააღმზრდელო დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების სპეც. პედაგოგების დამატებული შტატები), საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად, აღსაზრდელთა რაოდენობა საგრძნობლად იკლებს. 2018-2019 წელს, წინა წელთან შედარებით, საბავშვო ბაღების რაოდენობა 93-ით გაიზარდა, ხოლო აღსაზრდელებმა დაახლოებით 2500-ით იკლეს. შემდეგ წელს, დაწესებულების რაოდენობა 4542-დან 4678-მდე, ხოლო მოსწავლეთა რიცხვი თითქმის 8 000-ით გაიზარდა. თუმცა, 2020-2021 სასწავლო წელს, აღსაზრდელთა რაოდენობა 17 497 არის შემცირებული, მიუხედავად იმისა, რომ სააღმზრდელო დაწესებულებათა ოდენობა თითქმის 100-ით გაიზარდა (იხილეთ ბმული - სქოლიო N6 დეტალური ინფორმაციისთვის).

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, არსებობს  2018 წლის  „UNICEF MICS“-ის და „საქსტატის“ ერთობლივი მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა,  რომლის თანახმად, საქართველოში, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებზე ხელმისაწვდომობა არ არის საყოველთაო და დამოკიდებულია საცხოვრებელ პირობებზე, ასაკზე და სოციალურ ფენაზე. კერძოდ:

 

1) ასაკობრივი ჯგუფის მხოლოდ 78% დადის ბაღში

 

2)16%-ით მეტი ბავშვია ისეთი, რომელიც ქალაქში ცხოვრობს და ბაღში დადის, ვიდრე სოფელში მცხოვრები და ბაღში მოსიარულე; 

 

3)10%-ით მეტი 4 წლის ბავშვი დადის ბაღში, ვიდრე 3 წლის; 

 

4) უმდიდრეს ოჯახებში მცხოვრები ბავშვების პროცენტული მაჩვენებელი 26%-ით მაღალია, ვიდრე უღარიბესი ოჯახების წარმომადგენლების.

 

გრაფიკი N1 

 

აღნიშნული სტატისტიკები ცალსახად მეტყველებენ იმაზე, რომ საქართველოში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე წვდომა არ არის საყოველთაო და გატარებული რეფორმები და გაზრდილი ბიუჯეტი არა ეფექტურად მოქმედებს, არამედ პირიქით, ხალხში სკოლამდელი განათლებისადმი უნდობლობა იზრდება.

 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სტატისტიკა 

 

ზოგადი განათლება ის მნიშვნელოვანი საფეხურია, რომელიც ხდება საძირკველი ყოველგვარი სხვა ტიპის განათლებისა. ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემის ეს საფეხური სამ დონედ იყოფა - დაწყებითი, საბაზო და საშუალო განათლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის თანახმად, დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ამასთან, სახელმწიფო ყოველწლიურად ზრდის დაფინანსებას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. (იხილეთ გრაფიკი N2)

 

გრაფიკი N2  

 

 

  

ღია მონაცემების ლაბორატორიის (DataLab.ge) და საქსტატის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და მათში მოსწავლეთა რაოდენობის მონაცემებზე დაკვირვებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას შემდეგ, რაც 2000-იანი წლებიდან სკოლებში მოსწავლეთა ოდენობის კლება გამოიკვეთა, 2015 წლიდან შეინიშნება მოსწავლეთა მატების ტენდენცია (იხილეთ გრაფიკი N3). ცხრილი -  საქსტატის და DataLab.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ სწავლის შეწყვეტის სტატისტიკა -  გვაწვდის შემდეგი სახის ინფორმაციას:  თითოეულ სასწავლო საფეხურზე სწავლის შეწყვეტა რამდენიმე ასეულს აჭარბებს, მაგრამ საბაზო განათლების დამთავრების შემდეგ სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით ბიჭებში. (იხილეთ გრაფიკი N4) შესაძლოა, ეს რიცხვები განპირობებული იყოს როგორც განათლების პროფესიულ საფეხურზე სწავლის გაგრძელებით, ასევე მოსწავლეებში სწავლის შეწყვეტის და სხვა საქმიანობის (მაგ. მუშაობის) დაწყებით, რაც მეტად სავარაუდოა ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. 

 

გრაფიკი N3                                                                                    წყარო : საქსტატი  

 

                                                                                                  

 

გრაფიკი N4                                                                                                        წყარო: საქსტატი

 

 

 

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არსებობენ ბავშვები, რომლებსაც სკოლაში არასდროს უვლიათ, მეტიც, მათი რიცხვი 10000-ს აღემატება. 

 

საქართველოში, 2021 წლის მონაცემებით, 6-16 წლის ასაკის ბავშვების 1.7%-ს, ანუ 10,404 მოზარდს არასდროს უსწავლია სკოლაში, შესაბამისად, არ გააჩნიათ საგანმანათლებლო ისტორია და მათი მონაცემები არ არის შეტანილი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაში მათი უმეტესობა სოციალურად დაუცველი ან ეკომიგრანტია. ეს მონაცემი ცხადყოფს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება მოსახლეობის ნაწილს ერღვევა და სახელმწიფო, ამ ეტაპზე, უძლურია პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში. 

 

დღევანდელ პირობებში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს პანდემიისგან მოყენებული ზიანი, რომელიც შეეხო სახელმწიფოს თითოეულ შემადგენელ ნაწილს, მათ შორის განათლების სფეროსაც. საქართველომ შეძლო და სწავლება დისტანციურ რეჟიმში მაქსიმალურად მოკლე ვადებში გადაიყვანა პროგრამა Microsoft Teams-ის მეშვეობით. თუმცა, რიგი მიზეზების გამო, მოსწავლეთა და მასწავლებელთა ნაწილი ამ სწავლების გარეთ დარჩა. IDFI-ის მიერ 2020-2021 სასწავლო წელს ჩატარებულ კვლევაში ნაჩვენებია, რომ 65,000 მოსწავლეს და 7,000 მასწავლებელს პროგრამა Microsoft Teams-თან წვდომა სრულიად არ ჰქონია, რაც მოსწავლეების და მასწავლებლების დაახლოებით 11%-ს შეადგენს.  აღნიშნული კვლევა ადასტურებს, რომ ქვეყანაში პანდემიის პირობებში მოსწავლეთა დიდი ნაწილისთვის დაირღვა განათლების მიღების უფლება. 

 

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატისტიკა

 

პროფესიული განათლება არის საქართველოს განათლების სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი საფეხური, რომელიც 5 დონის ქვესაფეხურად იყოფა. პროფესიული განათლების პირველ საფეხურზე გადასვლა შესაძლებელია საბაზო განათლების დახურვის შემდეგ. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება ხორციელდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ და პროფესიულ კოლეჯებში; და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

 

სახელმწიფოს მხრიდან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ფინანსდება მხოლოდ კანონის მიერ დადგენილი წესით. სახელმწიფოს მხრიდან პროფესიული განათლების განვითარების მხრივ რეფორმის გატარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა. აღსანიშნავია, რომ  ინერგება ინტეგრირებული პროგრამები, რომელთა დამთავრების შემდგომ გაიცემა სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებული დიპლომი.

 

რაც შეეხება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემებს,ზემოთ ჩამოთვლილი საგანმანათლებლო დაწესებულებების რიცხვი ყოველწლიურად მცირდება (იხილეთ ცხრილი N1).

 

 

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ კერძო და საჯარო დაწესებულებები თითქმის თანაბრად ინაწილებენ დაწესებულებათა რაოდენობებს (იხილეთ გრაფიკი N5). 

 

გრაფიკი N5   

 

 

საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით ცალსახად იკვეთება, რომ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რიცხვის შემცირება უპირობოდ იწვევს კურსდამთავრებულთა და მიღებულ სტუდენტთა რიცხვის შემცირებას. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ,  რომ დაწესებულებათა რიცხვის შემცირება საზოგადოების მხრიდან განათლებაზე წვდომის პრობლემებს იწვევს. მონაცემების მიხედვით, 2015 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად ჩარიცხულ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა რიცხვი იკლებს. კერძოდ, 2015 წელს ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა 16,773-ს, ხოლო   კურსდამთავრებულთა - 8,035-ს უტოლდებოდა. მაშინ როდესაც 2020 წელს ანალოგიური მაჩვენებლები ჩარიცხულ სტუდენტების შემთხვევაში - 9,399-ს, ხოლო    კურსდამთავრებულთა შემთხვევაში 3,424-ს გაუტოლდა. 

 

მონაცემებიდან ასევე იკვეთება, რომ მიუხედავად პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე არსებული მაღალი მოთხოვნისა,  ადგილების შემცირება შესაძლოა იყოს საზოგადოების ერთ-ერთი შემაფერხებელი მიზეზი, ვერ დაეუფლონ სასურველ პროფესიას. 

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატისტიკა

 

უმაღლესი განათლება საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის აკადემიური სვეტის ნაწილია. მასზე მოხვედრა მხოლოდ სრული ზოგადი განათლებითაა შესაძლებელი. უმაღლეს განათლებასაც აქვს შესაბამისი საფეხურები -  ბაკალავრი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა. ამასთან, აქვს ორი განსაკუთრებული ხაზი - სტომატოლოგია და სამედიცინო, რომლებიც ერთობლივად ბაკალავრს და მაგისტრატურას ფარავენ.

 

მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის დახვეწაზე ყველაზე მეტად მახვილდება ყურადღება, გამოწვევები აქაც არსებობს. უმთავრეს შემაფერხებელ ფაქტორად, კვლევების მიხედვით, ფინანსური საკითხი განიხილება. 

 

საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების თანახმად, საქართველოში უმაღლესი განათლება ბევრად უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სხვა ქვეყნებში. კერძოდ, თურქეთში, ლატვიაში, პოლონეთში, ლიეტუვაში, უნგრეთში, სერბეთში, სლოვაკეთში, მალტაში, რუმინეთში, ავსტრიაში, ნორვეგიაში, სლოვენიაში, ხორვატიაში, საფრანგეთში, ესტონეთში, შვედეთში, ჩეხეთში, გერმანიაში, დანიასა და ფინეთშიუმაღლესი განათლების მიღება საქართველოსთან შედარებით იაფია (ხარჯებში მოიცავს სწავლის საფასურს, სწავლის მასალებს, საცხოვრებელ ხარჯებს და სხვ.). (იხილეთ გრაფიკი N6)

 

ზემოთ მოყვანილ მონაცემებს განათლების ხელმისაწვდომობასა და სტუდენტთა რაოდენობაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. საქართველოში სულ უფრო და უფრო რთულდება სტუდენტისთვის უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება და გადასახადის გადახდა, რაც სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობის ზრდას იწვევს. ყოველწლიურად უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა ჩარიცხვა იზრდება (იხილეთ ცხრილი N2),  თუმცა იმატებს სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა ოდენობაც. 

 

გრაფიკი N6 

 

 

 

ცხრილი N2    წყარო: საქსტატი

 

 

 

2020 წლის მონაცემებით, სტატუსშეჩერებული სტუდენტების რიცხვი 2013 წელთან შედარებით 30%-მდე გაიზარდა (21,704-დან  73,020-მდე). 2020 წლის მონაცემების თანახმად, სტუდენტების 40% სტატუსის შეჩერების მიზეზად ფინანსურ დავალიანებას ასახელებს. რაც შეეხება წინა წლების მონაცემებს, სტატუსის შეჩერების მიზეზად ყველაზე ხშირად სახელდება:

 

1. ჯანმრთელობა - 2013 წელს - 6,284, ხოლო 2019 წელს130 შემთხვევა ჯანმრთელობას უკავშირდებოდა, რაც, ასევე ეჭვს ბადებს. 

 

2. საზღვარგარეთ სწავლა - შედარებით მცირე ნაწილი  (2013 წელს - 280, ხოლო 2019 წელს - 151 შემთხვევა) სტატუსის შეჩერების მიზეზად საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას ასახელებს

 

3. ფინანსური დავალიანება -  2013 წელს - 3,256, ხოლო 2020 წელს - 29,306 შემთხვევა. 

 

აქვე შეიძლება აღინიშნოს, რომ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემები არ ემთხვევა DataLab.ge-ზე გამოქვეყნებულ მონაცემებს სტატუსშეჩერებული სტუდენტების შესახებ.

 

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, უმაღლესი განათლების დაფინანსება შესაძლოა მოხდეს სპეციალური წესით -  სახელმწიფო გრანტის მოპოვების გზით როგორც ზემოთ აღინიშნა, უნივერსიტეტებში, ყოველწლიურად, სულ უფრო და უფრო მეტი აბიტურიენტი აბარებს, ხოლო სახელმწიფო გრანტის ოდენობა მხოლოდ ერთეულებით იმატებს (იხილეთ გრაფიკი N7).

 

გრაფიკი N7

 

საბოლოო ჯამში, მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტები მნიშვნელოვან ფინანსურ დაბრკოლებებს აწყდებიან, რაც მათი სტატუსის შეჩერებაზე აისახება. აღნიშნული მსოფლიო ბანკის კვლევითაც დასტურდება (იხილეთ გრაფიკი N8), რაც განათლების უფლების შეზღუდვაზე მიუთითებს. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს პანდემიის პერიოდში ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა ზრდის ტენდენცია.



გრაფიკი N8

 

დასკვნა

 

განათლების უფლება საყოველთაო უფლებაა, რომელიც მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დეკლარაციით, ხოლო ცალკეულ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, კონსტიტუციითაა დაცული. უფლების დაცვაში კი მოიაზრება განათლების მიღების სურვილის მქონე მოქალაქისთვის ყველა საჭირო პირობის შექმნა - საჭირო ფინანსების მაქსიმალურად შემცირება, საჭირო ინვენტარით, მასალებით, საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტით, უსაფრთხო გარემოთი და ხარისხიანი განათლებით უზრუნველყოფის გარანტია. თუმცა, აღნიშნული უფლების პრაქტიკაში დაცვა გარკვეული გამოწვევებით ხასიათდება.


საქართველოს ბიუჯეტიდან განათლების სამინისტროს დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება. ამასთან, მიმდინარეობს მრავალი რეფორმის არსებობის მიუხედავად, მათი განხორციელების პროცესებიც მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობს. განათლების თითოეულ საფეხურზე, მათ შორის სკოლამდელი განათლების, ან დოქროტანტურის საფეხურზე იდენტიფიცირებული გამოწვევების იგნორირება მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის განათლების უფლების უზრუნველყოფას და მის საყოველთაობას. რეფორმების განხორციელების პროცესში უგულებელყოფილია საზოგადოების რეალური სურვილების გათვალისწინება, რაც აჩენს კითხვას, არის თუ არა ნამდვილად დაცული განათლების უფლება საქართველოში?!

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024