მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზების პრაქტიკული სახელმძღვანელო

სიახლეები | სახელმძღვანელო | ადგილობრივი მმართველობა 12 ივლისი 2022

მდგრადი განვითარების მიზნების უნივერსალური ბუნებიდან გამომდინარე, საჭიროა მათი მორგება ადგილობრივ კონტექსტსა და სპეციფიკურ საჭიროებებს, რათა მიზნების განხორციელებამ რეალური ზეგავლენა იქონიოს ადგილობრივ მოსახლეობაზე. 

 

პროცესს, რომლის მეშვეობითაც დღის წესრიგი 2030-ის მიღწევაში ხდება ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინება მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზება ეწოდება. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი ხელისუფლების როლი. ლოკალიზების პროცესში გარდა უშუალო მონაწილეობისა, თვითმმართველი ერთეულები თავად განსაზღვრავენ ადგილობრივ დღის წესრიგს, შეიმუშავებენ პრიორიტეტულ პროგრამებს და ჩართულნი არიან მიზნების განხორციელებასა და მათი შესრულების მონიტორინგში. ადგილობრივმა და რეგიონულმა მთავრობებმა კრიტიკულად მნიშვნელოვანი  როლი შეასრულეს SDG-ების განსაზღვრისას, წარმატებით წამოიწყეს კამპანია - ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება (SDG 11) და ხაზი გაუსვეს ადგილობრივი და რეგიონალური მთავრობის როლს SDG-ებზე ეროვნული კონსენსუსის მიღწევასა და განხორციელებაში. 

 

ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ყველა სხვა ადგილობრივი მხარის - სამოქალაქო საზოგადოება, ადგილობრივი ლიდერები, კერძო სექტორი, მედია, აკადემიური წრეები, ასევე, რელიგიური ორგანიზაციები და სხვა - ჩართულობაც.

 

ზემოხსენებული SDG 11 (ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება) უშუალოდ  ადგილობრივ თვითმმართველობებს უკავშირდება, დანარჩენი 16 მიზანი ასევე მნიშვნელოვან კავშირშია ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობასთან. საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ დღის წესრიგი 2030-ის მიზნების დაახლოებით 65%-ის სრულად შესრულება რეგიონული და ადგილობრივი მთავრობების ჩართულობის გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელია. სიღარიბე, ჯანდაცვის სერვისებსა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, სოციალური და გენდერული უთანასწორობა - იმ გამოწვევათა მცირე ჩამონათვალია, რომლის წინაშეც რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა დგას. სწორედ მუნიციპალიტეტებს აქვთ შესაძლებლობა, რომ 2030 წლის ფართო და ერთი შეხედვით აბსტრაქტული დღის წესრიგი ფართო საზოგადოებისთვის უფრო ხელშესახები და კონკრეტული გახადონ, მოარგონ საკუთარ კონტექსტს და წვლილი შეიტანონ თითოეული მოქალაქის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

 

„არავინ დარჩეს განვითარების პროცესის მიღმა“ (Leaving No One Behind) - დღის წესრიგი 2030-ისა და SDG-ების მთავარ დაპირებას წარმოადგენს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ SDG-ების განხორციელებით შექმნილი სარგებელი თანაბრად განაწილდეს რეგიონებსა და სხვადასხვა დემოგრაფიულ ჯგუფებს შორის. ამავდროულად, საგულისხმოა, რომ ცალკეულ რეგიონსა თუ მუნიციპალიტეტს შეიძლება განსხვავებული საჭიროებები და პრიორიტეტები ჰქონდეს. ამიტომაც, ლოკალიზაცია, აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების დროს უნდა ეფუძნებოდეს „ქვემოდან-ზემოთ“ (bottom up) მიდგომას, რომლის დროსაც მნიშვნელოვანი ინიციატივები ადგილობრივი დაინტერესებული მხარეებისგან უნდა მოდიოდეს. ეს უზრუნველყოფს შედეგებზე ორიენტირებულ პოლიტიკებს, რომლებსაც რეალური ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ თითოეული ინდივიდის, ოჯახის, თემის, ასევე მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების დონეზე. 

 

გარდა ამისა, ადგილობრივ თვითმმართველობებს ხელეწიფებათ არსებული მიზნების განხორციელების პროცესში მოახდინონ სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის, აკადემიური წრეების და დაინტერესებული მხარეების კონსოლიდაცია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლოკალიზაციის პროცესში თითოეულ დაინტერესებულ მხარეს, მისი სპეციფიკური საქმიანობის, გამოცდილებისა და ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეუძლია შეიტანოს მიზნების წარმატებით განხორციელებაში.

 

რაც მთავარია, თვითმმართველი ერთეულების დონეზე არჩეული ლიდერები ფლობენ შესაბამის დემოკრატიულ მანდატს და ლეგიტიმაციას ადგილობრივი მდგრადი განვითარების პროცესების სამართავად. ამავდროულად, ადგილობრივი ხელისუფლება პასუხისმგებელია მნიშვნელოვანი მუნიციპალური სერვისების მიწოდებაზე, რომელთა ხარისხი პირდაპირ უკავშირდება მოქალაქეების კეთილდღეობას და ცხოვრების დონეს. 

 

მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზება, ამავდროულად, წარმოადგენს ახალ, უნიკალურ შესაძლებლობას დეცენტრალიზაციის დღის წესრიგის გასაძლიერებლად.  შეიძლება ითქვას, რომ დეცენტრალიზაციის და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესების თანმიმდევრობა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. 

 

რა დამატებით სარგებელს მოუტანს მუნიციპალიტეტებს დღის წესრიგი 2030-ში აქტიური მონაწილეობა?

 

 - მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება გულისხმობს კეთილდღეობის გაზრდას, ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობას, კლიმატის ცვლილებთან გამკლავებას და ბუნებრივი რესურსების მდგრადობას. აღნიშნული პრიორიტეტები თითოეული ადგილობრივი ხელისუფლების დღის წესრიგშია.

 

 - დღის წესრიგი 2030 ადგილობრივი ხელისუფლებისთვის შეიძლება გახდეს პრაქტიკული სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც მას დაეხმარება ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული გრძელვადიანი პრიორიტეტების დასახვაში. ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე საშუალოვადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების წარმატებით განხორციელებას. 

 

 - დღის წესრიგი 2030-ის მეშვეობით, მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი სტრატეგიები შეაფასონ და მოგვიანებით განაახლონ გლობალური მიზნების, გამოწვევებისა და ტენდენციების გათვალისწინებით. ეს საშუალებაა მუნიციპალიტეტებისთვის, ფეხი აუწყონ მსოფლიო ტენდენციებს, დანერგონ ინოვაციები და გაიზიარონ სხვა ქვეყნების წარმატებული მაგალითები. 

 

 - გლობალური მიზნების მიღწევის პროცესში აქტიური ჩართულობით, მუნიციპალიტეტებს აქვთ შესაძლებლობა დაამყარონ ახალი კავშირები და თანამშრომლობა სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, და თავიანთ მიღწევებზე გაზარდონ საერთაშორისო ცნობადობა. ამან შესაძლოა საფუძველი ჩაუყაროს ახალ რეგიონულ თუ გლობალურ ინიციატივებს, რომლებში ჩართულობაც მუნიციპალიტეტებს მისცემს შესაძლებლობას მოიზიდონ საერთაშორისო დაფინანსება და მხარდაჭერა ცალკეული მიზნების განსახორციელებლად. 

 

- ჩამოთვლილი აქტივობები დადებითად აისახება მუნიციპალიტეტის იმიჯზე როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონულ და ეროვნულ დონეზე. შედეგად, მუნიციპალიტეტი გახდება უფრო მიმზიდველი როგორც საცხოვრებლად, ასევე, ინვესტიციების განსახორციელებლად.  

 

სახელმძღვანელოში მოცემულია ინფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნების, მათ მიღწევაში ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობის მნიშვნელობა, SDG-ების ლოკალიზების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები, ძირითადი ეტაპები და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობის უზრუნველსაყოფად გასათვალისწინებელი გარემოებები. შედეგად, სახელმძღვანელო მოიცავს შემდეგს თავებს/საკითხებს:

 

 - რა არის მდგრადი განვითარების მიზნები?

 - საქართველო და მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაცია

 - რატომ არის მნიშვნელოვანი მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზების პროცესი?

 - რა დამატებით სარგებელს მოუტანს მუნიციპალიტეტებს დღის წესრიგი 2030-ში აქტიური მონაწილეობა?

 - მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზების ეტაპები

 - I ეტაპი: ცნობიერების ამაღლების კამპანია

 - II ეტაპი: ადგილობრივ დღის წესრიგსა და  სტრატეგიულ დოკუმენტებში მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრირება

 - III ეტაპი: მიზნების განხორციელება

 - IV ეტაპი: მონიტორინგი და შეფასება

 

/public/upload/Handbook/practical_handbook_for_the_localization_of_sustainable_development_goals- GEO.pdf

 


სახელმძღვანელო მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) მხარდაჭერითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების  ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) - ფარგლებში.  

 

GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სახელმძღვანელოს შინაარსობრივი მხარის სისწორესა და ავტორთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024