არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების თაობაზე ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით

სიახლეები | განცხადებები 17 აპრილი 2015

უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი გეგმავს პირველი მოსმენით მიიღოს საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომლის ავტორია - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა. კანონპროექტის ერთ-ერთ მიზანს ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდების კრიმინალიზება წარმოადგენს. შემოთავაზებული ცვლილებების 2391 მუხლის თანახმად, დასჯადად ცხადდება რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოგდების მიზნით, ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდება, ხოლო სანქციად გათვალისწინებულია - თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტმა ინიცირების შემდეგ გარკვეული ცვლილებები განიცადა, კერძოდ კანონპროექტში გაკეთდა მითითება აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეზე, იგი კვლავ შეიცავს სერიოზულ საფრთხეებს გამოხატვის თავისუფლების კუთხით და არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, სახელმწიფოს დეკლარირებული მოტივაცია, ამგვარი ქმედების კრიმინალიზაციასთან დაკავშირებით მოკლებულია დამაჯერებლობას.

 

სახელმწიფოს პოლიტიკა, მოწყვლადი ჯგუფებისა და უმცირესობების მიმართ ჩადენილი ძალადობრივი და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიმართ დემონსტრაციულად არაეფექტური, ზოგიერთ შემთხვევაში კი რეპრესიული, სახელმწიფო ავლენს აბსოლუტურ პასიურობას დარღვეული უფლებების აღდგენისა და პრევენციის კუთხით. შესაბამისად, ნდობა იმასთან დაკავშირებით, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის დაწესების მიზანი დისკრიმინირებული ჯგუფების დაცვაა, ძალიან დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ დანაშაულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 31 ნაწილი დამამძიმებელ გარემოებად განიხილავს, ამ ნორმის პრაქტიკაში გამოყენების მაჩვენებელი ძალიან დაბალია და სახელმწიფოს არ გააჩნია შესაბამისი სტატისტიკა, რომელიც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის ინსტრუმენტია. სიძულვილით მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, მათ შორის 2013 წლის 17 მაისის საქმეზე, სახელმწიფოს არ ჩაუტარებია ეფექტური გამოძიება და არ დაუსჯია კონკრეტული პირები. მეტიც, სახელმწიფოს მიერ დომინანტი რელიგიური ჯგუფისა და გაბატონებული მორალის მიმართ გამოვლენილი ღია ლოიალობა და აცდენა სეკულარული სახელმწიფოს პრინციპისგან, ამ შემთხვევაში, დისკრიმინირებული ჯგუფების დაცვის ინტერესის არსებობას არადამაჯერებელს ხდის. აღნიშნულ ეჭვებს აძლიერებს კანონპროექტის მიმართ იმ ჯგუფების ღია მხარდაჭერაც, რომლებიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზებას უჭერენ მხარს.

 

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის რისკები, რომელსაც არამარტო ნორმის გამოყენების კონტექსტი, არამედ მისი კონცეფცია და ნორმის ტექსტის ბუნდოვანება წარმოშობს. ნორმაში გამოყენებული ტერმინები „ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდება“, კონკრეტული ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის „განხეთქილების ჩამოგდება“ ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას და მისი თვითნებურად გამოყენების შესაძლებლობას ტოვებს, რაც იმის გათვალისწინებით, რომ ნორმა სასჯელის სახედ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, აჩენს შესაძლებლობას სახელმწიფოს მხრიდან დამსჯელობითი ღონისძიებების გატარებისა. ნორმის ტექსტი მტრული, დისკრიმინაციული და ძალადობრივი მოპყრობისგან დაცვის ობიექტად არა უშუალოდ მოწყვლად ჯგუფებს განიხილავს, როგორც ამას რასიზმსა და ქსენოფობიასთან ბრძოლის რეგულირების საერთაშორისო სტანდარტები ადგენს, არამედ ითვალისწინებს ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოგდების ბუნდოვან მოწესრიგებას, რაც ჩვენი შეფასებით ავლენს კანონპროექტის ავტორების ნამდვილ განზრახვას გამოხატვის თავისუფლებასა და კრიტიკულ აზრზე გაუმართლებელი შეზღუდვა დააწესოს.ნორმის შესაბამის ორგანოთა მხრიდან ბოროტად გამოყენებასა თუ მის არასწორ ინტერპრეტირებას გააჩნია რისკი შეზღუდოს მედიის წარმომადგენელთა, არასამთავრობო ორგანიზაციათა, რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფთა და პოლიტიკურ ოპონენტთა გამოხატვის თავისუფლება, რაც ამთავითვე ნეგატიურად უნდა შეფასდეს დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისა და ღია საზოგადოების ჩამოყალიბების გზაზე. მით უფრო, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი მედია საშუალებების და სხვა იურიდიული პირების ლიკვიდაციის სანქციას ითვალისწინებს, რაც არაპროპორციულად მაღალი სასჯელია.

 

ამასთავე, იმის გათვალისწინებით, რომ გამოხატვის თავისუფლების დაცვა დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტს ქმნის, სახელმწიფოს მცდელობა დააწესოს გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო რეგულაციები ფართო დისკუსიისა და დაინტერესებულ პირთა მაღალი ჩართულობის ფონზე უნდა მიმდინარეობდეს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, სათანადოდ გაიაზრონ დემოკრატიული და პლურალისტური ღირებულებების მნიშვნელობა და არ მიიღონ აღნიშნული ნორმა, მიუხედავად იმისა, თუ რა შინაარსობრივ ცვლილებებს განიცდის იგი. ამასთანავე, აუცილებლად მივიჩნევთ, ნაცვლად ახალი რეგულაციის შემუშავებისა, სახელმწიფომ გაატაროს ეფექტური პოლიტიკა კანონმდებლობაში უკვე არსებული ნორმების სათანადო აღსრულების მიზნით, კერძოდ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტურად გამოძიებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების განუხრელად დაცვის კუთხით.

 

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

იდენტობა

ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი IDFI

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პანდემია და კორუფციული რისკები

07.04.2020

IDFI-ს მოსაზრებები მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე

05.04.2020

IDFI-მ რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის შესრულების თაობაზე ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები წარადგინა

04.04.2020

IDFI-მ ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ სტრატეგიასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარადგინა

03.04.2020
განცხადებები

ხელმომწერი ორგანიზაციები უზენაესი სასამართლოს პლენუმს მოუწოდებენ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე თავი შეიკავოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნისგან

03.04.2020

საზოგადოებრივი ორგანიზაციები აჭარის მაუწყებელში მიმდინარე საგანგაშო პროცესებზე საერთაშორისო ორგანიზაციებს კოლექტიურად მიმართავენ

17.03.2020

კოალიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად ნინო ქადაგიძის წარდგენას ეხმიანება

13.03.2020

კოალიციის განცხადება მოსამართლეთა დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ხარვეზების თაობაზე

05.03.2020
ბლოგპოსტები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა: რა იცის საქართველოს მოსახლეობამ და რა დამოკიდებულება აქვს ამ პროცესის მიმართ

29.03.2020

ემოციური უსაფრთხოება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში - მოსწავლეთა დარღვევებისა და ჩაგვრის შემთხვევების სტატისტიკის ანალიზი

20.03.2020

ქალაქ ფოთში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასა და თევზის გადამუშავებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემების ანალიზი - ანუ ცხოვრება ზღვისპირა ქალაქში ჰაერის გარეშე

20.03.2020

არაგადამდები (ქრონიკული) დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის მიმოხილვა

20.03.2020