არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

განცხადებები 17 სექტემბერი 2015

2015 წლის 16 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება გიორგი უგულავას სარჩელზე. განცხადებაზე ხელმომწერ ორგანიზაციებს მიზაშეწონილად მიაჩნიათ გამოეხმაურონ აღნიშნული საქმის ირგვლივ უკანასკნელი დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს.

 

ბოლო ორი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია, გიორგი უგულავას სარჩელის სასამართლოში განხილვისას მოსამართლე მერაბ ტურავას პროცესში ჩართულობისა და მონაწილეობის შესახებ. 2015 წლის 15 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დაანონსდა გადაწყვეტილების გამოცხადება, თუმცა წინასწარ გაცხადებულ დროს გადაწყვეტილების გამოცხადება ვერ მოხერხდა. სასამართლოს განმარტებით აღნიშნულის მიზეზი გადაწყვეტილების ხელმოწერის პროცედურაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მოსამართლე მერაბ ტურავას გამოუცხადებლობა გახდა. სასამართლომ განმარტა, რომ ის არ იყო უფლებამოსილი გამოეცხადებინა გადაწყვეტილება საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლის ხელმოწერის გარეშე. აღნიშნულს მოჰყვა მოსამართლე ტურავას მხრიდან ბუნდოვანი და არადამაჯერებელი განმარტებები მისი გამოუცხადებლობის თაობაზე. 2015 წლის 16 სექტემბერს ტურავას მხრიდან გადაწყვეტილების ხელმოწერაზე საბოლოო უარის თქმის შემდეგ, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მისი ხელმოწერის გარეშე მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადების შესახებ.

 

გვსურს აღვნიშნოთ, რომ საკოსტიტუციო სასამართლოს ნებისმიერი მოსამართლე კანონმდებლობიდან გამომდინარე ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში და მისი პოზიციის მიუხედავად მოაწეროს ხელი გადაწყვეტილებას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია სასამართლომ საქმის განხილვის პროცესი იმგვარად დაგეგმოს, რომ უზრუნველყოს მოსამართლის მიერ ამ ვალდებულებების სათანადოდ შესრულება. უგულავას საჩივრის განხილვის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინა, ვინაიდან მოსამართლემ დამაჯერებლად ვერ განმარტა საკუთარი ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზები.

 

კანონმდმებლობის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიიღება უმრავლესობით. გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე საქმის განხილვაში მონაწილე ყველა მოსამართლე (მიუხედავად მათი პოზიციისა) აწერს ხელს მას. ამ შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნის პირველი ნაწილი შესრულებულია და გადაწყვეტილების მიღების საკითხი ცალსახად ნათელია.

 

რაც შეეხება მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, ერთმნიშვნელოვნად უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებით ადგენს სამართლებრივი ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხს და არა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტას. გარდა ამისა, სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება არ არის მიმართული ერთი კონკრეტული პირის მიმართ, თუნდაც საკონსტიტუციო სარჩელის ავტორის მიმართ, არამედ იგი იდენტურ ვითარებაში მყოფ ნებისმიერ პირს ერთნაირად ეხება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება კონკრეტული პირის მიმართ შესაძლებელია მხოლოდ საერთო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების გზით. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმება შესაძლებელია მხარის შუამდგოლობით ან საქმის განხილველი სასამართლოს ინიციატივით. აღკვეთი ღონისძიებისგან პირის გათავისუფლების სხვაგვარ პროცედურას კანონმდებლობა არ იცნობს.

 

შეჯამების სახით გვსურს აღვნიშნოთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ ამ დღეებში განვითარებული მოვლენები აზიანებს მართლმსაჯულების ინტერესს და აკნინებს საზოგადოების ნდობას, როგორც ამ ინსტიტუტის ისე კონკრეტული მოსამართლეების მიმართ. საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობისა და რეპუტაციისთვის არსებითია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა გააცნობიეროს მისი მნიშვნელობა და როლი ქვეყნის სამართლებრივი სტაბილურობისთვის. ასევე, მომავალში სასამართლოს გამართულად და გამჭვირვალედ ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია, უფრო ნათლად და სისტემურად მოწესრიგდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებასა და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული პროცედურები. ამასთან, საჭიროა თავად სასაამრთლომ და ინდივიდუალურმა მოსამართლეებმა უზრუნველყონ სასამართლოს ფუნქციონირება პოლიტიკური და სხვა არასათანადო გავლენებისგან თავისუფალ გარემოში.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

იდენტობა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის გადაწყვეტილება საჯარო სამსახურში რეპრესიების გაგრძელებაა

05.02.2025

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

05.02.2025

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

04.02.2025

არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის შეფასება 2 თებერვალს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

03.02.2025
განცხადებები

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

05.02.2025

საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის გადაწყვეტილება საჯარო სამსახურში რეპრესიების გაგრძელებაა

05.02.2025

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

04.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიცია 2 თებერვალს მედიაზე ძალადობის და ზეწოლის ფაქტებს ეხმიანება

03.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024