IDFI-იმ კასპში მემორიალური დაფები განათავსა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | პუბლიკაციები | სტატია 31 მაისი 2019

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინიციატივით და კასპის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, ქალაქ კასპში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრების: გრიგოლ და ლეო ნათაძეების, ნიკოლოზ კაციაშვილის და რევაზ გაბაშვილის მემორიალური დაფები გაიხსნა.

 

დაფები განთავსდა კასპის ცენტრში, იმავე სკვერში სადაც იქამდე განთავსებული იყო პირველი რესპუბლიკის გმირი გენერლის, გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი.

 

ღონისძიება გაიმართა 2019 წლის 26 მაისს და მას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. ღონისძიებას დაესწრო ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ნოდარ ნათაძე. საინტერესო ფაქტია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ აქტს, 1918 წლის 26 მაისს ძმებმა: გრიგოლ და ლევან ნათაძეებმა მოაწერეს ხელს, ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს, რომელიც 1991 წლის 9 აპრილს იქნა მიღებული, გრიგოლ ნათაძის შვილიშვილები, ნოდარ და მაია ნათაძეები აწერენ ხელს.

 

ღონისძიების შემდგომ IDFI-ის საარქივო და საბჭოთა კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი/ისტორიკოსი ანტონ ვაჭარაძე სკოლის მოსწავლეებს და დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობის და ამ პროცესში დამფუძნებელი კრების წევრების როლის შესახებ.

 

კანონმდებლები, ვისი ხსოვნაც მემორიალურ დაფებზე აისახა მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ცხოვრებაში.

 

ღონისძიების ფოტოალბომი იხილეთ აქ

 

 

 

-----------------------

 

გრიგოლ ნათაძე

 

გრიგოლ (გიგო) ნათაძე დაიბადა 1878 წლის 16 იანვარს ტფილისის გუბერნიის გორის მაზრის სოფელ კასპში. სწავლობდა ტფილისის ქართულ სათავადაზნაურო და შემდგომში ვაჟთა მეორე გიმნაზიაში. უმაღლეს განათლებას იღებდა კიევის, ჟენევის და მოსკოვის უნივერსიტეტებში.


მუშაობდა პედაგოგად ტფილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში; შემდგომში ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში და პარალელურად კითხულობდა ლექციებს „სახალხო უნივერსიტეტში“.


მოღვაწეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასა და საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებაში, აქვეყნებდა სტატიებს ჟურნალ-გაზეთებში.


იყო სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი, 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად.


1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად.


1919 წლიდან კითხულობდა ისტორიის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1926 წელს აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორად, 1936-იდან გარდაცვალებამდე იყო შუა საუკუნეების ისტორიის კათედრის გამგე. 

 

გარდაიცვალა თბილისში, 1951 წლის 24 მაისს.

 

 

ლევან ნათაძე

 

ლევან (ლეო) ნათაძე 1880 წლის 16 ივნისს ტფილისის გუბერნიის გორის მაზრის სოფელ კასპში. სწავლობდა ტფილისის სათავადაზნაურო სკოლაში, შემდგომ თბილისის მესამე გიმნაზიაში. სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში; სტუდენტობისას სამჯერ იყო დაპატიმრებული სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის; იმავე მიზეზით გარიცხეს უნივერსიტეტიდან.

 

1902 წლიდან იყო აქტიური პარტიული მუშაკი და ორგანიზატორი, წერდა და აქვეყნებდა სტატიებს; იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის გაზეთების რედაქტორი.


1900-იან წლებში კიდევ სამჯერ იყო დაპატიმრებული და ორჯერ თბილისიდან გადასახლებული.


1917 წელის აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო განათლების კომისიის თავმჯდომარე.


1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და აქტიურად ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში. გარდაიცვალა 1922 წლის 3 თებერვალს, ტიფის ეპიდემიის გამო; ლეო ნათაძის დაკრძალვა დიდ ანტისაბჭოთა დემონსტრაციად იქცა.

  

 

ნიკოლოზ კაციაშვილი

 

ნიკოლოზ (კოლა) კაციაშვილი დაიბადა 1875 წელს ტფილისის გუბერნიის გორის მაზრის სოფელ ქვემო გომში. სწავლობდა ტფილისის სათავადაზნაურო ქართულ გიმნაზიაში.


1899 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1905 წლიდან მუშაობდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკების ფრაქციაში“, ამავდროულად ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში და ეწეოდა მეურნეობას.


აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში გორის მაზრაში. რამდენჯერმე დააპატიმრეს პოლიტიკური საბაბით.


1907 წელს იყო სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ლონდონის ყრილობის დელეგატი.


1907 წლის 3 ივნისს, მეორე სახელმწიფო სათათბირო დაშალეს და სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის დეპუტატები პასუხისგებაში მისცეს ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობის ბრალდებით. ნიკოლოზ კაციაშვილი ჩასვეს პეტერბურგის ციხეში, სადაც ჯანმრთელობა ძლიერ შეერყა.


1919 წელს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით.


გარდაიცვალა 1919 წლის თებერვალში, დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის გახსნამდე.

 

 

 

რევაზ გაბაშვილი


რევაზ გაბაშვილი დაიბადა 1882 წლის 6 ნოემბერს, ცნობილი მწერლის, ეკატერინე გაბაშვილის და ადვოკატის, ნიკოლოზ გაბაშვილის ოჯახში. 1902 წელს დაამთავრა ტფილისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა ბელგიის ქალაქ ლიეჟის ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში, სამშობლოში სწავლის დასრულებამდე დაბრუნდა. 1907 წელს სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტზე.


მონაწილეობდა 1905–1907 წლების რევოლუციაში, საქართველოს განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ამავე წლებში თანამშრომლობდა ქართველ სოციალისტ–ფედერალისტებთან.


1912 წელს დააარსა ეროვნულ–დემოკრატიული მიმართულების ჟურნალი „კლდე“. იყო მისი რედაქტორ–გამომცემელი.


1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ყრილობის მუშაობაში, იყო ქართული ეროვნული საბჭოს – საქართველოს პარლამენტის წევრი.


1921 წლის საომარ მოქმედებებში ბოლშევიკური რუსეთის წინააღმდეგ პირადად იბრძოდა.


1921 წელს წავიდა ემიგრაციაში. საზღვარგარეთ ჩართული იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში როგორც პუბლიცისტი; გამოსცემდა გაზეთს „საქართველოს დამოუკიდებლობა“ და თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. გარდაიცვალა 1969 წლის 14 მარტს, ქალაქ პარიზში.

 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024