IDFI-მ აზიის განვითარების ბანკთან ერთად 57-ე წლიური შეხვედრაზე სამოქალაქო საზოგადოების გაცნობით ღონისძიებას უმასპინძლა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 6 მაისი 2024

2-5 მაისს თბილისში ჩატარდა აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრა თემატიკით “ხიდის აშენება მომავლისკენ”. 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართული ღონისძიებების ძირითადი აქცენტი იყო აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონების წინაშე მდგარი განვითარების საკვანძო საკითხები, როგორებიცაა -  კლიმატის ცვლილება, ხელოვნური ინტელექტი და მწვანე გლობალიზაცია. შეხვედრაზე შეიკრიბნენ ფინანსთა მინისტრები, ცენტრალური ბანკის მმართველები, მთავრობის მაღალჩინოსნები და კერძო სექტორის, აკადემიის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ADB-ის 68 წევრი ქვეყნიდან. 

 

ყოველწლიურ შეხვედრაზე განხილულ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით გამოწვევების გადასაჭრელად, რეგიონული განვითარებისა და თანამშრომლობის ფარგლებში, ADB თანამშრომლობდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI), ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და პროფესიონალური ორგანიზაციების, ისევე როგორც ექსპერტების, აკადემიური წრეების, ახალგაზრდული ჯგუფების წარმომადგენლებისა და სტუდენტების გაერთიანების მიზნით. წლიური შეხვედრის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება ორიენტირებული იყო სწორედ სამოქალაქო საზოგადოებაზე, ბანკის სამოქალაქო საზოგადოების პროგრამის ფარგლებში. Აღნიშნული ღონისძიებების თემატიკა ეხებოდა არაერთ საკითხს -   სამართლიანი ენერგეტიკული ტრანსფორმაციით დაწყებული და კლიმატის ცვლილების მიმართ ჩატარებული აქტივობების ინკლუზიური და ურთიერთდაკავშირებული მიდგომებით დამთავრებული.

 

აღსანიშნავია, რომ ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ღონისძიებები რუსთაველის გამზირზე მასობრივი საპროტესტო აქციების პარალელურად იმართებოდა. აპრილში საქართველოს მთავრობამ ხელახლა შემოიღო რუსული სტილის კანონი, რომელიც მიზნად ისახავს უცხოელი დონორების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის, როგორც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად დასახელებას, რაც ემსახურება სამოქალაქო სექტორის სტიგმატიზაციას და გამოხატვის თავისუფლებისა და მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკის თავისუფლების შეზღუდვას.

 

როგორც ADB-ის პარტნიორმა საქართველოში, IDFI-მ 2 მაისს ADB-ის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ცენტრთან ერთად უმასპინძლა გაცნობით ღონისძიებას სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდობის წარმომადგენლებისთვის. ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა IDFI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა. სიტყვით გამოსვლისას ბატონმა გიორგიმ ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას და მოუწოდა საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელობას არსებული მძიმე სიტუაციის ფონზე გვერდში დადგომოდნენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას. „რამდენიმე კვირის წინ მმართველმა პარტიამ ხელახლა წარადგინა რუსული სტილის კანონპროექტი ე.წ. „უცხოელი აგენტების შესახებ“, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია მოიხსენიება როგორც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები. კანონპროექტის ხელახალი შემოტანის რეალური მიზანია ქვეყანაში არსებული დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორის  და მედია ორგანიზაციებისთვის ეგზისტენციალური საფრთხეების შექმნა და მათი დასჯა მათ მიერ განხორციელებული საქმიანობისათვის”, -  განაცხადა ბატონმა გიორგიმ სიტყვით გამოსვლისას.

 

მან დასძინა, -  ”ამ სამწუხარო მოვლენების ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ - სამოქალაქო საზოგადოება - ერთად ვიდგეთ. ქართული სამოქალაქო ორგანიზაციები ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, კოლეგები და ამხანაგები გვერდში დაგვიდგებიან ასეთ რთულ პერიოდში. ჩვენი საქმიანობის თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობისა და მთავრობის მხრიდან ზედმეტი ზეწოლის გარეშე ვერც ერთი სამოქალაქო ორგანიზაცია ვერ შეძლებს იმ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებას, რომელიც მხარს უჭერს ADB-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე განხილული მიზნების განხორციელებას“.

 

წლიურ შეხვედრაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის ძალზე აქტუალური იყო ე.წ. „რუსული კანონის“ თემა. 3 მაისს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ADB-ის უფროს მენეჯმენტს შორის შეხვედრისას, ბატონმა გიორგიმ მიმართა ბანკის ხელმძღვანელობას, მათ შორის ADB-ის პრეზიდენტს მასაცუგუ ასაკავას და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წინაშე არსებულ მძიმე ვითარებას. მან ბანკის პრეზიდენტს დაუსვა კითხვა, დაუდგებოდა თუ არა ADB მათ გვერდით კანონის წინააღმდეგ. შეხვედრის სხვა მონაწილეებმა მსგავსი კითხვებით მიმართეს ADB-ს ხელმძღვანელობას და მოუწოდეს მათ, ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გაეკეთებინათ განცხადებები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს. ADB-ის ხელმძღვანელობამ გამოხატა მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორების მიმართ საქართველოში და სხვაგან, თუმცა არ დაუდასტურებია, რომ უშუალოდ რუსული კანონის თემას წამოწევდა.

 

57-ე ყოველწლიური შეხვედრა წარმოადგენდა მნიშვნელოვან შანსს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რათა ქვეყანაში არსებული გამოწვევის ვითარების შესახებ ინფორმაცია გაეზიარებინა უცხოელ კოლეგებთან. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ, საბოლოო ჯამში, მიიღო სადავო კანონი, მიუხედავად ფართო წინააღმდეგობისა, თუმცა IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორს მაინც მიეცა შესაძლებლობა ამ თემის შესახებ საერთაშორისო აუდიტორიასთან გაეზიარებინა თავისი მოსაზრებები და მოწოდება, მხარში დაუდგნენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას.





 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024