მოსამართლეები და სასამართლო სისტემაში დასაქმებული მათი ოჯახის წევრები

სიახლეები | კვლევები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | აქტუალური თემები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 23 იანვარი 2023

თანამდებობის პირის მიერ ოჯახის წევრის, ნათესავის ან მეგობრის დასაქმებას კონკურსის წესების გვერდის ავლით, საკვალიფიკაციო მოთხოვნების უგულებელყოფით ან სხვა პრივილეგიების მინიჭებით ნეპოტიზმი ეწოდება. ნეპოტისტური დამოკიდებულებები განსაკუთრებით მავნებელია საჯარო სექტორში ვინაიდან ეს პირდაპირ აისახება სახელმწიფოს ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებრივ ნდობაზე. 

 

თანამდებობის პირების მხრიდან მიკერძოებული დამოკიდებულების ფაქტები ხშირად გამხდარა ქართული მედიის ყურადღების და არაერთი კვლევის ინტერესის საგანი. არსებული გარემოებების ფონზე, საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველებს ნაკლებად აქვთ შესარჩევ კონკურსებში სამართლიანი დამოკიდებულების მოლოდინი.

 

ამ კუთხით, მონიტორინგის წარმოება გარკვეულწილად შესაძლებელია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე განთავსებული ქონებრივი დეკლარაციების მეშვეობით. IDFI-იმ წინამდებარე ანალიზი მოსამართლეების მაგალითზე განახორციელა. კერძოდ, შესწავლილ იქნა  უზენაესი სასამართლოს 28 მოსამართლის, მეორე ინსტანციის სასამართლოს 84 მოსამართლის, და პირველი ინსტანციის სასამართლოს 209 მოსამართლის ქონებრივი დეკლარაციები. 

 

დეკლარაციაში მოცემულია თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის მიერ, საქართველოში ან სხვა ქვეყანაში, შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის გარდა, ამ პუნქტში ასახულია სამუშაოს შემსრულებლის ვინაობა, სამსახური/დამსაქმებელი, დაკავებული პოზიცია/შესრულებული სამუშაოს შინაარსი და მიღებული ანაზღაურება. 

 

აღსანიშნავია, რომ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსების ინსტრუქციის თანახმად, ოჯახის წევრად მოიაზრება დეკლარანტის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი/გერი, და მასთან მუდმივად მცხოვრები პირი. ამ მხრივ ანალიზი პრობლემის სრულ მასშტაბს ვერ ასახავს, ვინაიდან დეკლარანტის სრულწლოვანი შვილი, მშობელი ან ოჯახის სხვა წევრი მხოლოდ იმ შემთხვევაში ფიქსირდება დოკუმენტში თუკი იგი მუდმივად ცხოვრობს დეკლარანტთან. მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს არც ერთი მოსამართლის დეკლარაციაში არ ფიქსირდება საჯარო სექტორში დასაქმებული ოჯახის წევრი, თუმცა ეს არ გამორიცხავს ასეთის არსებობას.

 

ძირითადი მიგნებები

 

- საქართველოს მოქმედი მოსამართლეების თითქმის ერთი მესამედის (90) ოჯახის წევრი დასაქმებულია საჯარო სამსახურში.

 

- 90 განხილული შემთხვევიდან 51 მოსამართლის ოჯახის წევრი დასაქმებულია სხვადასხვა სასამართლოში.

 

- 90-დან 60 შემთხვევაში ოჯახის წევრი მოქმედ პოზიციაზე დასაქმდა, დაწინაურდა ან სამუშაო პოზიცია შეიცვალა მოსამართლის დანიშვნის შემდეგ.

 

- თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების 84 მოსამართლიდან (70 თბილისში, 14 ქუთაისში), 13-ის შვილი დასაქმებულია სასამართლო სისტემაში.

 

- პირველი ინსტანციის სასამართლოებში მოღვაწე 209 მოსამართლიდან, 60-ის დეკლარაციაში ნახსენებია საჯარო სექტორში დასაქმებული ოჯახის წევრი (54 მეუღლე, 6 შვილი, 2 და), 33 მათგანი დასაქმებულია სხვადასხვა სასამართლოში.

 

დასკვნა

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კვლევაში მოცემული ყველა შემთხვევა არ უნდა იქნეს განხილული ნეპოტისტური დამოკიდებულების შემთხვევად. თუმცა, მეორე მხრივ, შეუძლებელია პრობლემის სრული მასშტაბის შესწავლა და წარმოჩენა ქონებრივი დეკლარაციების მარეგულირებელი ნორმების მოთხოვნების შეზღუდული ხასიათიდან გამომდინარე. კერძოდ, თანამდებობის პირის ოჯახის წევრთა ჩამონათვალით, რომლებზეც დღეის მდგომარეობით ვრცელდება ქონებრივ დეკლარაციის მოთხოვნები (მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და მასთან მუდმივად მცხოვრები პირი), დეკლარირების მიღმა რჩებიან თანამდებობის პირის ოჯახის წევრები (მშობლები, და-ძმა და ფინანსურად დამოუკიდებელი შვილები, რომლებიც თანამდებობის პირთან არ ცხოვრობენ), რომლებიც შეიძლება თავად ეწეოდნენ თანამდებობის პირის მოვალეობებთან ინტერესთა პოტენციური კონფლიქტის წარმომშობ საქმიანობას.

 

გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებისა და ნეპოტიზმის, ფავორიტიზმის და კორუფციის რისკების შემცირების მიზნით მნიშვნელოვანია არსებული მექანიზმების გაუმჯობესება და დამატებითი სტანდარტების დანერგვა. ამ მიმართულებით რეფორმა განსაკუთრებით პრიორიტეტულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის თაობაზე ევროკომისიის მოხსენებით ბარათში დაფიქსირებული რეკომენდაციების გათვალისწინებით. მოხსენებაში იკვეთება სწორედ ზემოთ აღნიშნული საკითხი, კერძოდ ევროკომისიის შეფასებაში აღნიშნულია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დანერგილია საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების სისტემა, “უნდა გაუმჯობესდეს კანონის მოქმედების სფერო, რომელიც ეხება ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებას, მის რეალიზაციასა და მონიტორინგს (ვინაიდან ამჟამად ოჯახის წევრებს არ მოიცავს სრულად)”. 

 

 

 

ანალიზი  მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, Luminate-ის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში. მის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს Luminate-ის პოზიციას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024