დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური - საქართველო და საერთაშორისო სტანდარტები

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | პოლიტიკის დოკუმენტები 20 ივლისი 2017

პოლიტიკის დოკუმენტის მიზანია, წარმოაჩინოს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის აუცილებლობა იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რაც დღეისთვის არსებულ კორუფციასთან ბრძოლის სისტემაში გამოვლინდა. ამ საკითხზე საუბარი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ განსხვავებული გზა აირჩია და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სუს-ის ერთ-ერთ ფუნქციად განსაზღვრა. როგორც დოკუმენტში მოცემული ხარვეზების ანალიზი ცხადყოფს, ეს გადაწყვეტილება არაეფექტიანი აღმოჩნდა.


უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია კორუფციასთან ბრძოლის საკითხში. ქვეყანა დღეს ღია მმართველობისა და კორუფციის აღქმის საერთაშორისო ინდექსების მიხედვით ლიდერია რეგიონში და ის ხშირად კარგი პრაქტიკის მაგალითად მოჰყავთ სხვადასხვა ფორუმებზე თუ კონფერენციებზე. საქართველოს აქვს ამბიცია, კორუფციასთან ბრძოლის საკითხში იყოს სამაგალითო და მოწინავე ქვეყანა, როგორც რეგიონში, ისე გლობალური მასშტაბით.


კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის მექანიზმების დახვეწა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იმ ფონზე, როდესაც საქართველო ასრულებს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგს და 2018 წელს ხდება ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარე ქვეყანა; პარტნიორობისა, რომლის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.


კორუფცია არის ის პრობლემა, რომლის აღმოფხვრასაც მუდმივი მუშაობა სჭირდება. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული გარკვეული წარმატების მიუხედავად, მაღალი დონის კორუფცია ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოში. ამაზე ყურადღებას საკუთარ ანგარიშებში ამახვილებენ OECD-ACN და GRECO.


საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე მოქმედი ხელისუფლების მიერ კომპლექსური (მაგალითად მაღალი დონის) კორუფციული დანაშაულების გამოვლენის შემთხვევები ფაქტობრივად არ არსებობს. საგამოძიებო ორგანოები ვერც სხვა სუბიექტების (ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების) მიერ გამოვლენილ შესაძლო შემთხვევებზე ახდენენ სათანადო რეაგირებას. მაღალი დონის კორუფციული დანაშაულები მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გამოვლინდება ხოლმე, თუმცა ასეთი შემთხვევების გამოძიებასაც კი ხშირად თან ახლავს პროცედურული დარღვევები, რაც პოლიტიკური მოტივაციის ეჭვებს აჩენს. ასეთი მიდგომა უარყოფით გავლენას ახდენს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ანტიკორუფციული საქმიანობის მიმართ საზოგადოებრივ ნდობაზეც.


კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი უწყებების გამოწვევები


დოკუმენტში საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების პარალელურადაა განხილული კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი უწყებების (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო) ხარვეზები.


საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ უწყებებთან დაკავშირებული ხარვეზები:


- დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფლების ნაკლებობა;


- დაბალი საზოგადოებრივი ნდობა (ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ღიაობა);


- ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის დაბალი ხარისხი;


- არასაკმარისი მატერიალური რესურსები და სპეციალიზებული პერსონალი.


კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი უწყებების დამოუკიდებლობა უზრუნველყოფს კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს და შესაბამისად მაღალ საზოგადოებრივ ნდობას. ამის ნათელი მაგალითია ლიტვა, რომელიც საუკეთესო პრაქტიკის სახითაა დოკუმენტში განხილული. საქართველოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ არსებულ კორუფციასთან მებრძოლ უწყებებში სწორედ მათი დამოუკიდებლობის საკითხია ყველაზე პრობლემური. ხოლო, ბოლო ცვლილება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა 2015 წელს, ანტიკორუფციული ფუნქციების სუსი-სთვის მინიჭებით, შეფასებულია, როგორც საფრთხის შემცველი რეფორმა. შესაბამისად, საქართველოში არსებული მდგომარეობისა და ხარვეზების აღმოფხვრის ყველაზე ეფექტიანი საშუალება არის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა.


IDFI-ის რეკომენდაცია:


I. შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური;


II. დაიწყოს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის შესახებ მსჯელობა ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის ფარგლებში;


III. დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის ფუნქციებად განისაზღვროს:


- კორუფციის პრევენცია;


- კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა;


- ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავება;


- თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგი;


- მამხილებელთა დაცვა;


- პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგი;


- კორუფციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისა და განათლების პოლიტიკის დაგეგმვა;


IV. განისაზღვროს სამსახურის დამოუკიდებლობისთვის საჭირო გარანტიები.


წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი განიხილავს საქართველოში არსებული კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ინსტიტუტების საქმიანობას და აანალიზებს ამ ინსტიტუტების საქმიანობის, როგორც ზოგადი, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის ხარვეზებს. დოკუმენტი ასვე მიმოიხილავს საკვანძო საერთაშორისო კონვენციებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოსთვის გაცემულ რეკომენდაციებს. დოკუმენტის ბოლო ნაწილი ეთმობა ლიტვის, როგორც საუკეთესო პრაქტიკის მაგალითის განხილვას. რასაც მოსდევს რეკომენდაციები, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკის, სტანდარტებისა და წინადადებების ანალიზს ეყრდნობა.

 

/public/upload/IDFI_Photos_2017/anticorruption/independent_anti_corruption_structure_creation_policy_document_geo.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024