ღია მონაცემების მნიშვნელობა პანდემიასთან ბრძოლაში: საერთაშორისო მაგალითები და საქართველო

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | აქტუალური თემები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 8 აპრილი 2020

ვირუსი, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო COVID-19-ის სახელით იცნობს ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში აღმოცენდა, და სწრაფად მოედო აზიას, ევროპას და ჩრდილოეთ ამერიკას. დღეის მდგომარეობით 1 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული და ეს ციფრი ზრდას განაგრძობს, თუმცა ზრდის ტემპი ქვეყნების მიხედვით ვარირებს საგანგებო სიტუაციისადმი არსებული განსხვავებული მიდგომების და  სხვა ზოგადი გარემოებების მიხედვით. მაგალითად, დასავლეთის ქვეყნების პირველი რეაქცია საკმაოდ რბილი აღმოჩნდა და ძირითადად შემოიფარგლებოდა მხოლოდ მოწოდებებით და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მცდელობებით. ამავდროულად, არსებობდა მოსაზრება, რომ ვირუსს ახასიათებს მსუბუქი სიმპტომები და სახიფათოა მხოლოდ კონკრეტული რისკ-ჯგუფებისთვის (ასაკოვანი პირები, იმუნო-დაქვეითებულნი და სხვა ქრონიკული დაავადებების მატარებელნი). თუმცა, ამ მიდგომის სისუსტე მალევე გამოჩნდა, მას შემდეგ, რაც იტალიაში ვიხილეთ მძიმე სიმპტომების მქონე პაციენტების ჰოსპიტალიზების შედეგად გამოწვეული წნეხი ჯანდაცვის სისტემაზე.

 

პანდემიის გამოცხადების ფონზე, მრავალ სახელმწიფოს მოუწია საზოგადო ცხოვრების კრიზისულ მმართვაზე გადაყვანა და მათ შორის, პრიორიტეტების განსაზღვრა, საყოველთაო ჯანდაცვა, თავისუფალი გადაადგილება, პირადი ინფორმაციის დაცვა, საკუთრების უფლება, ეკონომიკური კეთილდღეობა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე მსოფლიომ უკვე გააცნობიერა სიტუაციის მასშტაბი. სამწუხაროდ, მრავალი ქვეყნისთვის პრევენციული ზომების მიღება ძალზედ დაგვიანებული აღმოჩნდა. მაგალითად, ესპანეთში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე ასობით აღირიცხებოდა, ჯერ კიდევ შეუზღუდავად ტარდებოდა სპორტული ღონისძიებები, ხალხმრავალი შეკრებები და დემონსტრაციები. ჩინეთში  სრულიად კონტრასტულად განვითარდა მოვლენები, ჩინეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მიიღო რადიკალური ზომები და გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და კარანტინი ჰუბეის მთელ ტერიოტორიაზე (რეგიონი, რომელშიც ვუჰანი მდებარეობს). დღევანდელი პერსპექტივიდან შეიძლება ითქვას, რომ მათმა მიდგომამ გაამართლა. ამ ეტაპზე ჩინეთში თითქმის აღარ აღირიცხება ინფიცირების ახალი შემთხვევბი. დიახ, როგორც ჩანს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ დაამარცხა კორონა ვირუსი, თუმცა საინტერესოა რის ფასად? ხელისუფლებამ 60 მილიონ მოქალაქეს აღუკვეთა სახლიდან გასვლის თავისუფლება მძიმე ჯარიმების მუქარით, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით მასიურად შეზღუდა ეკონომიკური აქტივობა, შეჩერდა საწარმოები, ქარხნები, მაღაზიები, ბანკები, და სხვა დაწესებულებები. სტატისტიკის მიხედვით ჩინეთის პროდუქტიულობა 2008 წლის კრიზისის ნიშნულზე ქვემოთ დაეცა. გარდა ამისა, არსებობს ფართოდ გავრცელებული მოსაზრება და ეჭვი, რომ ჩინეთის ხელისუფება ვირუსის აღმოჩენის დღიდან დღემდე ქვეყანაში არსებულ რეალურ სურათს მალავს და ცრუ სტატისტიკას ავრცელებს.

 

საბედნიეროდ, ჩინური მეთოდი არ არის წარმატების ერთადერთი მაგალითი. დღევანდელი მდგომარეობა იმაზე მიუთითებს, რომ პრევენცია არის ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ოპტიმალური სტრატეგია, რისთვისაც მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება, მონაცემების ხელმისაწვდომობა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ამ სფეროებში ხელისუფლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების თანამშრომობა. ამ სტატიაში განვიხილავთ პანდემიასთან ბრძოლის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას და ცალკეულ ქვეყნებში მოქმედ წარმატებულ ინიციატივებსა თუ აპლიკაციებს, რომელთა მთავარი დანიშნულება პანდემიის გავრცელების პრევენცია, მოქალაქეთა სწორი ინფორმირება და ინოვაციური მიდგომებით პრობლემის გამკლავება გახლავთ.

 

საინფორმაციო პლატფორმები

 

საქართველოს მსგავსად, თითქმის ყველა ქვეყანაში მოქმედებს სახელმწიფოს ან სამოქალაქო საზოგადოების მიერ შექმნილი ბაზისური საინფორმაციო პორტალი, რომელიც მოიცავს ვირუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, სიმპტომების აღწერას, ქვეყნის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს და სტატისტიკას (ტესტირებულთა რაოდენობა, ინფიცირებულთა რაოდენობა, სავარაუდო შემთხვევები, გარდაცვლილთა რიცხვი). მაგალითები სხვადასხვა ქვეყნიდან: კანადა, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა, ისლანდია, უკრაინა.

 

სინგაპურმა ინფიცირების შემთხვევები უფრო დეტალურად გაასაჯაროა. სამოქალაქო საზოგადოების მიერ მართულ პლატფორმაზე ღია ფორმატში ხელმისაწვდომია როგორც ჯამური, ზოგადი სტატისტიკა, ასევე, ინდივიდუალურ ინფიცირებულთა სქესი, ასაკი, ეროვნება, სტატუსი (ჰოსპიტალიზებული/გამოჯანმრთელებული), ინფექციის წყარო, დაფიქსირების თარიღი, გამოჯანმრთელების თარიღი და გადაცემის ტიპი (შიდა/გარე). 

 

 

პორტალის უფრო დახვეწილ ვერსიებში, ასევე მოცემულია რეგულარულად განახლებადი ადგილობრივი რუკები, სადაც ინფიცირების შემთხვევები აისახება რეგიონების მიხედვით, რაც მოსახლეობას საშუალებას  აძლევს მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები შიდა გადაადგილების აუცილებლობისას.

 

                

 

მარცხენა სურათზე მოცემულია სამხრეთ კორეის მაგალითი ხოლო მარჯვენა გახლავთ ირლანდიის რესპუბლიკა.

 

ჰონგ-კონგის ადმინისტრაციულმა რეგიონმა, კიდევ უფრო დააკონკრეტა გავრცელების ადგილი და რუკაზე დაურთო დაინფიცირებულთა ზუსტი მისამარათები.

 

 

ეკვადორის რესპუბლიკამ მსგავს საინფორმაციო პლატფორმაზე სპეციალური განყოფილება მიუძღვნა ცრუ ინფორმაციის გამოაშკარავებას. აღნიშნულ გვერდზე შეგროვებულია ქვეყნის მასშტაბით გავრცელებული და გამოაშკარავებული ყალბი ახალი ამბები და მათი წყაროები, გვხვდება როგორც ოფიციალური მაუწყებლების და გამომცემლობების მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, ასევე სოციალური მედიის მეშვეობით ცნობადი და ავტორიტეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

 

ინფიცირების სიმპტომების გადამოწმებისთვის შექმნილი ინიციატივები


საფრანგეთში ამჟამად მოქმედებს ტელე-მონიტორინგის აპლიკაცია Lifen, ღია კოდის აპლიკაცია, რომელიც ექიმებს პაციენტებთან სამედიცინო დოკუმენტაციის მიმოცვლის და დისტანციურად დაკვირვების საშუალებას აძლევს. მსგავსი სისტემა ასევე ამოქმედდა იტალიაში. პაციენტი ავსებს მარტივ კითხვარს, რომელიც იტვირთება სერვერზე და ხელმისაწვდომი ხდება სამედიცინო მუშაკებისთვის. მოქალაქის პასუხებში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შემთხვევაში, ხდება მასთან დაკავშირება და დისტანციურად გამოკვლევა. აპლიკაცია მოიცავს ტექსტურ, ხმოვან და ვიდეო კომუნიკაციას. ასეთი ინიციატივების მეშვეობით შესაძლებელია ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვის შემსუბუქება, შესაძლო დაინფიცირებულის იზოლირება და პალატების გამოზოგვა ყველაზე მძიმე პაციენტებისთვის.

 

ეკონომიკური და სოციალური დახმარებისკენ მიმართული ინიციატივები

 

მიმდინარე პანდემია მძიმედ მოქმედებს გლობალურ ეკონომიკაზე, განსაკუთრებით ტურისტულ, საჰაერო და სერვისის ინდუსტრიებზე, მცირდებასამუშაო ადგილები და მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი რჩება შემოსავლის გარეშე, ცალკეული ქვეყნები უკვე გამოყოფენ სოციალური დახმარების პაკეტებს დაზარალებული მოქალაქეებისთვის. ექსპერტები ეკონომიკური რეცესიის გაუარესებას ვარაუდობენ. ეს გარემოება კიდევ უფრო მოთხოვნადს და აუცილებელს გახდის სახელმწიფო სოციალური დახმარების პროგრამებს და შესაბამისად, მათი ალოკაციის ოპტიმალურ სისტემებს. ამ თვალსაზრისით ირლანდიის რესპუბლიკა დაწინაურდა. მათ შექმნეს პორტალი, რომელზეც შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეგისტრაცია და სახელმწიფო დახმარების (კვირაში 350 ევრო პანდემიის პერიოდში) მოთხოვნა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც პანდემიის გამო დაკარგეს შემოსავლის წყარო. მსგავსი პლატფორმა უკვე მოქმედებს პერუშიც, ვებგვერდზე განთავსებულია ერთჯერადი ფულადი დახმარების (108 დოლარის ექვივალენტი) მოთხოვნის ფორმა.

 

ლიეტუვის ეკონომიკის სამინისტრომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შექმნა საკონსულტაციო გვერდი, სადაც რეგულარულად ხორციელდება ექსპერტების პირდაპირი (ე.წ Live) ჩართვები. ისინი მეწარმეებს  ეხმარებიან რჩევებით სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე როგორიცაა, გაყიდვების ონლაინ რეჟიმში გადაყვანა, თანამშრომლების დისტანციური მუშაობის სისტემის შემუშავება, საგანგებო რეგულაციების გაცნობა და სხვა რელევანტური თემები.

 

გადაადგილების ნებართვასთან დაკავშირებული ინიციატივები


იტალიასა და გერმანიაში, სადაც გარკვეულ ტერიტორიებზე მოქალაქეებს ეზღუდებათ გადაადგილება, დაინერგა ვებგვერდი, სადაც შესაძლებელია საჭიროებისამებრ განცხადების შევსება და გადაადგილებისთვის ნებართვის ონლაინ რეჟიმში აღება. აღნიშნული სისტემა მნიშვნელოვანია კარანტინის დროს მოქალაქეებისთვის გადაადგილების პრობლემების შესამსუბუქებლად. საქართველოში მსგავსი მომსახურება შეიძლება საჭირო გახდეს, თუ კიდევ უფრო გამკაცრდება თვით-იზოლაციის შეზღუდვები.

 

ვირუსის მონიტორინგის მობილური აპლიკაციები


რამოდენიმე ქვეყანაში სწრაფად ვრცელდება მობილური აპლიკაციები, რომლებიც რიგით მოქალაქეებს ვირუსის გავრცელების მონიტორინგის საშუალებას აძლევს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, მსგავსი აპლიკაციის შემუშავებას და დანერგვას საქართველოს ხელისუფლებაც გეგმავს, და ამ მიზნით თანამშრომლობს ავსტრიულ მხარესთან. ჩვენი ვარაუდით, საუბარია ავსტრიის წითელი ჯვრის შემუშავებულ აპლიკაციაზე STOPP CORONA, რომლითაც ამჟამად უკვე 130,000-მდე მოქალაქე სარგებლობს. მომხმარებელს აპლიკაციის მეშვეობით შეუძლია დააფიქსიროს კონტაქტი (ე.წ. „ციფრული მისალმება“) აპლიკაციის მფლობელ სხვა მოქალაქესთან, რომელთანაც ფიზიკური სიახლოვე ჰქონდა და თვალი ადევნოს ბოლო პერიოდში ვისთან ჰქონდა შეხება. თუკი მომხმარებელი დაინფიცირდა და ეს მიუთითა აპლიკაციაში, ამის შესახებ შეტყობინება ეგზავნება ყველა იმ კონტაქტს, რომელთანაც მან „ციფრული მისალმება" განახორციელა. შეტყობინება არ მოიცავს ინფორმაციას დაინფიცირებულის იდენტობაზე ან ლოკაციაზე, აღნიშნულია მხოლოდ ამ პიროვნებასთან ციფრული კონტაქტის დრო. აპლიკაცია არ მუშაობს ავტომატურ რეჟიმში, მომხმარებელი ყოველ შემხვედრთან სათითაოდ ამყარებს ციფრულ კონტაქტს, ხოლო დაინფიცირების შემთხვევაში შეტყობინების გაგზავნა სრულიად ნებაყოფლობითია. შესაბამისად, აპლიკაციის ეფექტურობა მთლიანად დამოკიდებულია მის ჩამომწერთა რაოდენობასა და მომხმარებლების კეთილ ნებაზე.


მსგავსი აპლიკაცია ასევე შეიმუშავა სინგაპურის ხელისუფლებამ, Trace Together „ბლუთუზის” დახმარებით აფიქსირებს და იმახსოვრებს გარშემო მყოფი ტელეფონების ანონიმიზირებულ საიდენტიფიკაციო კოდებს, რისი მეშვეობითაც, მომხმარებლისთვის ინფექციის დადგენის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტრო გადაცემის რისკის ქვეშ მყოფ ინდივიდებს აღმოაჩენს და აფრთხილებს. არ გამოიყენება გეო-ლოკაცია და პირადი ინფორმაცია, და მონაცემების შენახვა ხდება ლოკალურად თითოეული გადმომწერის ტელეფონზე. ავსტრიული აპლიკაციისგან განსსხვავებით, კონტაქტების დამახსოვრება ხდება ავტომატურად. ამ მეთოდის ეფექტურობაც მთლიანად დამოკიდებულია მოსახლეობაში აპლიკაციის პოპულარობაზე. ამ ეტაპზე აპლიკაციას 1 მილიონზე მეტი გადმომწერი ყავს, მაშინ როცა სინგაპურის მოსახლეობა 6 მილიონს აღწევს.


ისლანდიაში უკვე მოქმედებს აპლიკაცია სახელად Rakning C-19 და იდენტურის დანერგვას ნორვეგიის ხელისუფლებაც გეგმავს. აღნიშნული აპლიკაცია აგროვებს მომხმარებლის ტელეფონის GPS მონაცემებს, რომლებიც დაშიფრულ მდგომარეობაში ინახება დაცულ სერვერზე. თუკი მომხმარებელს დაუდგინდება ვირუსი, ხდება იმ ტელეფონების აღმოჩენა, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში ინფიცირებულ პირთან მჭიდრო კავშირში იმყოფებოდნენ. შემდგომ კი ჯანდაცვის ორგანოები ამ ტელეფონებზე აგზავნიან გამაფრთხილებელ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, რათა მფლობელებმა მიიღონ საჭირო ზომები.


დეტექტორის ტიპის აპლიკაციებიდან გამოირჩევა სამხრეთ კორეული Corona 100M, რომელსაც უკვე მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ეს აპლიკაცია სხვებისგან განსხვავებით არ აგროვებს ინფორმაციას გადმომწერებისგან, იგი ეყრდნობა სახელმწიფოს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, ამას უფრო დაწვრილებით სტატიის შემდეგ ნაწილში განვიხილავთ.

 

მონაცემების დამუშავების/გამოყენების ეფექტური, თუმცა საკამათო მიდგომები აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში


დღეის მდგომარეობით, კორეაში დაინფიცირებულთა ნახევარი უკვე გამოჯანმრთელებულია, რაც ნაწილობრივ განაპირობა მაღალ ტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებამ. თუმცა, ამას თან სდევდა პირადი მონაცემების გამოყენების დარღვევები და მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში ჩარევის ინციდენტები. თითოეული ინფიცირების შემთხვევის ძიებისა და ანალიზის კორეული სისტემა, შემდეგი ინფორმაციის დამუშავებას გულისხმობს:


- დაინფიცირებულის სამუშაო ადგილი:
- საცხოვრებელი ადგილი;
- ყველა ის ლოკაციას, სადაც გადაადგილდა მოქალაქე უახლოეს წარსულში;
- ადგილები სადაც გამოიყენა საკრედიტო ან სხვა ელექტრონული ბარათი;
- ადამიანები, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა.


ამ მონაცემებს სახელმწიფო მოიპოვებს სხვადასხვა წყაროებიდან: მობილური პროვაიდერები, კერძო კომპანიები, რელიგიური დაწესებულებები, ბანკები და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ. მონაცემები მუშავდება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, შემდგომ კი ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები თავიანთ იურისდიქციაში მყოფ მოსახლეობას მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით აწვდიან რელევანტურ ინფორმაციას, კერძოდ ახალ-დაინფიცირებულთა ასაკს, მათ მიერ მოვლილ დაწესებულებებს, განვლილ მარშრუტებს, და განხორციელებულ აქტივობებს. ამ შეტყობინებების გაერთიანებულ ბაზაზე დაყრდნობით კერძო კომპანიებმაც შექმნეს რამოდენიმე პრევენციული მობილური აპლიკაცია, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია Corona 100M, რომელიც მომხმარებლებს აფრთხილებს თუკი დაინფიცირების არეალს 100 მეტრის რადიუსში მიუახლოვდებიან.


ამგვარად მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ თავი აარიდონ დაინფიცირებისთვის საშიშ ადგილებს ან ჩაიტარონ ტესტი, თუკი მოცემული დროის პერიოდში ინფიცირებულთან საერთო სივრცეში იმყოფებოდნენ. ხდება კლასტერების იდენტიფიცირება და მათი იზოლირება, როგორც ეს მოხდა ქალაქ დეიგუში, როდესაც რელიგიური სექტის წევრი ქალბატონი დაინფიცირების შემდგომ, როგორც მინიმუმ ორ რელიგიურ შეკრებას დაესწრო, რის შედეგადაც კონტაქტი 1,000-მდე პიროვნებასთან ჰქონდა. სახელმწიფომ სექტისგან დაუყოვნებლივ გამოითხოვა წევრთა სია, რომელიც 100,000-მდე ინდივიდსგან შედგება, და იმავე დღეს დაიწყო წევრების მასიური ტესტირება. ტესტირების პროცესიც საკმაოდ ინოვაციური და ეფექტიანი აღმოჩნდა, შეიქმნა „დრაივ-ინ“ სწრაფი ტესტირების პუნქტები, სადაც მოქალაქეებს მანქანით შეეძლოთ გავლა და გადმოუსვლელად ტესტის მიღება.


ტაივანში სახელმწიფო თანამშრომლობს მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებთან და დისტანციურად აკვირდება სავალდებულო კარანტინში მყოფ მოქალაქებს ე.წ. „ციფრული ზღუდე/ბარიერი” (ე.წ. digital fence) მეშვეობით. კერძოდ, ხორციელდება სიმ ბარათის ლოკაციის მონიტორინგი, რეგისტრირებული მისამართიდან გადაადგილების შემთხვევაში მოქალაქეს ჯერ ეგზავნება გამაფრთხილებელი ტექსტური შეტყობინება, ხოლო 15 წუთში კანანტინის დარღვევის ფაქტი ეცნობებათ ადგილობრივ სამართალდამცავებს.


ჰონგ-კონგის ადმინისტრაცია კარანტინში მოქცეულ მოქალაქეებს ელექტრონულ სამაჯურებს ურიგებს და მათ დისტანციურ მონიტორინგს ტაივანის მსგავსად ახორციელებს. სახელმწიფო ირწმუნება, რომ მოქალაქეთა პირადი ინფორმაცია დაცულია, ვინაიდან სამაჯური ლოკაციას გადასცემს მხოლოდ კარანტინის დარღვევის შემთხვევაში.


ერთი შეხედვით, ეს მიდგომები საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდნენ ვირუსის გავრცელების შეკავების თვალსაზრისით. თუმცა, პრობლემურია სახელმწიფოს მიერ მონაცემების მოპოვების, დამუშავებისა და გავრცელების შემთხვევები. ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული ლოკაციების მეშვეობით რამდენიმე შემთხვევაში შესაძლებელი გახდა დაინფიცირებული პირების იდენტობის დადგენა, რამაც შემდგომ სოციალური მედიის სივრცეში გაჟონა და ეს პირები საზოგადო კრიტიკის და დამცირების სამიზნედ აქცია . ამგვარმა შემთხვევებმა კი კიდევ ერთხელ ცხადყო, რამდენად მნიშვველოვანია ბალანსი პირადი ცხოვრების დაცვასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველყოფას შორის.

 

საქართველო


ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე საქართველოში დაინფიცირებული მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს შორის. ეს ერთი მხრივ, სავარაუდოდ, მცირე მოსახლეობითა და საერთაშორისო ტრანზიტის სიმწირით არის განპირობებული. ამავდროულად, სახელმწიფოს მიერ პანდემიის კონტროლისკენ მიმართული ძალისხმევა საწყის ეტაპზე საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა. მოხდა დროული რეაგირება, მათ შორის, საზღვრების დაკეტვა, საზღვარზე შემოსული პირების იზოლაცია ან/და თვით-იზოლაცია, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების კამპანია, დაინფიცირებული პირების ეფექტური იზოლირება და ინფექციის წყაროს საფუძვლიანი მოძიება. ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შექმნა ვებ-პორტალი, სადაც ხელმისაწვდომია დისტანციური საჯარო სერვისები, ვირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციები, გავრცელებული მითები და რეგულარულად განახლებადი სტატისტიკა. მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ ვებგვერდი ახლა უკვე ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ ენაზე, განსაკუთრებით ბოლნისში და მარნეულში გამოცხადებული სრული კარანტინის ფონზე.


თუმცა, უახლოეს მომავალში, ვირუსის შიდა გავრცელების დაწყებასთან ერთად, მიზანშეწონილია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გამოყენება და შესაბამისი მიდგომების დანერგვა. მაგალითად, აუცილებელია მოქალაქეებს მიეწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ინფიცირების დადასტურების ადგილების შესახებ, რათა უფრო ფრთხილი ზომები მიიღონ. გადაადგილების წესების გამკაცრებასთან ერთად, მნიშვნელოვანია მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა სხვადასხვა ონლაინ სერვისზე, განსაკუთრებით კი სამედიცინო დახმარებისა და რჩევების მიღების თვალსაზრისით. ასევე, დიდი მნიშვნელობა ექნება დაანონსებულ აპლიკაციას. თუმცა, როგორც ავსტრიული მაგალითის მიმოხილვამ აჩვენა, ამ აპლიკაციის ეფექტურობა მთლიანად მის გადმომწერთა რაოდენობასა და მომხმარებლების აქტიურობაზეა დამოკიდებული. მაშინ როცა, ეფექტური აღმოჩნდა ის აპლიკაციები, რომლებიც მოქალაქეების გადაადგილების მონაცემებს ავტომატურად ამუშავებს. თუმცა, ამ შემთხვევაში პირადი მონაცემების უკანონო წვდომისა და დამუშავების საკითხი იჩენს თავს.

 

______ 

 

მოცემული მასალის/გამოცემის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024