IDFI მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს აფასებს

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 19 დეკემბერი 2022

მიმდინარე კვირის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მიმართ სახელმწიფო ორგანოების მიერ განხორციელებული ქმედებები არღვევს მსჯავრდებულის უფლებებს და აზიანებს სააკაშვილის მიმართ მიმდინარე სამართლებრივი მოქმედებების ლეგიტიმაციას. კერძოდ, მსჯავრდებულისთვის საკუთარი სასამართლოს სხდომაზე დისტანციურად დასწრების უფლების შეზღუდვა, ასევე ვიდეომასალის გასაჯაროება სამართლის ელემენტარული პრინციპების უგულებელყოფით ამყარებს მოსაზრებს, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას არ შესწევს მიხეილ სააკაშვილის საქმის  განხილვა/გადაწყვეტის უნარი კანონის უზენაესობის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

მიხეილ სააკაშვილს 14 დეკემბრის სხდომაზე დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობა არ მიეცა. სასამართლო სხდომაზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია არც ერთი დამაჯერებელი არგუმენტი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის მართლზომიერებას წარმოაჩენდა. სასამართლომ უგულებელყო მის მიერვე გაცემული განკარგულების აღუსრულებლობა და მსჯავრდებულის გარეშე გააგრძელა საქმის განხილვა. მომხდარ ფაქტში იკვეთება მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის აშკარა ნიშნები. 

 

14 დეკემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მეშვეობით გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი. ცხადად შეიძლება ითქვას რომ, გავრცელებულ ვიდეო მასალას არ გააჩნია ლოგიკური კავშირი სახელმწიფოსვე დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებთან. მიგვაჩნია რომ ვიდეოს გავრცელებით დაირღვა მსჯავრდებულის პირადი ცხოვრების უფლება და მან, ასევე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მსჯავრდებულის ღირსების უფლებაზე. 

 

აღსანიშნავია, რომ კადრების გასაჯაროება მოჰყვა ევროპარლამენტის 14 დეკემბერის რეზოლუციას, სადაც, პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების მნიშვნელობაზეა საუბარი და მიხეილ  სააკაშვილი საქმე სწორედ ამ კონტექსტშია განხილული. თავის მხრივ, დეპოლარიზაცია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის დასკვნით განსაზღვრული პირველი პრიორიტეტული ამოცანაა. სააკაშვილის ვიდეო მასალის გასაჯაროებით ხელისუფლებამ ერთმნიშვნელოვნად აამაღლა ისედაც მაღალი პოლიტიკური პოლარიზაციის დონე საქართველოში. 

 

მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებული პროცესების წარმართვა სამართლებრივი სახელმწიფოს ელემენტარული პრინციპების უგულებელყოფით არსებით ზიანს აყენებს, არამხოლოდ შესაბამისი პირის უფლებას არამედ საქართველო საერთაშორისო იმიჯს. IDFI-ს შეფასებით, მიმდინარე კვირაში სააკაშვილის საქმის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვან დააზიანა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესიც. 

 

1. სასამართლოს სხდომაზე დისტანციურად დასწრების შეზღუდვის ეპიზოდის შეფასება

 

მიხეილ სააკაშვილს 14 დეკემბრის სხდომაზე დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობა არ მიეცა. სასამართლო სხდომაზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია არც ერთი დამაჯერებელი არგუმენტი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის მართლზომიერებას წარმოაჩენდა. სასამართლომ უგულებელყო მის მიერვე გაცემული განკარგულების აღუსრულებლობა და მსჯავრდებულის გარეშე გააგრძელა საქმის განხილვა. მომხდარი ფაქტი მიხეილ სააკაშვილი სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის აშკარა ნიშნებს შეიცავს.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს 2022 წლის 9 დეკემბრის სხდომაზეც არ მიეცა ფიზიკურად დასწრების შესაძლებლობა, რის მიზეზადაც დასახელდა კლინიკა „ვივამედის“ წერილში გამოხატული პოზიცია, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ექიმები მოცემულ მომენტში მის ტრანსპორტირებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ.   სასამართლომ გადადო სხდომა 2022 წლის 14 დეკემბერს და აღნიშნა, რომ დაავალებდა პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის დისტანციურ ჩართვას. 2022 წლის 13 დეკემბერს სასამართლომ  მიიღო განკარგულება (სავალდებულო მოქმედების აქტი), რომლითაც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს 14 დეკემბრის სხდომაზე მსჯავრდებულის დისტანციურად ჩართვის უზრუნველყოფა დაევალა.

 

14 დეკემბრის სხდომაზე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვაზე უარი თქვა. სამსახურის განცხადებით „სამსახური ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა უზრუნველყოს“. აღსანიშნავია, რომ მოსამართლემ საქმის განხილვა მსჯავრდებულის მონაწილეობის გარეშე გააგრძელა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის განმარტებით, აღნიშნული გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზით.

 

პირის უფლება დაესწროს მისი საქმის განხილვას არის სამართლიანი სასამართლოს უფლების განუყოფელი ნაწილი. ეს უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით, აგრეთვე მრავალი საერთაშორისო აქტით, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით. სასამართლოს სხდომაზე სისხლის სამართლის საქმის მოსმენისას მსჯავრდებულის დასწრების უზრუნველყოფის ვალდებულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა, რომელსაც სამართლიანი სასამართლოს უფლება ითვალისწინებს. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც არსებობს შეზღუდვის სათანადო ნორმატიული საფუძველი და ლეგიტიმური მიზანი.

 

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს არ წარმოუდგენია არც ერთი დამაჯერებელი არგუმენტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასამართლოს უფლებას შეზღუდვის მართლზომიერებას წარმოაჩენდა. კერძოდ, სამსახურის არგუმენტი ტექნიკური აღჭურვილობის არქონასთან დაკავშირებით, ასევე იუსტიციის მინისტრის განმარტება ტექნიკური ხარვეზის არსებობის თაობაზე არც დამაჯერებელია და არც უფლების შეზღუდვის მართლზომიერებაზე მიუთითებს. კერძოდ, დისტანციურ სასამართლო პროცესში მონაწილეობა შესაძლებელია ინტერნეტთან დაკავშირებული კომპიუტერული მოწყობილობით, რომელსაც გააჩნია აუდიო-ვიდეო კომუნიკაციის განხორციელების შესაძლებლობა. სხვა სიტყვებით, ინტერნეტი და კომპიუტერი სრულად საკმარისი იქნებოდა სააკაშვილის სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებისთვის. აღნიშნული არ მოითხოვს განსაკუთრებული სირთულის ტექნიკურ ან/და ადმინისტრაციული ღონისძიებების განხორცილებას.

 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღნიშნული განცხადების შემდგომ სასამართლომ გააგრძელა საქმის განხილვა მსჯავრდებულის მონაწილეობის გარეშე და არანაირი რეაგირება არ ჰქონია ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მის მიერ გაცემული განკარგულების აღუსრულებლობაზე. სასამართლომ აღმასრულებელი ხელისუფლების უმოქმედობა სამართლებრივად უნდა შეაფასოს და შესაბამისი სამართლებრივი შედეგები დააყენოს. ის, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელი ვალდებულია მსჯავრდებულის უფლებების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფაზე. თუკი სასამართლოს არ ექნება რეაგირება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მისი განკარგულებების შეუსრულებლობაზე, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება მისი კონსტიტუციურ ფუნქცია სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზების ნაწილში.

 

ევროპარლამენტის 2022 წლის 14 დეკემბრის რეზოლუცია კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია, სააკაშვილის საქმე, მისი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, წარიმართოს კანონის ყველა მოთხოვნის სრული დაცვით. აღნიშნული საქმის მიმართ არსებული კითხვის ნიშნების გაქარწყლების, პროცესის ლეგიტიმაციისა და მის მიმართ ნდობის გაღრმავებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილს მიეცეს კონსტიტუციით და კანონით მისთვის მინიჭებული ყველა უფლებით ეფექტურად სარგებლობის შესაძლებლობა. სახელმწიფოს ქმედებები არ უნდა აჩენდეს ეჭვებს, რომ იგი ახდენს ინდივიდის ინსტრუმენტალიზაციას. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. 

 

2. ვიდეო მასალის გავრცელების ეპიზოდის შეფასება

 

2022 წლის 14 დეკემბრის რეზოლუციით ევროპარლამენტი, მათ შორის, გამოეხმაურა სააკაშვილის საქმეს. ევროპარლამენტმა რეზოლუციაში აღნიშნა, რომ მიხეილს სააკაშვილის ჯანმრთელობა მუდმივად მძიმდება, ის ვერ იღებს სათანადო მკურნალობას, რაც მის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს. ევროპარლამენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ნება დართოს, ყოფილ პრეზიდენტს მიიღოს სათანადო სამედიცინო მომსახურება საზღვარგარეთ. ევროპარლამენტი მიხეილ სააკაშვილის სისხლისსამართლებრივ საქმეს განიხილავს ასევე პოლიტიკური პოლარიზაციის კონტექსტში, საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და სწორედ მას მოუწოდებს პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების მიზნით სააკაშვილის უფლებების (უპირველეს ყოვლისა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების) ეფექტურად დაცვისკენ.

 

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიღების დღესვე, 2022 წლის 14 დეკემბერს ღამით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, პენიტენციური სამსახურის მეშვეობით გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი. ვიდეო ჩანაწერი არის უხმო, დამონტაჟებულია და იქ სავარაუდოდ ასახულია 2022 წლის 9 აგვისტოდან 12 დეკემბრამდე დროის პერიოდის სხვადასხვა მონაკვეთი. 

 

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის მინისტრმა ჯერ კიდევ 13 დეკემბერს დააანონსა მიხელი სააკაშვილის კადრების გავრცელება, თუ არ შეწყდებოდა “სიმულაციური” ქმედებები. სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებაში აღნიშნავს, რომ გავრცელებულ “ვიდეომასალაში ნათლად ჩანს მიხეილ სააკაშვილის სიმულაციური ქმედებები, რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა.” სამსახურის განმარტებით, კადრები გავრცელდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერსების გათვალისწინებით. 

 

ცხადად შეიძლება ითქვას, რომ გავრცელებულ ვიდეო მასალას არ გააჩნია ლოგიკური კავშირი სახელმწიფოსვე დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებთან. კერძოდ, ვიდეომასალა გამოუსადეგარია იმის სამტკიცებელად, უშლის თუ არა ხელს სააკაშვილი მართლმსაჯულების განხორცილებას, ცდილობს თუ არა საზოგადოებისა თუ საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანას. გავრცელებული კადრებიდან გამომდინარე შეუძლებელია მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ რელევანტურ საკითხებთან დაკავშირებით დასკვნის გაკეთება. კადრები არათუ არ პასუხობს მისი გავრცელების გაცხადებულ მიზნებს, არამედ დამატებით კითხვებს ბადებს საზოგადოებაში და აჩენს საკითხით სპეკულირებს ფართო შესაძლებლობას. 

 

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს მიერ აღნიშნული კადრების სათანადო ლეგიტიმური მიზნის გარეშე გავრცელება არღვევს მსჯავრდებულის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. მნიშვნელოვანია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სააკაშვილის კადრების გავრცელების საქმის შესწავლა დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სპეციალური პენიტენციური სამსახური  მიხეილ სააკაშვილის ვიდეო ჩანაწერებს ავრცელებს საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების საფუძველით. შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ კადრების გავრცელების კანონიერება, არამედ, ზოგადად, მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული ვიდეო თვალთვალის შედეგად მოპოვებულ მასალაზე წვდომის საკითხი, მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ.



სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსი და საქართველოს შედეგები

25.06.2024

ფილმის - Najgruzińszy/a- პრემიერა და დისკუსია

17.06.2024

ტრენინგი ციფრული უსაფრთხოების პრაქტიკულ რჩევებზე

17.06.2024

სენსიტიური ისტორიის სწავლება - პედაგოგიური გზამკვლევი

14.06.2024
განცხადებები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024