ერთი მხრივ, ცენზურის წინააღმდეგ, ხოლო, მეორე მხრივ, სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლა საუკუნეებს ითვლის. ცენზურის ერთ-ერთი ძველი და ცნობილი შემთხვევა ფილოსოფოს სოკრატეს საქმიანობას უკავშირდება, რომელსაც ძვ.წ. 339 წელს მისი თანამედროვეობის მორალური და პოლიტიკური კოდექსის წინააღმდეგ ახალგაზრდა თაობაში გავრცელებული მოსაზრებების გამო საწამლავით სიკვდილი მიესაჯა.
XV საუკუნეში, ბეჭდური პრესის გამოგონებამ ეკლესიის დღის წესრიგში დააყენა ცენზურის გაზრდის საჭიროება. დოგმატიკის გასავრცელებლად ნაბეჭდ მასალას წარმატებით იყენებდა როგორც კათოლიკური, ისე პროტესტანტული ეკლესიები. მაგალითად, პაპმა პავლე IV-მ 1559 წელს პირველად გამოაქვეყნა აკრძალული წიგნების სია. კათოლიკური სამყაროს მიერ აკრძალულად გამოცხადებულ წიგნებზე ხელმისაწვდომობას, ეკლესია უნივერსიტეტების კონტროლით ებრძოდა.
1766 წელს, შვედეთმა გააუქმა ცენზურა და გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც კანონით იცავდა პრესის თავისუფლებას. ამაში კი განმანათლებელმა მოაზროვნემ და ლიბერალმა პასტორმა, ანდრეს კიდენიესმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმდენად, რამდენადაც სწორედ მისმა იდეებმა იქონია გავლენა შვედეთის პარლამენტზე, რომელმაც „პრესის თავისუფლების აქტი“ მიიღო. აღნიშნული აქტი დღეს ითვლება პირველ კანონად ინფორმაციის თავისუფლების შესახებ. პარლამენტის გადაწყვეტილებით, ყველა სახის პრესაზე მოიხსნა ცენზურა, მათ შორის, საზღვარგარეთიდან შემოტანილზე, თუმცა ეს არ ეხებოდა აკადემიურ და თეოლოგიურ ნაშრომებს. ამასთანავე, ამავე აქტის მიხედვით, უზრუნველყოფილი ხდებოდა მთავრობის მიერ შექმნილ დოკუმენტებზე წვდომა. 1809 წელს შვედეთში უკვე ახალი კონსტიტუცია მიიღეს, რომელშიც 1766 წლის აქტის მთავარი პრინციპები იყო შესული, 1810 წელს კი ცენზურა, ასევე, მოიხსნა თეოლოგიური და აკადემიური ნაშრომებიდან. კიდენიესის მემკვიდრეობამ მალევე აღიარება მოიპოვა მთელს მსოფლიოში, დღესდღეობით კი ინფორმაციის თავისუფლების უფლება საერთაშორისო სამართლის ნაწილია. 1770 წელს იგივე ნაბიჯი გადადგეს დანიამ და ნორვეგიამ, 1787 წელს კი ამერიკის კონსტიტუციაში შევიდა პირველი შესწორება, რომლის მიხედვით ასევე დაცული იყო სიტყვისა და პრესის თავისუფლება. მე-19 საუკუნიდან მსოფლიოში უკვე დამოუკიდებელი პრესაც გაჩნდა, რაც იმ დროის რუსეთის იმპერიასა და მის შემადგენლობაში მყოფ საქართველოზე მნიშვნელოვნად აისახა.
საქართველოში გამოცემული ჟურნალ-გაზეთების კოლაჟი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
ქართული პრესისა და ცენზურის ისტორია
200 წლის წინ, 1819 წლის 21 მარტს (ძველი სტილით 8 მარტს), პირველი ქართული ბეჭდური მედიასაშუალება, „საქართველოს გაზეთი“ გამოქვეყნდა. გაზეთი მოიცავდა ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის ბრძანებებსა და განკარგულებებს, რუსეთისა და საქართველოს ამბებს, მოთხრობებს, ანეკდოტებს, განცხადებებს (მათ შორის ყმების გაყიდვის შესახებ), აგრეთვე, უცხოეთის ამბებს.
ქართული ბეჭდური პრესის ცენზურის ისტორიის დასაწყისად შეგვიძლია 1837 წლის 23 დეკემბერი მივიჩნიოთ, როდესაც რუსეთის იმპერატორის ბრძანებით, სტამბიდან გამომავალი წიგნების ცენზურა დაევალა საქართველოს მთავარმართებლის უწყებას, ცენზორებად კი თბილისის გიმნაზიის მასწავლებლები დაინიშნნენ.
1848 წლის 18 დეკემბერს შეიქმნა კავკასიის სასწავლო ოლქი (Кавказский учебный округ) და მასთან ერთად დაარსდა კავკასიის ცენზურის კომიტეტი (Кавказский цензурный комитет). კომიტეტი შედგებოდა თავმჯდომარისგან, რომელიც ამავდროულად იყო სასწავლო ოლქის ხელმძღვანელის მოადგილე, აგრეთვე სამი ცენზორისგან.
ცენზურის კომიტეტს ევალებოდა არამხოლოდ ადგილობრივი ბეჭდური გამოცემების, გაზეთებისა და წიგნების კონტროლი, არამედ უცხოეთიდან შემოტანილი ლიტერატურის შემოწმებაც და საჭიროების შემთხვევაში მათი გამოვლენა და გაყიდვიდან ამოღება.
1855-1865 წლებში, ალექსანდრე II-ის მმართველობის დროს განხორციელებული რეფორმების შემდეგ, რუსეთის იმპერიაში პრესის თავისუფლებას დიდი მნიშვნელობა მიენიჭა. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება საქართველოში თავისუფალი პრესის გაჩენა: 1863 წელს ილია ჭავჭავაძემ გამოსცა ჟურნალი „საქართველოს მოამბე“, რომელიც „თერგდალეულების“ მთავარ ორგანოდ იქცა. ჟურნალმა დიდხანს ვერ იარსება და მხოლოდ 12 ნომერი გამოქვეყნდა. ქართულ-ევროპული სტილის პირველ გაზეთად კი მოგვევლინა „დროება“, გიორგი ერისთავის თაოსნობით. გაზეთმა 1885 წლამდე იარსება და დასავლური იდეების გავრცელებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.
1874 წლის 3 ნოემბრის ბრძანებით, კავკასიის ცენზურის კომიტეტის საქმიანობა გაფართოვდა და სამხრეთ კავკასიის გარდა მას ჩრდილოეთ კავკასიის, სტავროპოლის, თერგის და ყუბანის გუბერნიებიც დაემატა. ქართული, სომხური, თურქული, არაბული და სპარსული მასალის გარდა, კომიტეტმა ფრანგული, გერმანული, ინგლისური, იტალიური და პოლონური პრესისა და ლიტერატურის ცენზურასაც მიმართა.
1881 წლის რეფორმის შემდეგ, როდესაც კავკასიის მეფისნაცვალი ჩაანაცვლა გენერალ-გუბერნატორმა, ცენზურის კომიტეტი ნახევრად გასამხედროებულ ორგანოდ იქცა. 1884 წელს მას დაემატა თბილისის ტიპოგრაფიების ინსპექტორის შტატი.
1881-1888 წლებში ცენზორად დაინიშნა პუბლიცისტი ლუკა ისარლოვი. მისი დამოკიდებულება ქართველი მწერლების მიმართ ძალზედ მკაცრი იყო: მაგალითად მან ილიას “აჩრდილიდან” ამოიღო საუკეთესო ადგილები, აკრძალა მისივე ლექსები: “მუშა”, “გაზაფხული”, “ელეგია”, “რა ვაკეთე, რას ვშვრებოდით”. აკაკის არ უბეჭდავდა ლექსებს, ხანდახან მის საჯარო გამოსვლებსაც კრძალავდა.[1]
XIX საუკუნის მიწურულს და XX საუკუნის დასაწყისში, სოციალისტური მოძრაობისა და რევოლუციების მსოფლიო ტალღამ საქართველოსაც გადაუარა. იქმნებოდა მრავალი ისეთი ორგანიზაცია თუ ერთობა, რომელიც ხალხის უფლებებისთვის და თავისუფლებისთვის იბრძოდა. არაერთი მსგავსი ორგანიზაციის საქმიანობამ ეტაპობრივად შეიძინა კრიმინალური ელემენტებიც, ზოგი დაჯგუფება ტერორისტულ საქმიანობაზეც კი გადავიდა.
ხალხის მასების მხარდაჭერის მოსაპოვებლად საჭირო იყო რევოლუციის შესახებ ინფორმაციის სწრაფი გავრცელება, რასაც სხვადასხვა უბანში სტამბების არალეგალურად დაარსება მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული სახე შეიძინა ე.წ. „ავლაბრის სტამბამ“, რომელმაც 3 წელი (1904-1906) იარსება, სანამ ჟანდარმებმა მისი აღმოჩენა და დახურვა არ შეძლეს. მოგვიანებით, საბჭოთა ისტორიოგრაფიამ სტამბის მოწყობის საკითხები და მისი ფუნქციონირება მთლიანად იოსებ სტალინს დაუკავშირა, რაც თანამედროვე ისტორიკოსების ვარაუდით სტალინთან დაკავშირებულ სხვა მრავალ ლეგენდასთან ერთად, სიმართლეს არ შეესაბამება. სტამბა წარმოადგენდა სტანდარტული ხის სახლის ქვეშ მიწაში ღრმად ამოთხრილ ოთახს, რომელშიც რევოლუციონერებმა საბეჭდი დაზგის აწყობა მოახერხეს. შიგნით შესვლა და გამოსვლა ეზოში მდებარე ჭიდან გაყვანილი სპეციალური გვირაბით ხდებოდა. აღმოჩენის შემდეგ სტამბა, ისევე როგორც მის ზემოთ მდებარე სახლიც ჟანდარმებმა მიწასთან გაასწორეს.
ხელახლა ავლაბრის სტამბა ზარ-ზეიმით გაიხსნა 1937 წლის 20 აგვისტოს. ის აღადგინეს საარქივო მასალის, ზეპირი მოგონებების და სხვა წყაროების თანახმად, ააშენეს სახლის ზუსტი ასლი და მიწაში შეიტანეს ანალოგიური ტიპოგრაფიული დაზგა. ავლაბრის სტამბა საბჭოთა ეპოქაში პოპულარულ ტურისტულ ადგილად ითვლებოდა.[2] სტამბის შესახებ ინფორმაციას და ვრცელ ისტორიას დღესაც ჰყვებიან გორში მდებარე იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმში, იქვე ნახავთ სტამბის მაკეტს.
ავლაბრის სტამბა დღეს. წყარო: City.kvira.ge
1906 წლიდან კავკასიის საცენზურო კომიტეტს „კავკასიის ბეჭდვითი საქმის კომიტეტი“ (Кавказскйи комитет по делам печати) ეწოდა, სწორედ ისინი გააქტიურდნენ რევოლუციონერების წინააღმდეგ. 1914წლის 20 ივლისიდან – 1917 წლის 27 აპრილამდე, პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროს, სამხედრო ცენზურაზე დროებითი დადგენილება მოქმედებდა, ყველანაირი ბეჭდური აქტივობა და გამომავალი სტატიები უმკაცრესად კონტროლდებოდა.
1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის შემდეგ, საქართველოს რესპუბლიკაში პრესის ცენზურა გაუქმდა. პარტიებს სიტყვის თავისუფლება მიენიჭათ. თითქმის ყველა მათგანმა შეძლო საკუთარი გაზეთის დაარსება. გაზეთს გამოსცემდა სახელმწიფო და მისი ცალკეული უწყებებიც, მაგალითად, თავდაცვის სამინისტრო, რომელიც ბეჭდავდა გაზეთებს: „კარი“, „ერი“, შემდგომში „მხედარი“ და „სახალხო გვარდიელი“. საკუთარი გაზეთი ჰქონდა მიწათმოქმედების სამინისტროსაც.
გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, საქართველოს პირველ რესპუბლიკაში პრესის თავისუფლება მნიშვნელოვნად შეიცვალა უარესობისაკენ. მთავრობა ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას პერიოდულად უხურავდა ბეჭდურ მედიასაშუალებებს: გაზეთი „საქართველო“ დახურეს 1919 წელს და 1920 წლის მაისიდან - აგვისტოს შუა რიცხვებამდე.[3] ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მეორე ბეჭდური ორგანო - გაზეთი „კლდე“ დახურეს 1919 წლის შემოდგომაზე[4], მისი რედაქტორი, რევაზ გაბაშვილი კი დააპატიმრეს. აღნიშნულის მიზეზი იყო ეროვნულ-დემოკრატების კრიტიკა საქართველოში ბრიტანული ჯარების შემოსვლის გამო, აფხაზეთში გატარებული პოლიტიკისა და საპატრიარქოს შესახებ გამოთქმული მოსაზრებები. მსგავსი მიზეზებით შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებით, სხვადასხვა დროს დროებით დახურეს გაზეთები: „Новости дня“ და „Тифлисская газета“.
ამ პერიოდში, განსაკუთრებით მტრულად საქართველოს მიმართ ბოლშევიკები იყვნენ განწყობილი. ისინი არ ცნობდნენ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ახალისებდნენ სეპარატისტულ მოძრაობებს, გეგმავდნენ აჯანყებებს, შესაბამისად, მათი პრესა მთავრობის მხრიდან პრობლემებს ხშირად აწყდებოდა. 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების თანახმად, რუსეთმა საქართველო დე იურე აღიარა. საზავო ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტი ბოლშევიკური პრესის ლეგალიზაციას ეხებოდა, რის შემდეგაც მათი გამოცემები აღარ იდევნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მაინც ახერხებდა ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისთვის ბოლშევიკების დასჯას,[5] ბოლშევიკებისთვის აღნიშნული უფლების მიცემა მაინც დიდ საფრთხეს უკავშირდებოდა.
1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების ბოლო გვერდი. წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი.
1921 წლიდან, საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ, საქართველო ძალდატანებით გახდა რუსეთის ახალი, უფრო "ბოროტი" იმპერიის ნაწილი. საბჭოთა კავშირში არ იყო კონკურენტული პოლიტიკური არჩევნები, თავისუფალი მედია, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა. შესაბამისად, ბეჭდური მედია ცენტრალიზებულად, კომუნისტური პარტიის კარნახით იმართებოდა. ამ პერიოდის პრესაში შეუძლებელია რაიმე სახის ოპოზიციური, განსხვავებული აზრის წაკითხვა. გაზეთები ეძღვნებოდა საბჭოთა წყობილების და ბელადების ქება-დიდებას და „ზემოდან წამოსული“ გზავნილების გაჟღერებას.
საბჭოთა ეპოქაში ყველანაირი ბეჭდური გამოცემის ცენტრალიზებული კონტროლი ხდებოდა ე.წ. „მთავლიტის“ (Главное управление по делам литературы и издательств – Главлит) მიერ. აღნიშნული ორგანიზაცია 1922 წლის 6 ივნისის დეკრეტით შეიქმნა. მათ ჰქონდათ უფლებამოსილება აეკრძალათ გამოცემა და ხელი შეეშალათ მისი გავრცელებისთვის იმ შემთხვევაში, თუ:
- ნაწარმოები აგიტაციას ახორციელებდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ
- ხდებოდა რესპუბლიკის სამხედრო საიდუმლოს გამჟღავნება
- საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება მცდარი ინფორმაციის გავრცელებით
- ნაციონალისტური და რელიგიური ფანატიზმის გაღვივება
- თუ მასალას ჰქონდა პორნოგრაფიული ხასიათი
ორგანო 1933 წლამდე განათლების სამინისტროს ექვემდებარებოდა, ხოლო შემდეგ, სტალინური ტოტალიტარიზმის პირობებში გადავიდა პირდაპირ სახალხო კომისართა საბჭოს დაქვემდებარებაში. შემდგომში, 1991 წლამდე ორგანო კიდევ რამდენჯერმე გადავიდა სხვადასხვა უწყების დაქვემდებარებაში, თუმცა აღსანიშნავია, რომ ის ბოლომდე ქვეყნის მთავარ ცენზორად გვევლინებოდა.
მთავლიტი განსაკუთრებით აქტიური იყო 1937-1938 წლების რეპრესიების დროს, რა დროსაც უნდა გამართლებულიყო საბჭოთა კავშირის მილიონზე მეტი ადამიანის რეპრესირება: დახვრეტა და გადასახლება. ამ პერიოდში თავად უწყების თანამშრომლებიც ხვდებოდნენ, რომ დაშვებული შეცდომა მათი რეპრესიებით დასრულდებოდა, ამიტომ მიმდინარეობდა არა მხოლოდ სასიგნალო გამოცემების კონტროლი, არამედ კონტროლს გადიოდა ამა თუ იმ გაზეთის ან წიგნის რედაქტორის მიერ დამტკიცებული და ხელმოწერილი ეგზემპლარიც კი. ცენზორებად კი უმაღლესი განათლების პირებს არჩევდნენ. ამ პერიოდში საბჭოთა კავშირში დაისადგურა სრულმა პარანოიამ, ადამიანები ახორციელებდნენ უმაღლეს დონეზე თვითცენზურას. გაჩნდა ე.წ. „მოხალისე ცენზორების“ მთელი ჯგუფი, რომელიც მთავლიტს ატყობინებდა ამა თუ იმ გაპარული შეცდომის თაობაზე.[6]
თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ მთავლიტი მაინც ვერ გადაურჩა მასობრივ წმენდას. „შავი საქმის“ და რეპრესირებულთა დისკრედიტაციის შემდეგ თავად მთავლიტელების ჯერიც დადგა. 1939 წლის ერთი მოხსენების მიხედვით, სისტემის თანამშრომლების 60%-ს გააჩნდა 1 წელზე ნაკლები მუშაობის სტაჟი, 28%-ს - 2 წლამდე და მხოლოდ 12%-ს 3 წელზე მეტის. ცხადია, რომ აქტიურად მოხდა მათი წმენდა რეპრესიებისა და სხვა საშუალებებით.[7]
რეპრესიების ტალღის გადავლის შემდეგ, მთავლიტში ერთ-ერთ უმთავრეს საქმიანობად იქცა ძველი ფოტოების რეტუშირება. მსგავსი რეტუშირების ქრესტომათიული მაგალითია სტალინისა და ნიკოლაი ეჟოვის საერთო ფოტო. ნიკოლაი ეჟოვი 1936-1938 წლებში იყო შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი და სწორედ მისი ხელით ჩაატარა სტალინმა დიდი წმენდა. 1939 წლიდან კი ნელ-ნელა მოხდა ეჟოვის დაქვეითება, საბოლოოდ კი იგი 1940 წლის 4 თებერვალს დახვრიტეს. სტალინის ეპოქაში, ფოტოებიდან გამქრალი პიროვნებები როგორც წესი ცხოვრებიდანაც ქრებოდნენ ხოლმე.[8]
სტალინი და ნიკოლაი ეჟოვი, ფოტო რეტიშირებამდე და რეტუშირების შემდეგ. წყარო: www.history.com
ანალოგიური ფაქტები იყო დე-სტალინიზაციის შემდეგაც. 1953 წელს, ლავრენტი ბერიას დახვრეტის შემდეგ საბჭოთა გამომწერებს ფოსტით დაეგზავნათ დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის გვერდი და ინსტრუქცია. მათ უნდა ამოეჭრათ გვერდი, რომელზეც იყო ბერიას შესახებ სტატია და მის მაგიერ ჩაეწებებინათ მიღებული გვერდი.[9]
გაზეთი კომუნისტი 1953 წლის 9 მარტი (ლ. ბერიას გადაშლილი ფოტოთი). წყარო: IDFI-ის არქივი
კიდევ ერთ მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ გაზეთ „კომუნისტის“ და სხვა გაზეთების 1956 წლის 10 მარტისა და შემდგომი დღეების ნომრები. აღნიშნულ გამოცემებში ვერ იხილავდით ინფორმაციას თბილისში, 1956 წლის 5-9 მარტს მომხდარი მასობრივ დემონსტრაციების შესახებ ინფორმაციას, რომელსაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ვინაიდან პარტიამ გადაწყვიტა რომ ამ მოვლენის შესახებ ინფორმაცია ხალხის ყურამდე არ უნდა მისულიყო.
გაზეთი „კომუნისტი“, 1956 წლის 10 მარტის ნომერი. წყარო: https://www.idfi.ge/archive/
მთავლიტმა მოახერხა და საბჭოელ მკითხველამდე არ მიიტანა ამ პერიოდში შექმნილი ყველაზე დიდი ლიტერატურული ნაწარმოებები. მიხეილ ბულგაკოვის “ოსტატი და მარგარიტა”. მწერლის გარდაცვალებიდან მხოლოდ 40 წლის შემდეგ გამოქვეყნდა. აიკრძალა ბორის პასტერნაკის “ექიმი ჟივაგო”, მაშინ როცა ნაწარმოების გამო მწერალმა ნობელის პრემია მიიღო.[10] აიკრძალა ასობით უცხოური ნაწარმოები, რომლებიც უკვე 1970-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირში არალეგალურად, ე.წ. „სამიზდატის“ (Самиздат)[11] მეშვეობით ვრცელდებოდა.
საბჭოთა კავშირში აკრძალული ლიტერატურის მოკლე ჩამონათვალი. წყარო: მითების დეტექტორი.
ანალოგიურად, საქართველოში აქტიურად მიმდინარეობდა რეპრესირებული და „ხალხის მტრად“ გამოცხადებული მწერლების ნაშრომების აკრძალვა და ბიბლიოთეკებიდან ამოღება. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ტიციან ტაბიძის, მიხეილ ჯავახიშვილის და პაოლო იაშვილის ნაშრომები. მხოლოდ, სტალინის სიკვდილის და ბერიას რეპრესირების შემდგომ, როდესაც დაიწყო 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა რეაბილიტაციის პროცესი, მაშინ დაუშვეს ხელახლა მათი ნაშრომები:
წყარო საქართველოს შსს-ის არქივი
საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლებული, დამოუკიდებელი საქართველოს ეპოქის პრესაში სხვადასხვა ტენდენციები შეინიშნებოდა. მაგალითად, ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის პერიოდში მიიღეს „კანონი პრესის შესახებ“, რომელიც კრძალავდა ყოველგვარ ცენზურას და უზრუნველყოფდა გაზეთების გავრცელებას მთელი რესპუბლიკის ტერიტორიაზე, თუმცა, ამავე დროს კანონის ინტერპრეტირება შეიძლებოდა იმგვარად, რომ გაზეთებს ხშირად სდებდნენ ბრალს „ისეთი ფაქტების გავრცელების გამო, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს“. 1991 წლის მაისში, გამსახურდიამ ოპოზიციის კანდიდატებს სახელისუფლებო პრესის გამოყენება აუკრძალა.[12] ასევე, 1991 წლიდან, მთავარი სამთავრობო გაზეთების რედაქტორებს ზვიად გამსახურდია თავად ნიშნავდა. შემოდგომაზე დაიხურა რუსულენოვანი „ნოვაია გაზეტა“ (Новая Газета) (ყოფილი „მოლადიოჟ გრუზიი“ Молодежь Грузии) და „ახალგაზრდა ივერიელი“ (ყოფილი „ახალგაზრდა კომუნისტი“), დააპატიმრეს ჟურნალისტებიც. 1991 წელს, მოსკოვის პუტჩის შემდეგ რუსული გაზეთები 1 თვით აიკრძალა.[13]
ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ბეჭდური მედიის თავისუფლების შეზღუდვის მაგალითები ნაკლებად მოიპოვება, რაც გამოწვეული იყო პრესის, როგორც მედიუმის როლის კლებით მასობრივი საინფორმაციო საშუალებების სფეროში. ამ დროს საქართველოში გაჩნდა დამოუკიდებელი ტელევიზიები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პოლიტიკურ პროცესებში. დამოუკიდებელი ტელევიზიების საქმიანობაში უხეში ჩარევა, ორივე ხელისუფლების დროს ხორციელდებოდა, თავდაპირველად, „რუსთავი 2“-ის, ხოლო შემდეგ ტელეკომპანია „იმედის“ შემთხვევაში.
დღევანდელი სიტუაცია
თანამედროვე საქართველოში, ბეჭდურ და ტექსტურ მედიაში პირდაპირი ცენზურა თითქმის აღარ არსებობს. დღესდღეობით ბეჭდურ მედიაში ჭარბობს მძლავრი, კოორდინირებული სადეზინფორმაციო კამპანიებისა და სიძულვილის ენის არსებობა. არსებობს უამრავი ქართული ბეჭდური თუ ინტერნეტ გამოცემა, რომელიც მიზანმიმართულად იყენებს ზემოთქმულს. ყალბი ამბების მასობრივი გავრცელებითა და სიძულვილის ენის გამოყენებით აღნიშნული მედიასაშუალებები საზოგადოების პოლარიზებას უწყობენ ხელს. ასევე, არანაკლებ პრობლემას წარმოადგენს ამა თუ იმ მედიასაშუალებაზე ზეწოლა, მათი მოსყიდვა ინფორმაციის დამახინჯების მიზნით, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და თავისუფლების ხარისხის დაქვეითება.
2020 წელს, საერთაშორისო ორგანიზაცია „Reporters Without Borders“-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს პრესა გლობალური ინდექსის თანახმად მე-60 ადგილზე იმყოფება. დასკვნაში გამოყოფილია აჭარის ტელევიზიის საქმე, რომელიც ზეწოლას განიცდის კონკრეტული პარტიის წარმომადგენლებისგან, აგრეთვე აფგან მუხთარლის საქმე.
პრესის თავისუფლების გლობალური ინდექსი. წყარო: Reporters Without Borders.
პრესისა და ბეჭდური მედიის თავისუფლება, მიუკერძოებლობა, ინფორმაციის სიზუსტე და მაღალი სტანდარტების დაცვა დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა 2019 წლის დეკემბერში, როდესაც სოციალური ქსელის Facebook-ის მიერ 418 პროსახელისუფლებო გვერდი და ანგარიში გაუქმდა, რომელიც ჩართული იყო „კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში“, რაც ანტიოპოზიციური და ანტიდასავლური ნარატივის გავრცელებაში გამოიხატებოდა, მათ რეკლამაზე ჯამში $ 316.000 იყო დახარჯული.[14]
____
[1] http://24blog.ge/weekend/story/4640-tanamdevi-suli
[2] გაზეთი „კომუნისტი“, 1937 წელი, 20 აგვისტო, №164.
[3] http://www.nplg.gov.ge/paperge/ka/browse/002629/1920/
[4] http://www.nplg.gov.ge/paperge/ka/browse/001762/
[5] https://www.mediachecker.ge/ka/mediagaremo/article/52833-qarthuli-presa-pirveli-respublikis-periodshi-interviu-istorikos-othar-janelidzesthan
[6] Александр Гужаловский, Главлитбел – инструмент информационного контроля белорусского общества (1922–1941 гг.), Acta Slavica Iaponica, Tomus 31, pp. 77‒104.
[7]http://old.memo.ru/about/bull/b20/19.htm
[8] https://www.history.com/news/josef-stalin-great-purge-photo-retouching
[9] "Soviet Encyclopedia Omits Beria's Name". The Times-News. December 2, 1953. p. 8.
[10] https://www.mythdetector.ge/ka/myth/sabchota-monobashi-akrdzaluli-literatura-da-pilmebi-0
[11]სამიზდატი (Самиздат) - კრებსითი სახელი, რომელიც მიიღო საბჭოთა კავშირი იატაკქვეშა გამოცემებმა. ადამიანების ჯგუფი კუსტარულად ბეჭდავდნენ აკრძალულ ნაწარმოებებს და შემდგომში ხალხში ავრცელებდნენ.
[12]სტივენ ჯონსი, საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, „სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი“, თბილისი, 2013, გვ. 92-93.
[13]იქვე. გვ.94.
[14] http://www.tabula.ge/ge/story/161994-facebook-ma-saqartvelos-xelisuflebastan-dakavshirebuli-asobit-gverdi-da-jgufi-gaauqma
მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.