საქართველოს პროკურატურის ხარჯები (2011-2015)

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 25 ივლისი 2016

პროკურატურის შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად აღემატება დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის ტემპს.

 

ავტორი:გოგა თუშურაშვილი

 

2016 წლის 26 მარტს IDFI-მ საქართველოს პროკურატურას მიმართა სხვადასხვა შინაარსის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, რომელიც დაკავშირებული იყო 2011-2015 წლებში პროკურატურის მიერ გაწეულ ადმინისტრაციულ ხარჯებთან, საკადრო უზრუნველყოფასთან და მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებთან. IDFI-ის განცხადებაზე პასუხის გასაცემად პროკურატურამ ითხოვა ერთთვიანი ვადა და 2016 წლის 6 მაისს მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა.


მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით, ქვემოთ წარმოდგენილი იქნება 2011-2015 წლებში საქართველოს პროკურატურაში ადმინისტრაციული ხარჯების ანალიზი.

 

დასაქმებული თანამშრომლები

 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად განხორციელებული პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ, საქართველოს ხელისუფლება ხშირად აპელირებდა პროკურატურაში შესული საჩივარი/განცხადებების დიდ რაოდენობაზე. ოფიციალური მონაცემებით, 2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის იანვრამდე პროკურატურაში სულ შევიდა 52,530 იმგვარი საჩივარი/განცხადება, რომლებიც საჯარო მოხელეთა მხრიდან მოქალაქეთა წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს შეეხებოდა. პროკურატურაში შესული საქმეების მატება აღნიშნული უწყებისთვის წარმოადგენდა მნიშვნელოვან წინაპირობას დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობის გაზრდის თვალსაზრისით. შესაბამისად, როგორც მოწოდებული მონაცემებით ირკვევა, 2012 წლის შემდგომ პროკურატურაში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პროკურატურის საშტატო თანამშრომლების რაოდენობა შეადგენდა 604 თანამშრომელს. 2012 წლის ანალოგიური პერიოდისთვის ეს ციფრი 83-ით გაიზარდა და შეადგინა 687 თანამშრომელი, 2013 წელს - 740 თანამშრომელი, 2014 წელს - 765 თანამშრომელი, ხოლო 2015 წელს - 772 თანამშრომელი.


შტატში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა მსგავსად, 2012 წლიდან გაიზარდა შტატგარეშე თანამშრომლების რიცხვიც. თუ 2011 წელს პროკურატურაში დასაქმებული იყო 22 შტატგარეშე თანამშრომელი, 2014 წლისთვის ეს ციფრი ეტაპობრივად 50-მდე გაიზარდა. 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით პროკურატურაში დასაქმებული იყო 42 შტატგარეშე თანამშრომელი.


2011-2015 წლებში პროკურატურიდან ყველაზე მეტი - 88 თანამშრომელი გათავისუფლდა 2012 წელს, რომელთაგან 65-მა სამსახური დატოვა პირადი განცხადების საფუძველზე. 2011 წელს პროკურატურიდან გათავისუფლდა 68 თანამშრომელი, 2013 წელს - 77, 2014 წელს - 73, ხოლო 2015 წელს - 57.

 

 

 

 

შრომის ანაზღაურება

 

2012 წლიდან პროკურატურის თანამშრომელთა რაოდენობის ზრდამ, თავის მხრივ, განაპირობა შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი თანხების მატებაც. თუმცა, პროკურატურის შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად აღემატება დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის ტემპს. მაგალითად, 2011 წლის 31 დეკემბრიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე საშტატო თანამშრომელთა რაოდენობის ზრდამ შეადგინა 27,8%, ხოლო 2015 წელს 2012 წელთან შედარებითმათ შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები გაზრდილია 69,1%-ით.


პროკურატურის შტატში დასაქმებული თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები შეადგენს:

 

2011 წელი - 14 540 949 ლარი;

2012 წელი - 15 214 572 ლარი;

2013 წელი - 20 108 742 ლარი;

2014 წელი - 24 743 192 ლარი;

2015 წელი - 25 720 900 ლარი.

 

შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ყოველწლიური მატება თანამშრომლების ზრდასთან ერთად განპირობებულია გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების მნიშვნელოვანი ზრდით. როგორც მოწოდებული მონაცემებით ირკვევა, 2014 წლამდე პროკურატურის თანამშრომლებზე დამატებითი ანაზღაურების სახით გაიცემოდა მხოლოდ პრემიები: 2011 წელს 3 830 289 ლარის პრემია, 2012 წელს - 4 557 686 ლარის პრემია, 2013 წელს - 5 900 857 ლარის პრემია. 2014 წელს პრემიების გაზრდილ რაოდენობასთან ერთად (6 283 579 ლარი), პროკურატურის თანამშრომლებზე დამატებით გაიცა 3 960 116 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატი და სულ გაცემულმა პრემიამ და დანამატმა ერთად შეადგინა 10 243 695 ლარი. 2015 წელს პროკურატურის საშტატო თანამშრომლებზე გაცემული პრემიების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 3 478 539 ლარით შემცირდა, თუმცა სახელფასო დანამატები 3 854 353 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, 2015 წელს გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების საერთო ოდენობა კვლავ გაიზარდა და 10 619 509 ლარი შეადგინა.


პროკურატურის 2016 წლის ბიუჯეტის გეგმით პრემიებისთვის გათვალისწინებულია 2 721 000 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატებისათვის 5 164 500 ლარი.


შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ზრდა შეინიშნება შტატგარეშე თანამშრომლების შემთხვევაშიც. 2011-2013 წლებში შტატგარეშე თანამშრომლებზე გაიცემოდა მხოლოდ თანამდებობრივი სარგო (2011 წელი - 188 162 ლარი, 2012 წელი - 156 932 ლარი, 2013 წელი - 388 268 ლარი). 2014 წელს 564 563 ლარის ოდენობის თანამდებობრივ სარგოსთან ერთად გაიცა აგრეთვე პრემია 100 275 ლარი, ხოლო 2015 წელს 578 251 ლარის ოდენობის სარგოსთან ერთად პრემია 132 095 ლარი და დანამატი 4 250 ლარი.

 

 

 

 

 

პროკურატურის თანამშრომლებზე ყოველწლიურად ჯამურად შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების გარდა, IDFI-ის საქართველოს პროკურატურიდან მოთხოვნილი ქონდა თანამდებობის პირებზე ცალ-ცალკე სახელის და გვარის მითითებით გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაცია. სამწუხაროდ, პროკურატურა 2013 წლის საწყისი პერიოდის შემდეგ, აღნიშნული მონაცემების გასაჯაროებისგან თავს იკავებს.


საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე განთავსებული თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, საქართველოს ყოფილ მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის შრომის ანაზღაურებამ 2015 წელს (იანვარი-ნოემბერი) შეადგინა 107 580 ლარი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მთავარი პროკურორის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია 3,910 ლარის ოდენობით, მაშინ მისი 2015 წლის 11 თვის შრომის ანაზღაურებიდან თანამდებობრივი სარგო შეადგენს 43 010 ლარს, ხოლო პრემია ან/და დანამატი - 64 570 ლარს. 2014 წელს ასევე დაახლოებით 11 თვის განმავლობაში გიორგი ბადაშვილის შრომის ანაზღაურებამ შეადგინა 91 230 ლარი.


ამჟამინდელი მთავარი პროკურორის ირაკლის შოთაძის შრომის ანაზღაურებამ 2015 წელს შეადგინა 113 070 ლარი, საიდანაც პირველი მოადგილის თანამდებობაზე (იანვარი-ნოემბერი) მიღებული აქვს 103 290 ლარი, ხოლო მთავარი პროკურორის თანამდებობაზე (დეკემბერი) 9 780 ლარი. მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 3520 ლარს. შესაბამისად, ირაკლი შოთაძის 2015 წლის შრომის ანაზღაურებიდან 42630 ლარი წარმოადგენს თანამდებობრივ სარგოს, ხოლო 70 440 ლარი პრემიასა ან/და დანამატს. 2014 წელს ირაკლი შოთაძეს პირველი მოადგილის თანამდებობაზე მიღებული აქვს 91 040 ლარი, საიდანაც სარგო შეადგენს 42 240 ლარს, ხოლო პრემია/დანამატი - 48 800 ლარს.


მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის შრომის ანაზღაურებამ 2015 წელს შეადგინა 111 240 ლარი. მოადგილის ყოველთვიური სარგო განსაზღვრულია 3 400 ლარის ოდენობით. შესაბამისად 111 240 ლარიდან 40 800 წარმოადგენს თანამდებობრივ სარგოს, ხოლო 70 440 ლარი პრემია/დანამატს. 2014 წელს გიორგი გოგაძის შრომის ანაზღაურებამ 89 892 ლარი შეადგინა.


მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილის 2015 წლის შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი. 2014 წელს მისი შრომის ანაზღაურება იყო 138 615 ლარი, საიდანაც 40 800 ლარი წარმოადგენს სარგოს, ხოლო 97 815 ლარი პრემია/დანამატს.


მთავარი პროკურორის და მისი მოადგილეების შრომის ანაზღაურებაში თანამდებობრივ სარგოებზე მაღალი პრემიების გაცემის პრაქტიკა სახეზე გვაქვს განვლილ წლებშიც. მაგალითად, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას 2011 წლის შრომის ანაზღაურებამ შეადგინა 117 360 ლარი, საიდანაც 46 920 ლარი წარმოადგენს სარგოს, ხოლო 70 440 ლარი პრემიას. 2013 წელს (1 იანვარი -7 ნოემბერი) ყოფილი მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის ანაზღაურებამ შეადგინა 107 026 ლარი, საიდანაც სარგო შეადგენს 40 012 ლარს, ხოლო პრემია - 67 014 ლარს.

 

 

სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯები

 

2011-2015 წლებში პროკურატურის თანამშრომლების მიერ ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე ყველაზე დიდი ხარჯი გაწეულია 2014 წელს - 161 7941 ლარი. აღნიშნული თანხა 2011 და 2013 წლების ანალოგიურ მაჩვენებელს დაახლოებით ორჯერ, ხოლო 2012 წლის მაჩვენებელს დაახლოებით სამჯერ აღემატება. 2015 წელს სამივლინებო ხარჯებმა 125 234 ლარი შეადგინა.

 

 

სამივლინებო ხარჯების მსგავსად, წარმომადგენლობითი ხარჯების შემთხვევაშიც ყველაზე დიდი მაჩვენებელი 2014 წელს ფიქსირდება - 199 177 ლარი, ხოლო ყველაზე დაბალი 2011 წელს - 57 475 ლარი. 2015 წელს პროკურატურის მიერ გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯებმა 162 692 ლარი შეადგინა.

 

 

 

სატელეკომუნიკაციო ხარჯები


პროკურატურიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით 2011-2012 წლებში პროკურატურის (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის გარდა) მიერ გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების დაფარვას უზრუნველყოფდა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მათ არ გააჩნდათ აღნიშნული მონაცემები.


2013 წლიდან პროკურატურაში სატელეფონო საუბრებზე გაწეული ხარჯების მზარდი ტენდენცია შეინიშნება. კერძოდ 2013 წელს სატელეფონო საუბრებზე გაწეული ხარჯია 159 649 ლარი, 2014 წელს 169 043 ლარი, ხოლო 2015 წელს - 176 175 ლარი.


ე.წ. როუმინგულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შემთხვევაში 2013 წლიდან კლება შეინიშნება. 2013 წელს პროკურატურის აღნიშნული ხარჯი იყო - 36 323 ლარი, 2014 წელს - 23 661 ლარი, ხოლო 2015 წელს 11 936 ლარი.

 

 

ავტოპარკი

 

2016 წლის მაისის მდგომარეობით საქართველოს პროკურატურის ბალანსზე ირიცხება 152 ავტომანქანა, რომელთა საერთო საბალანსო ღირებულება შეადგენს 6 286 285 ლარს, ხოლო ნარჩენი ღირებულება - 3 341 798 ლარს. 2013 წელს პროკურატურის მიერ ავტომობილების შესყიდვაზე გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა - 1 599 089 ლარი, 2014 წელს - 199 177 ლარი, 2015 წელს 162 692 ლარი. 2011-2012 წლებში პროკურატურის მიერ ავტომობილების შესყიდვაზე ხარჯი არ გაწეულა.

 

 

2016 წელს პროკურატურის ბალანსზე აყვანილი ავტომობილებიდან ყველაზე ძვირადღირებულია 2010 წლის გამოშვების TOYOTA LAND CRUISER LC 150 - საბალანსო ღირებულებით 94 613 ლარი. 2015 წელს - იმავე წლის გამოშვების MAZDA3 საბალანსო ღირებულებით 42 150 ლარი. 2014 წელს - 2013 წლის გამოშვების HONDA CR-V საბალანსო ღირებულებით 45 250 ლარი. 2013 წელს - იმავე წელს გამოშვებული LEXUS LX 570 საბალანსო ღირებულებით 174 575 ლარი, 2012 წელს - იმავე წელს გამოშვებული TOYOTA LAND CRUISER 200 საბალანსო ღირებულებით 115 000 ლარი, 2011 წელს - 2010 წელს გამოშვებული TOYOTA LAND CRUISER LC 150 - საბალანსო ღირებულებით 74 821 ლარი.

 

 

2011-2012 წლებში პროკურატურის საწვავის ხარჯების დაფარვას, სატელეკომუნიკაციო ხარჯების მსგავსად, უზრუნველყოფდა იუსტიციის სამინისტრო; შესაბამისად, პროკურატურამ ამ შემთხვევაშიც ვერ მოგვაწოდა მონაცემები. 2013 წელს საწვავის ხარჯმა შეადგინა 1 341 467 ლარი, 2014 წელს - 1 741 513 ლარი, ხოლო 2015 წელს 1 624 101 ლარი.

 

 

პროკურატურიდან მიღებული მონაცემების ანალიზის შედეგად გამოჩნდა, რომ 2012 წლის შემდგომ პროკურატურაში დასაქმებულ თანამშრომელთა ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯებიც. აღნიშნულ ფონზე მნიშვნელოვანია პროკურატურის მიერ საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება, რამდენად პროპორციულად აისახება ხარჯების ზრდა პროკურატურის საქმიანობის ეფექტურობაზე.


სამწუხაროდ, პროკურატურა არ უზრუნველყოფს მისი საქმიანობის იმგვარ გამჭვირვალობას, რაც საკმარისი იქნება საზოგადოებისთვის მათი ეფექტურობის შესაფასებლად. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრის საკითხი ძალზედ აქტიურად დადგა საზოგადოებაში, პროკურატურა არ ასაჯაროებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა შედეგებით დასრულდა და რა რეაგირება მოჰყვა უწყებაში შესულ იმ განცხადებებს, რომლებიც მოიცავდა ინფორმაციას საჯარო მოხელეთა მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე.


ამასთან, საქართველოს პროკურატურა 2013 წლის შემდეგ საკუთარ ვებგვერდზე აღარ აქვეყნებს სავალდებულო პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ ინფორმაციას, რომლის მიზანიც პროკურატურის როგორც ფინანსური აგრეთვე საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024