საქართველო გაეროს ელექტრონული მმართველობის ინდექსში - 2018 წლის შედეგების მიმოხილვა

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | აქტუალური თემები | ანალიზი 26 ივლისი 2018

საქართველომ გაეროს 2018წლის ელექტრონული მმართველობის კვლევაში ელექტრონული მმართველობისა (ელ-მმართველობის) და ელექტრონული ჩართულობის (ელ-ჩართულობის) განვითარების კუთხით ქულები მცირედით გაიუმჯობესა. თუმცა, ქვეყნის პოზიცია ელ-მმართველობის ინდექსში მხოლოდ ერთი პოზიციით გაუმჯობესდა, ელ-ჩართულობის მხრივ კი პირიქით, თერთმეტი ადგილით დაქვეითდა.

 

საქართველოს შედეგები რეიტინგში



2018 წლის შეფასების მიხედვით, საქართველოს ელ-მმართველობის მაჩვენებელია 0.69, რითიც საქართველოს 193 ქვეყანას შორის მე-60 ადგილი უკავია. ორი წლის წინ, 0.61 ქულით, საქართველო 61-ე პოზიციას იკავებდა, შესაბამისად 2018 წელს საქართველომ საკუთარი ქულა 0.08 ერთეულით, ხოლო რეიტინგის პოზიცია ერთი ადგილით გაიუმჯობესა (იხ. სურათი #1 და სურათი #2).

 

ელ-ჩართულობის მხრივ ქვეყანამ შეფასება 0.06 ერთეულით გაიუმჯობესა, თუმცა რეიტინგში მისი ადგილი 11 პოზიციით გაუარესდა. კერძოდ, 2016 წელს საქართველოს 0.56 ქულა და 76-ე ადგილი ჰქონდა, წლევანდელი მონაცემებით, მაჩვენებელი 0.62-მდეა გაზრდილი, ხოლო გლობალურ რეიტინგში ქვეყნის პოზიცია 76-დან 87 ადგილამდე ჩამოქვეითდა. აღნიშნული სხვა ქვეყნების მიერ ამ მიმართულებით საქართველოსთან შედარებით უფრო სწრაფი განვითარების ტემპით შეიძლება აიხსნას.

 

 

 

საგულისხმოა, რეიტინგის პირველი ათი ქვეყანა და მათი შედეგები. ელ-მმართველობის მხრივ ლიდერობენ: დანია (0.9 ქულა – 1-დან), ავსტრალია (0.9), კორეის რესპუბლიკა (0.9), დიდი ბრიტანეთი (0.9), შვედეთი (0.89), ფინეთი (0.88), სინგაპური (0.88), ახალი ზელანდია (0.88), საფრანგეთი (0.88) და იაპონია (0.88). ელ-ჩართულობის ინდექსის პირველი ათეული კი შემდეგნაირად გამოიყურება: კორეის რესპუბლიკა (1), დანია (1), ფინეთი (1), ნიდერლანდები (0.99), იაპონია (0.99), ახალი ზელანდია (0.99), ავსტრალია (0.99), ესპანეთი (0.99), დიდი ბრიტანეთი (0.99) და აშშ (0.99).

 

საქართველოს შედეგები მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპის ქვეყნების საშუალო ქულას, რაც ელ-მმართველობის ინდექსის შემთხვევაში 0.77-ს, ხოლო ელ-ჩართულობის ინდექსისთვის 0.81-ს უდრის.

 

პოსტსაბჭოთა 15 ქვეყანას შორის ელ-მმართველობის მხრივ საქართველოს მე-7, ხოლო ელ-ჩართულობის მხრივ მე-12 ადგილები უკავია. შედარებისთვის, 2014 წელს საქართველოს ორივე რეიტინგში მე-7 ადგილი ეკავა.

 

წლევანდელი შედეგებით, ელ-მმართველობის კომპონენტში, საქართველოზე უკეთესი შედეგები აქვთ ბალტიის ქვეყნებს, რუსეთს, ბელარუსსა და ყაზახეთს. ელ-ჩართულობის კუთხით კი საქართველოს შედეგები მხოლოდ თურქმენეთის, ტაჯიკეთისა და სომხეთის ქულებს აღემატება.

 

ზოგადი ინფორმაცია ელექტრონული მმართველობის გლობალური კვლევის შესახებ


ელექტრონული მმართველობის კვლევა მზადდება ორ წელიწადში ერთხელ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ (გაერო - UN). კვლევის შედეგების მიხედვით ქვეყნდება მსოფლიოს 193 ქვეყნის ორი რეიტინგი: 1. ელ-მართველობის განვითარების ინდექსი; და 2. ელ-ჩართულობის ინდექსი.

 

გაეროს კვლევის მიზანია შეაფასოს ელექტრონული მმართველობის განვითარების გლობალური ტენდენციები და არსებული გამოწვევები.

ელექტრონული მმართველობის განვითარების ინდექსი

 

ელ-მართველობის განვითარების ინდექსის შემუშავებისას მკვლევარები ქვეყნებს სამი მიმართულებით აფასებენ:

 

1. ონლაინ სერვისები - ფასდება ქვეყანაში არსებული სხვადასხვა სამთავრობო ვებგვერდები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ეროვნული პორტალების, ელ-სერვისებისა და ჩართულობის ელ-პლატფორმების არსებობას.

 

2. სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარება - ეს კომპონენტი, თავის მხრივ, შემდეგ ქვეკომპონენტების მოიცავს: ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობა, მობილური ტელეფონის მომხმარებელთა რიცხვი, უსადენო ფართოზოლოვანი ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი და ა.შ. საქართველოს ყველაზე დაბალი შედეგი ამ კომპონენტში აქვს და მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპის საშუალო მაჩვენებელს (საქართველო - 0.54 ქულა; ევროპა - 0.68 ქულა). მართალია, შენარჩუნებულია ინტერნეტ მომხმარებელთა ზრდის ტენდენცია, თუმცა ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 42%-ს ინტერნეტზე წვდომა ჯერ კიდევ არ აქვს (სურათი #3).

 

ელ-მმართველობის ინფრასტრუქტურის განვითარების კონტექსტში ხაზგასმულია კიბერ უსაფრთხოების მნიშვნელობაც. საქართველო მოხვდა იმ 10 ქვეყანას შორის, რომელთაც კიბერ უსაფრთხოების სტანდარტები მაღალ საფეხურზე აქვთ აყვანილი და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU)  კიბერ უსაფრთხოების გლობალურ ინდექსში ყველაზე მაღალი ქულები აქვთ მიღებული.

 

სურათი #3: სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარების შეფასების შედეგები საქართველოსთვის.

 

3. ადამიანური კაპიტალი – რა პოტენციალი აქვს მოსახლეობას იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენოს ახალი ტექნოლოგიები.


ელ-მართველობის განვითარების ინდექსის შეფასების სამივე მიმართულების შედარებისას შეიძლება ითქვას, რომ სამივე კომპონენტში მცირედი გაუმჯობესება შეინიშნება (იხ. სურათი 4).

 

სურათი #4: ელ-მმართველობის კომპონენტები საქართველოსთვის

 

 

ელექტრონული ჩართულობის ინდექსი


ელ-ჩართულობის ინდექსი ასახავს ხელისუფლების მზაობას ახალი ტექნოლოგიების დახმარებით ხელი შეუწყოს მმართველობის პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობას. ამ კომპონენტის შეფასებისას, ექსპერტები ითვალისწინებენ შემდეგ სამ გარემოებას:


1. ელ-ინფორმაცია: მოქალაქეებისთვის რამდენად ხელმისაწვდომია საჯარო ინფორმაცია, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე;

 

2. ელ-კონსულტაცია: რამდენად აქვთ მოქალაქეებს შესაძლებლობა ჩაერთონ საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესში;

 

3. ელ-გადაწყვეტილების მიღება: რამდენად უწყობს ხელს ხელისუფლება მოქალაქეებს იმაში, რომ ისინი გახდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესის თანამონაწილეები და რა დონეზე არის განვითარებული ამ ტიპის ონლაინ სერვისები.



ამ სამი კომპონენტიდან საქართველოს ქულა ელ-ინფორმაციის ნაწილში შემცირდა. საგულისხმოა, რომ თუ აქამდე ყველაზე პროგრესირებადი შედეგი ქვეყანას საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ხელმისაწვდომობის კუთხით ჰქონდა, 2014 წლიდან ამ მიმართულებით მუდმივად რეგრესი ფიქსირდება (სურათი #5).

 

სურათი #5: საქართველოს შედეგები ელ-ჩართულობის კომპონენტებში

 

დადებითად უნდა ჩაითვალოს ელ-გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმში ქვეყანის 45.45%-იანი მაჩვენებელი, რადგან 2016 წელს ქვეყენას 0% ჰქონდა. ამგვარი ზრდა შესაძლოა უკავშირდებოდეს 2017 წლის ბოლოს მთავრობის მიერ ელექტრონული პეტიციების პორტალის, ICHANGE.GOV.GE გაშვებას, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს მთავრობისთვის პეტიციების წარდგენა შეუძლიათ.

 

პოსტ-საბჭოთა ქვეყნები და საქართველო


პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე კარგი შედეგები ბალტიისპირეთის ქვეყნებს, განსაკუთრებით ესტონეთს აქვთ, ასევე, რუსეთს, ბელორუსსა და ყაზახეთს. ბოლო ორი წლის განმავლობაში გაუმჯობესების ხარისხის მხრივ, ელ-მმართველობის ინდექსის ყველაზე დიდი ზრდა ტაჯიკეთმა (0.32-ით) და ბელარუსმა (0.1-ით) აჩვენეს.

 

 

სურათი #6: ელ-მმართველობის ინდექსის შედეგები პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის

 


საქართველოსთან მიმართებაში ამ ქვეყნების უპირატესობების შეფასებისთვის აუცილებელია ელ-მმართველობის თითოეულ კომპონენტში მათი მიღწევების შესწავლა. ონლაინ სერვისების მხრივ, საქართველოს მაჩვენებლები ჩამოუვარდება რუსეთის, ესტონეთის, ყაზახეთის, ლიეტუვას, მოლდოვას, აზერბაიჯანისა და ბელარუსის შედეგებს. (სურათი #7).

 

სურათი #7: ელ-მმართველობის კომპონენტების შედეგები


პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, კიდევ უფრო ცუდი შედეგი აქვს საქართველოს სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ. ამ კომპონენტში საქართველოს მერვე ადგილი უკავია რეგიონში. ამის ძირითადი მიზეზი საქართველოში ინტერნეტის შედარებით დაბალი ხელმისაწვდომობაა. კვლევის მიხედვით, საქართველოში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა მოსახლეობის 58%-ს აქვს. ამ მხრივ ქვეყნის შედეგები მხოლოდ უკრაინის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის მაჩვენებლებს აღემატება. დანარჩენ ქვეყნებში ინტერნეტ მომხმარებელთა ოდენობა 60-88%-ს შორის მერყეობს. რეგიონის ქვეყნებს შორის ლიდერი ესტონეთია, ინტერნეტის მომხმარებელთა 87.24%-იანი მაჩვენებლით.

 

მოკრძალებული პოზიცია აქვს საქართველოს ელ-ჩართულობის მხრივაც. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საქართველო მე-12 ადგილზეა და მხოლოდ თურქმენეთს, ტაჯიკეთსა და სომხეთს სჯობნის. საგულისხმოა, რომ რეგიონში ბოლო ორი წლის მანძილზე შთამბეჭდავი პროგრესი აჩვენეს ბელარუსმა (43-ე ადგილი გლობალურ რეიტინგში), ყაზახეთმა (25-ე ადგილი გლობალურ რეიტინგში) და მოლდოვამ (მე-13 გლობალურ რეიტინგში). ასევე, ბოლო წლებში ქულების გაუმჯობესების შედეგად, ესტონეთი, რუსეთი, ყაზახეთი, მოლდოვა და ბელარუსი პირველ 50 ქვეყანას შორის მოხვდნენ ელ-ჩართულობით კუთხით (სურათ #8).

 

 სურათი #8: ელ-ჩართულობის ინდექსის შედეგები პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის

 

ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია ელ-ჩართულობის სამი კომპონენტის (ელ-ინფორმაცია, ელ-კონსულტაცია და ელ-გადაწყვეტილების მიღება) ქულები რეგიონის იმ 11 ქვეყნისთვის, რომლებსაც საქართველოზე უკეთესი შედეგები აქვთ ელ-ჩართულობის ინდექსში. საჯარო ინფორმაციის ონლაინ ხელმისაწვდომობის კუთხით, ყველას საქართველოზე უკეთესი შედეგები აქვთ. თანაც, საქართველოს შედეგები ამ კუთხით ბოლო ოთხი წელია იკლებს. ელ-კონსულტაციის მხრივ საქართველო ამ ქვეყნებიდან მხოლოდ უკრაინასა და ლატვიას სჯობნის. ელ-გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, საქართველოს ქულა უზბეკეთის მსგავსია და დანარჩენებს საკმაოდ ჩამორჩება (სურათი #9).

 

სურათი #9: ელ-ჩართულობის კომპონენტების შედეგები

 


კვლევაში განხილული ქვეყნების პროგრესის მაჩვენებლად, რამდენიმე მაგალითია მოყვანილი. ბელარუსის შემთხვევაში ნახსენებია, რომ მნიშვნელოვანი წინსვლა ქვეყნის მიერ 2030 წლამდე მდგრადი სოციალური და ეკონომიკის ეროვნული სტრატეგიის მიღებამ განაპირობა, რომელშიც გათვალისწინებული იყო ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებული ინციატივები. მაგალითად, 2015 წელს შემუშავდა 2016-2022 წლების გაციფრულების სტრატეგია, რომლის მიზანიც ელექტრონული სერვისების განვითარებაა. გარდა ამისა, შემუშავდა ბელარუსის ეკონომიკის „ფიცრული ტრანსფორმაციის“ ხედვა.


ასევე, ყაზახეთში 2013 წელს შეიქმნა ციფრული სტრატეგია 2020 წლამდე. მასში გამოყოფილია ოთხი ძირითადი მიზანი, რომელთა მიღწევაც საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით უნდა მოხდეს: 1) საჯარო მმართველობის ეფექტურობა; 2) ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; 3) საზოგადოების სოციალ-ეკონომიკური და კულტურული განვითარებისთვის საინფორმაციო გარემოს ფორმირება და 4) ეროვნული საინფორმაციო სივრცის შექმნა.


ესტონეთმა წარმატებულად დანერგა სახელმწიფო უწყებებს შორის მონაცემების ურთიერთგაცვლის ქსელი (ე.წ. X-ღოად), რის დახმარებითაც სახელმწიფო სერვისების 90% ელექტრონული გახადა. დოკუმენტების უსაფრთხო გაცვლასთან ერთად, შესაძლებელი გახდა სხვადასხვა სახელმწიფო პორტალებისა და აპლიკაციების ინტეგრირება. ამის მეშვეობით, ონლაინ სერვისების მიწოდებისას ერთი ფანჯრის პრინციპი სრულყოფილად ამოქმედდა.

 

გლობალური ტენდენციები და საქართველო


გაეროს ელექტრონული მმართველობის კვლევის მიხედვით, ელ-მმართველობის ინდექსი ქვეყნების უმეტესობაში ონლაინ სერვისებისა და ელ-მმართველობის სტანდარტების სწრაფი განვითარების გამო გაიზარდა. ყველაზე გავრცელებულ ონლაინ სერვისებს შორის დასახელებულია: კომუნალური გადასახადების გადახდა (140 ქვეყანა), საშემოსავლო გადასახადის გადახდა (139 ქვეყანა) და ბიზნესის დარეგისტრირება (126 ქვეყანა).

 

გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ უფრო და უფრო მეტი სერვისი ხელმისაწვდომი ხდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ამ მხრივ ლიდერობენ ევროპის ქვეყნები, სადაც ქვეყნების უმეტესობას (80%) სერვისების მიწოდებისას უკვე დანერგილი აქვთ ინკლუზიური მიდგომები.

 

გაზრდილია, ასევე იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც სერვისების მიწოდებისას იყენებენ ელ-ფოსტას, SMS/RSS გამოწერისა და განახლებების მიღების ფუნქციასა და მობილურ აპლიკაციებს. ასევე, გაიზარდა იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც მომხმარებელს ონლაინ სთავაზობენ დაარქივებული ინფორმაციას.

 

ამის ფონზე, მართალია საქართველოს ქულა გაიზარდა ონლაინ სერვისების მიწოდების კომპონენტში, თუმცა საჯარო დაწესებულებების სერვისების მხოლოდ მცირე ნაწილია ხელმისაწვდომი ონლაინ. პროცესის დასაჩქარებლად, საჭიროა ელექტრონული ხელმოწერის შესახებ კანონის სრული ამოქმედება და პარალელურად, რაც შეიძლება მეტი საჯარო სერვისის (მათ შორის მუნიციპალური) გაციფრულება.

 

ამ მხრივ საქართველოს ყველაზე დიდი გამოწვევა აქვს რეგიონებში, რადგან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე ელექტრონული მმართველობა არათანაბრადაა განვითარებული. ქვეყანაში არსებული ე.წ. „ციფრული უთანასწორობა“ ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის ნეგატიურად აისახება ქვეყნის ელ-მმართველობის რეიტინგზე. დღეის მდგომარეობით თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებს, მართვის ელექტრონულს სისტემებსა და საშუალებებს მხოლოდ რამდენიმე მუნიციპალიტეტში იყენებენ სრულყოფილად.

 

თანაბრად მნიშვნელოვანია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტების გაუმჯობესება. პირველ რიგში აუცილებელია, საჯარო სექტორის ღია მონაცემების სავალდებულო გამოქვეყნების ერთიანი სტანდარტების და ამ მიმართულებით მთავრობის პოლიტიკის ჩამოყალიბება. მართალია საქართველოში შექმნილია ღია მონაცემების პორტალი DATA.GOV.GE, თუმცა დღემდე მასზე მწირე რაოდენობის მონაცემებია ხელმისაწვდომი. ასევე, კვლავაც შეუსრულებელია ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულება ინფორმაციის თავისუფლების ახალი კანონის ინიცირების შესახებ. მისი მიღება ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ღია მონაცემების დამუშავების თანამედროვე სტანდარტებს დაამკვიდრებდა.

 


დასკვნა



2018 წლის გაეროს კვლევამ ელექტრონული მმართველობის განვითარების ბოლო ორი წლის შედეგები შეაჯამა. მართალია, საქართველოს ქულები ორივე ინდექსში მცირედით გაუმჯობესდა, თუმცა ქვეყნის პოზიცია გლობალურ რეიტინგში მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. პირიქით, რეგრესი დაფიქსირდა ელ-ჩართულობის ინდექსის შემთხვევაში. ამის გათვალისწინებით, აუცილებელია, ხელისუფლებამ ჩამოაყალიბოს უფრო ამბიციური დღის წესრიგი და გაითვალისწინოს ელ-მმართველობის უახლესი საერთაშორისო ტენდენციები და ინოვაციური მიდგომები. ქვეყნის შედეგებიდან გამომდინარე, პირველ რიგში, საჭიროა სერვისების ონლაინ ხელმისაწვდომობის მეტი უზრუნველყოფა და ამ სერვისების გამოყენების წახალისება, ინტერნეტ ხელმისაწვდომობის გაზრდა, ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა, საქართველოს რეგიონებში ელ-მმართველობის სისტემების ფორსირებული დანერგვა და საჯარო ინფორმაციის ონლაინ ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024