საქართველოს შედეგები კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსში

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | აქტუალური თემები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 31 ოქტომბერი 2022

26 ოქტომბერს გამოქვეყნდა მსოფლიოს სამართლის პროექტის (World Justice Project)[1] კანონის უზენაესობის გლობალური ინდექსი. აღნიშნული ინიციატივის თანახმად, კანონის უზენაესობა კანონმდებლობის, ინსტიტუტების, წესებისა და   საზოგადოების ვალდებულებების მტკიცე სისტემაა, რომელიც ანგარიშვალდებულების, სამართლიანი კანონმდებლობის, ღია მმართველობისა  და   ხელმისაწვდომი და მიუკერძოებელი   მართლმსაჯულების  პრინციპებს აერთიანებს.[2] 

 

კანონის უზენაესობის გლობალური ინდექსი 8 კრიტერიუმს მოიცავს და ყოველწლიურად ქვეყნდება. ამ კრიტერიუმებით კანონის უზენაესობის კუთხით სახელმწიფოების მდგომარეობა ფასდება.

 

აღნიშნულ ანალიზში მიმოხილულია საქართველოს შედეგები კანონის უზენაესობის გლობალურ ინდექსში 2022 წლის მდგომარეობით, შედარებულია ქვეყნის შედეგები წინა წლების მაჩვენებლებთან, და რეგიონის სხვა ქვეყნებთან.

 

ძირითადი მიგნებები

 

- 2022 წლის კანონის უზენაესობის გლობალური ინდექსის თანახმად, საქართველოში კანონის უზენაესობის მდგომარეობა 0.60 ქულით არის შეფასებული (მაქსიმალური  1  ქულა). წინა წელთან შედარებით ქვეყნის მაჩვენებელი 0.01 ქულით შემცირდა.

 

- 2022 წლის შეფასებით, საქართველო 49-ე ადგილს იკავებს შეფასებულ 140 ქვეყანას შორის, ხოლო რეგიონულ რეიტინგში პირველ პოზიციაზეა 14 ქვეყანას შორის. თუმცა, საქართველო იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, სადაც 2015 წლის შემდეგ კანონის უზენაესობის მაჩვენებელი შემცირდა.

 

- რეგიონში ბოლო წლებში (2015 წლიდან) ზრდადი ტენდენცია აჩვენეს მოლდოვამ, უკრაინამ, ყაზახეთმა და უზბეკეთმა. 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს ქულა გაუმჯობესდა კოსოვოში, მოლდოვაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში.

 

- ინდექსით შეფასებულ რვა კრიტერიუმს შორის წინა წლების მსგავსად, 2022 წელს ყველაზე მაღალი შეფასება საქართველომ წესრიგისა და  უსაფრთხოების კომპონენტში აიღო - 0.79  ქულა. ყველაზე დაბალი შეფასება ქვეყანას სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კომპონენტში აქვს - 0.51 ქულა, რომელიც წინა წელთან შედარებით, კიდევ უფრო გაუარესდა.

 

- საქართველოს შედეგები რვა შეფასებული კრიტერიუმიდან მხოლოდ სამში გაუმჯობესდა, ისიც უმნიშვნელოდ - სარეგულაციო აღსრულების, კორუფციის არარსებობისა და წესრიგისა და უსაფრთხოების ინდიკატორებში. დანარჩენ ხუთ კრიტერიუმში კი კლება დაფიქსირდა, რომელთა შორისაც ქულები ყველაზე მეტად შემცირდა შემდეგი მიმართულებით: სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვა და ფუნდამენტური უფლებები.

 

-  საქართველოს შედეგები რვა შეფასებულ კრიტერიუმში ყველაზე მაღალი 2015-2016 წლებში იყო, რის შემდეგაც ქვეყნის მაჩვენებლები ყველა მიმართულებით შემცირებულია.

 

-  2021 წელთან შედარებით, 2022 წლის შეფასებით, ცალკეული ინდიკატორების შემთხვევაში, ყველაზე მეტად ქულები შემცირდა შემდეგ საკითხებში: სისხლისა და სამოქალაქო სამართლის მართლმსაჯულების თავისუფლება ხელისუფლების არასათანადო ზეგავლენისგან, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ეფექტური უზრუნველყოფა. მცირედი პროგრესი (0.02-0.01 ქულით ზრდა) დაფიქსირდა რამდენიმე ინდიკატორთან მიმართებით: სამართლიანი ადმინისტრაციული პროცესის უზრუნველყოფა (სარეგულაციო აღსრულების კომპონენტში), ხელისუფლების საქმიანობის გასაჩივრების მექანიზმების არსებობა, კორუფციის არარსებობა აღმასრულებელ ხელისუფლებაში; რელიგიის თავისუფლება, სამოქალაქო     მართლმსაჯულებაში კორუფციის არარსებობა.

 

დასკვნა

 

„მსოფლიო სამართლის პროექტის“ კანონის უზენაესობის გლობალური ინდექსი მნიშვნელოვანი წყაროა სხვადასხვა ქვეყანაში კანონის უზენაესობის მდგომარეობის გასაცნობად. ამ ინდექსის საშუალებით შესაძლებელია პროგრესის შეფასება და ქვეყანაში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება. 2022 წლის შედეგებით, საქართველოს ქულა შემცირდა - 0.61 ქულიდან 0.60-მდე ჩამოვიდა. მართალია საქართველო რეგიონულ რეიტინგში, 14 ქვეყანას შორის პირველ პოზიციაზეა, მაგრამ ქვეყნის პროგრესი ბოლო წლებში შეჩერდა. საქართველო იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, რომელთა მაჩვენებლები 2015 წლის შემდეგ შემცირდა. ამის საპირისპიროდ, რეგიონში მოლდოვამ, უკრაინამ, ყაზახეთმა და უზბეკეთმა ბოლო წლებში გაუმჯობესების ტენდენცია აჩვენეს. 

 

2015-2022 წლებში საქართველოს ყველაზე დაბალი ქულები მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვის, სამოქალაქო და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიმართულებით აქვს აღებული. 2022 წელს მცირედი პროგრესი დაფიქსირდა ინდექსის რვა მიმართულებიდან მხოლოდ სამ კომპონენტში, დანარჩენ ხუთ კომპონენტში კი ქვეყნის მაჩვენებლები შემცირდა, განსაკუთრებით, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების, მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის მიმართულებით. ცალკეული ინდიკატორების შემთხვევაში, ყველაზე მეტად ქულები შემცირდა შემდეგ საკითხებში: სისხლისა და სამოქალაქო სამართლის მართლმსაჯულების თავისუფლება ხელისუფლების არასათანადო ზეგავლენისგან, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ეფექტური უზრუნველყოფა. 

 

2022 წლის შეფასება ცხადყოფს, რომ ცალკეული საკვანძო საკითხები ქვეყანაში კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა კვლავ რჩება რეიტინგის ლიდერად რეგიონში და ასევე, ჯამური ქულებით უსწრებს ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანას, ქულების კლების საერთო დინამიკა (2015-2022 წწ) ცალსახად მიუთითებს დემოკრატიული რეფორმების პროცესის სტაგნაციაზე და მათი განხორციელების აუცილებლობაზე. ქვეყანაში კანონის უზენაესობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია საქართველომ აღმოფხვრას იდენტიფიცირებული ხარვეზები და ეფექტური ზომების მიღებით, აჩვენოს მნიშვნელოვანი პროგრესი.

 

 

/public/upload/00_studies/rule_of_law_index_2022.pdf

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

 

____

 

[1] ინდექსის ვებ-გვერდი: https://worldjusticeproject.org/rule-of-law-index/

[2] იხილეთ სრული მეთოდოლოგია: https://worldjusticeproject.org/rule-of-law-index/downloads/INDEX-2022-methodology.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024