საქართველო გაეროს ელექტრონული მმართველობის კვლევაში - შედეგების მიმოხილვა და რეკომენდაციები

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 5 სექტემბერი 2016

ავტორი: თეონა ტურაშვილი

 

ბოლო ორი წლის მანძილზე საქართველო ელექტრონული მმართველობისა და ელექტრონული ჩართულობის კუთხით განვითარების გლობალურ და რეგიონულ ტენდენციებს მნიშვნელოვნად ჩამორჩა.


ასეთი შედეგი აჩვენა გაეროს 2016 წლის ელექტრონული მმართველობის კვლევამ. ანგარიშის მიხედვით, საქართველომ ელ-ჩართულობა გააუარესა, ელ-მმართველობა კი უმნიშვნელოდ გააუმჯობესა, რის გამოც მსოფლიო რეიტინგში ხუთი ადგილით დაქვეითდა.


ქვეყანას გაცილებით უკეთესი შედეგები ექნებოდა, მინიმუმ რომ შესრულებულიყო ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში მთავრობის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, მაგალითად, მთავრობას შეექმნა ელექტრონული პეტიციების პორტალი, დაენერგა ღია მონაცემების გამოქვეყნების სტანდარტები და განევითარებინა მოქალაქის პორტალი MY.GOV.GE.

 

 

საქართველოს შედეგები რეიტინგში

 

2016 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ელ-მმართველობის მაჩვენებელი 0.61-ია, რითიც 193 ქვეყენას შორის 61-ე ადგილი უკავია. ორი წლის წინ 0.60 ქულით, საქართველო 56-ე პოზიციას იკავებდა (იხ. სურათი 1 და სურათი 2).


ელ-ჩართულობის მხრივ ქვეყანამ რეიტინგთან ერთად ქულაც გააუარესა. კერძოდ, თუ ამ მიმართულებით 2014 წელს საქართველოს 0.59 ქულა და 49-ე ადგილი ჰქონდა, წლევანდელი მონაცემებით, მაჩვენებელი 0.56-მდეა შემცირებული, ხოლო გლობალურ რეიტინგში ქვეყნის პოზიცია 27 ადგილით არის გაუარესებული (76-ე ადგილს იკავებს).

 

 

 

 

 

საქართველოს შედეგები მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპის ქვეყნების საშუალო ქულას, რაც ორივე ინდექსის შემთხვევაში 0.7-ს უდრის.


პოსტსაბჭოთა 15 ქვეყანას შორის ელ-მმართველობის მხრივ საქართველოს მე-8, ხოლო ელ-ჩართულობის მხრივ მე-10 ადგილები უკავია. შედარებისთვის, 2014 წელს საქართველომ ორივე რეიტინგში მე-7 ადგილი დაიკავა.


წლევანდელი შედეგებით, ორივე კომპონენტში, საქართველოზე უკეთესი შედეგები აქვთ ბალტიის ქვეყნებს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, რუსეთსა და ყაზახეთს. ელ-მმართველობის მიმართულებით საქართველოზე უკეთესი შედეგი აჩვენა მოლდოვამ, ყირგიზეთმა, უკრაინამ და უზბეკეთმა.

 

 

 

ელექტრონული მმართველობის კვლევის შესახებ

 

 

ელექტრონული მმართველობის კვლევა მზადდება ორ წელიწადში ერთხელ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ (გაერო - UN). კვლევის შედეგების მიხედვით ქვეყნდება მსოფლიოს 193 ქვეყნის ორი რეიტინგი: 1. ელ-მართველობის განვითარების ინდექსი; და 2. ელ-ჩართულობის ინდექსი.


გაეროს კვლევის მიზანია შეაფასოს ელექტრონული მმართველობის განვითარების გლობალური ტენდენციები, და არსებული გამოწვევები.

 

 

 

ელექტრონული მმართველობის განვითარების ინდექსი

 


ელ-მართველობის განვითარების ინდექსის შემუშავებისას მკვლევარები ქვეყნებს სამი მიმართულებით აფასებენ:


1. ონლაინ სერვისები - ფასდება ქვეყანაში არსებული სხვადასხვა სამთავრობო ვებგვერდები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ეროვნული პორტალების, ელ-სერვისებისა და ჩართულობის ელ-პლატფორმების არსებობას.


2. სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარება - ეს კომპონენტი, თავის მხრივ, შემდეგ ქვეკომპონენტების მოიცავს: ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობა, მობილური ტელეფონის მომხმარებელთა რიცხვი, უსადენო ფართოზოლოვანი ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი და ა.შ. საქართველოს ყველაზე დაბალი შედეგი ამ კომპონენტში აქვს და მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპის საშუალო მაჩვენებელს (საქართველო - 0.41 ქულა; ევროპა - 0.64 ქულა). მართალია, შენარჩუნებულია ინტერნეტ მომხმარებელთა ზრდის ტენდენცია, თუმცა ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტს ინტერნეტზე წვდომა ჯერ კიდევ არ აქვს.

 

3. ადამიანური კაპიტალი – რა პოტენციალი აქვს მოსახლეობას იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს ახალი ტექნოლოგიების სიკეთეები.


თუ შევადარებთ 2014 და 2016 წლების ქართველოს ელ-მმართველობის ინდექსებს, გამოჩნდება, რომ მცირედი გაუმჯობესება მხოლოდ ონლაინ მომსახურების თვალსაზრით დაფიქსირდა. სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ადამიანური რესურსების პარამეტრში კი მცირედი კლება დაფიქსირდა (იხ. სურათი 4).

 

 

 

 

ელექტრონული ჩართულობის ინდექსი

 

 

ელ-ჩართულობის ინდექსი ასახავს ხელისუფლების მზაობას ახალი ტექნოლოგიების დახმარებით ხელი შეუწყოს მმართველობის პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობას. ამ კომპონენტის შეფასებისას, ექსპერტები ითვალისწინებენ შემდეგ სამ გარემოებას:



1. ელ-ინფორმაცია: მოქალაქეებისთვის რამდენად ხელმისაწვდომია საჯარო ინფორმაცია, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე;


2. ელ-კონსულტაცია: რამდენად აქვთ მოქალაქეებს შესაძლებლობა ჩაერთონ საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესში;


3. ელ-გადაწყვეტილების მიღება: რამდენად უწყობს ხელს ხელისუფლება მოქალაქეებს იმაში, რომ ისინი გახდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესის თანამონაწილეები და რა დონეზე არის განვითარებული ამ ტიპის ონლაინ სერვისები.

 

ამ სამი კომპონენტიდან საქართველომ მხოლოდ ელ-კონსულტაციის ქულა გააუმჯობესა. ელ-გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმში ქვეყანამ 0% აიღო, რაც მოქალაქეთა ჩართულობაზე ორიენტირებული პლატფორმების არარსებობაზე მიანიშნებს. ასევე, თუ აქამდე ყველაზე პროგრესირებადი შედეგი ქვეყანას საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ხელმისაწვდომობის კუთხით ჰქონდა, 2016 წელს ამ მიმართულებით რეგრესი დაფიქსირდა (იხ. სურათი 5).

 

 

 

პოსტ-საბჭოთა ქვეყნები და საქართველო

 

 

პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე კარგი შედეგები ბალტიის ქვეყნებს, განსაკუთრებით ესტონეთსა და ლიტვას, აქვთ. ბოლო ორი წლის განმავლობაში გაუმჯობესების ხარისხის მხრივ, ელ-მმართველობის ინდექსის ყველაზე დიდი ზრდა უკრაინამ (0.11-ით), აზერბაიჯანმა (0.08-ით), უზბეკეთმა (0.07-ით), ბელარუსმა (0.05-ით) და ლიტვამ (0.05-ით) აჩვენეს.

 

 

საქართველოსთან მიმართებაში ამ ქვეყნების უპირატესობების სანახავად აუცილებელია ელ-მმართველობის თითოეულ კომპონენტში მათი მიღწევების ნახვა. გრაფიკი აჩვენებს, რომ ონლაინ სერვისების მხრივ, საქართველოს მაჩვენებლები ჩამოუვარდება ესტონეთის, ლიტვის, ყაზახეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის შედეგებს. ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებში გაცილებით მეტი ონლაინ სერვისია, ვიდრე საქართველოში.

 

 

კიდევ უფრო ცუდი შედეგი აქვს საქართველოს სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ. ამ კომპონენტში საქართველოს მეცხრე ადგილი უკავია რეგიონში. გრაფიკში ნაჩვენები შვიდი ქვეყნის გარდა, ამ მხრივ მოლდოვასაც უკეთესი შედეგი აქვს. ამის ძირითადი მიზეზი საქართველოში ინტერნეტის შედარებით დაბალი ხელმისაწვდომობაა. ამ ქვეყნებში ინტერნეტ მომხმარებელთა ოდენობა 50-85%-ს შორის მერყეობს. რეგიონის ქვეყნებს შორის ლიდერი ესტონეთია, ინტერნეტის მომხმარებელთა 84%-იანი მაჩვენებლით.


კიდევ უფრო მოკრძალებული პოზიცია აქვს საქართველოს რეგიონში ელ-ჩართულობის მხრივ. საქართველო მე-11 ადგილზეა და მხოლოდ თურქმენეთს, ტაჯიკეთს, სომხეთსა და ლატვიას სჯობნის. საგულისხმოა, რომ რეგიონში ბოლო ორი წლის მანძილზე შთამბეჭდავი პროგრესი აჩვენეს უკრაინამ (ქულის 0.32-ით და პოზიციის 32-ით), აზერბაიჯანმა (ქულის 0.24-ით და პოზიციის 30-ით), უზბეკეთმა (0.21-ით) და ლიტვამ (0.19-ით). შედეგად, უკრაინა, და აზერბაიჯანი პირველ 50 ქვეყანას შორის მოხვდნენ ელ-ჩართულობით კუთხით. ესტონეთი და ლიტვა კი პირველ ოცეულში არიან. მაშინ როცა, საქართველო იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, რომელთაც ელ-ჩართულობის ინდექსი გააუარესეს.

 

 

ელ-ჩართულობის სამი კომპონენტის (ელ-ინფორმაცია, ელ-კონსულტაცია და ელ-გადაწყვეტილების მიღება) ანალიზმა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში რამდენიმე ტენდენცია აჩვენა. საჯარო ინფორმაციის ონლაინ ხელმისაწვდომობის კუთხით, საქართველო ბალტიის ქვეყნებთან ერთად, ყაზახეთს, აზერბაიჯანს, უზბეკეთს, რუსეთს და მცირედით უკრაინას ჩამორჩება. მსგავსი ვითარებაა ონლაინ დისკუსიებში მოქალაქეთა ჩართულობის კუთხითაც. გადაწყვეტილებების მიღებაში მოქალაქეთა ელექტრონული ჩართულობის მხრივ, რეგიონში საუკეთესო შედეგი უკრაინამ და ყირგიზეთმა აჩვენეს, სადაც ეს კომპონენტი 43%-მდეა განვითარებული. შედარებისთვის, საქართველოს 0% აქვს ამ მხრივ, რაც მიანიშნებს ონლაინ პეტიციების, სადისკუსიო პლატფორმების, ონლაინ კონსულტაციების და სხვა ინოვაციური მეთოდების დასანერგად ხელისუფლების მხრიდან მზაობის ნაკლებობაზე.

 

 


კვლევაში განხილული ქვეყნების პროგრესის მაჩვენებლად, რამდენიმე მაგალითია მოყვანილი. უკრაინის, უზბეკეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში ნახსენებია, რომ ელ-მმართველობის ინდექსი ძირითადად ელ-კონსულტაციის კომპონენტის განვითარების შედეგად გაუმჯობესდა. ამის მაგალითად მოყვანილია უზბეკეთში შექმნილი კომუნალური მომსახურების ონლაინ პორტალი, რის მეშვეობითაც მოქალაქეები იღებენ დეტალურ ინფორმაციას გადასახადების შესახებ. ვებ-გვერდზე არსებობს ტარიფების მთვლელი. ამას გარდა, პლატფორმაზე არსებობს უკუკავშირის ფორმა, რის მეშვეობითაც გადასახადის გადამხდელები პასუხებს იღებენ საჯარო მოხელეებისგან მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.


ესტონეთის საუკეთესო პრაქტიკიდან მოყვანილია მოქალაქეთა ჩართულობის პორტალი (osale.ee), რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი იდეები მიაწოდონ მთავრობას საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა საკითხზე.

 

 

 


გლობალური ტენდენციები და საქართველო

 

 

გაეროს ელექტრონული მმართველობის კვლევამ რამდენიმე საყურადღებო გლობალური ტენდენცია გამოავლინა, რომლებსაც საქართველო ჩამორჩება.


კვლევის ავტორების მტკიცებით, სწრაფად იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც საჯარო დაწესებულებები ონლაინ სერვისებს ნერგავენ და მოსახლეობას მათ ერთი ფანჯრის პრინციპით აწვდიან.


2016 წლის კვლევის მიხედვით, ელ-მმართველობა საჯარო დაწესებულებებს აძლევს საშუალებას იყვნენ უფრო ინკლუზიურნი, ანგარიშვალდებულნი და გამჭვირვალენი. 128 ქვეყანაში სამთავრობო ხარჯების შესახებ მონაცემები ელექტრონულად ღია ფორმატში ქვეყნდება.

 

მნიშვნელოვანად იზრდება ახალი მედია საშუალებების გამოყენება გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად. საქართველოში საჯარო დაწესებულებები მართალია აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელ Facebook-ს, მაგრამ ძირითად შემთხვევაში მას ინფორმაციის მიწოდების ფუნქცია აქვს. შედეგად, მოქალაქეთა ჩართულობაზე ორიენტირებული აპლიკაციები და საშუალებები - პეტიციები, ფორუმები, განხილვები და დისკუსიები - ნაკლებად არის განვითარებული.


ბოლოს, ანგარიში ხაზს უსვამს ინტერნეტის საყოველთაო ხელმისაწვდომობის აუცილებლობას. საქართველოსთვის ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ელ-მმართველობის განვითარების კუთხით, რადგან ინტერნეტის გავრცელების მხრივ მნიშვნელოვნად ჩამორჩება რეგიონის რამდენიმე ქვეყანას. საქართველოს მთავრობამ დაიწყო პროექტის „ფართოზოლოვანი ინტერნეტი ყველა მოქალაქეს“ განხორციელება, რომელის მიხედვითაც 2017 წლის ბოლოსთვის ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდება დაახლოებით 2,000 დასახლებული პუნქტისთვის. აუცილებელია ამ პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესების გათვალისწინება და მათი შეძლებისდაგვარი ჩართულობა.

 

 

 

რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთესად?

 

 

შედეგები ცხადყოფს, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე საქართველოში ელ-მმართველობის განვითარების კუთხით ხელშესახები პროგრესი არ მომხდარა. პირიქით, მნიშვნელოვნად გაუარესდა ვითარება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ქვეყნის მართვაში მოქალაქეთა ჩართვის თვალსაზრისით.


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობას შეეძლო გაეუმჯობესებინა ქვეყნის მაჩვენებელი გაეროს ელ-მმართველობის და ელ-ჩართულობის რეიტინგში. მართალია ელექტრონული მმართველობა დეკლარირებულად ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტად ითვლება, თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში რაიმე მნიშვნელოვანი პლატფორმა ან სერვისი, რომელიც უზრუნველყოფდა მმართველობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას არ შექმნილა. აღსანიშნავია ამ კუთხით, საერთაშორისო ინიციატივის - ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP – Open Government Partnership) ფარგლებში საქართველოს მიერ ნებაყოფლობით აღებული ვალდებულება ელექტრონული პეტიციების პორტალის ICHAGE.GE შექმნის შესახებ. მას საქართველოს მოქალაქეებისთვის საშუალება უნდა მიეცა მთავრობისთვის მიემართათ პეტიციებით, რითიც ქვეყანაში ელ-ჩართულობის მნიშვნელოვანი მექანიზმი გაჩნდებოდა. პორტალის შექმნა მთავრობის ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში დააანონსა, თუმცა დაპირება ჯერ კიდევ არ შესრულებულა.

 

მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის სახლების მეშვეობით, უკვე დანერგილია სერვისების მიწოდების ერთი ფანჯრის პრინციპი, თუმცა აუცილებელია განვითარების შემდგომ ეტაპზე გადასვლა, რაც გულისხმობს სერვისების უმეტესობის მიღების საშუალებას ელექტრონულად, რომელიმე საჯარო დაწესებულებაში მისვლის გარეშე. ამისთვის საჭიროა მოქალაქის პორტალის MY.GOV.GE-ის შემდგომი განვითარება, მისი მომხმარებელთა რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდა და ელექტრონული ხელმოწერის სისტემის დანერგვა.

 

თანაბრად მნიშვნელოვანია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტების გაუმჯობესება. პირველ რიგში აუცილებელია, საჯარო სექტორის ღია მონაცემების სავალდებულო გამოქვეყნების ერთიანი სტანდარტების და ამ მიმართულებით მთავრობის პოლიტიკის შექმნა. მართალია საქართველოში შექმნილია ღია მონაცემების პორტალი DATA.GOV.GE, თუმცა ამ დროისთვის მასზე მხოლოდ რამდენიმე საჯარო დაწესებულება აქვეყნებს ინფორმაციას. ასევე, შეუსრულებელი დარჩა ღია მმართველობის პარტნიორობის 2014-2015 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულება ინფორმაციის თავისუფლების ახალი კანონპროექტის ინიცირების შესახებ. მისი მიღება ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ღია მონაცემების დამუშავების თანამედროვე სტანდარტებს დაამკვიდრებდა.


საქართველოსთვის კიდევ ერთი გამოწვევა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე ელექტრონული მმართველობის არათანაბარი დანერგვაა. არსებული ციფრული დაშორება ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის ნეგატიურად აისახება ქვეყნის ელ-მმართველობის რეიტინგზე. დღეის მდგომარეობით თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებს, მართვის ელექტრონულს სისტემებს და საშუალებებს მხოლოდ რამდენიმე მუნიციპალიტეტში იყენებენ.

 

 

 

დასკვნები და რეკომენდაციები

 

 

2016 წლის გაეროს კვლევამ ელექტრონული მმართველობის განვითარების ბოლო ორი წლის შედეგები შეაჯამა. საქართველოს შედეგები ცხადყოფს, რომ ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში გარდამტეხი ცვლილებები არ მომხდარა. უფრო მეტიც, რეგრესი დაფიქსირდა ელექტრონული ჩართულობის სისტემების შეფასებებში. გლობალურ რეიტინგში ქვეყნის პოზიციები კიდევ უფრო გაუარესებულია, რაც იმას მიანიშნებს, რომ საქართველოში ელექტრონული მმართველობის მხრივ ბოლო ორი წელიწადი არსებით რეფორმებს ადგილი არ ქონია. შედეგად, იგი ჩამორჩა განვითარების როგორც მსოფლიო, ისე რეგიონულ ტენდენციებს.


ვითარების გამოსასწორებლად აუცილებელია ხელისუფლების მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მათ შორის, ეს ეხება საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულებების შესრულებას:


• საჭიროა, სახელმწიფომ ერთიანი და კოორდინირებული პოლიტიკა გაატაროს ელექტრონული მმართველობის მიმართულებით. ამისთვის მთავრობამ პრაქტიკაში უნდა განახორციელოს საჯარო მმართველობის რეფორმის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები.


• აუცილებელია, შეიქმნას მოქალაქეების ჩართულობაზე ორიენტირებული პლატფორმები, რომლებიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ჩართულობას უზრუნველყოფენ. ამგვარ ონლაინ სერვისებში შედის პეტიციები, სადისკუსიო ფორუმები და პლატფორმები.


• აუცილებელია, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოებისთვის. ამ მიზნით, უნდა დაინერგოს საჯარო სექტორის ღია მონაცემების სავალდებულო გამოქვეყნების სტანდარტები. ამით საჯარო დაწესებულებები ვალდებულნი იქნებიან უფრო მეტი ღია მონაცემები გამოაქვეყნონ ადვილად დამუშავებად ფორმატებში.


• აუცილებელია მთავრობის მიერ საჯარო სერვისების სიკეთეების ეფექტური და სრულყოფილი გამოყენება. ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას სერვისების ონლაინ ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ამ ეტაპისთვის, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ელექტრონული ხელმოწერის დანერგვა, რის გარეშეც გაჭირდება მოქალაქის პორტალის MY.GOV.GE შემდგომი განვითარება. ამასთანავე, აუცილებელია მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება ონლაინ სერვისების გამოყენების შესახებ.


• უნდა დაჩქარდეს ელექტრონული მმართველობის სტანდარტების დანერგვა საქართველოს რეგიონებში, რათა აღმოიფხვრას არსებული ციფრული ნაპრალი დედაქალაქსა და რეგიონებს შორის.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024

პირველი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, გიორგი დავითური სამართალდამრღვევად ცნო

11.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024