გამოხატვის თავისუფლება და ტექნოლოგიები - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკა 2 აპრილი 2020

2020 წლის 20 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე Magyar Kétfarkú Kutya Párt v. Hungary საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლების დარღვევა დაადგინა.

 

საქმე შეეხებოდა პოლიტიკური პარტიის გამოხატვის თავისუფლების რეალიზებას ტექნოლოგიების გამოყენებით. კერძოდ, პოლიტიკურმა პარტიამ მობილური აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელი გახადა რეფერენდუმის ბათილი ბიულეტენების სურათების ანონიმურად ატვირთვა და გაზიარება და ამ მეთოდით პროტესტი გამოხატა 2016 წელს მიმდინარე რეფერენდუმის მიმართ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის ეხება გამოხატვის თავისუფლებისა და ტექნოლოგიების ურთიერთმიმართების საკითხს. დიდმა პალატამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისთვის.

 

დავის საგნის მოკლე მიმოხილვა

 

MKKP (Magyar Kétfarkú Kutya Párt) წარმოადგენს უნგრეთში დაფუძნებულ პარტიას, რომელმაც 2016 წელს უნგრეთში მიმდინარე რეფერენდუმთან დაკავშირებით შექმნა მობილური აპლიკაცია, სადაც მოსახლეობა ერთმანეთს ანონიმურად უზიარებდა მათი ბათილი ბიულეტენების სურათებს. რეფერენდუმი შეეხებოდა ევროკავშირის მიგრანტთა გადანაწილების გეგმას. კერძოდ, რეფერენდუმის კითხვას წარმოადგენდა, სურდათ თუ არა უნგრელებს  ევროკავშირისთვის მიენიჭებინათ უნგრეთში  არაუნგრელი პირების დასახლებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება პარლამენტის ნებართვის გარეშე. MKKP მოსახლეობას მოუწოდებდა აქტიური ფორმით გამოეხატათ პროტესტი და ბათილი ბიულეტენები ჩაეყარათ საარჩევნო ყუთებში.  მათი განმარტებით, რეფერენდუმით დასმული კითხვა ემსახურებოდა მიგრაციის საკითხზე უთანხმოების გამწვავების მიზანს. მობილური აპლიკაცია სწორედ პროტესტის მიზნით შეიქმნა. რეფერენდუმის დღეს ჯამში 3 894 ფოტო გაზიარდა.

 

უნგრეთის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ პოლიტიკური პარტია დააჯარიმა ფარული კენჭისყრის, სამართლიანი არჩევნებისა და უფლების ჯეროვანი რეალიზების პრინციპების დარღვევისთვის.

 

უნგრეთის უზენაესმა სასამართლომ არ დაადგინა სამართლიანი არჩევნებისა და ფარული კენჭისყრის პრინციპების დარღვევა და მხოლოდ უფლების არაჯეროვანი გამოყენებისთვის შეუმცირა ჯარიმა პოლიტიკურ პარტიას. MMKP-მ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოსაც, თუმცა, ამ უკანასკნელმა დაუშვებლად ცნო საჩივარი იმ საფუძვლით, რომ შესაძლო დარღვევა პირდაპირ გავლენას არ ახდენდა MMKP-ს გამოხატვის თავისუფლებაზე.

 

განმცხადებლის პოზიცია

 

განმცხადებელი უთითებდა, რომ მათ მიერ შექმნილი მობილური აპლიკაცია წარმოადგენდა პოლიტიკური მოსაზრებების გავრცელების საშუალებას არსებითი მნიშვნელობის საკითხზე და აპლიკაციის სახელიც - „ჩააგდე ბათილი ბიულეტენი“ გამოხატავდა პოლიტიკურ მოსაზრებას.

 

პარტია მიუთითებდა, რომ უნგრეთის კანონმდებლობის არც ერთი ნორმა არ კრძალავდა ბიულეტენებისთვის სურათების გადაღებას. განმცხადებლის თქმით, კენჭისყრის ფარულობა იყო მოქალაქეების უფლება და არა ვალდებულება.  მიუხედავად ამისა, ტექნიკურად არ იყო შესაძლებელი ბიულეტენების სურათების მეშვეობით ხმის მიმცემი პირების ვინაობის დადგენა.

 

ამასთან, საარჩევნო პროცედურის შესახებ კანონის მუხლი, რომელიც უფლების ჯეროვანი, მიზნის შესაბამისი გამოყენების პრინციპს ეხება, არ გამოდგებოდა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სამართლებრივ საფუძვლად. განმცხადებელი პარტიაამტკიცებდა, რომ უნგრეთის სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ამ პრინციპის დარღვევა უნდა დადგინდეს მაშინ, როცაქმედება კანონს  ფორმალურად შეესაბამება, თუმცა ნათელია უფლების ბოროტად გამოყენება, რაც ნეგატიურ შედეგს იწვევს.

 

განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ უნგრეთის უზენაესმა სასამართლომ ვერ უზრუნველყო გონივრული ბალანსის დადგენა ერთი მხრივ, უფლებების მათი მიზნის შესაბამისად განხორციელების პრინციპის დაცვასა და მეორე მხრივ, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებას შორის.

 

მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის განმარტებით, სურათების გადაღება ეწინააღმდეგებოდა უნგრეთის საარჩევნო პროცედურის შესახებ კანონს, რომლის მიხედვითაც უფლებები უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, მათი მიზნის შესაბამისად. ასევე, უთითებდა საარჩევნო კომისიის სახელმძღვანელო წესებზე, რომლის მიხედვითაც არჩევნებისა და რეფერენდუმის პერიოდში ამომრჩევლებს არ აქვთ უფლება ბიულეტენები გაიტანონ საარჩევნო ოლქიდან, როგორც მატერიალური, ისე ვირტუალური ფორმით.

 

მოპასუხე უთითებდა, რომ შეზღუდვა აუცილებელი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურებოდა ხმის მიცემის პროცესის კანონის მიხედვით წარმართვისა და ბიულეტენის „ჩვეულებრივი“ მიზნით გამოყენების ლეგიტიმურ მიზანს.

 

მოპასუხემ ჩარევის აუცილებლობასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ბიულეტენებისთვის სურათების გადაღების მოწესრიგება სახელმწიფოს პრეროგატივაა და სახელმწიფომ უკეთ იცის, როგორ უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნებს. აღნიშნული შეზღუდვა კი აუცილებელი იყო საარჩევნო ორგანოებისადმი საზოგადოების ნდობის შემცირებისა და ხმების ყიდვის თავიდან ასაცილებლად.

 

სასამართლოს შეფასება

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სურათების გამოყენება მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო საშუალებაა და ექცევა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. ამასთან, გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება არა მხოლოდ ინფორმაციის შინაარსზე, არამედ ინფორმაციის გავრცელებისა და მიღების ფორმებზეც. მობილური აპლიკაცია ამომრჩევლებს საშუალებას აძლევდა ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ პოლიტიკური შეხედულებები და ამ გზით მოეხდინათ გამოხატვის თავისუფლების რეალიზება.

 

განსახილველ საქმესთან მიმართებით სასამართლომ გამოყო გამოხატვის თავისუფლების ორი ასპექტი: აპლიკაცია წარმოადგენდა მესამე პირებისთვის აზრთა გაზიარების საშუალებას და აპლიკაცია თავად იყო რეფერენდუმთან დაკავშირებული პოლიტიკური შეხედულების მატარებელი მისი სახელიდან და ფუნქციიდან გამომდინარე. სასამართლომ განმარტა, რომ ორივე ასპექტი - აზრების გამოხატვის/გავრცელების მიზნით სივრცის შექმნა და ინფორმაციისა და იდეების გავრცელება მიუხედავად მისი ფორმისა, ექცევა გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში.

 

სასამართლომ ხაზი გაუსვა პოლიტიკური პარტიების მნიშვნელოვან როლს პლურალიზმისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაში. ამასთან, სასამართლოს განმარტებით, კანონის განჭვრეტადობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, როცა საკითხი პოლიტიკური პარტიის გამოხატვის თავისუფლების რეგულირებას ეხება.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ღონისძიება უნდა ეფუძნებოდეს კანონმდებლობას, ასევე კანონი უნდა იყოს ხელმისაწვდომი და განჭვრეტადი. კანონი უნდა შეესაბამებოდეს კანონის უზენაესობის პრინციპს, რაც მოიაზრებს უფლებაში თვითნებური ჩარევისგან დაცვის სათანადო გარანტიების არსებობას შიდა საკანონმდებლო დონეზე.

 

დიდმა პალატამ დაადგინა, რომ სამართლებრივი ნორმები, რომლის საფუძველზეც MKKP-ს ჯარიმა დაეკისრა, ვერ აკმაყოფილებდა კანონის განჭვრეტადობის მოთხოვნებს და ვერ გამორიცხავდა თვითნებობას. შესაბამისად, სასამართლომ კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა დაადგინა.

 

დასკვნა

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ პარტიისთვის დაკისრებული ჯარიმა არღვევს გამოხატვის თავისუფლებას, რამდენადაც მობილური აპლიკაცია წარმოადგენს ინფორმაციის გაცვლისა და რეფერენდუმთან დაკავშირებული აზრების ერთმანეთისთვის გაზიარების საშუალებას. 

 

სასამართლომ მობილური აპლიკაციის გამოყენება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოაქცია ორი თვალსაზრისით: აპლიკაცია წარმოადგენდა მესამე პირებისთვის აზრთა გაზიარების საშუალებას და აპლიკაცია თავად იყო რეფერენდუმთან დაკავშირებული პოლიტიკური შეხედულების მატარებელი მისი სახელიდან („ჩაყარე ბათილი ბიულეტენი“)  გამომდინარე.

 

ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ მნიშვნელობას. სასამართლომ გაითვალისწინა პოლიტიკური გამოხატვის დაცვის მაღალი სტანდარტი, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას არჩევნებთან / რეფერენდუმთან დაკავშირებულ კონტექსტში იძენს.

 

 ________

 

მოცემული მასალის/გამოცემის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024