ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის პირველი შეხვედრა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 20 იანვარი 2014

 

2014 წლის 15 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შედგა ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის პირველი შეხვედრა. ღონისძიებას ესწრებოდნენ რამდენიმე საჯარო დაწესებულების და არასამთავრობო ორგანიზაციის წამომადგენლები. ფორუმი ყოველთვიურად შეიკრიბება ღონისძიებების დასაგეგმად და OGP-ს ფარგლებში საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელების მიმდინარეობის შესაფასებლად. (იხილეთ შეხვედრის ოქმი)

შეხვედრის პირველ ნაწილში დისკუსია ძირითადად მიმართული იყო განახლებული ფორუმის ფორმატზე. „არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმს“ გადაერქვა სახელი და გახდა „ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი.“ მოხდა რამდენიმე ცვლილება მის ფორმატში, შემადგენლობასა და სახელმძღვანელო წესებში. ფორუმის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ წევრობის შეზღუდვა იმის მიხედვით, თუ რომელი დაწესებულებაა უშუალოდ ჩართული OGP-ს ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორციელების პროცესში, არ არის მიზანშეწონილი. ამის ნაცვლად მონაწილეობის მიღება უნდა შეეძლოს ნებისმიერი საჯარო დაწესებულების წარმომადგენელს. ამას გარდა, ფორუმის ინიციატივაა, რომ წევრებს შორის კერძო სექტორის და აკადემიური წრეების წარმომადგენლებიც იყვნენ. ფორუმის შეხვედრები გაიმართება ყოველი თვის პირველ ოთხშაბათს. შეხვედრის რამდენიმე მონაწილის მიერ ასევე გაჟღერდა ინიციატივა, რომ შეიქმნას ელექტრონული მექანიზმი მათთვის, ვინც ვერ ახერხებს ფორუმზე დასწრებას.

მონაწილეებმა განიხილეს პარტნიორობა ღია მმართველობისთვის 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებისას საჯარო განხილვების მოწყობის გეგმები. როგორც საჯარო დაწესებულებებმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოთქვეს სრული მზადყოფნა რეგიონებში მათ დაქვემდებარებაში მყოფი ქვედანაყოფები, საზოგადოებრივი ცენტრები თუ დარბაზები გამოიყენონ საჯარო კონსულტაციების გამართვისთვის. ამას გარდა, სამოქალაქო საზოგადოება ჩაატარებს შეხვედრას კონსულტაციების გეგმის თავიანთი ხედვის განხილვის მიზნით. ამ ხედვას სამოქალაქო საზოგადოება წარადგენს ფორუმის შემდეგ შეხვედრაზე.

იუსტიციის სამინისტრომ და მის დაქვემდებარებაში მყოფმა სამმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა (სსიპ), მონაცემთა გაცვლის სააგენტომ, იუსტიციის სახლმა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, კიდევ ერთხელ მოკლედ განიხილეს OGP-ს ფარგლებში ასაღები ვალდებულებები. ფორუმმა ყველა მათგანი მოიწონა. შესაბამისად, შემდეგი ყოველთვიური შეხვედრისთვის ეს დაწესებულებები პარტნიორობის მიერ დადგენილი სახელმძღვანელო წესების შესაბამისად მოამზადებენ ვალდებულებების დეტალურ აღწერას და წარუდგენენ მას ფორუმის დანარჩენ მონაწილეებს.

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საჯარო ინფორმაციის პორტალის (data.gov.ge) და მისი სავარაუდო ფორმატის განხილვას. მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენელმა, ირაკლი გვენეტაძემ, ფორუმს წარუდგინა ელექტრონული მმართველობის გაძლიერების Twinning პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაო შეხვედრის ინიციატივა გერმანელ და ავსტრიელ ექსპერტებთან ერთად. სამუშაო შეხვედრა შედგება იანვრის ბოლოს და მასზე დასწრების საშუალება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც ექნებათ.

წინა სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი პუნქტი იყო სამოქალაქო პორტალის, Ichange.ge-ს შექმნა, რაც თავის დროზე ვერ მოხერხდა და შესაბამისად გახდება ახალი სამოქმედო გეგმის ნაწილი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (GYLA) ცალ-ცალკე მოამზადეს პორტალის კონცეფციები. IDFI და GYLA ფორუმს თავის კონცეფციებს წარუდგენენ ერთ-ერთი შემდგომი შეხვედრის დროს, რომელიც მთლიანად დაეთმობა Ichange.ge-ს განხილვას.

საბოლოოდ, მონაწილეებმა განიხილეს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების პერსპექტივები ღია მმართველობის პარტნიორობასთან მიმართებაში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და IDFI-ის ინიციატივაა სხვადასხვა გადაცემები დაეთმოს OGP-ზე საუბარს; ამ საკითხის ორგანიზებაში ისინი დახმარებას პირდებიან ფორუმს.

საქართველოს სამოქმედო გეგმის პირველადი ვერსია უნდა წარედგინოს 2014 წლის 30 აპრილისათვის, ხოლო საბოლოო ვერსია – 15 ივნისისათვის. ფორუმის შემდეგი შეხვედრა ჩატარდება 5 თებერვალს. მასზე განიხილავენ სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის საჭირო შემდგომ ნაბიჯებს და ზემოთ აღნიშნულ საკითხებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024