რა ინფორმაციას მალავს ნოდარ ხადური

IDFI მედიაში 20 აპრილი 2014

120-კაციანი გასაჯაროებული მენიუ და უსაფუძვლოდ გასაიდუმლოებული ხარჯი ფინანსთა სამინისტროში

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი IDFI საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასამართლოში უჩივის. არასამთავრობო ორგანიზაციამ სასამართლოში სარჩელი 19 აპრილს შეიტანა, მიზეზი კი ფინანსთა სამინისტროს მიერ არასრული ინფორმაციის მიწოდება გახდა. კერძოდ, ნოდარ ხადურის უწყებამ IDFI-ის არასრული სახით მიაწოდა ინფორმაცია თანამდებობის პირთა პრემიების, სახელფასო დანამატების, სამივლინებო, ,,როუმინგული’‘ და ავტოპარკის ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის შესახებ. ფინანსთა სამინისტრომ საჯარო ინფორმაცია დახურა, რისი უფლებაც კანონმდებლობით არ ჰქონდა, მაგრამ ნააღდგომევს, საინფორმაციო საშუალებებში ის მენიუც გაავრცელა, რომლითაც საქართველოში აზიის განვითარების ბანკის სახელმწიფო ვალის მართვის რეგიონული ფორუმის ფარგლებში, 35 ქვეყნის 120 წარმომადგენელს გაუმასპინძლდა.     

 

ინფორმარციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ფინანსთა სამინისტროსგან მხოლოდ ის შეიტყო, რომ გასული წლის განმავლობაში, ნოდარ ხადურის უწყებამ 33 საერთაშორისო დელეგაციას უმასპინძლა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 188 395 ლარი დახარჯა. 2013 წელს, ფინანსთა სამინისტროს თანამდებობის პირებზე დარიცხული პრემიების ოდენობამ 175 365 ლარი შეადგინა, ხოლო სამინისტროს თანამდებობის პირებზე დარიცხულმა სახელფასო დანამატებმა 648 819 ლარი.

 

 

შარშან ფინანსთა სამინისტროს თანამდებობის პირების ,,როუმინგულ" მომსახურებაზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 461 ლარი დაიხარჯა, ხოლო თანამდებობის პირების ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე 143 554 ლარი (მათ შორის, დღიური ხარჯი 41 277, სასტუმროს ხარჯი 53 665, მგზავრობა 45 869, სხვა ხარჯი კი 2 742 ლარი იყო). 2013 წელს, ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურმა აპარატმა, ჩანაცვლების წესით 22 ავტომანქანა შეიძინა, რომელთა ჯამური ღირებულება 212 805 ლარი იყო.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანალიტიკოსმა, გოგა თუშურაშვილმა ,,ვერსიასთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს 15 განსხვავებული მოთხოვნით მიმართეს, მათგან მხოლოდ 5-ზე მიიღეს სრულყოფილი პასუხი, 8 მოთხოვნაზე _ არასრული, ერთი მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს, ხოლო ერთზე უარი განაცხადეს: ,,არასრული პასუხები მივიღეთ ფინანსთა სამინისტროს თანამდებობის პირების პრემიებისა და დანამატების შესახებ, არადა, გვაინტერესებდა, რა რაოდენობის პრემია ან სახელფასო დანამატი მიიღო კონკრეტულმა თანამდებობის პირმა. სამინისტრომ კი მხოლოდ ჯამური ინფორმაცია მოგვაწოდა, მსგავსი მდგომარეობა იყო სამივლინებო და ,,როუმინგულ" ხარჯთან დაკავშირებითაც.

 

სამწუხაროდ, ისიც კი არ ვიცით, რამდენი თანამდებობის პირი მუშაობს ფინანსთა სამინისტროში, რომ ამ ჯამური თანხის მიხედვით, მიახლოებით მაინც დაგვეთვალა, ვინ, რა ოდენობის პრემია მიიღო. გარდა ამისა, დავინტერესდით, კონკრეტულად, რა სახის ღონისძიებები ჩაატარა ფინანსთა სამინისტრომ 2013 წელს, სად ჩატარდა ეს ღონისძიება, რამდენი ადამიანი იყო მიწვეული და რა რაოდენობის თანხა დაიხარჯა, მაგრამ ინფორმაცია მხოლოდ წლის განმავლობაში მიღებული სტუმრების რაოდენობის მთლიანი თანხის შესახებ მოგვაწოდეს. მეტიც, ჩვენ გვაინტერესებდა, კონკრეტულად, რა რაოდენობის შესყიდვა განახორციელა სამინისტრომ გადაუდებელი აუცილებლობისთვის, მაგრამ ეს მოთხოვნა საერთოდ უპასუხოდ დატოვეს".

 

გოგა თუშურაშვილის თქმით, 2012 წლამდე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საერთოდ ვერ იღებდა ამ ტიპის ინფორმაციას ვერც ერთი სახელმწიფო უწყებისგან, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა, ორგანიზაციას ასეთი პრობლემა არ შექმნია. 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საჯარო ინფორმაციის გაცემა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. წელს კი, გამოიკვეთა ტენდენცია _ ფინანსთა სამინისტროში მსგავსი ტიპის ინფორმაცია დაიხურა, რაც მიზანშეწონილი არ არის.

 

 

გოგა თუშურაშვილმა ,,ვერსიას" განუცხადა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ერთადერთი, რასაც სასამართლო ნოდარ ხადურის უწყებას მოსთხოვს, საჯარო ინფორმაციის გაცემა იქნება, რადგან საქართველოს კანონმდებლობა სხვა სახის სანქციებს არ ითვალისწინებს. უცნაურია, რა მიზეზითაა დახურული საჯარო ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროში, მით უმეტეს, რომ ეს არც შინაგან საქმეთა და არც თავდაცვის სამინისტროა, როგორ შეიძლება კონკრეტული თანამდებობის პირის სამივლინებო ხარჯი გასაიდუმლოებული იყოს, თუ ეს თანამდებობის პირი სპეცსამსახურში არ მუშაობს: ,,მოქმედი კანონმდებლობით, ამ ტიპის ინფორმაციის დახურვის მიზეზი არ არსებობს, რადგან მხოლოდ საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. შესაძლოა, დახურვის მიზეზი ისაა, რომ ფინანსთა სამინისტროს არ სურს, ფართო საზოგადოებამ გაიგოს, რა რაოდენობის დანამატი მიიღო კონკრეტულმა თანამდებობის პირმა ხელფასზე ან რა რაოდენობის პრემია გასცეს. სხვა შემთხვევაში, ამ ტიპის ინფორმაციის გასაიდუმლოების საფუძველი არ არსებობს.

 

მართალია, სასამართლოში სარჩელი 19 აპრილს შევიტანეთ, მაგრამ მანამდე, ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის სახელზე ადმინისტრაციული საჩივარი დავწერეთ. მას შემდეგ, რაც საჩივრის განხილვაზე უარი განაცხადეს, ანუ ოფიციალურად მოგვწერეს, რომ ჩვენი საჩივრის განხილვას არ აპირებენ, კანონიერი უფლება გამოვიყენეთ და სასამართლოს მივმართეთ".

 

 

22 აპრილს, საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით, ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა, 23-25 აპრილს აზიის განვითარების ბანკის სახელმწიფო ვალის მართვის რეგიონული ფორუმის ფარგლებში, მისაღები სტუმრების ზუსტი ოდენობა გამოაქვეყნა. მეტი დამაჯერებლობისთვის ამ ინფორმაციას ის მენიუც დაურთეს, რომლითაც ფორუმის ფარგლებში, 35 ქვეყნის 120 წარმომადგენელს გაუმასპინძლდნენ. ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, ოფიციალური ღონისძიებების გარდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ქართული კულტურის წარმოსაჩენად და 120 სტუმრის პატივსაცემად, ანსამბლი „რუსთავი“ მიიწვია და ოფიციალური მიღება გამართა: „იქიდან გამომდინარე, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ მიზანმიმართულად არ მთავრდება საუბარი, სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, წინასწარ აქვეყნებს ოფიციალური მიღების მენიუს. მენიუ 120 კაცზე, სადაც ერთი პორციის (სტილი დაცულია) ფასებია მითითებული: კიტრისა და პომიდვრის სალათი – 3.00 ლარი; ქათმის სალათი _ 3.50 ლარი; სალათი „ოლივიე“ – 4.00 ლარი; ქათმის ღვიძლის სალათი _ 5.30 ლარი; ბადრიჯანი ნიგვზით _ 4.50 ლარი; ყველის ასორტი _ 7.00 ლარი; ნადუღი სულგუნში _ 4.00 ლარი; მწნილის ასორტი _ 4.00 ლარი; ზეთისხილი _ 2.00 ლარი; ხბოს მწვადი _ 12.00 ლარი; საქონლის ხორცის წვნიანი (,,ოსტრი’‘) _ 7.50 ლარი; ქათმის ღვიძლი კეცზე _ 3.50 ლარი; შემწვარი კარტოფილი (გლეხურად) – 3.50 ლარი; სოკო კეცზე _ 5.00 ლარი; ხორცის ბლინები – 4.00 ლარი; ლობიო ქოთანში ნიგვზით _ 4.50 ლარი; შემწვარი კალმახი _ 6.00 ლარი; თევზი ქინძმარში _ 13.00 ლარი; შემწვარი ქათამი _ 17.50 ლარი; იმერული ხაჭაპური _ 6.50 ლარი; პური _ 0.75 ლარი; მჭადი _ 1.00 ლარი; ლიმონათი _ 1.50 ლარი; ბორჯომი _ 1.40 ლარი; ღვინო „წარაფი“ (1 ლიტრი) _ 4.50 ლარი".

 

ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამიერიდან, უწყება წინასწარ გამოაქვეყნებს ოფიციალური დელეგაციების პატივსაცემად გასამართი მიღებების მენიუებს, ,,რათა ერთხელ და სამუდამოდ, შეწყდეს სამინისტროს წინააღმდეგ დაგეგმილი მიზანმიმართული და სამარცხვინო კამპანია’‘. სხვათა შორის, იგივე პოზიცია დააფიქსირა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა თინა ხიდაშელმა და ფინანსთა სამინისტროს ეს განცხადება ორი სიტყვით, ასე შეაფასა: ,,ყოჩაღ, ნოდარი!" თუმცა სამინისტროს პრესსამსახურის ინიციატივას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

 

ქართული ოცნების მომხრეები ნოდარ ხადურს უჭერდნენ მხარს, მოწინააღმდეგეები კი ქილიკობდნენ. მეტიც, მენიუში შესწორების სახით, უფრო კი გემოვნების მიხედვით, ჩაქაფულის, ხაშლამის, გებჟალიასა და ჭვიშტარის დამატებასაც ითხოვდნენ... სტუმარს საკადრისი დახვედრა სჭირდება და ამაზე არავინ კამათობს, მით უმეტეს, ქვეყნის კულტურის შესწავლა სუფრიდან იწყება, ამიტომ სულაც არ არის უცნაური, თუკი სამინისტრომ კონკრეტული ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი ოფიციალური მიღების მენიუ გამოაქვეყნა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, იგივე წარმატებით, კონკრეტული თანამდებობის პირების პრემიის ოდენობა, მათი სამივლინებო და თუნდაც ,,როუმინგული’‘ ხარჯებიც გამოექვეყნებინა? მით უმეტეს, რომ ამ ტიპის ინფორმაცია საჯაროა და კანონის მიხედვით, ხადურის უწყება ვალდებული იყო, არასამთავრობო ორგანიზაციისთვის სრულყოფილი პასუხი გაეცა.  

იხილეთ ბმული
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023