თვითმკვლელობის დინამიკა საქართველოში

ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | ბლოგპოსტები 17 იანვარი 2022

ანალიტიკური სტატიის ავტორია იმედი თოდუა და ის დაიწერა კონკურსისთვის „მონაცემები ცვლილებებისთვის“. კონკურსი ჩატარდა IDFI-ის მიერ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ვიშეგრადის გრანტების პროგრამით, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული იდეების წახალისება. ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პოზიციას.

 

იმედი თოდუა არის კონკურსის გამარჯვებული - III ადგილის მფლობელი.



მთავარი მიგნებები 

 

- საქართველოში ყოველწლიურად სუიციდის შედეგად საშუალოდ  312 ადამიანი იღუპება.

 

- რეგიონის მასშტაბით, რუსეთის შემდეგ,  საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი ასრულებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით.

 

- 2020 წელს, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი 61-75 წლის ადამიანების თვითმკვლელობის მაჩვენებელი.

 

- 2020 წელს, 2018 წელთან შედარებით, სუიციდის მცდელობათა რაოდენობა 16%-ით არის გაზრდილი.

 

- 2020 წელს, სხვა რეგიონებთან შედარებით დედაქალაქში სუიციდის რაოდენობამ მკვეთრად იმატა.

 

შესავალი

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) თანახმად, სუიციდი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.  მსოფლიოში ყოველწლიურად 700 000 ადამიანი კვდება სუიციდის შედეგად (WHO 2019).  აღსანიშნავია, რომ  სუიციდის მსხვერპლთა უმრავლესობას უკვე ჰქონდათ თვითმკვლელობის მცდელობა.  ამავდროულად,  თვითმკვლელობა, 15-19 წლის ახალგაზრდების სიკვდილის მიზეზთა შორის, მეოთხე ადგილს იკავებს. ჯანმო-ს მიხედვით,  მსოფლიოში, თვითმკვლელობების 77%  მოდის დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებზე. აღსანიშნავია, რომ თვითმკვლელობის ყველაზე გავრცელებული მეთოდია მოწამვლა, ჩამოხრჩობა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება. 

 

კავშირი თვითმკვლელობასა და ფსიქიკური აშლილობის ისეთ ფორმებს შორის, როგორიცაა დეპრესია და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება - საკმაოდ მაღალია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თვითმკვლელობათა დიდი რაოდენობა იმპულსური ხასიათისაა, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ცხოვრებისეულ სირთულეებთან და კრიზისთან. მაგალითად, როდესაც ადამიანებს არ ძალუძთ ცხოვრებისეული სტრესის დაძლევა. ამასთან, თვითმკვლელობას ზოგჯერ ძალადობის, იზოლაციის, ეკონომიკური პრობლემების განცდა განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ თვითმკვლელობის მაჩვენებელი მაღალია დაუცველ ან/და დისკრიმინაციის მსხვერპლ ჯგუფებს შორის, მათ შორისაა ლტოლვილები, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსუალი (ლგბტი) ადამიანები და პატიმრები. მოცემულ სტატიაში განხილული იქნება, თუ რა  ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში. 

 

მეთოდოლოგია

 

ფრანგმა სოციოლოგმა ემილ დიურკემმა შემოგვთავაზა სოციალური დინების ცნება. დიურკემი ხაზს უსვამდა, რომ სოციალურ ფაქტებს შეეძლოთ მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა ადამიანთა ქმედებებზე, მათ შორისაა თვითმკვლელობის პროვოცირებაც. აღსანიშნავია, რომ ემილ დიურკემმა უარყო ე.წ იმიტაციის თეორია, რომლის თანახმად ინდივიდები თავს იკლავენ იმიტაციის გამო. როგორც ფრანგი სოციოლოგი ამბობს, იმიტაციას შეიძლება ცალკეულ შემთხვევებზე ჰქონდეს გავლენა, თუმცა, ის საერთო სურათს მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის. 

 

დიურკემმა თვითმკვლელობა ოთხ კატეგორიად  - ეგოისტურ, ალტრუისტურ, ანონიმურ და ფატალისტურ სახეობებად დაყო.   ეგოისტური თვითმკვლელობა დიურკემის აზრით მაშინ ხდება, როდესაც პიროვნება არ არის ინტეგრირებული უფრო ფართო ინსტიტუტებში. ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, ალტრუისტური თვითმკვლელობა ხდება მაშინ, როდესაც სოციალური ინტეგრაცია ძალზედ ძლიერია. ანონიმურ თვითმკვლელობას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც საზოგადოების მაკონტროლებელ ინსტიტუტებს ძალა აქვთ დაკარგული, ჩნდება დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, უნორმობისა და  ჩამოუყალიბლებლობის შეგრძნება. ფატალისტური თვითმკვლელობა დაკავშირებულია ჩაგვრასა და უიმედობასთან, მაგალითად,  როგორიც არის მონის თვითმკვლელობა.

 

თვითმკვლელობის დინამიკა საქართველოში

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2019 წლის მონაცემების თანახმად, რეგიონის მასშტაბით, რუსეთის შემდეგ,  საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი ასრულებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით. დიაგრამა 1-ზე გამოსახულია თვითმკვლელობათა რაოდენობა კავკასიის რეგიონის მიხედვით.

 

 

დიაგრამა 1. (WHO 2019)

 

WHO-ს მიხედვით, საქართველოში ყოველ 100 000 მოსახლეზე 7.7 ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს. აღნიშნული მაჩვენებელი რუსეთში - 21.6-ს, აზერბაიჯანში - 4-ს, თურქეთში - 2.3-ს, ხოლო სომხეთში 2.3-ს შეადგენს.  

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში თვითმკვლელობათა რაოდენობის ზრდის ტენდენცია შეინიშნება. ყოველწლიურად, საშუალოდ 311 ადამიანი იღუპება თვითმკვლელობის შედეგად.

 

დიაგრამა 2 : თვითმკვლელობათა რაოდენობა საქართველოში 2008-2020

 

დიაგრამა 2-ზე მოცემულია საქართველოში თვითმკვლელობათა რაოდენობა  2008-2020 წლებში. როგორც დიაგრამიდან ჩანს, სუიციდის რაოდენობა 2008 წლიდან მოყოლებული საერთო ჯამში გაზრდილია. აღსანიშნავია, რომ 2008 წელს დაფიქსირდა თვითმკვლელობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 67 შემთხვევა, რაც დაკავშირებულია საქართველოში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან.  კვლავ ემილ დიურკემს რომ დავუბრუნდეთ, ომების დროს თვითმკვლელობის მაჩვენებელი მცირდება და ამ ვარდნას განაპირობებს ომით გამოწვეული სოციალური ინტეგრაციის ზრდა. მიუხედავად ამისა, ომის შემდგომ პერიოდში სუიციდის რაოდენობა იზრდება და პიკს 2016 წელს აღწევს.

 

დიაგრამა 3-ზე გამოსახულია თვითმკვლელობის მსხვერპლთა რაოდენობა სქესობრივ ჭრილში. სტატისტიკურად, ჯანმო-ს მიხედვით,  თვითმკვლელობების  77% კაცებზე მოდის. როგორც ირკვევა, მამაკაცები თვითმკვლელობისთვის უფრო ლეტალურ გზებს მიმართავენ, ვიდრე ქალები.  

 

 

დიაგრამა 3. 2020 წლის თვითმკვლელობის რაოდენობა გენდერულ ჭრილში

 

დიაგრამა 3-ზე გამოსახულია თვითმკვლელობების რაოდენობა ასაკობრივ ჭრილში. როგორც დიაგრამიდან ჩანს, 18 წლამდე ასაკის მოზარდების თვითმკვლელობა ზრდადობით ხასიათდება. აღსანიშნავია, რომ 61-75 წლამდე ადამიანების თვითმკვლელობა  2020 წელს, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

 

 

დიაგრამა 4. თვითმკვლელობის რაოდენობა ასაკობრივ ჭრილში

 

 

დიაგრამა 5. სუიციდი რეგიონების მიხედით

 

 

დიაგრამა 6. სუიციდი რეგიონების მიხედვით, 2020 წლის მონაცემები

 

მოცემულ დიაგრამაზე გამოსახულია საქართველოში სუიციდის რაოდენობა რეგიონების მიხედვით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სხვა რეგიონებთან შედარებით დედაქალაქში სუიციდის რაოდენობამ მკვეთრად იმატა. დანარჩენ რეგიონებში,  შეიძლება ითქვას, რომ თვითმკვლელობების რაოდენობამ კლება განიცადა. ამავდროულად, 2018 წელთან შედარებით, ნაკლები ადამიანი ასრულებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით, რაც შესაძლოა სახელმწიფოს მხრიდან მაკონტროლებელი ფუნქციების გაძლიერებას უკავშირდებოდეს.  აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, თვითმკვლელობათა  უმეტესობა ურბანიზებულ არეალზე მოდის.  როგორც ჩანს, პანდემიამ უფრო ძლიერად ქალაქის მაცხოვრებლებზე მოახდინა გავლენა. შეზღუდვებმა და კარანტინმა ადამიანები მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დააყენა, რაც მოიცავს როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ეკონომიკურ ასპექტებს. სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე, საქართველოში,  არსებული რეალობისადმი ,,შეგუება’’   სოფლად უფრო მარტივად ხდება. 

 

მიუხედავად იმისა, რომ 2019-2020 წლებში, ე.წ პანდემიის პერიოდში, თვითმკვლელობების რაოდენობის ზრდა არ იკვეთება. თუმცა, მნიშვნელოვნად მზარდია თვითმკვლელობის მცდელობის რაოდენობა. როგორც გრაფიკი N5 აჩვენებს, საქართველოში თვითმკვლელობების მცდელობის რაოდენობა 2018 წელთან შედარებით 16%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ სუიციდის რისკ ჯგუფში შედიან ის ადამიანები, რომლებმაც უკვე სცადეს თვითმკვლელობა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყურადღება სწორედ აღნიშნულ რისკ ჯგუფებზე გამახვილდეს.

 

 

დიაგრამა 7: თვითმკვლელობის მცდელობის რაოდენობა 2018-2020

 

დასკვნა

 

საქართველოში თვითმკვლელობათა მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია იკვეთება. ამავდროულად, რეგიონის მასშტაბით, რუსეთის შემდეგ,  საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი ასრულებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით. თვითმკვლელობის შემთხვევებს შორის გენდერული ნიშნით მამაკაცები ჭარბობენ. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს სუიციდის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იმატა 61-75 წლის ადამიანებში. სხვა რეგიონებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია თვითმკვლელობის მაჩვენებელი დედაქალაქში. ამავდროულად, 2020 წელს, წინა წლებთან შედარებით,  16%-ით გაიზარდა თვითმკვლელობის მცდელობათა რაოდენობა.  მიუხედავად იმისა, რომ სუიციდური ფაქტი კომპლექსური ხასიათისაა, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ყურადღება დაუთმოს აღნიშნულ სტატისტიკას. შემაშფოთებელია ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში,  ბოლო ათი წლის განმავლობაში, თვითმკვლელობით სიცოცხლე  3,677-მა ადამიანმა დაასრულა.  ამიტომაც, აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს სუიციდის ფაქტების მოკვლევაზე. შსს მხოლოდ აღრიცხავს თვითმკვლელობის ფაქტს, მაგრამ არ ხდება იმის აღრიცხვა, თუ რამ გამოიწვია აღნიშული ქმედება (მაგ. ფსიქოლოგიურმა ფაქტორმა, ეკონომიკურმა ასპექტმა თუ ა.შ). პრევენციული ღონისძიებების გატარების შემთხვევაში შესაძლოა თავიდან იქნას აცილებული აღნიშნული სტატისტიკის ზრდა, ადამიანებიც მაქსიმალურად დიდხანს შეძლებენ დატკბნენ თავიანთი ფუნდამენტური, სიცოცხლის უფლებით. 

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

- Datalab.ge (https://idfi.ge/ge/pagel/competitionview/38/?fbclid=IwAR3M5aywJVav-sXz91RX86uaQiwIuBVssNP3UdzyORlphT3PGb07RgC3VbU, 2021)

- შსს, თვითმკვლელობის სტატისტიკა საქართველოში 2016-2020

- World Health Organization, https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/suicide 2019

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023