შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის გამოწვევები: კანონმდებლობა და პრაქტიკა საქართველოში

სიახლეები | კვლევები | აქტუალური თემები | ადგილობრივი მმართველობა 7 დეკემბერი 2022

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ცხოველთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის საკანონმდებლო გარანტიებსა და მათ პრაქტიკაში აღსრულებას პერიოდულად მიმოიხილავს. 2019 წლიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა, რის შემდეგაც ცხოველთა წამებისა და მათდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე გამოძიებათა დაწყების მაჩვენებელი გაიზარდა. დღესდღეობით არსებული სიტუაციის მიმოხილვის მიზნით, IDFI-მ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან (შსს), საქართველოს უზენაესი სასამართლოდან და თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან ცალკეული საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. წინამდებარე ანალიზი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილების საფუძველზე მომზადდა.

 

მიუხედავად რიგი საკანონმდებლო ცვლილებებისა, ცხოველთა არაკონტროლირებადი გამრავლება, ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა და მათი ორთაბრძოლები, ცოფისა და ცხოველთა სხვა დაავადებების გავრცელება,  ცხოველების მომშენებლებისა და სავაჭრო ობიექტების დაურეგულირებელი საქმიანობა - არსებულ პრობლემათა მხოლოდ მცირე ჩამონათვალს წარმოადგენს.

 

სტატისტიკური მონაცემების ანალიზი

 

- ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოძიების დაწყების მაჩვენებლები ერთეულ ხასიათს ატარებს, ასევე დაბალია ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებით სასამართლოთა მიერ განხილულ საქმეთა რაოდენობაც.

 

- საქართველოს უზენაესი სასამართლოდან მიღებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის მუხლით 2019 წლიდან 2022 წლის 1 ივნისამდე განხილულ იქნა 21 საქმე.

 

- უფლებამოსილ ორგანოს ყველაზე ხშირად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის პირველ ნაწილთან დაკავშირებით აქვს რეაგირება, რაც ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევას გულისხმობს.

 

- თბილისში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გამოყენებულ საჯარიმო სანქციათა ოდენობები 2019 წლამდე იზრდებოდა, რის შემდეგაც როგორც ფაქტების, ასევე ჯარიმების მოცულობა ყოველწლიურად იკლებს.

 

- მიკედლების გარეშე დარჩენილ ძაღლთა რაოდენობა პატრონიანთა რაოდენობას მნიშვნელოვნად აღემატება.

 

- თბილისში, მიუსაფარ ძაღლთა ერთიანი აღრიცხვა, ბოლოს, 2015 წელს განხორციელდა. ძაღლების რაოდენობამ იმ დროისათვის 43,000 შეადგინა.

 

- თავშესაფარში ყოველწლიურად შეყვანილი ძაღლების რაოდენობა 7-8 ათასის ფარგლებში მერყეობს,  ბოლო ოთხი წლის მანძილზე, თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში შესული ძაღლების ნახევარი კი ბინადრობის არეალს უბრუნდება. ამასთან, გაჩუქების მაჩვენებლი მკვეთრად ჩამორჩება მიკედლების მაჩვენებელს.

 

- 2017 წლიდან 2021 წლამდე მუნიციპალურ თავშესაფარში თითქმის ორჯერ გაიზარდა ძაღლებისთვის სტერილიზაციის ჩატარების რაოდენობა.

 

- ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის საზოგადოებაში გავრცელებული ფაქტებისა და არსებული სტატისტიკური მონაცემების შეუთავსებლობა აჩენს ეჭვს, რომ დანაშაულთა დიდი რაოდენობა სამართალდამცავ ორგანოებამდე ვერ აღწევს, ან სათანადოდ არ ხდება ყველა ფაქტზე რეაგირება, რაც ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე მიუთითებს

 

დასკვნა

 

საქართველოს კანონმდებლობა ამ ეტაპზე მხოლოდ ფრაგმენტულად განსაზღვრავს ადამიანის კომპანიონ ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და მათი კეთილდღეობის განმსაზღვრელ სამართლებრივ საფუძვლებს. აქამდე დაურეგულირებელი საკითხების გათვალისწინებით ქვეყანა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, მათ შორისაა შინაურ ბინადარ ცხოველთა უკონტროლო გამრავლება, ცხოველთა მეპატრონეების მხრიდან რეგისტრაციის სავალდებულო წესის აღსრულება, ცხოველების მომშენებლებისა და სავაჭრო ობიექტების დაურეგულირებელი საქმიანობა, არასასურველი კომპანიონი ცხოველების მიტოვება და ა.შ. გარდა ამისა, ხშირია ადამიანების მხრიდან ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტები. ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ გახშირებული ფაქტების მიუხედავად, მცირეა ამ შემთხვევების შესახებ შესაბამისი უწყებებისადმი მიმართვიანობა და ფაქტებზე რეაგირება, რაც ცალსახად ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე მიუთითებს, რაც, ერთი მხრივ, საგანმანათლებლო პროგრამებში ცხოველთა კეთილდღეობის საკითხების ასახვით შესაძლოა გადაწყდეს. ეს უკანასკნელი ხელს შეუწყობს ცხოველთა მიმართ ემპათიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებასა და საზოგადოების მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას. საკითხის ირგვლივ ასევე უნდა ამაღლდეს მუნიციპალიტეტების და ყველა კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლების კომპეტენცია და შესაძლებლობები. 

 

მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს მუნიციპალიტეტებისთვის სათანადო ფინანსური რესურსების გამოყოფაზე. თბილისის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ საკითხის რეგულირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზას წარმოადგენს თავშესაფართა მშენებლობა და რესურსების გამოყოფა, რაც უზრუნველყოფილ უნდა იქნას მთელი საქართველოს მასშტაბით. ამასთან, მიუსაფარ ცხოველთა დეპოპულაციის უზრუნველყოფის მიზნით, უნდა შემუშავდეს მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვის სანდო მეთოდოლოგია, არსებობდეს ერთიანი ბაზა და ამოქმედდეს მასობრივი სტერილიზაცია-კასტრაციის სახელმწიფო პროგრამა, არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ სხვა ქალაქებსა თუ რეგიონებში.


არსებულ პრობლემათა ჯაჭვის დასრულება და აღმოფხვრა მხოლოდ სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის არსებობას და მის ეფექტურ აღსრულებას შეუძლია. აუცილებელია დროულად მოხდეს კანონპროექტის ინიცირება, პროცესი წარიმართოს ინკლუზიურად, მოხდეს საკითხზე მომუშავე სპეციალისტების მოსაზრებების გათვალისწინება და მიღებულ იქნას კანონი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობას და საზოგადოებასთან მათ უსაფრთხო თანაარსებობას.

 

/public/upload/00_studies/Geo_domestic_animal_welfare_challenges_legislation_and_practice_in_Georgia.pdf

 

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, SIDA-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. SIDA შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024