დემოკრატიის სამიტი 2023 - მთავარი შედეგები და გზავნილები

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 1 მაისი 2023

2023 წლის 28-30 მარტს, ვაშინგტონში დემოკრატიის რიგით მეორე სამიტი გაიმართა, რომელის მიზანი დემოკრატიის მხარდაჭერა, ავტორიტარულ ტენდენციებთან გამკლავება, კორუფციასთან ბრძოლა და ადამიანის უფლებების დაცვის გაზრდაა. ამ წლის სამიტის დღის წესრიგის მთავარი საკითხები გახლდათ - პარტნიორობა დემოკრატიისთვის და ახალი მიდგომები ამ მიმართულებით; მშვიდობა უკრაინაში; ანტიკორუფციული სტრატეგიები; ქალთა გაძლიერება და ა.შ. სამიტი ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით პირველად 2021 წელს ჩატარდა. დემოკრატიის მეორე სამიტს ვაშინგტონში აშშ-სთან ერთად, კოსტა-რიკამ, ნიდერლანდებმა, სამხრეთ კორეამ და ზამბიამ უმასპინძლეს.

 

პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის მოკავშირე და თანამოაზრე ქვეყნები გაერთიანდნენ და აჩვენონ მსოფლიოს, რომ დემოკრატიული ერთობა ძლიერია. სამიტი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და თითოეული დღე კონკრეტული საკითხების განხილვას დაეთმო.

 

სამიტზე მიწვეული იყო 120 ქვეყნის წარმომადგენელი. მათი ნაწილი ვაშინგტონში ჩავიდა, ნაწილმა კი ვირტუალური მიმართვა გავრცელა. სამიტის სამუშაო ფორმატის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები თემატური მიმართულების 15 სამუშაო ჯგუფში იყვნენ განაწილებულნი. თითოეულ ჯგუფს მინიმუმ ერთი მთავრობის და ერთი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფებს ინკლუზიური მიდგომებით უნდა დაესახათ საერთო მიზნები და განესაზღვრათ სამომავლო აქტივობები. სამუშაო ჯგუფები სხვა საკითხებთან ერთად შეიქმნა ისეთ საკითხებზე სამუშაოდ როგორც: ტექნოლოგია, მედიის თავისუფლება, ახალგაზრდების ჩართულობა, ფინანსური გამჭვირვალობა, კანონის უზენაესობა, სამართლიანი არჩევნები, გენდერულ თანასწორობა და სხვა. წარმოგიდგენთ კარგი მმართველობის საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ ამოცანებსა და მთავარ გზავნილებს. 

 

ეკონომიკური ზრდა, საერთო კეთილდღეობა და ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ

 

ფინანსური გამჭვირვალობა და კეთილსინდისიერება

 

ფინანსური გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სამუშაო ჯგუფს შეერთებული შტატების მთავრობამ, ბრუკინგის ინსტიტუტმა და ღია მმართველობის პარტნიორობამ ერთობლივად უხელმძღვანელეს. ძირითადი აქცენტი გაკეთდა ფინანსური გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების გასაუმჯობესებლად შეთანხმებული, კოორდინირებული და ერთობლივი ქმედებების მნიშვნელობაზე.

 

შეხვედრაზე შემუშავდა საერთო ქმედებების დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან სამიტის მონაწილე მთავრობებმა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, და ბიზნესის წარმომადგენლებმა კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად. ასევე შემუშავდა ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობის გაზრდასთან დაკავშირებით ვალდებულებების დოკუმენტი, რომლითაც ცალკეულმა სახელმწიფოებმა ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობის სტანდარტების გასაზრდელად და შესაბამისი რეფორმების გასატარებლად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ცალეული ვალდებულებები და ინიციატივები განსაზღვრეს. 

 

კორუფციის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობა 

 

სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობდა მოლდოვის მთავრობა, ბაზელის მმართველობის ინსტიტუტი და საერთაშორისო გამჭვირვალობა. ჯგუფი ფოკუსირებული იყო კორუფციის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და აღსრულების მექანიზმებზე საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებზე. Სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ფარგლებში, საერთო ჯამში, ჩატარდა სემინარების სერია, 27 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროკომისია, გაერო და მსოფლიო ბანკი) ჩართულობით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, მაღალი დონის კორუფციის საქმეების გამოძიება, მიტაცებული სახელმწიფო აქტივების დაბრუნება და სხვა. ამავდროულად, შემუშავდა რეკომენდაციები პოტენციური რეფორმებისა და შემდგომი პრიორიტეტული მიმართულებების გამოსაკვეთად, საერთაშორისო სტანდარტების დასახვეწად, ეროვნული სამართლებრივი ჩარჩოების გასაახლებლად და თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

 

ანტიკორუფციული პოლიტიკა, როგორც ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის გარანტი

 

აღნიშნულ სამუშაო ჯგუფს ბულგარეთის მთავრობა, ბაზელის მმართველობის ინსტიტუტი და დემოკრატიის კვლევის ცენტრი ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფმა გამოკვეთა ანტიკორუფციული პოლიტიკის საკითხებზე თანამშრომლობის მოდელებისა და მათი პოპულარიზაციის მიმართულებით არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები.

 

მედიის თავისუფლება

 

სამუშაო ჯგუფმა, კანადის და ნიდერლანდების მთავრობების და ინტერნიუსის ხელმძღვანელობით, განიხილა პირველი სამიტის ვალდებულებების შესრულების პროგრესი და განხორციელებული ქმედებები. შემუშავდა რეკომენდაციები მედიის თავისუფლების ხელშეწყობის საქმეში მთავრობის, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

 

ინფორმაციის თავისუფლება

 

კანადის და ლატვიის მთავრობების და დემოკრატიის ხელშეწყობის ალიანსის ხელმძღვანელობით სამუშაო ჯგუფმა განიხილა ჯანსაღი საინფორმაციო ეკოსისტემის ჩამოყალიბების და გაძლიერების კარგი პრაქტიკა. შეხვედრაზე წარადგინეს გლობალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც შესწავლილ იქნა დეზინფორმაციის საკითხებზე მომუშავე 500-ზე მეტ ორგანიზაციის საქმიანობა, ასევე, მედია წიგნიერების გაზრდისთვის ერთიანი მიდგომების შესახებ ანგარიში.

 

სამართლიანობა ყველასთვის

 

კანონის უზენაესობა და ადამიანებზე ორიენტირებული მართლმსაჯულება

 

სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელეს დომინიკის რესპუბლიკისა და კოსოვოს მთავრობების წარმომადგენლებმა, ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის კანონის უზენაესობის ინიციატივამ, საერთაშორისო გამჭვირვალობამ და World Justice Project-მა. შეხვედრაზე მიიღეს საერთო მოწოდება, კანონის უზენაესობისა და ადამიანებზე ორიენტირებული სამართლიანობის გაძლიერების მიმართულებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 

ძლიერი ინსტიტუტები

 

სამართლიანი არჩევნები

 

საბერძნეთის და ინდოეთის მთავრობების და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელობით, სამუშაო ჯგუფი ორიენტირებულია არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოების მხარდასაჭერად ტრენინგებისა და შესაძლებლობების განვითარების პროგრამებზე და ტექნიკურ კონსულტაციებზე. შემუშავდა რეკომენდაციები და ხაზი გაესვა არჩევნებზე პასუხისმგებელი ორგანოების ავტონომიურობის და მიუკერძოებლობის, ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლების და დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველი სახელმძღვანელოების შემუშავების მნიშვნელობას.

 

სამოქალაქო სივრცის დაცვა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლა

 

ავტორიტარული ზეწოლის წინააღმდეგ ბრძოლა

 

ლიტვის მთავრობის, Freedom House-ისა და დემოკრატიის ხელშეწყობის ალიანსის ერთობლივი ხელმძღვანელობით, სამუშაო ჯგუფის ძირითადი განხილვის საკითხი იყო ცნობიერების ამაღლება, პოლიტიკური ნიშნით დევნა, გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დამცველების ხელშეწყობა, და ავტორიტარული ზეწოლის პრევენცია. სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების 34 წარმომადგენელმა ისაუბრა პოლიტპატიმრების გათავისუფლების ადვოკატირების საუკეთესო პრაქტიკებზე. გარდა ამისა, მონაწილეებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც მოუწოდებს ყველა დემოკრატიულ ქვეყანას, დაუპირისპირდეს საზღვრებს მიღმა ჟურნალისტების, აქტივისტების, დისიდენტებისა და დიასპორის თემების შეზღუდვის ან დაშინების მიზნით ეკონომიკური სანქციების იძულების იარაღად გამოყენებას.

 

ტექნოლოგიური განვითარება დემოკრატიისთვის

 

ტექნოლოგია დემოკრატიისთვის

 

ესტონეთის მთავრობა, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა და Access Now, გაუძღვნენ შეხვედრების სერიას, რომლებიც ეხებოდა ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვით დემოკრატიის გაძლიერებას ციფრული ტექნოლოგიების განვითარებისა და გამოყენებით. სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა რეკომენდაციების პაკეტი ეფექტური GovStack ელექტრონული მმართველობის სიტემის დასანერგად. შეხვედრაზე ასევე წარადგინეს ახალი საჯარო პორტალი, რომელზეც რეალურ დროში ქვეყნდება ინფორმაცია მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტის გათიშვების/შეზღუდვების შესახებ.

 

ინკლუზია და თანასწორობა

 

გენდერული თანასწორობა, როგორც დემოკრატიის წინაპირობა

 

სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობდა რუმინეთის მთავრობა, შვედეთის მთავრობა, და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების ინსტიტუტი. სამუშაო ჯგუფის მიზანია გამოკვეთოს კავშირი გენდერულ თანასწორობასა და დემოკრატიის განვითარებას შორის და შეიმუშავოს შესაბამისი პოლიტიკა და რეკომენდაციები დემოკრატიულ პროცესებში ქალთა ჩართულობის გასაძლიერებლად. შეხვედრების ფარგლებში, გაიმართა კონსულტაციები მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან,  ინკლუზიურ პოლიტიკასა და კანონმდებლობაზე, საკანონმდებლო და პოლიტიკის ჩარჩოებსა და კონფლიქტების პრევენციაზე ქალთა გამოცდილებების და პერსპექტივების მოსმენისა და გათვალისწინების მიზნით. შედეგად, მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოების და სხვა აქტორებისთვის შემუშავდა სამოქმედო გეგმა.

 

ახალგაზრდების პოლიტიკური და სამოქალაქო ჩართულობა

 

სამიტის ფარგლებში შემუშავდა კონკრეტული ვალდებულებები ახალგაზრდების პოლიტიკური და სამოქალაქო ჩართულობის თვალსაზრისით. სამუშაო შეხვედრებზე გაიმართა მსჯელობა მათი შესრულების გზებზე, განას მთავრობის, ნეპალის მთავრობის, ევროკომისიის, ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისთვის (EPD) და ევროპის ახალგაზრდული დემოკრატიის ქსელის (EDYN) ხელმძღვანელობით. საფუძველი ჩაეყარა ახალ გლობალურ ინდექსს, რომელიც აფასებს ახალგაზრდების დემოკრატიულ ჩართულობას. შემუშავდა ახალგაზრდული ჩართულობის სახელმძღვანელო. დემოკრატიის სამიტზე განხილული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისთვის (EPD)-იმ გამოაცხადა მცირე გრანტების კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის.

 

სამიტის ფარგლებში ჩატარებული სხვა შეხვედრები

 

სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენის თავმჯდომარეობით ჩატარდა პანელი, რომელიც უკრაინაში სამართლიანი და ურყევი მშვიდობის აუცილებლობას ეხებოდა. ონლაინ ღონისძიებას ესწრებოდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, რომელმაც განიხილა პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ხედვა. ღონისძიებაზე გაჟღერდა სხვადასხვა პერსპექტივები რუსეთის ომის დასასრულებლად საჭირო გარემოებებზე და უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისთვის გაეროს წესდებაში მოცემული პრინციპების შესაბამისად.

 

სამიტზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა, როგორც კრიტიკული ანტიკორუფციული ინსტრუმენტი ფინანსური დანაშაულის აღმოსაფხვრელად და დემოკრატიის განსამტკიცებლად. 25-მა ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, იურიდიული პირების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ვალდებულება აიღეს, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს ბენეფიციარი საკუთრების გამჭვირვალობის მნიშვნელობა. ხელმომწერმა სახელმწიფოებმა სხვადასხვა ხასიათის და მასშტაბის რეფორმების განხორციელების ვალდებულებები აიღეს. 

 

დისკუსიის დროს გაჟღერდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ მონაცემების გამოყენებით კორუფციის, ინტერესთა კონფლიქტის და თაღლითობის აღმოჩენილი რეალური შემთხვევები. აღნიშნული მაგალითებმა ცხადყო რამდენად მნიშვნელოვანია ბენეფიციარი საკუთრების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არამხოლოდ კორუფციით მიღებული ზიანის შესამცირებლად, არამედ მისი პრევენციისა და ფინანსური სისტემისადმი ნდობის აღდგენის თვალსაზრისით. ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა სიმბოლურად აღებული ვალდებულებების რეალურ რეფორმებად ქცევის აუცილებლობას და მთავრობებს ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობის გაუმჯობესებისთვის კონკრეტული ქმედებებისკენ მოუწოდა.

 

2023 წლის დეკემბერში აშშ უმასპინძლებს გაეროს კორუფციის წინააღდეგ კონვენციის (UNCAC) მონაწილე სახელმწიფოთა მე-10 კონფერენციას. ეს იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა დემოკრატიის სამიტზე ინიცირებული საკითხებზე მუშაობის გასაგრძელებლად, ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობის გლობალური სტანდარტების ასამაღლებლად, კორუფციის პრევენციის და ფულის გათეთრების წინააღმდეგ საბრძოლველად კონკრეტული ზომების მისაღებად.

 

სამიტზე საქართველოს პრეზიდენტიც წარსდგა, რომელიც ონლაინ რეჟიმში ჩაერთო და ისაუბრა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, გააჟღერა დემოკრატიული კურსის შენარჩუნების დაპირება, და გამოთქვა მზადყოფნა საერთაშორისო პარტნიორებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის. მიუხედავად ამისა, წინა წლებისგან განსხვავებით, საქართველოს წარმომადგენლებს აქტიური მონაწილეობა არ მიუღიათ სამუშაო შეხვედრებზე. საქართველო არ შეერთებია სამიტზე შემუშავებულ არც ერთ ინიციატივას და ძირითადად ფორმალური ჩართულობით შემოიფარგლა, მაშინ როცა, მსგავსი ფორუმები კარგი შესაძლებლობაა ქვეყნებისთვის აჩვენონ საკუთარი პრიორიტეტები დემოკრატიული რეფორმების კუთხით და წვლილი შეიტანონ საერთაშორისო დისკუსიებში ადგილობრივი კონტექსტისა და ტენდენციების გაზიარებით. საქართველო, რომლის ანტი-კორუფციულმა რეფორმებმა თავის დროზე საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს და ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინიციატივის შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის საფრანგეთთან ერთად OGP-ის თანათავმჯდომარე გახლდათ 2016-2017 წლებში, მნიშვნელოვანია კვლავაც ინარჩუნებდეს დემოკრატიული რეფორმების აქტიური მხარდამჭერის სტატუსს. რისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყანამ ამბიციური რეფორმების დღის წესრიგი დაისახოს კორუფციასთან ბრძოლის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე. საქართველოს მხრიდან მსგავსი პროაქტიული მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისა და ზოგადად, ევროინტეგრაციის პროცესში. 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში და არსებული მოლოდინები

30.12.2024

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო 2011-2012 წლების ნიშნულს დაუბრუნდა

27.12.2024

დამარცხების ფასი: ბელარუსის 2020-2021 წლის პროტესტის გაკვეთილები

27.12.2024

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024