IDFI-ი ინტენსიურად აქტიურად აკვირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დანაშაულის სტატისტიკას. IDFI-ს კვლევებს არაერთხელ დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ დანაშაულის სტატისტიკის სანდოობა, რომელიც ეფუძნებოდა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ურთიერთგამომრიცხავ თუ ე.წ. “შელამაზებულ” მონაცემებს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კრიმინოგენური სურათის განსაზღვრაზე, არა მხოლოდ რეალური რიცხვები, არამედ საზოგადოებაში გავრცელებული ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები ახდენენ გავლენას, როგორიცაა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, სამართალდამცავი უწყებებისადმი ნდობა და მიმართვიანობა, ვიქტიმოლოგიის (1) ან სხვა სოციოლოგიური კვლევის შედეგები, პოლიტიკური გარემო და ა.შ. მაგალითისთვის, IDFI-ის მიერ გასულ წლებში მომზადებული ანგარიშებიდანაც ნათლად იკვეთებოდა, რომ დანაშაულის ზრდა/შემცირება ხშირად უკავშირდებოდა საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებს. წინამდებარე დოკუმენტში გაანალიზებულია 2024 წლის სტატისტიკური მონაცემები და ცალკეული დანაშაულების მიხედვით ბოლო წლების ტენდენციები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს, უწყების მიერ რეგისტრირებული იყო 49,976 დანაშაული, რაც 7.75%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. კერძოდ, თუკი 2023 წელს 54,177 დანაშაული დარეგისტრირდა, ეს მონაცემი 2024-ში 4,201-ით შემცირდა. 2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი ბოლო 7 წლის მანძილზე ყველაზე დაბალია. 2020 წლიდან რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი ყოველწლიურად კლებულობს.
2024 წელს რეგისტრირებულ დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი, დაახლოებით წინა წლის ნიშნულზე არის შენარჩუნებული 64.3 %. 2023-2024 წლებში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, ბოლო 19 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი შედეგია.
2024 წელს, დანაშაულის საერთო მაჩვენებლის შემცირება უმეტესწილად განპირობებულია, ისეთი დანაშაულების კლებით რომელთა მანიპულაციური აღრიცხვის პრაქტიკაც განვლილ წლებში დადასტურებულად არსებობდა სამინისტროში. ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდა ისეთი დანაშაულები რომელთა კლებაც სავარაუდოდ უკავშირდება საარჩევნო წელს საპოლიციო კონტროლის შემსუბუქებას. მაგალითად, მანიპულაციური აღრიცხვის კუთხით მნიშვნელოვანი კითხვები არსებობს ქურდობის სტატისტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც დანაშაულის საერთო სტატისტიკაში მნიშვნელოვანი წილი უკავია. ქურდობის მაჩვენებელი 2024 წელს წინა წელთან შედარებით 1,388 შემთხვევით (-9.3%) შემცირდა. ქურდობის მაჩვენებლების მკვეთრი გაუმჯობესება 2020 წლიდან სამინისტროს მენეჯმენტის ცვლილებას ემთხვევა. სტატისტიკის მიხედვით, ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ ქურდობის მაჩვენებელი 33%-ით შემცირდა, ხოლო მისი გახსნის მაჩვენებელი 19%-დან 55%-მდე გაიზარდა.
განვლილ წლებში IDFI-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები, ცალსახად აჩვენებდა რომ საარჩევნო წელს მნიშვნელოვნად იკლებდა ცალკეულ დანაშაულებზე საპოლიციო კონტროლი. მათ შორის, აღსანიშნავია ნარკოტიკული დანაშაული, რომელიც 2024 საარჩევნო წელსაც 2023-თან შედარებით, 15.1%-ით (-996 შემთხვევა) შემცირდა. ასევე, მაგალითად 2024 წელს 34%-ით შემცირდა (-314 შემთხვევა) გადასახადისათვის თავის არიდების გამოვლენილი შემთხვევები.
2024 წელს, კვლავ მცირდება გამოვლენილი სამოხელეო დანაშაულების რიცხვი. სულ აღირიცხა 241 სამოხელეო დანაშაული, რაც წინა წელთან შედარებით 40%-ით არის შემცირებული. მაგალითად, 2024 წელს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება შემცირდა 55.8%-ით, ქრთამის აღება 53.9%-ით, უფლებამოსილების გადამეტება 28.3%-ით, ქრთამის მიცემა 28.6%-ით, სამსახურებრივი სიყალბე 68%-ით, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის შემთხვევები 37.5%-ით. სხვადასხვა სამოხელეო დანაშაულის მკვეთრი შემცირება ან/და გამოვლენილი შემთხვევების სიმწირე აჩენს კითხვებს კორუფციულ დანაშაულებთან ბრძოლის ეფექტიანობაზე. 2019 წელთან შედარებით გამოვლენილი სამოხელეო დანაშაულების რიცხვი, 63%-ით არის შემცირებული.
2024 წელს წინა წელთან შედარებით, ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები შემცირდა 3.25%-ით (- 263 შემთხვევა) . თუმცა, ამ კატეგორიას მიკუთვნებული დანაშაულების კლება განპირობებულია მხოლოდ ოჯახში ძალადობის შემთხვევების 9%-ით შემცირებით (-370 შემთხვევა), ხოლო ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი სხვა დანაშაულები მეტ-ნაკლებად გაიზარდა. მაგალითად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების შემთხვევები გაიზარდა 11.3%-ით (+18 შემთხვევა). ძალადობის შემთხვევები 2.4%-ით (+73 შემთხვევა). განვლილ წლებში ოჯახში ძალადობის მაჩვენებლების ზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სამინისტრო განიხილავდა საზოგადოების ცნობიერების და პოლიციისადმი ნდობის ზრდის შედეგს. შესაბამისად, 2024 წელს ამ მიმართულებით შემცირებული მიმართვიანობის მიზეზადაც შესაძლებელია განხილულ იქნას აღნიშნული ფაქტორები.
მიუხედავად რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობის (მათ შორის მძიმე დანაშაულთა) შემცირებისა, დანაშაულების ზოგიერთი კატეგორიის მიმართებით შეინიშნება მნიშვნელოვანი ზრდა. მაგალითად, სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რიცხვი გაიზარდა 9.26%-ით, რაც უმეტესწილად განაპირობა თვითმკვლელობამდე მიყვანის (+96 შემთხვევა) და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის (+40 შემთხვევა) მუხლით დაწყებულმა გამოძიებების რაოდენობის ზრდამ. 140-ე მუხლით (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში) გათვალისწინებული დანაშაულები გაიზარდა 25%-ით (+29 შემთხვევა), სატრანსპორტო დანაშაული 4.61%-ით (+121 შემთხვევა), მუქარა 2.76%-ით (+111 შემთხვევა), ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევა 98%-ით (+61 შემთხვევა), სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა 34.7%-ით (+184 შემთხვევა), ყალბი დოკუმენტების დამზადება 17.1%-ით (+356 შემთხვევა).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის ანალიზით ირკვევა, რომ 2024 წელს დანაშაულის საერთო მაჩვენებლის შემცირება სავარაუდოდ განპირობებულია ისეთი ფაქტორებით, რაც ნაკლებად კავშირშია ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან. მათ შორის, აღსანიშნავია საარჩევნო წელს საპოლიციო კონტროლის შემსუბუქება, სამინისტროს მენეჯმენტის ცვლილების გავლენა დანაშაულის აღრიცხვის პრაქტიკაზე, კორუფციასთან ბრძოლის შესუსტება, პოლიციისადმი მიმართვიანობის შემცირება და სხვა.
დანაშაულის დეტალურად აღრიცხვა პირველ რიგში დანაშაულთა ტენდენციებზე გვაწვდის ინფორმაციას, ამავდროულად თვალნათელს ხდის იმ საყურადღებო სტრუქტურულ ფაქტორებს, რომლებიც საბოლოო ჯამში მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მიუხედავად ამისა, სტატისტიკური ინფორმაცია შესაძლოა მანიპულაციის საგანიც გახდეს, ზრდის ან კლების მშრალმა რიცხვებმა კი არასწორი მიმართულება მისცეს საზოგადოებრივ დისკუსიებს.