რეპრესირებული ლევან (ლეო) რუხაძის საგამოძიებო საქმეები

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 25 ივნისი 2021

 

ავტორი: ანტონ ვაჭარაძე

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI) სამეცნიერო შესწავლის მიზნით გადაეცა აქამდე უცნობი საარქივო საქმეები, რომლებიც ეხება რეპრესირებულ ძმებს: პოლიკარპე, ლევან და ივანე რუხაძეებს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური მოღვაწის, ლევან (ლეო) რუხაძის, 1922 და 1936 წლებში დაკავებისა და გადასახლების ამსახველი საარქივო საქმეები, რომლებსაც IDFI პირველ ეტაპზე შეისწავლის და გამოაქვეყნებს.

 

2021 წელს ძმები რუხაძეების შთამომავალი, თამარა სართანია, დაუკავშირდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI) და აცნობა, რომ მათ ოჯახში ინახებოდა ძმების საგამოძიებო საქმეების ორიგინალები. მასალის გაცნობის შემდეგ ცხადი გახდა, რომ დოკუმენტები ფასდაუდებელ ისტორიულ წყაროს წარმოადგენდა და პირველი რესპუბლიკის მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწის და მოგვიანებით პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლის, ლევან (ლეო) რუხაძისა და მისი ოჯახის წევრების შესახებ მრავალ ახალ გარემოებას მოჰფენდა ნათელს. აღნიშნული სტატიაში აღწერილია ზემოხსენებული ორი საქმის შინაარსი და მნიშვნელობა. სტატიას თან დაერთვება დოკუმენტების ასლები. IDFI დიდ მადლობას უხდის თამარა სართანიას და მის ოჯახს - ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტების ასლების IDFI-ისთვის გადმოცემისთვის.

 

საქმეების ტექნიკური აღწერილობა და მდგომარეობა

 

რუხაძეების შთამომავლების ოჯახში ინახება სულ 5 საარქივო საქმე:

 

1. ლევან პორფირეს ძე რუხაძის საგამოძიებო საქმე - საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, განყოფილება „А“, საქმე №2618, კიდური თარიღები: 1922 წლის 11 ოქტომბერი - 1 ნოემბერი, მოცულობა: 9 ფურცელი.

 

2. პოლიკარპე პორფირეს ძე რუხაძის საგამოძიებო საქმე - საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, განყოფილება „А“, საქმე №441, კიდური თარიღები: 1922 წლის 20 თებერვალი - 8 ნოემბერი[1], მოცულობა: 72 ფურცელი.

 

3. პოლიკარპე პორფირეს ძე რუხაძის საგამოძიებო საქმე - საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქმე №327058, კიდური თარიღები: 1948 წლის 2 დეკემბერი - 1956 წლის 13 სექტემბერი, მოცულობა: 194 გვერდი.

 

4. ივანე პორფირეს ძე რუხაძის საგამოძიებო საქმე - საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის საგამოძიებო ნაწილი, საქმე №ПР-13874, კიდური თარიღები: 1938 წლის 19 იანვარი - 1958 წლის 24 ნოემბერი, მოცულობა: 68 ფურცელი.

 

5. ლევან პორფირეს ძე რუხაძის საგამოძიებო საქმე[2] - შინსახკომის (НКВД) სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველო, საქმე №Р-36130, კიდური თარიღები: 1936 წლის 12 მაისი - 1989 წლის 14 აგვისტო, მოცულობა: 50 გვერდი.[3]

 

აღნიშნული საქმეები საბჭოთა კავშირის დროს ინახებოდა ყოფილი უშიშროების კომიტეტის (КГБ) არქივებში და მათზე დაშვება მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. ოჯახის ცნობით, 1990-იანი წლების დასაწყისში, ისინი შესწავლის მიზნით  დროებით სარგებლობაში გამოითხოვა უშიშროების კომიტეტის თანამშრომელმა.[4] მალევე საქართველოს ისტორიის ტრაგიკული მოვლენის, თბილისის ომის (1991-1992 წ.) დროს, საქართველოს ყოფილი უშიშროების კომიტეტის ადმინისტრაციულ შენობას ხანძარი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად განადგურდა 210,000 საარქივო ერთეული, მათ შორის მსგავსი საქმეები, რაც ფონდის საერთო რაოდენობის 80%-ზე მეტს წარმოადგენდა. ხანძარს მხოლოდ ის ერთეული საქმეები გადაურჩა, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით გამოთხოვილი იყო არქივიდან და იმ მომენტში საცავში არ ინახებოდა. სწორედ, შთამომავლის ინტერესმა და საქმეების არქივის საცავიდან დროებით გატანამ გადაარჩინა ძმები რუხაძეების საგამოძიებო საქმეები.

 

საარქივო საქმეები კარგადაა შემონახული და მათი ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 2021 წლის დასაწყისში საქმეები სრულად გაციფრულდა.

 

ლევან (ლეო) რუხაძის შესახებ აქამდე არსებული ბიოგრაფიული ცნობები

 

ლევან (ლეო) რუხაძე (1891/1893-1937) - იყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური მოღვაწე,  სახალხო გვარდიის მთავარი შტაბისა და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.  

 

1900-იან წლებში იგი გაწევრიანდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში.

 

1917 წლის დეკემბერში იყო საქართველოს წითელი გვარდიის (შემდგომში სახალხო გვარდიის) ერთ-ერთი დამაარსებელი, მთავარი შტაბის წევრი.

 

იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი და რეგულარულად სწირავდა თანხებს ორგანიზაციას.[5]

 

1919 წლის თებერვალში აირჩიეს და 1919 წლის 12 მარტიდან შეუდგა საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის მოვალეობის შესრულებას.

 

აქტიურად მუშაობდა ახალციხის მხარეში, „ოსმალოს საქართველოში“ ხელისუფლების განმტკიცებისათვის. ასე მაგალითად, 1919 წლის ივნისში ახალციხის საქველმოქმედო საზოგადოების განყოფილებამ ლევან რუხაძის თაოსნობით აღადგინა ობოლ ბავშვთა თავშესაფარი.[6]

 

1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ, იგი დარჩა საქართველოში და აქტიურად ჩაერთო წინააღმდეგობის მოძრაობაში.

 

ლევან რუხაძე, სავარაუდოდ, 1922 წელს დააპატიმრეს. 1922 წლის 16 დეკემბერს სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად ეტაპით გადაგზავნეს რუსეთის საკონცენტრაციო ბანაკებში გასანაწილებლად. სასჯელს იხდიდა მამობილთან (როგორც თავად ლეო რუხაძე წერილებსა და სხვა დოკუმენტებში მოიხსენიებდა), საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილ განათლებისა და სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძესთან, ერთად ქ. იაროსლავში.

 

1926 წელს ლევან რუხაძე მეორედ გადაასახლეს, ამჟამად ქ. ორიოლში. 1928 წელს 3 წლით გაუხანგრძლივეს გადასახლების ვადა. 1931 წლის 14 დეკემბერს გაათავისუფლეს „სსრკ 12 პუნქტში ცხოვრების უფლების აკრძალვით“ და დატოვეს გადასახლების ადგილას 3 წლის ვადით. სასჯელის ვადის დასრულების შემდეგ იგი ცხოვრობდა აღმოსავლეთ ყაზახეთის მხარეში, ქალაქ სემიპალატინსკში. აღმოსავლეთ ყაზახეთის მხარის შინსახკომის რაიონულმა განყოფილებამ ლეო რუხაძე დააპატიმრა 1937 წლის 16 აპრილს. 1937 წლის 23 ოქტომბერს აღმოსავლეთ ყაზახეთის მხარის შინსახკომის სამმართველოსთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. „ტროიკა“) ლეო რუხაძეს დახვრეტა მიუსაჯა. რეაბილიტირებულია 1989 წლის 25 აპრილს, სემიპალატინსკის მხარის პროკურატურის მიერ. ლევან რუხაძის ზემოაღნიშნული ბიოგრაფიული ცნობები ფიგურირებს 2016 წელს გამოცემულ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის წევრთა ბიოგრაფიების კრებულში[7].

 

ლეო რუხაძის ორი საგამოძიებო საქმე

 

რეპრესირებული ძმების საქმეებს შორის, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდ ყურადღებას იმსახურებს საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდის პოლიტიკოსის, ლევან (ლეო) პორფირეს ძე რუხაძის (1891/1893-1937), ორი საგამოძიებო საქმე, რომლებიც 1922 და 1936 წლებში მის დაკავებასა და გადასახლებას ეხება.

 

ლევან რუხაძის 1922 წლის საგამოძიებო საქმის პირველი დოკუმენტია მისი დაკავებისას შევსებული ანკეტა, რომელიც მისი ბიოგრაფიიდან დამატებით ცნობებს იძლევა:

 

31 წლის, დაბადებული 1891 წელს.

 

სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი 1906 წლიდან, ჟურნალისტი.

 

1914 წლიდან იყო გაზეთ „თანამედროვე აზრის“[8] თანამშრომელი, 1915 წელს იმავე გაზეთის არალეგალური ხელმძღვანელი. 1915 წლის ბოლოს პარტიული მუშაობისთვის წავიდა ბაქოში და დააარსა გაზეთი „ბაქოს ექო“, რომლის დახურვის შემდეგაც ცოტა ხნით ბაილოვის ციხეში (Баиловская тюрьма)[9] მოუწია ჯდომა. 1916 წლის აპრილში გაემგზავრა დონის ოლქში სადაც მუშაობდა ...Сумне? (დოკუმენტში ზუსტად არ იკითხება დასახლებული პუნქტის სახელწოდება - ავტორი) დაკავებული იყო საორგანიზაციო საქმეებით, იმავე წლის დასასრულს დაბრუნდა ქუთაისში და მუშაობა დაიწყო სასოფლო სამეურნეო გაზეთში - „სოფლის გაზეთი“. 1918 წელს, პირველი სამი თვე იყო გაზეთი „სოციალ დემოკრატის“ ხელმძღვანელი. ივნისში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაემგზავრა ბორჯომში და თან ახორციელებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლის ფუნქცია-მოვალეობებს ახალციხე-ახალქალაქი-ბორჯომის რაიონებში. შემდგომში იყო მთავრობის წარმომადგენელი აფხაზეთში, აირჩიეს სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად. გაგრაში ასრულებდა ისევე როგორც მთავრობის, ასევე სახალხო გვარდიის წარმომადგენლის მოვალეობებს. ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაციის დროს იმყოფებოდა გაგრაში, რის შემდეგაც გადავიდა არალეგალურ მდგომარეობაზე.

 

 

დაკავებული ლეო რუხაძის ანკეტა 1922 წლის საგამოძიებო საქმიდან

 

1922 წლის საქმეში ფიგურირებს ლევან რუხაძის დაკითხვის ოქმი. ამონარიდი:

 

ს. რა შეხედულება გაქვთ საბჭოთა სისტემაზე საერთოდ და განსაკუთრებით საქართველოში?

 

პ. საბჭოთა სისტემა არსებობს მხოლოდ რუსეთში, რუსის ხალხმა მოაწყო ძალაუფლება როგორაც მას სურდა, მე მას არ ვეხები. საქართველოს საბჭოთა სისტემა არ გამომდინარეობს შინაურ ძალთა განწყობით. ქართველ ხალხს არ დაუმყარებია ეს სისტემა არამედ ის მოიტანა საქართველოში უცხო ძალამ, რუსეთის ჯარებმა... ქართველი ხალხი იბრძვის დამოუკიდებლობის აღსადგენად და ეს ბრძოლა რუსეთსა და საქართველოს შორის უმთავრესად ბრძოლაა ორ სუვერენ ერისა.

 

ს. როგორ უყურებს პარტია ბანდიტიზმს?

 

პ. უარყოფითად. სოც. დემოკრატ. არასდროს არ ყოფილა და არ იქნება „მახნოვშჩინის“ პარტია, მას აქვს ნაცადი რევოლუციური პრაქტიკა და ამ გზას აგრძელებს ის დღეს, ქართველი ერის დამოუკიდებლობისათვის.

 

ს. როგორ უყურებთ თქვენი პოლიტიკური ამხანაგების ევროპაში გადასახლებას?

 

პ. საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. ის დროებით ოკუპაციის ქვეშაა. სანამ არ მომხდარა საქართველოს ანექსია სავსებით, მისთვის ფორმალურად არ გაუუქმებია საქართველოს სუვერენობა, არ აქვს უფლება საქართველოს მოქალაქეთა რუსეთში, ან სხვაგან გადასახლება. საოკუპაციო მთავრობას აქვს უფლება განდევნოს საზღვრებიდან ვინც მას სურს მხოლოდ საცხოვრებელ ადგილს თვით განდევნილი უნდა ირჩევდეს, ან ის სრულიად უარს ამბობს უცხოეთში წასვლაზე და ამჯობინებს თავის ქვეყანის საკნებში სიკვდილს. ეს პატიმრის უფლებაა. უკანასკნელი ძალდაუტანებითი. გადასახლება უკანონოა და მთელი ჩვენი..... აღშფოთებას.... [არ იკითხება] ლევან რუხაძე.

 

განსაკუთრებული კომიტეტის (ЧК) პრეზიდიუმმა 1922 წლის 23 ოქტომბერს მიიღო დადგენილება ლევან რუხაძის განუსაზღვრელი ვადით იზოლაციის თაობაზე.

 

 

ლევან რუხაძის მეორე საქმე თარიღდება 1936 წლით. ეს უკვე ის პერიოდია, როდესაც მან 13 წელი გადასახლებაში გაატარა, მოიარა რუსეთის ორი რეგიონი და ქალაქები - იაროსლავი და ორიოლი. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გადასახლების შემდეგ ის საქართველოში, მშობლიურ ხონში, სოფელ კონტუათში დაბრუნდა და აღარ აპირებდა პოლიტიკურ აქტიურობას, თუმცა, ამგვარად არ ფიქრობდა სახელმწიფოს რეპრესიული აპარატი და ლევან რუხაძესა და მასთან ერთად ათასობით სხვა ადამიანს მორიგ რეპრესიებს უმზადებდა.

 


დაკავებული ლევან რუხაძის ფოტო 1936 წლის საგამოძიებო საქმიდან.

 

1936 წლის საგამოძიებო საქმე ასევე იწყება შევსებული ანკეტით, სადაც ლევან რუხაძის დანაშაულის არსში აღნიშნულია „მენშევიკობა“. მეორე დოკუმენტია 1936 წლის 8 ივნისს, უშიშროების ლეიტენანტის, მდივანის მიერ შედგენილი დადგენილება, რომელსაც ამტკიცებს ამიერკავკასიის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე, ავქსენტი რაფავა. დადგენილების თანახმად, ლევან რუხაძეზე დააკავების ორდერი გაიცა 1936 წლის 10 მაისს.

 

დაბადებული 1893 წელს[10], სოციალური მდგომარეობა - მოსამსახურე, პროფესია - ეკონომისტი.

 

იყო პასუხისგებაში მიცემული კონტრრევოლუციური საქმიანობისათვის.

 

მხილდება მასშიდ, რომ განაახლა ა/ს (ანტიაბჭოთა) და კ/რ (კონტრრევოლუციური) არალეგალური საქმიანობა.

 

დამნაშავე სისხ. სამ. კოდექ. მუხ. 58/10, 58/11.

 

გარდა მდივნისა, დოკუმენტს ხელს აწერენ მეორე ქვე-განყოფილების უფროსი - პოლშინი და საიდუმლო-პოლიტიკური განყოფილების (СПО) უფროსი - სულთანიშვილი.

 

ლეო რუხაძე დააკავეს 12 მაისს. ამას მოწმობს ჩატარებული ჩხრეკის ოქმი, რომლის თანახმად, მას ამოუღეს მისთვის გაგზავნილი წერილები (7 ფურც.), ამხანაგ ბერიას სახელზე დაწერილი წერილი (14 ფურც.) და პასპორტი. ციხეში ჩამორთმეულ ნივთებს შორის იყო: ქამარი, ჰალსტუხი, ჩაის კოვზი, მაჯის საათი, ბლოკნოტი და 2 ფანქარი.

 

 

30 მაისს შევსებულ კიდევ ერთ ანკეტაში წინა ანკეტისგან განსხვავებული მონაცემები არ ფიგურირებს. ანკეტას ავსებს შინსახკომის შიდა ციხის უფროსის მორიგე – ტესტოვი. ტესტოვის ხელმოწერა 1937-1938 წლების რეპრესიების სისრულეში მოყვანის მრავალ აქტზე ფიქსირდება.

 

ანკეტების და სხვა ტექნიკური დოკუმენტების შემდეგ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია დაკითხვის ოქმი, რომელი 8 ივნისს შედგა და მას სტატიაში უკვე ნახსენები მდივანი უძღვებოდა. ოქმში ფანქრით ხაზგასმულია რამდენიმე ადგილი, რომელსაც გაშიფრულ ტექსტში ასევე გავუსვამთ ხაზს.

 

კითხვა: რა როლს ასრულებდით მენშევიკების პარტიაში რევოლუციამდე?

 

პასუხი: რსდმპ-ში გავწევრიანდი 1906 წელს, ჯერ კიდევ ბიჭი ვიყავი. 1913 წლამდე ვმუშაობდი ხონის ორგანიზაციაში... ამავდროულად ვიყავი პარტიული პრესის კორესპონდენტი. 1913-1914 წლებში ვიყავი არალეგალური ტიპოგრაფიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელიც მოქმედებდა ხონში. 1914 წლიდან ვიყავი მენშევიკების ამიერკავკასიის კომიტეტის თბილისის ორგანიზაციის წარმომადგენელი. პირადად ჩემ მიერ იყო ორგანიზებული 1914 წლის ივნის-ივლისის ტრამვაის მემანქანეთა გაფიცვა. ყოველდღიური გაზეთის „თანამედროვე აზრის“ ცენტრალური ორგანოს ქუთაისიდან თბილისში გადატანის შემდეგ შევდიოდი სარედაქციო კოლეგიაში, სადაც ჩემ გარდა იყვნენ ნ.რამიშვილი და ნ.ხომერიკი. 1915 წელს სამხარეო კომიტეტმა მიმავლინა ბაქოში, სადაც ორგანიზება გავუწიე ყოველდღიურ მუშათა გაზეთს, რომელიც დახურეს და კონფისკაცია გაუკეთეს პირველივე ნომრის გამოსვლის შემდეგ. გაზეთის დახურვის შემდეგ იძულებული გავხდი დავბრუნებულიყავი ჯერ თბილისში, შემდეგ ქუთაისში, სადაც ვმუშაობდი ჟურნალ „სასოფლო გაზეთის“ რედაქციაში. რევოლუციამ მომისწრო ქუთაისში 1914-1916 წლებში ვიყავი არალეგალურ მდგომარეობაში.

 

კითხვა: როგორ შეხვდით საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების ფაქტს?

 

პასუხი: მე გავიზიარე 1921 წლის აპრილში პარტიის მიერ არალეგალურ კონფერენციაზე შემუშავებული პლატფორმა.

 

 კითხვა: ანუ თქვენ თვლიდით, რომ საქართველო იყო „ანულირებული“?

 

პასუხი: დიახ, თუმცა 10 აპრილის პლატფორმა, რომელსაც მე სრულად ვიზიარებდი, გვთავაზობდა საბჭოთა ხელისუფლებასთან თანამშრომლობას დეკლარირებული დაპირებების შესრულების შემთხვევაში.

 

კითხვა: მაშ რატომ თქვით უარი საბჭოთა ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე და აირჩიეთ მასთან აქტიური კ/რ ბრძოლის გზა?

 

პასუხი: მთელი 1921 წელი, ოქტომბერ-ნოემბრამდე მენშევიკების პარტია უმოქმედოდ იყო და დანაპირებს ასრულებდა. ნოემბერში სოვნარკომში გამოცხადდა დელეგაცია მემორანდუმით, რომელიც ადასტურებდა, რომ საბჭოთა ხელისუფლების მიერ გაცემული დაპირებები არ სრულდებოდა. ამის საპასუხოდ, დელეგაცია სასახლეშივე დააპატიმრეს, რამაც მიბიძგა არალეგალურ მდგომარეობაზე გადასვლისკენ და პარტიამ დაიწყო ფურცლების (პროკლამაციების) გამოშვება. ასე ვმუშაობდი 1922 წლის ოქტომბრამდე, დაკავებამდე.

 

კითხვა: რა პოზიციას იკავებდით პარტიაში ამ პერიოდში?

 

პასუხი: 1922 წლის იანვრიდან დაკავების დღემდე ვიყავი პარტიის ცეკას მდივანი, თავმჯდომარე იყო სილიბისტრო ჯიბლაძე, მისი სიკვდილის შემდეგ კი სეით დევდარიანი.

 

კითხვა: კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა თქვენი არალეგალური საქმიანობა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ?

 

პასუხი: აგიტაციასა და ა/ს იდეების პროპაგანდაში, რომელიც ძირითადად არალეგალური პრესითა და ეროვნული ხაზით ხორციელდებოდა.

 

 კითხვა: ცეკას წევრებიდან ვინ იყო დაკავებული საორგანიზაციო საკითხებით?

 

პასუხი: ეს იყო 15 წლის წინ და მრავალი მათგანი არ მახსოვს, გარდა ამისა რევოლუციონერის ეთიკა ამ წვრილმანების გათქმის საშუალებას არასოდეს არ მაძლევდა. ყველაფერ ამის გამო მე უკვე მოვიხადე სასჯელი 12-13 წელი.

 

კითხვა: ანუ თქვენ, როგორც პირველი დაკავებისას უარს ამბობთ ამ საკითხზე ჩვენების მიცემისგან?

 

პასუხი: დიახ, უარს ვამბობ.

 

კითხვა: თქვენ ჩვენებაში ამბობდით, რომ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების ფაქტს განიხილავდით როგორც მის ოკუპაციას. მხარს უჭერთ თუ არა კვლავაც ამ აზრს?

 

პასუხი: ისტორიული ფაქტები დროის მონაკვეთში არ იცვლება.

 

კითხვა: ვის ხვდებოდით ქალაქ ორიოლში გადასახლებისას და არალეგალური საქმიანობის შესახებ რა საუბრებს ეწეოდით მათთან?

 

პასუხი: სხვადასხვა დროს ჩემთან ერთად გადასახლებაში იყვნენ ჩიქოვანი, გრიგოლ ყაჭეიშვილი, ჟღენტი, აბაშიძე, დოლიძე, ძნელაძე და კიდევ ორი ან სამი, რომელთა სახელებიც არ მახსოვს. პოლიტიკურ საუბარს მათთან არ ვეწეოდი, რადგან ისინი აბსოლუტურად აპოლიტიკურად იყვნენ განწყობილი.

 

კითხვა: ეს არასწორია, რადგან გამოძიებამ ზუსტად იცის, რომ თქვენ საუბრობდით ქართველ მენშევიკებსა და დაშნაკთა შორის სამუშაოს კონტაქტირების შესახებ. ვისთან გქონდათ ეს საუბრები?

 

პასუხი: ასეთი რამ არ ყოფილა.

 

კითხვა: დაასახელეთ პერსონალურად ის გადასახლებული დაშნაკები, რომლებსაც ხვდებოდით.

 

პასუხი: მე მათი გვარები არ ვიცი, მათ მე ვხვდებოდი საპარიკმახეროში ლენინის ქუჩაზე, სადაც ხანდახან ვიპარსავდი ხოლმე.

 

კითხვა: გადასახლებიდან ხონში დაბრუნების შემდეგ გაემგზავრეთ თუ არა იქიდან სადმე?

 

პასუხი: გასული წლის ზაფხულში /აგვისტოს თვეში/ გავემგზავრე კურორტ მანგლისში. მე ტუბერკულიოზი მაქვს. გარდა ამისა ნოემბერში თბილისის გავლით სურამში ვიყავი ავადმყოფ ნათესავებთან და ნათესავი ქალის დაკრძალვაზე 1936 წლის თებერვლის ბოლოს. მეტი არსად ვყოფილვარ.

 

ოქმი ჩემი სიტყვებით ჩაწერილია სწორად და მე წამეკითხა.  

 

დაკითხა СПО КГБ (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის საიდუმლო-პოლიტიკური განყოფილება) მეორე განყოფილების ოპერმუშაკმა, უმცრ. ლეიტ. /მდივანი/

 

1936 წლის 26 ივნისს იმავე მდივნის, პოლშინის და კავთელაძის ხელმოწერით შედგა სპეციალური ცნობა, რომელიც დაამტკიცა ამიერკავკასიის შინსახკომის უშიშროების კომისარმა - სერგო გოგლიძემ. დოკუმენტში მისივე ჩვენებებისა და ბიოგრაფიული ცნობების საფუძველზე მოყვანილია ლევან რუხაძის მოკლე დახასიათება. ცნობა სრულდება შემდეგი დასკვნით:

 

რუხაძე საბჭოთა ხელისუფლების თავგამოდებული მტერია, სარგებლობს დიდი ავტორიტეტით მენშევიკებს შორის.

 

 

 

1936 წლის საქმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია ლევან რუხაძის 25 ივნისს შედგენილი განცხადება შინაგან საქმეთა სახალხო კომისარ სერგო გოგლიძისადმი. დოკუმენტში ნათლად არის ასახული იმ პერიოდის ციხეში პოლიტპატიმრების მდგომარეობა, კვება, გადავსებული საკნები... აგრეთვე, ის ნიჰილიზმი, რომელიც ლეო რუხაძეს ეუფლება - ის დარწმუნებულია, რომ უდანაშაულოა და პოლიტიკური მოღვაწეობისთვის 13 წელი სასჯელი მოიხადა, თუმცა, გათავისუფლებას მაინც არ ითხოვს, რადგან იცის, რომ ეს ფუჭი იქნება. წარმოგიდგენთ ლევან რუხაძის განცხადებას სრულად:

 

საქართველოს შინსახკომს გოგლიძეს

 

პოლიტპატიმარის ლ.რუხაძის

 

განცხადება

 

სწორეთ წლისთავზე, 11 მაისს, რუსეთის გადასახლებიდან დაბრუნებული, სადაც დავყავი 13 წელი, მე დამაპატიმრეს სოფ. კონტუათში (ხონის რაიონი) და მომათავსეს შინსახკომის შინაგან ციხეში, საკ.14. დღემდე ჩემთვის გაუგებარი იყო თუ რათ ვიყავი დაპატიმრებული, რადგან საქართველოში დაბრუნების შემდეგ მე არავითარ პოლიტიკურ მუშაობაში არ მიმიღია მონაწილეობა, ვექიმობდი (ფილტვების ჭლექით ვარ დაავადებული) და რაც რაც შემეძლო მამისეულ საკარმიდამო მიწაზე ვმუშაობდი. დაკითხვის პროცესში გამოვარკვიე, რომ მე დაპატიმრებული ვარ ჩემი მსოფლმხედველობისათვის და არა რაიმე მოქმედებისათვის. კიდევ უფრო საკვირველი ის იყო ჩემთვის, რომ მეკითხებოდნენ მარტოთ-მარტო ჩემს სოციალ დემოკრატიულ წარსულზე, თუ რა ვიყავი 1917 წლის რევოლუციამდე და შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს და გასაბჭოების პირველ წლებში, ვიდრე ჩემს დაპატიმრებამდე 1922 წლის ოქტომბერში, რის შემდეგ მომახდევინეს სასჯელათ თითქმის 13 წლის ციხეები და გადასახლება. ამით დასრულდა ჩემი გამოძიება, რომლის დროს წარმომიდგინეს ბრალდებათ მუხლები 58-10 და 58-11. ვიმეორებ, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მე არავითარ დანაშაულს არ ვგრძნობ და ამისთვის წარმოდგენილი ბრალდების მუხლები მიმაჩნია წარსული ბრალდების განმეორებათ, რისთვისაც მე მოვიხადე 13 წლის გრძელი სასჯელი. სხვა გამართლება არ შეიძლება მოენახოს იმ დაუმსახურებელ სასჯელს, რომელსაც მე ახლა ვიტან სასტიკი იზოლაციაში ყოფნით. მაგრამ ამჟამად ამ უსამართლო სასჯელის  გაუქმება არ შეადგენს ჩემი თხოვნის საგანს, არამედ მინდა გაუწყოთ ჩემი დაპატიმრებისა და იზოლაციის პირობები და გთხოვოთ ჩამაყენოთ პოლიტპატიმრის ნორმალურ ციხის პირობებში. თვეა თითქმის მე მოთავსებული ვარ მე-14 საკანში (სამი კვირა გავატარე ქუთაისის შინსახკომის საკანში), რომელიც ძალზე გადატვირთულია პატიმრებით (6-7 კაცის ნაცვლად ვართ 12-15 კაცი), რის გამო საკანში სუნთქვა შეუძლებელი ხდება. მოკლებული ვარ ტუსაღებისთვის ყოველგან არსებულ სეირნობას, არ მაძლევენ ჟურნალ-გაზეთებს და რაც უმთავრესია საკანში ცხოვრება მიხდება შიმშილის პირობებში. დღეში მეძლევა 500 გრ. პური და წყალ-წყალა წვენი ყოველგვარ ნოყიერებას მოკლებული. 13 წლის განმავლობაში გადასახლებისას მე ვყოფილვარ არა ერთ ციხეში, როგორც წინასწარ დაპატიმრების, ისე წლობით იზოლაციაში ყოფნის დროს, მარა არც ერთ დროს მსგავსი საჭმელით არ ვუკვებივარ ციხის ადმინისტრაციას. ეს კვება ნაანგარიშებია პატიმრებისთვის გადმოცემების პირობებში. ხოლო მე კი ასეთ გადმოცემებს არა თუ ეხლა, სხვა დროშიდაც კი მოკლებული ვიყავი. მე ფული მაქვს რომ ვიყიდო დამატებითი საკვები.

 

      ამისთვის გთხოვთ გამიუმჯობესოთ დაპატიმრების პირობები შემდეგით: 1) მომეცით საკანი, სადაც ტუსაღთა რიცხვი ნორმალური იქნება, 2) მომეცით პოლიტპატიმართათვის დაწესებული ყოველდღიური სეირნობა, 3) მომეცით ჟურნალ-გაზეთები და წიგნები, 4) მომეცით პოლიტ-პატიმრის ნორმალური კვება - ჩაი, შაქარი, სადილი, ხორცით და ვახშამი.

 

       მე არ გთხოვთ, რომ გამანთავისუფლოთ. მას შემდეგ რაც ამხელად მაინც სრულიად უმიზეზოთ დამაპატიმრეთ და გამოძიება მეათეჯერ მაინც გამიმეორეთ იმ მოღვაწეობისათვის, რომლისთვისაც სასჯელათ 13 წელი გავატარე ციხეებში და გადასახლებაში, მე არ შემიძლია უფრო წყნარი ან ლოიალური ცხოვრება გავატარო, ვიდრე იმ ერთი წლის განმავლობაში, რომელიც გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ გამიტარებია, არავითარ შემთხვევაში არ მეგონა, რომ სამშობლოში მოსვლა და სოფელში რამდენიმე თვით ცხოვრება, ყველასგან განცალკევებული და აბსოლიტურათ ლოიალური, გახდებოდა მიზეზი ახალი დაპატიმრებისა და ისიც წარსული სოციალ-დემოკრატიული მოღვაწეობისათვის. ასეთ პირობებში დამრჩენია მხოლოდ გთხოვოთ: ჩამაყენეთ პოლიტპატიმარის ნორმალურ ციხის პირობებში, ვინაიდგან ეს პატიმრობა დაბედებული მქონებია მაშინაც კი, როცა არავითარ დანაშაულს არ ვგრძნობ.

 

25/VI-36, პოლიტპატიმარი ლ.რუხაძე, საკ. 14.

 

                                   

 

აღნიშნული დოკუმენტების შემდეგ რამდენიმე ტექნიკური ხასიათის დოკუმენტი გაიგზავნა მოსკოვში, ვინაიდან იგეგმებოდა ლევან რუხაძის ხელახალი გადასახლება. 1936 წლის 4 სექტემბერს საბჭოთა კავშირის შინსახკომმა ამიერკავკასიის შინსახკომს აცნობა, რომ ლევან რუხაძე პირველივე ეტაპით ექვემდებარება გაგზავნას ალმა-ათაში, ყაზახეთის შინსახკომის განკარგულებაში. 31 აგვისტოს აღნიშნულის შესახებ დადგენილება ოფიციალურად მიიღო შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სათათბირომაც და იგი გადაასახლეს ყაზახეთში 5 წლის ვადით, ხოლო სასჯელის ათვლის საწყის თარიღად განუსაზღვრეს 1936 წლის 11 მაისი.

 

 

1936 წლის დოკუმენტებში შორის ცალკე აღნიშვნის ღირსია 1 ივლისს შედგენილი ანკეტა - მემორანდუმი, რომელსაც ხელს აწერენ მდივანი და სულთანიშვილი. ანკეტის ერთ-ერთ პუნქტზე - „შესაძლოა თუ არა მსჯავრდებულის გადაბირება („დავერბოვკება“) რაიმე სახის სამუშაოზე“ - პასუხად დაფიქსირებულია - „გადმობირებაზე არ წამოვა“.

 

 

რუსეთი სოციალურ-პოლიტიკური ისტორიის სახელმწიფო არქივში (РГАСПИ) დაცულია საქ. კომპარტიის ცკ-ს მდივნის, ლავრენტი ბერიას, 1937 წლის 8 ივლისს სტალინისთვის და რეპრესიების მთავარი განმახორციელებლის, ეჟოვისთვის მოსკოვში გაგზავნილი წერილი. ბერია პოლიტბიუროს მაღალჩინოსნებს აცნობებს პირველი (დახვრეტა) და მეორე (გადასახლება) კატეგორიებით აღრიცხვაზე მყოფი ადამიანების რაოდენობას და იქვე აზუსტებს, რომ ამ რაოდენობაში არ შედიან  გადასახლებიდან დაბრუნებული და გადაუსახლებელი ანტისაბჭოთა პარტიების ის წევრები, რომლებიც აქტიურ კონტრრევოლუციურ საქმიანობას ეწევიან. ბერია წერს, რომ ასეთი 2000-მდე ადამიანი მოგროვდება. წერილს თან დაერთვის რეზოლუციები: დამტკიცდეს (Утв.). სტ. (სტალინი), ვ. მოლოტოვი, კაგანოვიჩი, ამხ. მოლოტოვი - ვეთანხმები (За), ამხ. ჩუბარი - ვეთანხმები (За), ამხ. მიქოიანი - ვეთანხმები (За).

 

 

ბერიას წერილი (შიფროგრამა) სტალინს. წყარო: РГАСПИ. Ф. 17. Оп. 166. Д. 575. Л. 107.

 

საბოლოოდ, სწორედ ამ 2000-მდე ადამიანს შორის მოხვდა ლეო რუხაძეც... პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა თანადგომის საზოგადოება - „მემორიალის“ ბაზაში იძებნება ინფორმაცია ლევან რუხაძეზე, რომლის მიხედვით გადასახლებაში მყოფი ლევან რუხაძე აღმოსავლეთ ყაზახეთის შინსახკომმა დააპატიმრა 1937 წლის 16 აპრილს, ხოლო 23 ოქტომბერს მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა.[11]

 

ლევან რუხაძის საქმეში 2 დოკუმენტი გვიანდელი პერიოდიდანაა: პირველი მათგანი 1960 წლის 10 მაისს, ყაზახეთის სემიპალატინსკის ოლქის უშიშროების კომიტეტიდან საქართველოს უშიშროების კომიტეტის საარქივო-სააღრიცხვო განყოფილებაში გამოგზავნილი ანკეტაა, რომლის თანახმად, ლევან რუხაძე 1937 წელს აღმოსავლეთ ყაზახეთში სამეულის გადაწყვეტილებით დახვრიტეს.

 

 

მეორე დოკუმენტია 1989 წლის 14 აგვისტოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც ლევან პორფირეს ძე რუხაძე ხვდება სსრკ უზენაესი საბჭოს 1989 წლის 16 იანვრის ბრძანებულების - „1930-40 და 1950-იანი წლების დასაწყისის პერიოდის რეპრესიების მსხვერპლთა სამართლიანობის აღდგენის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ - მოქმედების ქვეშ. დოკუმენტს ხელმოწერით ამტკიცებს საქართველოს სსრ პროკურორი, სახელმწიფო მრჩეველი ვ.ა. რაზმაძე. საინტერესოა რომ ლევან რუხაძის რეაბილიტაცია არ მომხდარა 50-იან წლებში, საბჭოთა კავშირში რეაბილიტაციის ძირითადი ტალღის დროს.

 

დასკვნა

 

ლევან რუხაძის შესახებ საზოგადოებისთვის ბევრი რამ ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი და მისი მოღვაწეობა მხოლოდ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მცოდნე ვიწრო სპეციალისტებმა იცოდნენ. თუმცა, დაკავების საქმეებში ჩანს მისი, როგორც პოლიტიკური მოღვაწის ავტორიტეტი, ასევე მისი ხასიათის სიმტკიცე - თითქმის არც ერთი დაკითხვის დროს არ გასცეს თანამოაზრეები და კითხვებს მაქსიმალურად ზოგადად უპასუხოს. ყველაფერი ეს იმის გათვალისწინებით, რომ 1930-იან წლების რეპრესიებისას НКВД პრაქტიკაში იყენებდა ფიზიკური ზემოქმედების (წამების) გზას, ხოლო 1937 წლიდან ეს უკვე ოფიციალურად, სტალინის უშუალო ბრძანებით ხდებოდა.[12]

 

ოჯახში დაცული საარქივო საქმეების შესწავლამდე ლეო რუხაძის ბიოგრაფიის მრავალი ფაქტი იყო დაუზუსტებელი:

 

1922 წელი მისი დაკავების სავარაუდო წლად მიიჩნეოდა, საგამოძიებო საქმით კი დგინდება, რომ ის ნამდვილად დააპატიმრეს 1922 წლის ოქტომბერში.

 

ლეო რუხაძის დაბადების თარიღად მითითებული იყო 1884 წელი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. 1884 წელს დაბადება შეუძლებელია, რადგან ამ შემთხვევაში გრიგოლ ლორთქიფანიძესთან (1881-1937) მისი ასაკობრივი სხვაობა სულ 3 წელი იქნებოდა. ამავდროულად, ცნობილია, რომ გრიგოლი ლევანს შვილობილს უწოდებდა, ხოლო ეს უკანასკნელი მას  ̶  მამობილს. აგრეთვე მათ საერთო ფოტოზე თვალშისაცემია ასაკებს შორის 3 წელზე მეტი სხვაობა.

 

 

ლევან რუხაძე და გრიგოლ ლორთქიფანიძე გადასახლებაში. წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

 

IDFI-ის მიერ შესწავლილი ორი საგამოძიებო საქმის ანკეტებში ფიქსირდება სხვადასხვა თარიღი - ლევან რუხაძე დაიბადა 1891 ან 1893 წლის 1 ივლისს. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ - საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრის მიერ შევსებულ ანკეტაში, ლევან რუხაძე დაბადების თარიღად უთითებს 1894 წელს.

 

 

ლეო რუხაძის აქამდე ცნობილ ბიოგაფიაში არსად იყო ნახსენები ის ფაქტი, რომ იგი აფხაზეთში იყო წარგზავნილი მთავრობის წარმომადგენლად და სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად ახალციხე-ახალქალაქი-ბორჯომის რაიონებში მოღვაწეობის შემდეგ. აფხაზეთის საკითხი იმ პერიოდშიც პრობლემურად იდგა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში - ცალკე „თეთრების“ მოძრაობა დენიკინის მეთაურობით და ცალკე ბოლშევიკები ცდილობდნენ რეგიონში გაბატონებას, რისთვისაც ადგილობრივ სეპარატისტულ ძალებს იყენებდნენ. საქართველოს რესპუბლიკა აფხაზეთში მხოლოდ გამოცდილ პოლიტიკოსებს აგზავნიდა, ვისაც შეეძლო მრავალ პრობლემას გამკლავებოდა. 1921 წლის ბოლშევიკურმა ოკუპაციამ ლევან რუხაძეს სწორედ აფხაზეთში, საქართველოს საზღვართან, გაგრასთან მოუსწრო  - 17 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-9 არმიის 31-ე დივიზია აფხაზეთში შეიჭრა. საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ საზღვართან განლაგებული ძალები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ. 22 თებერვალს საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს გაგრა და მდინარე ბზიფის სანაპიროებთან გამაგრდნენ. 1 მარტს საბჭოთა არმიამ დაიწყო შეტევა ახალი ათონის მიმართულებით. 3 მარტს საბჭოთა ჯარებმა გაარღვიეს ახალი ათონის დაცვა, 4 მარტს აიღეს სოხუმი და იქ გამოაცხადეს საბჭოთა ხელისუფლების დამყარება. 6 მარტს არსებობა შეწყვიტა აფხაზეთის დროებითმა რევკომმა და ძალაუფლება გადაეცა კავბიუროს მიერ შექმნილ საოკუპაციო ორგანოს - რევკომს. თავმჯდომარე გახდა ე. ეშბა, წევრები: ნ. ლაკობა და ნ. აქირთავა.[13] ლეო რუხაძის 1922 წლის დაპატიმრების საქმეში არსებული დოკუმენტებიდან გამომდინარე სავარაუდოა, რომ ლევან რუხაძეს აღნიშნული, ჯერ კიდევ სრულად შეუსწავლელი მოვლენების ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო.

 

ლეო რუხაძე ყაზახეთში საბოლოო დაპატიმრებამდე, რის შემდეგაც მას დახვრეტა მიუსაჯეს, საქართველოდან გადაასახლეს. მისი ბიოგრაფიის ამ უმნიშვნელოვანესი დეტალის შესახებ ახლად გამოვლენილი საარქივო მასალიდან გახდა ცნობილი. 1935 წელს იგი საქართველოში დაბრუნდა და სამშობლოში აპირებდა ცხოვრების გაგრძელებას, თუმცა მას ამის საშუალება რეპრესიულმა სისტემამ არ მისცა.

 

დოკუმენტებით დგინდება 1930-იან წლებში პატიმრების ზოგადი მდგომარეობა ციხეებში: გადავსებული საკნები, არასაკმარისი კვება, ინფორმაციული ვაკუუმი და ჰაერზე სეირნობის აკრძალვა. ყველაფერი აღნიშნული მიმართული იყო პოლიტპატიმრების მდგომარეობის გაუარესებისკენ, რათა პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულთა მიმართ დამატებითი ზეწოლა და დისკომფორტი შეექმნათ და მათი ჩვენებების საფუძველზე, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიეცათ პასუხისგებაში. თუმცა, ლეო რუხაძის გატეხა არ წარმოადგენდა ადვილ საქმეს, როგორც ერთ-ერთი ანკეტაში აღნიშნულია - „ის არ ექვემდებარებოდა გადაბირებას“.

 

დოკუმენტებით კიდევ ერთხელ დასტურდება 1930-იანი წლების „სტალინური ტერორის“ აბსურდული ხასიათი: პასუხისგებაში მიეცათ და სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიესაჯათ სრულიად უდანაშაულო ადამიანებისთვის...

 

ოჯახში დაცული საარქივო საქმეებით მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის, ლევან რუხაძის ბიოგრაფიის მრავალი აუცილებელი და აქამდე უცნობი დეტალი დაზუსტდა. უახლოეს მომავალში IDFI შეისწავლის და გამოაქვეყნებს ლევან რუხაძის ორი ძმის, პოლიკარპე და ივანე რუხაძეების, საგამოძიებო საქმეებსაც.

 

 

__________

 

[1]გარდა ამისა, საქმეში ფიგურირებს 1991 წლის 20 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მე-10 განყოფილების ხელმძღვანელის, მამია ალასანიას, წერილი აფხაზეთის ასსრ უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, პოლკოვნიკ ბერულავასადმი.

 

[2]ერთადერთი საქმე, რომელშიც ინახება დაკავებულის, ლევან რუხაძის, ფოტო.

 

[3]აღნიშნული 5 საქმიდან, ზოგიერთის დასაწყისში მოთავსებულია ე.წ. „შემაჯამებელი ფურცელი“, სადაც აღნიშნულია რამდენი ფურცელია საქმეში. იქ სადაც შემაჯამებელი ფურცელი არ ფიგურირებს, მოცულობა განსაზღვრულია სკანირებული კადრების (გვერდების) რაოდენობით.

 

[4]პოლიკარპე რუხაძის საგამოძიებო საქმეში მოთავსებულია 1991 წლის 20 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მე-10 განყოფილების ხელმძღვანელის, მამია ალასანიას წერილი, რომლის თანახმადაც იგი საქმეს გაცნობის მიზნით უგზავნის აფხაზეთის ასსრ უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, პოლკოვნიკ ბერულავას. სავარაუდოდ, სწორედ ბერულავასგან გადაეცა საქმეები რუხაძეების ნათესავს.

 

[5]წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო გადასახადის აღრიცხვის დავთრები და წევრთა სიები, 1916-1916.

 

[6] „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919, 24 ივნისი.

 

[7] http://firstrepublic.ge/ka/biography/169

 

[8] სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) მიმართულების ქართული ყოველდღიური პოლიტიკურ-ლიტერატურული გაზეთი. გამოდიოდა არაპერიოდულად. 1914 წლის მარტ-აგვისტოში გამოდიოდა ქუთაისში სხვადასხვა სახელწოდებით: „აზრი“, „ახალი აზრი“, „ჩვენი აზრი“, „თანამედროვე აზრი“. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბილისი, 1977, გვ. 84.

 

[9] ბაილოვის ციხე - ბაქოსთან ახლომდებარე სოფელ ბაილოვოში მდებარე ციხე, რომელიც ფუნცქიონირებდა 1880-იანი წლებიდან. 1908 და 1910 წლებში ციხეში ორჯერ განამწესეს იოსებ ჯუღაშვილი (სტალინი), სადაც მან საერთო ჯამში 13 თვე გაატარა.

 

[10] 1936 წლის საქმის ამ და სხვა ანკეტებში 1922 წლის საგამოძიებო საქმისგან განსხვავებით, დაბადების თარიღად ყველგან ფიქსირდება 1893 წელი.

 

[11] https://base.memo.ru/person/show/3009105

 

[12] იხ.: https://bessmertnybarak.ru/article/pytki_nkvd/

 

[13] თამრიკო ლეკიაშვილი, აფხაზეთი 1918-1921 წლებში, სადისერტაციო ნაშრომი, თბილისი, 2018, გვ. 129.

 

/public/upload/Analysis/Levan Rukadze Doc1.pdf

 

/public/upload/Analysis/Levan Rukadze Doc2-min.pdf

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024