იმერეთის რეგიონში სპორტის მუნიციპალური პოლიტიკის და მერიებს დაქვემდებარებული სპორტული ორგანიზაციების საქმიანობის ანალიზი

ბლოგპოსტები | ადგილობრივი მმართველობა 17 იანვარი 2022

ანალიტიკური სტატიის ავტორია ანატოლი კორეპანოვი და ის დაიწერა კონკურსისთვის „მონაცემები ცვლილებებისთვის“. კონკურსი ჩატარდა IDFI-ის მიერ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ვიშეგრადის გრანტების პროგრამით, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული იდეების წახალისება. ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პოზიციას.

 

ანატოლი კორეპანოვი არის კონკურსის გამარჯვებული - ადგილის მფლობელი.

 

მთავარი მიგნებები

 

- იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2021 წელს სპორტზე გამოყოფილი დაფინანსება 19,000,000 ლარს აღემატება. მუნიციპალიტეტების მთლიან ბიუჯეტში სპორტზე გამოყოფილი ასიგნებების წილი არაერთგვაროვანია და 2.66%-დან 14%-მდე მერყეობს. ყველაზე მსხვილი სპორტის პროგრამა აქვს ქუთაისის მერიას - 9,123,900 ლარი.

 

- რეგიონში მოქმედებს მერიებს დაქვემდებარებული 27 სპორტული ორგანიზაცია, რომელთა საერთო წლიური ბიუჯეტი 12,000,000 ლარს აღემატება. ყველაზე მეტი - 6 სასპორტო დაწესებულება სამტრედიაში ფუნქციონირებს.

 

- რეგიონის სპორტულ დაწესებულებებში დასაქმებულია 1,538 პირი, მათი უმრავლესობა - 73% - მამაკაცია. ორგანიზაციების მართვაში ჩართულ 46 ხელმძღვანელს შორის მხოლოდ ერთი ქალია.

 

- ზოგიერთი სპორტული ორგანიზაციის შემთხვევაში, ერთი სპორტული სექციის მართვაში (მაგ.: ფეხბურთი)  ჩართულია 35-ზე მეტი თანამშრომელი.

 

- იმერეთში ფუნქციონირებს 200-მდე სპორტული სექცია, რომელშიც რეგისტრირებულია 9,104 ბენეფიციარი (კაცი - 83%; ქალი - 17%). ბენეფიციართა საშუალო ასაკი 8-დან 22 წლამდე მერყეობს. რეგიონის მასშტაბით არც ერთი გოგონა არ ირიცხება შემდეგ სპორტულ სექციებში: რაგბი, ფრენბურთი, კრივი, ჭიდაობის სახეობები, ველოსპორტი.

 

- 25 სპორტული ორგანიზაციიდან მხოლოდ ორს გააჩნია შშმ პირთათვის განკუთვნილი სპეციალური სპორტული პროგრამა. მასში 33 ბენეფიციარია ჩართული

 

- სპორტული ორგანიზაციების 649 მწვრთნელიდან 597 მამაკაცია. ხარაგაულში, მწვრთნელებს შორის არც ერთია ქალი, ხოლო ბაღდათში, ხონში, ტყიბულსა და საჩხერეში თითო ქალი მწვრთნელია.

 

- ქალი მწვრთნელების საშუალო თვიური მინიმალური ანაზღაურება 337 ლარია, ხოლო საშუალო მაქსიმალური - 425 ლარი. კაცი მწვრთნელების შემთხვევაში ანალოგიური მონაცემებია 350 და  675 ლარი.

 

- არც ერთ სპორტულ დაწესებულებას არ გააჩნია სპორტში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პოლიტიკა.

 

- რეგიონის არც ერთი ორგანიზაცია არ აქვეყნებს საქმიანობასთან დაკავშირებულ ძირითად ინფორმაციას (წესდება, რეგულაციები, ბიუჯეტი, სექციების საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემები).

 

შესავალი

 

წინამდებარე დოკუმენტში გაანალიზებულია იმერეთის რეგიონის 11 მუნიციპალიტეტის (12-დან)[1] სპორტის პოლიტიკა და პროგრამული ხარჯები, ასევე მიმოხილულია მერიებს დაქვემდებარებული სპორტული ორგანიზაციების -არაკომერციული (ააიპ) და შეზღუდული პასუხისმგებლობის (შპს) იურიდიული პირების საქმიანობის არაერთი ასპექტი: გამჭვირვალობა, ფინანსები და შემოსავლის წყაროები, მოქმედი პროგრამები და ბენეფიციართა ჯგუფები, მწვრთნელთა კვალიფიკაცია და ანაზღაურება, აგრეთვე  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სპორტში ჩართულობის ხელშეწყობად არსებული მიდგომები.

 

ანალიზი ეფუძნება სამაგიდე კვლევას, რომლის ფარგლებში დამუშავდა მუნიციპალიტეტების მერიებისგან მიღებული ინფორმაცია (2021 წლის მაისი-ივნისი) და საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემები.

 

იმერეთის მუნიციპალიტეტების სპორტის პოლიტიკის ფინანსური განზომილება

 

იმერეთის მუნიციპალიტეტები, დარგობრივი სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელ ორგანოებთან კოორდინაციით[2], „სპორტის განვითარებისთვის პროგრამებს“ ახორციელებენ. სპორტის პოლიტიკის განხორციელება, რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ბიუჯეტების პროგრამული კოდის 05 01 ფარგლებში ფინანსდება. ეს საბიუჯეტო პროგრამა ემსახურება სპორტული ღონისძიებების ორგანიზებას და მომსახურების შესყიდვას, ორგანიზაციების (მათ შორის სპორტის ააიპ-ების და შპს-ები) ფინანსურ მხარდაჭერას, სპორტული ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაციასა და ფუნქციონირების უზრუნველყოფას, სპორტსმენების ხელშეწყობას და სხვ. 

 

„სპორტის განვითრების პროგრამების“ ძირითადი მიზანია მოზარდებისა და ახალგაზრდების სპორტში ჩართულობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა და ნიჭიერი სპორტსმენების გამოვლენა. 11-დან 8 მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, ეს პროგრამა ქვეპროგრამებსაც აერთიანებს, მაგალითად „სპორტული მოედნების მშენებლობა და რეკონსტრუქცია“, „სპორტული ღონისძიებების დაფინანსება“ და სხვ.

 

2021 წელს, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში, სპორტის პროგრამის (კოდი 05 01)  წილი არაერთგვაროვანია და 2.66%-დან 14%-მდე მერყეობს. ყველაზე მცირებიუჯეტიანი სპორტის პროგრამა აქვს ხონის მუნიციპალიტეტს - 325,200 ლარი, ხოლო ყველაზე მსხვილი ქუთაისის მერიას - 9,123,900 ლარი. ბაღდათის, ხარაგაულის, თერჯოლის, ვანისა და ტყიბულის შესაბამისი პროგრამების საშუალო მოცულობა 496,220 ლარია, ხოლო წყალტუბოს, საჩხერეს, ჭიათურისა და სამტრედიისთვის ეს მაჩვენებელია 1,520,950 ლარი. ცხრილში N1 ასახულია მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები და სპორტული პროგრამების ასიგნებები (იხილეთ დანართი).

 

სპორტული ორგანიზაციები და მათი დაფინანსება

 

მუნიციპალური სპორტული პროგრამირების ძირითად განმახორციელებლებს მერიების დაქვემდებარებაში მოქმედი სპორტული ააიპ-ები და შპს-ები წარმოადგენენ, მათ შორის: სპორტული სკოლები, ცენტრები, კლუბები და სხვა დაწესებულებები. მუნიციპალიტეტების სპორტული პროგრამის (05 01) დაფინანსების დიდი ნაწილი ამ დაწესებულებების საქმიანობას ხმარდება. იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში სულ 27  სპორტული ააიპ და შპს ფუნქციონირებს[3]. ყველაზე მეტი სპორტული დაწესებულება (6) სამტრედიის მერიის დაქვემდებარებაშია. მათი 2021 წლის ჯამური ბიუჯეტი 866,900 ლარია. ქუთაისში ოპერირებს 4 ორგანიზაცია, რომელთა ბიუჯეტის საერთო მოცულობა 5,689,480 ლარს უტოლდება. სპორტული დაწესებულებების ჩამონათვალი და მათი ბიუჯეტები ასახულია ცხრილში N2 (იხილეთ დანართი).

 

გრაფიკი 1. მერიებს დაქვემდებარებული ააიპ-ებისა და შპს-ების რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით

 

 

ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტებიდან მიღებული დაფინანსების გარდა, სპორტულ ააიპ-ებსა  და შპს-ებს ალტერნატიული შემოსავლის მიღების უფლებაც აქვთ. ანალიზმა აჩვენა, რომ 2021 წლის ივნისის მდგომარეობით, 25-დან 12 ორგანიზაციას ალტერნატიული შემოსავალი არ გააჩნია. 4 ორგანიზაციის შემთხვევაში, ხელისუფლებისგან მიღებულ დაფინანსებასთან მიმართებაში სხვა შემოსავლის მოცულობა 7%-დან 13%-მდე მერყეობს. ყველაზე მსხვილი ალტერნატიული შემოსავლის მქონეა შპს „საფეხბურთო კლუბი ქუთაისის მართვე“ - 36,480 ლარი (17,7%), ააიპ „საფეხბურთო კლუბი სულორის ვანი“ – 50,000 (23,8%) და ააიპ „საჩხერის საცურაო აუზი“ – 98,000 ლარი (46%). კერძო შემოსავალის ძირითადი წყაროებია ეროვნული სპორტული ფედერაციების გრანტები, ფართის/ობიექტის გაქირავება და მომსახურების სააბონენტო გადასახადები. ცხრილში N3 ასახულია ორგანიზაციების კერძო შემოსავლების მოცულობები 2019-2021 წლებში (იხ. დანართი).

 

აღსანიშნავია, რომ ბენეფიციარებისთვის სპორტული ორგანიზაციების მომსახურებით სარგებლობა უფასოა, გამონაკლისს წარმოადენს ააიპ „საჩხერის საცურაო აუზი“. აუზის უფასო მომსახურებით სარგებლობენ მხოლოდ ააიპ-ში შექმნილი კლუბის წევრები, რომლებიც ემზადებიან სპორტული კარიერისთვის.

 

ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობა

 

27 სპორტული ორგანიზაციიდან ოფიციალური ვებგვერდი არც ერთს გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ 15 სპორტულ დაწესებულებას აქვს მოქმედი ანგარიში სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, არც ერთ მათგანს არ აქვს გამოქვეყნებული წესდება, შიდა რეგულაციები, ორგანიზაციის ხელმძღვანელების ბიოგრაფიული ცნობები, ასევე არ მოიპოვება მონაცემები მოქმედი სპორტული სექციების, ბენეფიციარებისა და დასაქმებული მწვრთნელების რაოდენობის შესახებ.

 

საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პროცესში, სამტრედიის მერიის ააიპ „საცხენოსნო სპორტულმა კლუბმა“ და ააიპ „კომპლექსურმა სპორტულმა სკოლამ“ ვერ წარმოადგინა ინფორმაცია სპორტული სექციებისა და ბენეფიციარების რაოდენობის შესახებ. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ამ დაწესებულებებს არ გააჩნიათ ბენეფიციართა აღრიცხვიანობის გამართული სისტემა.

 

ორგანიზაციების მართვა და პერსონალი

 

სპორტის ააიპ-ებსა და შპს-ებში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობის მიხედვით, ყველაზე მსხვილია ააიპ „ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება“. ამ ორგანიზაციაში ფუნქციონირებს 41 სპორტული სექცია და მასში 512 ადამიანია დასაქმებული (მწვრთნელების ჩათვლით). მომსახურების მრავალფეროვნებით გამოირჩევა თერჯოლის ააიპ „სპორტული სკოლა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუნიციპალური ცენტრი“ – 23 სექცია (70 თანამშრომელი), ასევე ჭიათურის ააიპ „კომპლექსური სასპორტო სკოლა N27“ – 14 სექცია (119 თანამშრომელი) და „საჩხერის სასპორტო სკოლა“ – 14 (85 თანამშრომელი).

 

ანალიზის ფარგლებში შეფასდა ორგანიზაციებში თანამშრომლებისა და სექციების თანაფარდობა. ჭიათურის ააიპ „ბავშვთა და მოზარდთა საფეხბურთო სკოლაში“ ფეხბურთის სექციის მართვაში 40 თანამშრომელი მონაწილეობს, ააიპ „ საფეხბურთო კლუბში სულორის ვანი“ – 37, შპს „კალათბურთის კლუბში ქუთაისი 2010“ – 30, ხოლო ვანის ააიპ „სარაგბო კლუბში აეტი“ – 17. სპორტულ ორგანიზაციებში მოქმედი სექციების, თანამშრომლებისა და მწვრთნელების რაოდენობა ასახულია ცხრილში N4 (იხ. დანართი).

 

აღსანიშნავია სპორტულ ორგანიზაციებში ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულთა  გენდერული დისბალანსი. 46 ხელმძღვანელიდან ქალი არის მხოლოდ ერთი (ააიპ „საჩხერის საცურაო აუზი“). იმერეთის რეგიონის 25 სპორტულ ორგანიზაციაში ჯამში 1538 პირია დასაქმებული, საიდანაც ქალები - 27%-ს, ხოლო კაცები - 73%-ს შეადგენენ (იხ. ცხრილი N4).

 

სპორტული სექციები და ბენეფიციარები

 

იმერეთში ჯამში 200-მდე სპორტული სექცია მოქმედებს. სპორტული სახეობების მიხედვით, ყველაზე მეტი სექცია ფუნქციონირებს შემდეგ სახეობებში: საბრძოლო ხელოვნება/კარატეს სახეობები - 22,  ჭიდაობა (ბერძნულ-რომაული, თავისუფალი) – 17, ჭადრაკი - 11, ფეხბურთი - 10, კალათბურთი - 10, ძიუდო - 10, რაგბი - 9, კრივი კი - 7. 

 

გრაფიკი 2. იმერეთის რეგიონში მოქმედი სექციების რაოდენობა სპორტული სახეობების [4] მიხედვით 

 

 

რეგიონის სპორტულ სექციებში ჯამში დაახლოებით 9104 ბენეფიციარი ირიცხება. მათი უმრავლესობა - 83% - ბიჭია, ხოლო გოგონათა რაოდენობა 1525 შეადგენს. ქალებს შორის (რეგისტრირებულ ბენეფიციართა რაოდენობის გათვალისწინებით) ყველაზე პოპულარული სპორტული სახეობებია: ტანვარჯიში - 354, ჭადრაკი - 209, კალათბურთი - 144, ფრენბურთი - 133, ფეხბურთი - 102, ფიგურული ციგურაობა - 101, ხელბურთი - 92. მუნიციპალიტეტებს შორის, სპორტულს სექციებში, ყველაზე მეტი გოგონა ირიცხება ქუთაისში - 905, საჩხერეში - 100, სამტრედიაში - 75, ხოლო წყალტუბოში - 73. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში ბენეფიციარ გოგონათა  საშუალო რაოდენობა 50-ს შეადგენს. რეგიონში არც ერთი გოგონა არ ირიცხება შემდეგ სახეობებში: რაგბი, ფრენბურთი, კრივი, ჭიდაობის სახეობები, ველოსპორტი[5].

 

ბენეფიციართა შორის დიდი გენდერული დისბალანსის მიუხედავად, არც ერთი სპორტული დაწესებულება არ ახორციელებს სპორტში გენდერული თანასწორობისკენ მიმართულ პოლიტიკას.

 

გრაფიკი 3. სპორტული სახეობები, სადაც ყველაზე მეტი გოგონა ბენეფიციარია რეგისტრირებული.

 

 

სექციებში რეგისტრირებული ბიჭების ბენეფიციარების რაოდენობის გათვალისწინებით, ყველაზე პოპულარული სპორტული სახეობებია: რაგბი (1141 ბენეფიციარი), ფეხბურთი (721), ძიუდო (671), ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (566), კალათბურთი (549), თავისუფალი ჭიდაობა (481), ჭადრაკი (433), კრივი (410), საბრძოლო ხელოვნება/კარატეს სახეობები (379). რაოდენობრივად ყველაზე ცოტა მამაკაცი რეგისტრირებულია შემდეგ სახეობებში: ბადმინტონი (9), ფუტსალი (14), ტყვიის სროლა (16), ფიგურული ციგურაობა (23). 

 

გრაფიკი 4. სპორტული სახეობები, სადაც ყველაზე მეტი მამაკაცი ბენეფიციარია რეგისტრირებული.

 

 

მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე მეტი ბიჭი რეგისტრირებულია ქუთაისში (3,589), ჭიათურაში (904), საჩხერესა (510) და წყალტუბოში (465). დანარჩენ მუნიციპალიტეტში, საშუალოდ, რეგისტრირებულია 287 ბენეფიციარი მამაკაცი.

 

ბენეფიციართა (გოგო/ბიჭი) საშუალო მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 8 წელია, ხოლო ზედა ასაკობრივი ზღვარი - 22. თუ გავაკეთებთ დაშვებას, რომ იმერეთის სპორტულ სექციებში ყველა ბენეფიციარი (9,104) 8-დან 22-წლამდეა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რეგიონში მცხოვრები ამ ასაკობრივი კატეგორიის მოქალაქეებიდან[6] მხოლოდ 10% არის რეგისტრირებული მუნიციპალურ სპორტულ დაწესებულებებში.

 

მწვრთნელები და მათი ანაზღაურება

 

იმერეთის სპორტულ დაწესებულებებში სულ 649 მწვრთნელი (მამაკაცი - 597, ქალი -52) მოღვაწეობს. აღსანიშნავია, რომ ხარაგაულში, მწვრთნელებს შორის არც ერთი ქალი არ არის, ხოლო ბაღდათში, ხონში, ტყიბულსა და საჩხერეში მწვრთნელის პოზიციაზე თითო ქალია წარმოდგენილი.

 

მწვრთნელთა დიდ ნაწილს (75%) გააჩნია შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციის, ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს ლიცენზია. ლიცენზირების მაჩვენებელი ქალებში უფრო მაღალია (88%), ვიდრე კაცებში (73%). მუნიციპალიტეტებისა და დაწესებულებების მიხედვით მწვრთნელთა რაოდენობა, მათი კვალიფიკაცია და საათობრივი დატვირთვა ასახულია ცხრილში N5 (იხ. დანართი) 

 

მნიშვნელოვნად განსხვავდება მწვრთნელთა საშუალო თვიური საათობრივი დატვირთვა გენდერულ ჭრილში (მუნიციპალიტეტების მიხედვით). საშუალოდ, ქალი მწვრთნელები თვეში 35 საათს, ხოლო კაცები - 52 საათს მუშაობენ.

 

განსხვავებულია ქალთა და კაცთა საშუალო მინიმალური და მაქსიმალური თვიური ანაზღაურება. მუნიციპალიტეტების მიხედვით, ქალი მწვრთნელების საშუალო თვიური მინიმალური ანაზღაურება 337 ლარია, ხოლო საშუალო მაქსიმალური - 425 ლარი. კაცი მწვრთნელების შემთხვევაში ანალოგიური მაჩვენებლები 350 და  675 ლარს უტოლდება.

 

გრაფიკი 5. მუნიციპალიტეტში მოქმედ დაწესებულებებში მომუშავე მწვრთნელთა საშუალო თვიური საათობრივი დატვირთვა, საშუალო მინიმალური და მაქსიმალური ანაზღაურების ჭერები, ლარში (გენდერის ჭრილში)[7]

 

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა  ჩართულობა იმერეთში დიდ გამოწვევას წარმოადგენს შშმ პირთა მომსახურებისა და მათთვის ადაპტირებული გარემოს უზრუნველყოფის საკითხი. 25 სპორტული ორგანიზაციიდან მხოლოდ ააიპ „ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებას“ (ფილიალები N11 და N15)  და ააიპ „ბაღდათის სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრს“ გააჩნია შშმ პირებისთვის განკუთვნილი ადაპტირებული პროგრამები, მათ შორის:  მაგიდის ჩოგბურთი, მკლავჭიდი, ფარიკაობა და ბოჩა. ბაღდათის სპორტულ დაწესებულებაში რეგისტრირებულია 15 შშმ ბენეფიციარი. ამასთან, სპორტულ ობიექტს გააჩნია პანდუსები, ადაპტირებული საშხაპე და საპირფარეშო. ქუთაისის სპორტულ გაერთიანებაში რეგისტრირებულია 18 ბენეფიციარი. ორი ფილიალის შენობის ადაპტაციის დონე მხოლოდ პანდუსს ითვალისწინებს.

 

დასკვნა

 

- იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტის მერია ყოველწლიურად გამოყოფს დაფინანსებას სპორტის სფეროსთვის. მიმდინარე წელს მისი საერთო მოცულობა 19 მლნ. ლარს აღემატება. მუნიციპალიტეტების მიხედვით, მერიების მთლიან ბიუჯეტში სპორტული პროგრამების წილი არაერთგვაროვანია და 2.6%-დან 14%-მდე მერყეობს. რეგიონში მერიებს დაქვემდებარებული 27 სპორტული ორგანიზაციის (ააიპ, შპს) დაფინანსების წილი სპორტის პროგრამის მთლიან ასიგნებებში 67% აღემატება.

 

- რეგიონის სპორტულ ორგანიზაციებში ჯამში 1538 პირია (73% კაცი, 27% ქალი) დასაქმებული. გენდერულ ჭრილში გამოწვევას წარმოადგენს ორგანიზაციის მართვასა და სამწვრთნელო საქმიანობაში  ქალთა დაბალი ჩართულობა (46 ხელმძღვანელი პოსტიდან, მხოლოდ ქალი მხოლოდ 1 პოსტზეა წარმოდგენილი; ქალი მწვრთნელების წილი 8%-ია).

 

- იმერეთის რეგიონში 2020 წელს არსებულ საშუალო ნომინალურ ხელფასთან შედარებით - 842.6 ლარი (საქსტატი), მწვრთნელთა ანაზღაურება უფრო დაბალია. კერძოდ, ქალი მწვრთნელების მაქსიმალური თვიური ანაზღაურება -  425 ლარია, ხოლო კაცების - 675 ლარი.

 

- სპორტული ორგანიზაციების ბენეფიციართა ძირითად ჯგუფს 5-დან 22 წლამდე ასაკის ბავშვები და ახალგაზრდები წარმოადგენენ, რომლებიც რეგიონის მასშტაბით 200-ზე მეტ სპორტულ სექციაზე/წრეზე არიან რეგისტრირებულნი. ბენეფიციართათვის სპორტული მომსახურება უფასოა (გამონაკლისია საცურაო აუზის სააბონენტო მომსახურება). თვალშისაცემია ბენეფიციართა შორის გენდერული დისბალანსი (ბიჭი - 83%; გოგო - 17%). ზოგიერთ სპორტულ წრეზე (მაგ.: რაგბი, კრივი, ჭიდაობა და სხვ) კი არც ერთი გოგო ირიცხება.

 

- გამოწვევას წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპორტულ ობიექტებზე ფიზიკური ხელმისაწვდომობა და მათთვის ადაპტირებული სპორტული სერვისების მიწოდება. 25 სპორტული ორგანიზაციიდან მხოლოდ ორს გააჩნია სპეციალური სპორტული პროგრამა, რომელშიც ჯამში 33 ბენეფიციარია ჩართული.

 

- არც ერთ სპორტულ ორგანიზაციას არ გააჩნია სპორტში  გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით გაწერილი მიზნები. არსებული გენდერული უთანასწორობა მნიშვნელოვნად აფერხებს საჯარო მატერიალურ და ფინანსურ  რესურსზე გოგონათა ხელმისაწვდომობას.

 

- გამოწვევას წარმოადგენს სპორტული ორგანიზაციების საქმიანობაში გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. არც ერთ ორგანიზაციას არ გააჩნია ოფიციალური ვებგვერდი, 15-ს აქვს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მოქმედი ანგარიში. ორგანიზაციები არ იყენებენ წესდებების, ბიუჯეტების, შიდა რეგულაციების, ხელმძღვანელი პირების ბიოგრაფიული ცნობებისა და მოქმედი სექციების/ბენეფიციარების შესახებ მონაცემების გამოქვეყნების პრაქტიკას.

 

იხილეთ დანართი.

 

[1] 11 მუნიციპალიტეტი: ხონი, ბაღდათი, ხარაგაული, თერჯოლა, ვანი, ტყიბული, წყალტუბო, საჩხერე, ჭიათურა, სამტრედია, ქუთაისი. ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა არ წარმოადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია, ანალიზის ძირითად ნაწილში არ არის ასახული ზესტაფონის მონაცემები.

 

[2] ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 16, პუნქტი 4.

 

[3] წინამდებარე ანალიზის ძირითად ნაწილში გამოკვლეულია 25 ორგანიზაციის საქმიანობა. კვლევაში არ არის ასახული ზესტაფონის მერიის ორგანიზაციებისგან ა(ა)იპ სიმონ საყვარელიძის სპორტული სკოლა“ და ააიპ „მ.სალაძის სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუნიციპალური ცენტრი“ საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემები.

 

[4] ჩამონათვალში ასახულია მხოლოდ ის სპორტული სახეობები, რომელთათვის ფუნქციონირებს 4 ან მეტი სექცია იმერეთის მასშტაბით.

 

[5] არასრული ჩამონათვალი.

 

[6] იმერეთის მოსახლეობის რიცხოვნობა თვითმმართველი ერთეულების, ასაკისა და სქესის მიხედვით. სტატისტიკის ეროვნული სამსახური. ხელმისაწვდომია: https://www.geostat.ge/media/20679/2014-wlis-aRweris-ZiriTadi-Sedegebi.pdf

 

[7] გრაფიკში არ არის გათვალისწინებული ქუთაისის მერიის შპს "კალათბურთის კლუბი ქუთაისის 2010" მონაცემები, ვინაიდან ის მკვეთრად განხვავებულია სხვა დაწესებულებების შესაბამის მონაცემებთან, რაც  საშუალო რიცხვების გამოყვანისას დიდ ცდომილებას შექმნიდა. შპს "კალათბურთის კლუბი ქუთაისი 2010" მწვრთნელთა თვიური საათობრივი დათვირთვა 160 საათია, ხოლო მწვრთნელთა (ქაცები) მაქსიმალური თვიური ანაზღაურება 9,560 ლარს შეადგენს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024

პირველი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, გიორგი დავითური სამართალდამრღვევად ცნო

11.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024