ინფორმაციის ხელმისაწვდომობა vs. პერსონალურ მონაცემთა დაცვა - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკა | აქტუალური თემები | სტატია 8 თებერვალი 2021

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის 21 იანვრის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისას საჯარო ინტერესის შემცველ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა გამოხატვის თავისუფლებას არღვევს.

 

საქმე შეეხებოდა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის - ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ სახელმწიფო ქონების შეძენასთან დაკავშირებული ინფორმაციის უკრაინელი ჟურნალისტისათვის გაცემას. დავის საგანს ასევე წარმოადგენდა საკონსტიტუციო სასამართლოს უარი, განმცხადებლისათვის მიეწოდებინა პარლამენტის წევრთა საკონსტიტუციო სარჩელის ასლი, რომლითაც 2012 წელს უკრაინაში მიღებული ენის პოლიტიკის შესახებ კანონი გასაჩივრდა. 

 

სასამართლოს უნდა ემსჯელა განმცხადებლისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე საჯარო ორგანოების უარი წარმოადგენდა თუ არა გამოხატვის თავისუფლებაში არამართლზომიერ ჩარევას. სასამართლომ ერთხმად დაადგინა გამოხატვის თავისუფლების დარღვევა.საქმეზე ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესის - პერსონალური ინფორმაციის დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას შორის სამართლიანი ბალანსი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ დადგინდა.

 

ლეშჩენკო უკრაინის წინააღმდეგ საქმესთან დაკავშირებით, დავის საგნის მოკლე მიმოხილვა, მხარეთა და სასამართლოს პოზიციები განხილულია ქვემოთ.

 

დავის საგნის მოკლე მიმოხილვა

 

1. განმცხადებელმა უკრაინაში ადგილობრივი ხელისუფლებისგან სამი ტიპის ინფორმაცია მოითხოვა: ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაცემული დოკუმენტებისა და ნებართვების შესახებ ინფორმაცია, რაც 2010 წელს გაფორმებული მიწის შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველს წარმოადგენდა, მიწის შესყიდვის ხელშეკრულება და ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩისთვის მიყიდული მიწის ფასის შესახებ დეტალები.

 

ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ 2010 წელს მართლაც მიყიდა მიწა ვიქტორ იანუკოვიჩს, თუმცა განმცხადებლისათვის სხვა დეტალები არ მიუწოდებია, ვინაიდან, მათი პოზიციით, ეს სხვის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში არაკანონიერ ჩარევას გამოიწვევდა. უკრაინის სასამართლოებმა ხელისუფლების ეს პოზიცია გაიზიარეს და განმცხადებლის მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.

 

2. განმცხადებელმა 2012 წელს საკონსტიტუციო სასამართლოდან მოითხოვა პარლამენტის წევრთა მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო სარჩელის ასლი. პარლამენტის წევრთა ნაწილი 2012 წელს მიღებულ ენის პოლიტიკის შესახებ კანონს ასაჩივრებდა. როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ, ისე საერთო სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს განმცხადებლის მოთხოვნები იმ საფუძვლით, რომ საკონსტიტუციო საჩივარი წარმოადგენდა „შიდაუწყებრივი ტიპის“ ინფორმაციას და შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს.

 

განმცხადებლის პოზიცია

 

განმცხადებელს წარმოადგენდა უკრაინელი ჟურნალისტი სერგეი ლეშჩენკო, რომელიც ცნობილია საგამოძიებო ჟურნალისტიკითა და მაღალი თანამდებობის პირების  კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებული პუბლიკაციების გამოქვეყნებით.

 

პირველ მოთხოვნასთან დაკავშირებით (ყოფილი პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო მიწის შესყიდვაზე ინფორმაცია) განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა არ ემყარებოდა კანონით დადგენილ საფუძველს, რადგან ეროვნულმა სასამართლოებმა ყოფილი პრეზიდენტის საჯარო სტატუსის შესახებ მსჯელობის გარეშე მიიღეს გადაწყვეტილება. განმცხადებლის მტკიცებით, ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ დაიცვეს სამართლიანი ბალანსი პირად ცხოვრებასა და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას შორის, მხედველობაში არ მიიღეს  პრეზიდენტსა და ჩვეულებრივ მოქალაქეს შორის განსხვავება, ასევე არ გაითვალისწინეს, რომ პოლიტიკოსთან მიმართებით გამჭვირვალობის უფრო მაღალი სტანდარტები მოქმედებს.

 

მეორე მოთხოვნასთან (საკონსტიტუციო სარჩელის ასლი) დაკავშირებით განმცხადებელმა განმარტა, რომ არ არსებობდა ინფორმაციის მიღებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი, რადგან  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანება საკონსტიტუციო სარჩელს შიდაუწყებრივ ინფორმაციად არ განიხილავდა.

 

მოპასუხის პოზიცია

 

სახელმწიფომ მიუთითა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმას განმცხადებლისათვის ზიანი არ მიუყენებია. სახელმწიფოს მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია საზოგადოებაში ფართო ინტერესის საგანს წარმოადგენდა, ის პირდაპირ განმცხადებელს არ უკავშირდებოდა. ის მხოლოდ ერთ-ერთი იყო იმ მრავალ ჟურნალისტთაგან, რომელსაც ამ ინფორმაციის მიღება სურდა.

 

მეორე მოთხოვნასთან მიმართებით სახელმწიფომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებზე შეუზღუდავი წვდომა საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის საფრთხეს წარმოადგენდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე კი მნიშვნელოვანი იყო ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დროებითი შეზღუდვა. ამავდროულად, მოპასუხე სახელმწიფომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინტერესსაც გაუსვა ხაზი.

 

სასამართლოს შეფასება

 

სასამართლომ ორივე მოთხოვნის ნაწილში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა დაადგინა.

 

სასამართლოს განმარტებით, როდესაც პირები სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება  მიენიჭოს უპირატესობა (ასე მაგალითად, იმ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება). ამ საქმეზე უკრაინის ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ ახსნეს რა მკაფიო პირადი ცხოვრების ინტერესების დაცვას ემსახურებოდა ინფორმაციის შეზღუდვა და ამის ნაცვლად, პირადი ცხოვრების შესახებ ზოგად ნორმებზე მითითებით შემოიფარგლნენ. ამავდროულად, მათ ვერ დაასაბუთეს, თუ რატომ ტოვებდნენ ყურადღების მიღმა კანონის კონკრეტულ ნორმებს, რომლებიც  მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებდა. ამ გარემოებათა გამო, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ უკრაინის ეროვნული კანონმდებლობა არ იყო „განჭვრეტადი“.  ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩაითვლებოდა, რომ უფლებაში ჩარევას კანონიერი საფუძველი ჰქონდა და ის სხვა პირთა უფლებების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა, ეროვნულმა ხელისუფლებამ ვერ წარმოადგინა სათანადო არგუმენტაცია, რომელიც დაასაბუთებდა, რომ ჩარევა ლეგიტიმური მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებას წარმოადგენდა.

 

მეორე საკითხთან მიმართებით, სასამართლომ დაადგინა, რომ საკონსტიტუციო სარჩელის ასლის გაცემაზე უარი არ ეფუძნებოდა განჭვრეტად კანონმდებლობას, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანება არ უთითებდა, რომ მესამე პირების მიერ შექმნილი დოკუმენტი შიდაუწყებრივად შეიძლებოდა ჩათვლილიყო. ამავდროულად, სასამართლომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჯარო ფიგურების საჯარო საკითხებთან დაკავშირებულ მოსაზრებებზე პერსონალური ინფორმაციის დაცვის მოტივებით უარის თქმა დაუშვებელია და შესაძლოა გამოხატვის თავისუფლებისთვის დამანგრეველი აღმოჩნდეს.

 

სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის დაცვის არგუმენტთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე სახელმწიფომ ვერ წარმოადგინა საკმარისი დასაბუთება, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ამ მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად აუცილებელი იყო. ამის გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა დაადგინა.

 

დასკვნა

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლების რეალურად განხორციელებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. საზოგადოებას უნდა შეეძლოს  საჯარო ინტერესის მატარებელ საკითხებზე ინფორმაციის მიღება და სახელმწიფომ, პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით,  საჯარო ინფორმაცია ბლანკეტურად არ დახუროს.

 

ზემოთხსენებულ ორივე შემთხვევაში, სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა დაადგინა და განმარტა, რომ პერსონალური ინფორმაციის დაცვის საბაბით სახელმწიფომ არ შეიძლება უგულებელყოს კონკრეტული ნორმები, რომლებიც ქვეყანაში ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფენ.

 

___

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024