1978 წლის 14 აპრილის თბილისის მოვლენები და ამონარიდები დასავლური პრესიდან

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 14 აპრილი 2020

ავტორები: მეგი ქარცივაძე, ანტონ ვაჭარაძე

 

 

1978 წლის 14 აპრილს, თბილისში ხალხმრავალი დემონსტრაციები გაიმართა. საბჭოთა საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებდნენ კომუნისტური პარტიის მცდელობას, რომელიც ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლისკენ იყო მიმართული. 1977 წელს ახალი საბჭოთა კონსტიტუცია მიიღეს, საქართველოს სსრ-ის უზენაესი საბჭო კი განიხილავდა ახალ კონსტიტუციურ გეგმას, რომლის მიხედვითაც ქართული აღარ იქნებოდა სახელმწიფო ენა საქართველოს ტერიტორიაზე, რამაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში. საპროტესტო ტალღამ კი კულმინაციას 1978 წელის 14 აპრილს მიაღწია.

 

დემონსტრანტების უმრავლესობა სტუდენტები იყვნენ, თუმცა საპროტესტო გამოსვლებს მხარს უჭერდნენ ინტელიგენციის წარმომადგენლებიც. ამავე დღეს შეტაკება მოხდა საბჭოთა ძალოვნებსა და მომიტინგეებს შორის, მთავრობის სახლთან კი მობილიზებული იყო საბჭოთა ჯარი. იმის გამო, რომ სიტუაცია სულ უფრო იძაბებოდა, მომიტინგეებს ედუარდ შევარდნაძემ, რომელიც იმ დროს საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი იყო, მიმართა და 1956 წლის 9 მარტის მოვლენები შეახსენა, თუმცა მის მიმართვას ნეგატიური შეძახილები მოჰყვა მომიტინგეების მხრიდან. ამის შემდეგ, მალევე ცნობილი გახდა, რომ ქართული ენა კონსტიტუციურ სტატუსს ინარჩუნებდა, რის შემდეგაც თბილისში სიტუაცია ჩაწყნარდა, თუმცა დაძაბულობამ იმატა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ვინაიდან საბჭოთა ხელისუფლების ეს ნაბიჯი იქ აღიქვეს, როგორც ქართული ნაციონალისტური განწყობების წახალისება.

 

აღნიშნულ მოვლენებს გამოხმაურება მოჰყვა დასავლურ პრესაშიც. 15 აპრილს New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „საბჭოთა ქართველები ქუჩებში გავიდნენ საკუთარი სახელმწიფო ენის გადასარჩენად“, რომელშიც აღნიშნულია, რომ მომიტინგეთა რაოდენობა დაახლოებით 20,000 იყო. სტატიაში, ასევე, წერია, რომ წინა ღამით ამოუცნობმა მამაკაცმა დარეკა New York Times-ის მოსკოვის ბიუროში და მათ უთხრა: „ენასთან დაკავშირებით, კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ დემონსტრაციას ვმართავთ - გაგვიმართლებს, თუ არ გვესვრიან“. ასევე, New York Times-მა 18 აპრილს გამოაქვეყნა კიდევ ერთი სტატია „საბჭოთა ქართველებმა გაიმარჯვეს ენის საკითხზე“, რომელშიც ნათქვამია, რომ საბჭოთა ხელისუფლება მისთვის უჩვეულო დათმობაზე წავიდა და ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა.

 

საინტერესო ცნობებია, ასევე, მოწოდებული The Times-ის 17 აპრილის სტატიაში. სტატიის მიხედვით, ორი ამერიკელი იურისტი - რობერ მაკკეი და ერიკ რაიმენი, რომლებიც იმ დროს თბილისში იმყოფებოდნენ, იუწყებოდნენ, რომ ქართველმა დემონსტრანტებმა საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველ მდივანს, ედუარდ შევარდნაძეს დაუყვირეს, როდესაც ის მომიტინგეების დამშვიდებას ცდილობდა. როგორც სტატიაშია აღნიშნული, მაკკეი და რაიმენი დემონსტრაციის თვითმხილველებს ესაუბრნენ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შევარდნაძემ მომიტინგეებს ამ ტექსტით მიმართა: „ჩემო შვილებო, რას აკეთებთ?“, რაზეც მომიტინგეებმა ყვირილით უპასუხეს: „ჩვენ შენი შვილები არ ვართ!“

 

1990 წელს, ქართველი ხალხის მიერ 1978 წელს მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად და უკვდავსაყოფად, 14 აპრილი გამოცხადდა ქართული ენის (დედა ენის) დღედ.

 

გთავაზობთ New York Times-ისა და The Times-ის სტატიების ფოტოებს, ფოტოები პირველად გამოქვეყნდა თინათინ ბოლქვაძის სტატიაში - "თბილისის 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ასახვა ამერიკულ პრესაში", კრებულში - 1978 წლის 14 აპრილი: ზეპირი ისტორიები და სხვა მასალები, გამომცემლობა „არტანუჯი“, თბილისი, 2018, 403-414. :

 

 

 

 

 

 

 

___

 

 

სტატიის გამოქვეყნება დააფინანსა "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდმა" (OSI), პროექტის - „სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში.

ამ დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით ავტორებს და არ ასახავს "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის" (OSI) პოზიციებს. OSI არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024