სიახლეების გამოწერა

ხ.დ.კ

რა არის საჯარო ინფორმაცია?
ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები) ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულებების ან საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია.
რა სახის ინფორმაციის მოთხოვნა შეიძლება საჯარო დაწესებულებიდან?
საჯარო დაწესებულებიდან პირს აქვს ნებისმიერი ინფორმაციის მოთხოვნის უფლება თუ ის არ შეიცავს სახელწიფო, პირად ან კომერციულ საიდუმლოებას. ასევე დახურულია და არ გაიცემა აღმასრულებელი პრივილეგიით დაცული ინფორმაცია.
რა არის სახელმწიფო საიდუმლოება?
სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციას წარმოადგენს თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა და სახელმწიფო უშიშროების და მართლწესრიგის დაცვის სფეროს მიკუთვნებული საკითხები, ხოლო უფრო დეტალურად სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონში შეიძლება მოვიძიოთ ეს ინფორმაცია.
რა არის პირადი საიდუმლოება?
პერსონალური მონაცემები, რომლის პირად საიდუმლოდ მიჩნევის საკითხსს წყვეტს პირი, რომლის შესახებაც საჯარო დაწესებულებაში არსებობს ეს ინფორმაცია. კანონის თანახმად პერსონალური მონაცემები არის ინფორმაცია, რომელიც პირის იდენტიფიკაციის შესაძლებობას იძლევა. პირად საიდუმლოებას მიეკუთვნება ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია პირის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან და სხვა კერძო საკითხებთან.
რა არის კომერციული საიდუმლოება?
ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ კომერციული საიდუმლობა არის კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და სხვა მეწარმე სუბიექტების საიდუმლოება და მათ საიდუმლოებას მიეკუთვნება. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოდ მიჩნევა.
რას წარმოადგენს აღმასრულებელი პრივილეგია?
ტერმინით „აღმასრულებელი პრივილეგია“ აღინიშნება ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება არ გაამჟღავნოს ამ ორგანოს თანამდებობის პირის გადაწყვეტილებათა მომზადების პროცესში მონაწილე სხვა საჯარო მოსამსახურეთა ვინაობა.
როგორ მოვიპოვოთ საჯარო ინფორმაცია?
იმისათვის, რომ მოვიპოვოთ საჯარო ინფორმაცია, უნდა მივმართოდ შესაბამის საჯარო დაწესებულებას წერილობითი განცხადებით, განცხადებაში უნდა მიეთითოს:

1. უწყების ან თანამდებობის პირის დასახელება;

2. მოთხოვნა;

3. თანდართულიდოკუმენტების ნუსხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

4. განმცხადებლის სახელი, გვარი და მისამართი.

5. განცხდების შედგენის თარიღი. განცხადებაში აუცილებელი არ არის მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. პირმა შეიძლება ზეპირი ფორმით მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია. მას უარი არ უნდა ეთქვას ინფორმაციის გაცემაზე, ასეთ შემთხვევაში ზეპირი მოთხოვნა უნდა დაფიქსირდეს წერილობით.

რა ვადაში უნდა მიიღო საჯარო ინფორმაცია?
საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს: ა) სხვა დასახელებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას; ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;
ვალდებულია თუ არა განმცხადებელი საჯარო ინფორმაციის მისაღებად გადაიხადოს რაიმე საფასური?
საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უფასოდ. დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, გარდა ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებისა. ასეთ შემთხვევაში გადახდილი თანხა უნდა ემთხვეოდეს ასლის გადაღების თვითღირებულებას. · განმცხადებელი არ არის ვალდებული გადაიხადოს ასლის გადაღების საფასური საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას; · კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას ან ინფორმაციის ელექტრონულად გადაგზავნისას.
რა ვადაში უნდა ეცნობოს განმცხადებელს უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე?
საჯარო დაწესებულების უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში პირს წერილობით განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების წესი, ასევე მიუთითოს ის ადმინისტრაციული დაწესებულება, რომელთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას.
რა სახის ინფორმაციის გასაიდუმლოება არის დაუშვებელი?
ინფორმაციათა სახეები რომელთა გასაიდუმლოება დაუშვებელია (http://www.idfi.ge/?cat=law⟨=ka): · ინფორმაცია გარემოს შესახებ, აგრეთვე მონაცემები იმ საშიშროების თაობაზე, რომელიც ემუქრება მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; · საჯარო დაწესებულების საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები; საჯარო დაწესებულების სტრუქტურის აღწერა, მოსამსახურეთა ფუნქციების განსაზღვრისა და განაწილების, აგრეთვე გადაწყვეტილებათა მიღების წესი; · საჯარო დაწესებულების იმ საჯარო მოსამსახურეთა ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი, რომელთაც უკავიათ თანამდებობა ან ევალებათ საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება ან საზოგადოებასთან ურთიერთობა და მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდება; · ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების და გაცემის შესახებ და ასევე საჯარო დაწესებულებათა ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. · ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო, კომერციულ ან პირად საიდუმლოებად
რა ზომებს მიმართავს პირი საჯარო ინფორმაციის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში?
თუკი საჯარო დაწესებულება უარს ამბობს ინფორმაციის მოწოდებაზე ან არასრულად აწვდის ინფორმაციას, განმცხადებელს უფლება აქვს გაასაჩივროს გადაწყვეტილება უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში. გადაწყვეტილება ჯერ აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს ზემდგომ თანამდებობის პირთან ან ადმინისტრაციულ ორგანოში (იმ უწყების ხელმძღვანელთან, რომელი საჯარო დაწესებულებიდანაც უარი გეთქვათ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე), საჩივრის არ დაკმაყოფილების შემთხვევაში იგი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, ამ პროცედურების გავლის გარეშე სასამართლო სარჩელს არ მიიღებს. გამონაკლისი ის შემთხვევაა, როდესაც არ არსებობს აქტის გამომცემი პირის ზემდგომი.
როგორ განისაზღვრება სახელმწიფო ბაჟის საკითხი?
სასამართლოში სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი კრიტერიუმია სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით წყდება და მიეკუთვნება არაქონებრივ დავებს, ამიტომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39 მუხლის „თ“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი პირველი ინსტანციის სასამართლოში 100 ლარია, სააპელაციოში - 150 ლარი, ხოლო საკასაციოში 300 ლარი. სამოქალაქო სამართალწარმოებაში სახელმწიფო ბაჟის განსაზღვრისას გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 40-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს დავის საგნის ღირებულებას. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე არ ხდება სასარჩელო მოთხოვნის ღირებულების განსაზღვრა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მიხედვით, სარჩელის ფასი განისაზღვრება მოთხოვნის ღირებულების მიხედვით. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ინფორმაციის თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნას ღირებულება არ გააჩნია (მოთხოვნაა - გაიცეს საჯარო ინფორმაცია), შესაბამისად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენება აღნიშნულ დავებთან შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნების გაერთანების შემთხვევაში, ერთმა მოსარჩელემ უნდა გადაიხადოს 100 ლარი და არა ცალ-ცალკე თანხა მოთხოვნების რაოდენობის მიხედვით, რადგან სარჩელის ფასის შეკრება ვერ მოხდება, მისი არარსებობის გამო. მოსარჩელის სასარგებლოდ საქმის გადაწყვეტის შემთხვევაში სახელწიფო ბაჟი სრულად უბრუნდება მოსარჩელეს.
ვინ ანაზღაურებს საპროცესო ხარჯებს?
საპროცესო ხარჯების (ადვოკატის ანაზღაურება ან სხვა ტექნიკური ხარჯი, გარდა სახელმწიფო ბაჟისა) ანაზღაურება ხდება თვით მხარეების მიერ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მხარე რამოდენიმე ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან შედგება, ხარჯები მათ შორის თანაბრად ნაწილდება.