მკვეთრად გაუარესებული კრიმინოგენური მდგომაროება თუ წინა წლებში დამალული სტატისტიკის შედეგი?

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 29 აგვისტო 2018

ბოლო წლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანაშაულის სტატისტიკის თანმიმდევრული და სრულყოფილი გამოქვეყნება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა. სამინისტროს მიერ დანაშაულის სტატისტიკის გასაჯაროების ქრონოლოგია, აჩენდა ეჭვებს, რომ უწყება ხელოვნურად აფერხებდა ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. მიუხედავად მაღალი საჯარო ინტერესისა, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აღნიშნავდა, რომ მას დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნების ვალდებულება არ გააჩნდა. ამასთან, ცალკეულ შემთხვევებში ადგილი ქონდა სამინისტროს მიერ ურთიერთგამომრიცხავი მონაცემების გამოქვეყნებას, რაც მნიშვნელოვნად აზიანებდა სამინისტროს მიერ წარმოებული მონაცემებისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხს.

 

მაგალითად, IDFI-ს ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, 2013 წელს დაფიქსირებული დანაშაულის შესახებ სხვადასხვა პერიოდში გამოქვეყნებული მონაცემები დაახლოებით 14 ათასი ერთეულით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და რადიკალურად განსხვავებულ სურათს ქმნიდა დანაშაულის ტენდენციების თვალსაზრისით.


2017 წლის მიწურულს, შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა გიორგი გახარიამ დანაშაულის სტატისტიკის ხელმისაწვდომობის არსებული პრაქტიკა სამინისტროს ჩავარდნათ შეაფასა და დადო პირობა მისი ღიაობის და სანდოობის უზრუნველყოფაზე. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ 2018 წლიდან, სამინისტრო დაპირებისამებრ, ყოველთვიურად უზრუნველყოფს დანაშაულის მდგომარეობის შესახებ დეტალური მონაცემების ხელმისაწვდომობას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სტატისტიკური მონაცემების თანმიმდევრული გამოქვეყნება უზრუნველყოფილია მისი არასახარბიელო შინაარსის ფონზე. კერძოდ, შსს-ს ბოლო მონაცემებით 2018 წლის იანვარი-ივლისი (7 თვე) პერიოდში, საქართველოში რეგისტრირებულმა დანაშაულმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55,8%-ით (11 840 შემთხვევით) მოიმატა, ხოლო გახსნის პროცენტულმა მაჩვენებელმა 17,2%-ით იკლო.


2018 წლის მხოლოდ საწყისი 7 თვის განმავლობაში დარეგისტრირდა დაახლოებით 33 ათასი დანაშაული, მაშინ როდესაც 2014-2017 წლებში მთლიანი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ დანაშაულთა რიცხვი 35 ათასიდან-38 ათასამდე მერყეობდა. 2014-2017 წლებში სტაბილურობით გამოირჩეოდა ასევე, საქმეების გახსნის მაჩვენებელი, რაც 53%-დან 60 %-მდე მერყეობდა. ეს ციფრიც, 2018 წლის განმავლობაში მკვეთრად გაურესდა და მხოლოდ 36,67% შეადგინა.

 

 

 

2018 წელს რეგისტრირებული დანაშაულის საერთო მაჩვენებლის მკვეთრი გაუარესების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცალკეული დანაშაულების მიხედვით არსებული დინამიკის ანალიზი. სამინისტროს მონაცემებით, 2018 წლის საწყისი 7 თვის განმავლობაში, ერთადერთ დანაშაულთა ჯგუფს, წარმოადგენს ნარკოტიკული დანაშაული, რომლებზეც წინა წელთან შედარებით კლება ფიქსირდება. კერძოდ, მათი რიცხვი 18,76%-ით შემცირდა. ნარკოტიკული დანაშაულების რიცხვის კლება განპირობებულია ნარკოტიკული ნივთიერების განმეორებით მოხმარებისათვის გამოვლენილ სამართალდარღვევათა 737 შემთხვევით შემცირებით, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია ბოლო პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად სისხლის სამართლის პოლიტიკაში ახალი მიდგომებით და ნაკლებად უკავშირდება ქვეყანაში ამ კუთხით ჩადენილ დანაშაულთა რიცხვის შემცირებას.


სამინისტროს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სხვა დანაშაულების თვალსაზრისით, რომლებმაც რეალურად უნდა ასახოს ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობა, 2018 წლიდან მდგომარეობა მკვეთრად უარესდება. მაგალითად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 293%-ით არის გაზრდილი, რაც უმეტესწილად მუქარის მუხლით გამოვლენილი დარღვევების 780 შემთხვევით მატებამ განაპირობა.


2018 წლის საწყისი 7 თვის განმავლობაში წინა წელთან შედარებით 97%-ით გაუარესდა სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა ჯგუფში გაერთიანებული დანაშაულების მაჩვენებელი. მათ შორის, განსაკუთრებით თვალშისაცემია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრული საქმეების რაოდენობის 125%-ით (603 შემთხვევით) მატება.


2018 წლის დანაშაულის სტატისტიკის გაუარესებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რიცხვის 68,84%-ით (5405 შემთხვევით) მატებამ. საიდანაც, ყველაზე დიდი ზრდა (+ 4381შემთხვევა) ქურდობაზე მოდის.


ასევე, ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები გაიზარდა 142%-ით, სამოხელეო დანაშაული 47,3%-ით, მმართველობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული 19%-ით, სატრანსპორტო დანაშაული 15%-ით და.აშ.


მიმდინარე წელს, მნიშვნელოვნად 255%-ით არის გაზრდილი ოჯახში ძალადობის მაჩვენებლები, რაც შესაძლებელია მსგავსი ტიპის დანაშაულებზე მოქალაქეების პოლიციისათვის მიმართვიანობის მატებით იყოს განპირობებული და არა ქვეყანაში მსგავსი სახის დანაშაულების მატებით.


2018 წლის საწყისი 7 თვის განმავლობაში წინა წელთან შედარებით, დანაშაულთა ჯგუფების მიხედვით რეგისტრირებულ დანაშაულთა მატებასთან ერთად, თითოეული ჯგუფის მიმართებით მნიშვნელოვნად უარესდება მათი გახსნის მაჩვენებლები. ყველაზე მეტად 18,2%-ით შემცირდა საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი, ხოლო ყველაზე ნაკლებად 5,1%-ით - სამოხელეო დანაშაულის გახსნის მაჩვენებლები.

 

 

 

2018 წლის საწყისი 7 თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული მონაცემების წინა წლებთან შედარება, ცალსახად მიმდინარე წელს ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობის და გახსნის მაჩვენებლის მკვეთრ გაუარესებაზე მიუთითებს. თუმცა, სტატისტიკის რაიმე მეთოდოლოგიური ცვლილებების ან სხვა განსაკუთრებული წინაპირობის არარსებობის ფონზე, მოკლევადიან პერიოდში კრიმინოგენური მდგომარეობის და პოლიციის საქმიანობის ამსახველი მონაცემების მკვეთრი გაუარესება მნიშვნელოვან ეჭვებს აჩენს განვლილი წლების სტატისტიკის სანდოობასთან დაკავშირებით. აღნიშნულ ვარაუდს მნიშვნელოვნად ამყარებს, განვლილ წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან თანმიმდევრულად სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებისგან თავის არიდება და ცალკეულ შემთხვევებში, საქართველოს თუ საერთაშორისო საზოგადოებისათვის ურთიერთგამომრიცხავი მონაცემების გაცნობა.


IDFI მიესალმება, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2018 წლიდან , დანაშაულის სტატისტიკის შეუყოვნებლად ყოველთვიურად გასაჯაროების დამკვიდრებულ პრაქტიკას. ამასთან, სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შედეგად ინსტიტუტი სამინისტროს მოუწოდებს:


- საზოგადოებას დეტალურად განემარტოს, სტატისტიკის მიხედვით 2018 წლის საწყისი 7 თვის განმავლობაში ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობის და დანაშაულის გახსნის მაჩვენებლების მკვეთრი გაუარესების მიზეზები;

 

- 2018 წლის საწყის 7 თვეში დანაშაულის სტატისტიკის მკვეთრი გაუარესების ერთ - ერთ მიზეზად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, განხილული იქნას, წინა წლებში დანაშაულის სტატისტიკის შესაძლო ფალსიფიკაცია და აღნიშნულის დადგენის მიზნით სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა უზრუნველყოს მოკვლევის ჩატარება.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024