მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები-საქართველო მსოფლიო ბანკის 2019 წლის შეფასებით

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | პუბლიკაციები | ანალიზი 10 ოქტომბერი 2019

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგებსა და შეფასებებს (მაგ. Freedom House, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project და ა.შ., სულ 32). ეს მონაცემები, თავის მხრივ, ეყრდნობა კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ისევე როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს. ამ გლობალური რეიტინგების გაერთიანების გზით ხდება ახალი ერთიანი მაჩვენებლების მიღება. გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა. მონაწილე სახელმწიფოთა შეფასება ხდება ექვსი კრიტერიუმის მიხედვით: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კანონის უზენაესობა, გამოხატვის თავისუფლება, პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის/ტერორიზმის აღმოფხვრა, ეფექტური მმართველობა, რეგულირების ხარისხი. თითოეულ კრიტერიუმში ქვეყნები ფასდებიან 0%-დან 100%-მდე მაჩვენებლით.

 

მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით საქართველომ მმართველობის ინდიკატორებში ყველაზე მაღალი შეფასება 2014 წელს მიიღო. ამ დრომდე საქართველოს მაჩვენებლები სტაბილურად და სწრაფი ტემპით იზრდებოდა. მოცემული პერიოდის განმავლობაში ქვეყანამ განსაკუთრებით მნიშვნელოვან პროგრესს კანონის უზენაესობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებებში მიაღწია.

 

2014 წლიდან ქვეყნის განვითარების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა. მართალია მსოფლიო ბანკის უახლესი შეფასებით საქართველომ წინა წლებთან შედარებით ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა  რეგულირების ხარისხისა და ეფექტური მმართველობის კრიტერიუმებში, თუმცა 2018 წელს  რეგრესი დაფიქსირდა გამოხატვის თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და პოლიტიკური სტაბილურობის მიმართულებებში. ამასთან ნაცვლად წინა წლებში განვლილი გზის გაუმჯობესებისა საქართველომ შეძლო მხოლოდ დაბრუნებოდა 2014 წელს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებულ მაჩვენებელს. 

 

 

 

- კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

მოცემული ინდიკატორით ფასდება ქვყენებში მცირე ისევე, როგორც ელიტური კორუფციის მდგომარეობა. ყურადღება ექცევა მმართველი ძალების მიერ საკუთარი უფლებამოსილების გამოყენების პრაქტიკას პირადი ინტერესებისთვის.


 

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში სხვა კრიტერიუმებთან შედარებით ყველაზე მაღალი ქულით არის შეფასებული. მიუხედავად აღნიშნულისა 2018 წელს მოცემული მიმართულებით საქართველოს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაუარესდა და ის დაუბრუნდა 2014 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელს.

 

2018 წელს განცდილი რეგრესის მიუხედავად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს მიმართულებას, რომელშიც საქართველოს ყველაზე მაღალი შეფასება აქვს აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით.

 

 

კანონის უზენაესობა

ფასდება მთავრობის მოქმედებების კანონის ნორმებთან შესაბამისობა, სასამართლო ხელისუფლების პატივისცემა, ყურადღება მახვილდება სამართალდარღვევათა და დანაშაულის სტატისტიკაზე.

 

შეფასების თანახმად კანონის უზენაესობის მიმართულებით საქართველოს მაჩვენებელი მნივშენლოვნად გაიზარდა 2013 წლიდან 2014 წლამდე პერიოდში, თუმცა მას შემდეგ კანონის უზენაესობის მდგომარეობა ქვეყანაში უარესდებოდა. მართალია, 2018 წელს კანონის უზენაესობის შეფასებამ მცირედით იმატა თუმცა ის კვლავაც ვერ დაუბრუნდა 2014 წლის მაჩვენებელს.

 

აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით, კანონის უზენაესობის მდგომარეობა მსგავსი ქულით არის შეფასებული საქართველოსა და რუმინეთში.  კანონის უზენაესობა საქართველოში ჩამოუვარდება  აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჩეხეთის, სლოვაკეთის, პოლონეთისა და უნგრეთის მაჩვენებლებს.

 

 

გამოხატვის თავისუფლება 

ფასდება ხელისუფლების მმართველობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა, სიტყვის, მედიის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება.

 

გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით საქართველოს შეფასება მხოლოდ მცირედით აღემატება შესაძლო მაქსიმალური შეფასების ნახევარს  და ის 56.16%-ია.   მართალია აღნიშნული წარმოადგენს გაუმჯობესებას წინა წელთან შედარებით, თუმცა ის კვლავაც ჩამოუვარდება 2014-2015 წლის მაჩვენებლებს.

 

გამოხატვის თავისუფლება საქართველოში აღემატება  ევროკავშირის არაწევრი აღმოსავლეთ ევროპის და საქართველოს მეზობელი ქვეყნების მაჩვენებლებს, თუმცა საქართველოზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ევროკავშირის წევრ რეგიონის ყველა ქვეყანას.

 

 

პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის/ტერორიზმის აღმოფხვრა

ფასდება მმართველობის ძალადობრივი გზით შეცვლის ალბათობა, ისევე როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და ძალადობის აღმოფხვრის მიზნით განხორციელებული ქმედებები.

 

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური სტაბილურობის კრიტერიუმში საქართველო მაღალი ქულით არასდროს შეფასებულა, ინდექსის თანახმად ქვეყანაში ამ მხრივ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და 2018 წელს მან მხოლოდ 30% შეადგინა.

 

მოცემულ კრიტერიუმში საქართველოს ერთ-ერთი ყველზე დაბალი შეფასება აქვს რეგიონში და ის მხოლოდ უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის მაჩვენებლებს აღემატება.

 

 

ეფექტური მმართველობა

ფასდება სახელმწიფო სერვისების ეფექტურობა, საჯარო სამსახურის ხარისხი და პოლიტიკური დამოუკიდებლობა.

 

ეფექტური მმართველობა საქართველოში 2018 წელს 74%-ით არის შეფასებული. მოცემულ კრიტერიუმში საქართველოს შეფასება მნიშვნელოვნად შემცირდა 2014 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში, რის შემდეგაც ის სტაბილურად იზრდებოდა და 2018 წელს წინა წლებთან შედარებით ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.

 

ეფექტური მმართველობის მხრივ, საქართველოს მაჩვენებელი აღემატება ევროპის ისეთი ქვეყნების მაჩვენებლებს როგორის არის  უნგრეთი, ბულგარეთი და რუმინეთი.

 

 

რეგულირების ხარისხი

ფასდება სახელმწიფოს უნარი შეიმუშაოს და გაატაროს რეფორმები კერძო სექტორის განვითარების მიზნით.

 

რეგულირების ხარისხი, მმართველობის ეფექტურობასთან ერთად წარმოადგენს იმ კრიტერიუმს, რომელშიც საქართველო წინა წლებთან შედარებით ყველაზე მაღალი ქულით არის შეფასებული და 83.17%-იანი მაჩვენებელი აქვს.

 

საქათველოში კერძო სექტორის განვითარების მიზნით რეფორმების შემუშავებისა და გატარების უნარი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლით არის შეფასებული აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით და ის მხოლოდ ჩეხეთის მაჩვენებელს ჩამოუვარდება.

 

 

დასკვნა

 

საქართველოში დემოკრატიული მმართველობის შემდგომი განვითარებისა და  მისი ევროკავშირის ქვეყნებთან დაახლოების მიზნით მნიშვნელოვანია, როგორც მიღწეული პროგრესის ხაზგასმა ისე იმ პრობლემებზე საუბარი, რომლებიც მსოფლიო ბანკის შეფასებამ გამოავლინა. აღნიშნული განსაკუთრებით ეხება გამოხატვისა თავისუფლებას, კანონის უზენაესობასა და პოლიტიკურ სტაბილურობას. 

 

ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული იქნება შესაბამისი ნაბიჯები და გატარდება ქმედითი რეფორმები, რომელთა შედეგადაც საქართველო დაუბრუნდება 2014 წლამდე არსებულ სწრაფი განვითარების ტემპს, რაც თავის მხრივ ასახვას პოვებს მსოფლიო ბანკის შემდგომ ანგარიშებში.

 

 

 

 

 

 

პოლიტიკის დოკუმენტი მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ პროექტის - სადამკვირვებლო ჯგუფების გაძლიერება მთავრობის ანგარიშვალდებულებისთვის - ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ, ვიშეგრადის გრანტების პროგრამით, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული იდეების წახალისება. დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის პოზიციას. 

 

 

 

 

 

 

/public/upload/IDFI_2019/visegrad/WGI_2019_GEO.pdf

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023