IDFI-ის სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით „დიალოგი საჯარო და კერძო სექტორებს შორის“

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 10 ნოემბერი 2016

8 ნოემბერს, IDFI-მ და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა „მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში“ (G4G) გამართეს სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით „დიალოგი საჯარო და კერძო სექტორებს შორის.“ 

 

დისკუსია სასტუმრო „ბეტსიში“ გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის, ფინანსთა, იუსტიციის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებში დასაქმებული ის პიროვნებები, რომელთა საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს საკანონმდებლო ცვლილებათა ტექსტებზე მუშაობა წარმოადგენს.


შეხვედრის მიზანი იყო საჯარო დაწესებულებებში რეფორმების შემუშავების პროცესში კერძო სექტორთან დიალოგის წახალისება და მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.


შეხვედრა გახსნეს USAID/G4G-ის პროექტის ხელმძღვანელმა ნატალია ბერუაშვილმა და IDFI-ის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა. მათ დამსწრე საზოგადოებას პროექტის (საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის კონტროლი საქართველოში) მნიშვნელობასა და მიზნებზე ესაუბრნენ და კიდევ ერთხელ მოუწოდეს საჯარო სექტორს მეტი ღიაობისა და კერძო სექტორის ჩართულობისკენ რეფორმების შემუშავების პროცესში.


„ჩვენს მიერ შეფასებული 24 კანონპროექტიდან საუკეთესო იყო მხოლოდ 3: ესტონური მოდელი, კანონი ინოვაციების შესახებ და ნარჩენების მართვის კოდექსი. ამიტომ, საჯარო ინსტიტუტებს მოვუწოდებთ მეტი ღიაობისკენ, რადგან ეფექტური დიალოგი კერძო და საჯარო სექტორებს შორის საქართველოში ჯერ კიდევ გამოწვევაა,“ - განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.


მონაწილეებმა შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: სამოქალაქო ჩართულობის როლი და ადგილი საჯარო პოლიტიკის პროცესში; კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის (PPD) მექანიზმები საქართველოში; საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასების მეთოდოლოგია და პირველი წლის შედეგები; საჯარო მოხელეთა როლი კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის უზრუნველყოფის პროცესში და არსებული გამოწვევები; და რეგულირების გავლენის შეფასება საქართველოში.


შესავლის სახით მონაწილეებმა იმსჯელეს საჯარო პოლიტიკის პროცესში სამოქალაქო ჩართულობის საჭიროებასა და მნიშვნელობაზე. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევების ცენტრის (EPRC) დირექტორის მოადგილემ ირინა გურულმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო მისი ორგანიზაციის კვლევის შედეგები, კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის არსებული მექანიზმები. როგორც მან განაცხადა: „საქართველოში არსებული მექანიზმები ნაკლებად სტრუქტურირებულ, არაფორმალურ ხასიათს ატარებს, არ არის განსაზღვრული პერიოდულობა და შეხვედრები კონკრეტულ საჭიროებებზეა მორგებული. ამას გარდა, ერთი მხრივ, ინფორმაცია გვიან მიეწოდება კერძო სექტორს, ხოლო, მეორე მხრივ, კერძო სექტორი იჩენს პასიურობას ადვოკატირების პროცესში“, - აღნიშნა ირინა გურულმა.


შეხვედრაზე IDFI-ის მთავარმა იურისტმა ნინო მერებაშვილმა ისაუბრა IDFI-ის მიმდინარე სამწლიანი პროექტის - „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის კონტროლი საქართველოში“ - პირველი წლის შედეგებზე. კვლევამ აჩვენა, რომ საჯარო პოლიტიკის შემუშავების საწყის ეტაპზე ჩართულობის მხრივ პირდაპირი სამართლებრივი ვალდებულებების არ არსებობის პირობებში საჯარო სექტორის წარმომადგენლების უმეტესობა ვერ ხედავს კერძო სექტორთან დიალოგის საჭიროებას.


წლიურ ანგარიშში შეფასდა კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხი 2014-2016 წლებში ინიცირებულ დიდი ეკონომიკური გავლენის მქონე 24 კანონპროექტზე. ამ კანონპროექტებიდან დიალოგის ყველაზე მაღალი ხარისხის კუთხით დაჯილდოვდა სამი: საქართველოს კანონის პროექტი საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ (კორპორატიული საშემოსავლო გადასახადი, ესტონური მოდელი), ინოვაციების შესახებ საქართველოს კანონის პროექტი და ნარჩენების მართვის კოდექსი.


IDFI-ის კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ზოგადად არ არსებობს რეგულირების გავლენის შეფასების (RIA), როგორც საჭიროების, ისე საქართველოს რეალობაში მისი პრაქტიკული გამოყენების, გააზრება, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზეგავლენის მქონე კანონპროექტების შემთხვევაშიც კი.


რეგულირების გავლენის შეფასების, როგორც ზოგად თეორიულ ასპექტებზე, ისე კორპორატიული საშემოსავლო გადასახადის შემთხვევაში ჩატარებული კვლევის შედეგებზე, ისაუბრა პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) კვლევითი მიმართულების დირექტორმა მაია გრიგოლიამ. მან განიხილა ისეთი საკითხები, როგორიცაა RIA-ს რაობა და საჭიროება, მისგან მიღებული სარგებელი და განხორციელების ეტაპები.  


შეხვედრის დასკვნით ეტაპზე IDFI-ის საჯარო პოლიტიკისა და სამოქალაქო ჩართულობის მიმართულების ხელმძღვანელმა თამარ იაკობიძემ მოდერაცია გაუწია შემაჯამებელ დისკუსიას. მონაწილეებმა შეაჯამეს კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგთან დაკავშირებული გამოწვევები. მათი შეფასებით, გამოიკვეთა ისეთი პრობლემები, როგორიცაა: დიალოგის ფასილიტაციის საჭიროება, თითოეული რეგულაციის შემთხვევაში შესაბამისი დაინტერესებული მხარეების გამოვლენის საჭიროება, კერძო სექტორის ადვოკატირების უნარ-ჩვევები, ეფექტური დიალოგის მისაღწევად გარედან ჩარევის აუცილებლობა, დიალოგის თაობაზე სამართლებრივი ვალდებულებების არარსებობა, კერძო სექტორის აქტიურობის ნაკლებობა, დიალოგის მექანიზმების ინსტიტუციონალიზაციის ნაკლებობა, კერძო სექტორის მხრიდან პირად სარგებელსა და საზოგადოებრივ სიკეთეებს შორის განსხვავების საჭიროება, შემტევი პოზიციის ნაცვლად ურთიერთდახმარების დამოკიდებულების არსებობის მნიშვნელობა და სხვა. მონაწილეებმა აგრეთვე გაიხსენეს დიალოგის წარმატებული შემთხვევები, სადაც გამოიკვეთა ინიციატორი უწყების ნება და ხალხის აქტიურობა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024