სახელმწიფო დასაქმების პორტალი Worknet vs. უმუშევრობის პრობლემა

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | სტატია 11 თებერვალი 2016

ავტორი: თამარ ჩარკვიანი

 

სტატია დაიწერა პროექტ "სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება"-ს ფარგლებში და გამოქვეყნდა პროექტის ბლოგზე "საქართველო 2020".

 

„საქართველო 2020“ სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ადამიანური კაპიტალის განვითარებაა. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ადამიანური რესურსების მართვის სისტემის განვითარებას [1]. საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2013-2014 წლების სამოქმედო გეგმის თანახმად, 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შედეგად ხელისუფლება აცნობიერებს ქვეყნის განვითარების დაჩქარებისათვის დასაქმების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელობას და მიზანშეწონილად მიიჩნევს შრომის ბაზრის ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის აქტიური ნაბიჯების გადადგმას. სტრატეგიაში აისახა პირველი რიგის გადასაჭრელი ამოცანები, იმისათვის რომ შეიქმნას მყარი საფუძველი შრომის ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის, სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის, უმუშევრობის შემცირებისათვის, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარებისათვის [2].

 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით 2013 წელს კითხვაზე თუ რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რესპოდენტთა 61% უპასუხა რომ მთავარი პრობლემა არის სამუშაო ადგილები. კითხვაზე 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით როგორ შეიცვალა მდგომარეობა სამუშაო ადგილებთან მიმართებაში, რესპოდენტთა 72% უპასუხა რომ მდგომარეობა არ შეცვლილა, გაუარესდა 11%, გაუმჯობესდა 8%, არ ვიცი 9%. 2014 წლის კვლევის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 61%, ხოლო 2015 წელს 57% ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხად კვლავ უმუშევრობის პრობლემას ასახელებს[3]. საქართველოში ბოლო დროს ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგების მიხედვით, ნომერ პირველი პრობლემა მოსახლეობისთვის დასაქმებაა. კვლევები ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივ აზრს და არა უმუშევრობის დონეს იკვლევს (იხ. დიაგრამა 1 და 2).

 

დიაგრამა 1 და 2. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი თქვენი ოჯახისათვის და ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი (2015 წ.)[4]

საქართველოს მთავრობის განცხადებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში შრომის ბაზრის მწვავე პრობლემების მოგვარებას. სახელმწიფოს მხრიდან უმუშევრობის პრობლემის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად აღიარება, როგორც სოციოლოგიური კვლევები ცხადყოფს, პასუხობს საზოგადოებრივ ინტერესებს. საკითხი, რომელიც იკვეთება სახელმწიფოს მხრიდან პრობლემის აღიარების შემდეგ, პრობლემის დასაძლევად ეფექტური/ქმედითი ნაბიჯების გატარებას უკავშირდება.

 

ამ კომპონენტის მდგენელია სახელმწიფო დასაქმების ახალი პორტალი Worknet-ი, რომელიც „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს" სოციალური მომსახურების სააგენტოში შეიქმნა. 2013 წლის დეკემბერში დაიწყო ფუნქციონირება დასაქმების ელექტრონულმა პორტალმა http://www.worknet.gov.ge, 2014 წლის აპრილიდან ვაკანსიები ხელმისაწვდომი გახდა.

 

შრომის ბაზრის საინფორმაციო პორტალი სრულებით განსხვავებულია აქამდე არსებული დასაქმების პროგრამებისგან, რადგან უპირატესობა ენიჭება არა რეგისტრაციას, არამედ, საქართველოს მასშტაბით, შრომის ბაზრის შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და ანალიზს. ახალი საინფორმაციო პორტალი წარმოადგენს შრომის ბაზარზე მიმდინარე პროცესების ერთიან სტატისტიკურ-ანალიტიკურ სისტემას, რომელიც განვითარების, პროგნოზირებისა და ძირითადი ტენდენციების გამოვლენის საშუალებას იძლევა.

 

http://www.worknet.gov.ge მიზანი და ამოცანებია: შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარება, უმუშევრობის დონის შემცირება, შრომის ბაზრის მოთხოვნების და ძირითადი ტენდენციების გამოვლენა, სამუშაო ძალის სტრუქტურის და უნარ-ჩვევების გაანალიზება, პროფესიული განათლების და ტრენინგების პოპულარიზაცია; შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის ფორმირება/განვითარება სამუშაოს მაძიებლთათვის სამუშაოს მოძიების სერვისების ხარისხის გასაუმჯობესებლად, შრომის ბაზრის შესახებ ინფორმაციის გაუმჯობესება შრომის ბაზრის ანალიზის ინსტიტუციონალიზაციისა და შრომის ბაზრის მონაცემთა ბაზის შექმნის საშუალებით; შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის მინიმუმამდე დაყვანა და ეფექტური საშუამავლო მომსახურების უზრუნველყოფა.

 

http://www.worknet.gov.ge მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს განათავსონ ინფორმაცია საკუთარი შესაძლებლობებისა და სურვილების შესახებ, ასევე მოიძიონ ვაკანსია ან დამსაქმებელმა თავად იპოვოს სამუშაოს მაძიებელი. პორტალი ხელს შეუწყობს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული უნარების განვითარებას ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად და მათი კარიერის დაგეგმვას [5].

 

მოცემული სტატიის საგანია უმუშევრობის პრობლემის დასაძლევად სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში შექმნილი ახალი მექანიზმის დასაქმების პორტალ Worknet-ის მიმოხილვა.

 

კვლევის მიზანია განვიხილოთ Worknet-ის ეფექტურობა სახელმწიფოს დასაქმების პოლიტიკის და უმუშევრობის დონის შემცირების კონტექსტში.

 

კონკრეტულად, კვლევის კითხვაა: რა როლი აქვს სახელმწიფო დასაქმების პორტალ Worknet-ს უმუშევრობის პრობლემის გადაწყვეტაში და რამდენად ეფექტურია იგი?

 

მეთოდოლოგიური სტრატეგია ეფუძნება Desk Reaserch (სამაგიდო კვლევა) მეთოდოლოგიით მოპოვებული ემპირიული მონაცემების ანალიზს – სახელმწიფოს სტრატეგიული დოკუმენტების, სტატისტიკური მონაცემების, ექსპერტთა მოსაზრებების მიმოხილვას და ანალიზს. დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის და უმუშევრობის დაძლევის გზების კვლევების ზოგადი ტენდენციების მიმოხილვას და ინტერპრეტაციას.

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით 2014 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2013 წელთან შედარებით 2.2%-ით შემცირდა და 12.4% შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წელს უმუშევრობის დონემ ბოლო 11 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია (იხ. დიაგრამა 3.).[6]

 

დიაგრამა 3. უმუშევრობის დონე საქართველოში (2006-2014)[7]

ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე თვლის: „დასაქმების მაჩვენებლის ზრდა როგორც კერძო სექტორის, ისე სახელმწიფო სექტორის მაჩვენებლის ხარჯზე მოხდა. ბუნებრივია, პოზიტიური მონაცემია. სახელმწიფო სექტორში დასაქმების ზრდა გამოწვეულია ძირითადად 2014 წელს სახელმწიფო აქტივობაზე ორი მიმართულებით. ერთი არის არჩევნებთან დაკავშირებული თემა და პროგრამა, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით მუშაობდა და მეორეა საყოველთაო აღწერა და ამ პროცესში სახელმწიფოს მხრიდან დასაქმებულთა ჩართვა“.[8]

 

ახალი ბიუროკრატიული სისტემის შექმნით ვაწყდებით არანაკლებ მნიშვნელოვან პრობლემას – ბიუროკრატიის ზრდას. უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა რიცხოვნობის ზრდა და ზრდის ტემპი ყურადსაღებ რეალობას წარმოგვიდგენს. მართალია, სახელმწიფოს მიზანი არის უმუშევრობის შემცირება, მაგრამ ოპოზიციის და ექსპერტთა შეფასებით პრობლემა კერძო და არა საჯარო სექტორში დასაქმების გზით უნდა გადაწყდეს [9]. პოლიტიკური ოპოზიცია 2015 წლის ბიუჯეტზე მსჯელობისას აცხადებდა, რომ ბიუჯეტის გეგმით, საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების რიცხვი იზრდება, რადგან ხელისუფლება კერძო სექტორში ვერაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინვესტიცია შემოიტანოს.[10]

 

„ფაქტ-მეტრის“ საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ყოველი მე-6 დასაქმებული და ყოველი მე-3 დაქირავებული საჯარო სექტორშია და მათი სახელფასო უზრუნველყოფა 2014 წლის მონაცემებით შეადგენს 2 მილიარდ 422 მილიონ ლარს (იხ. დიაგრამა 4.).

 

დიაგრამა 4. დასაქმება საჯარო სექტორში (წყარო: საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი)[11]

 

ფაქტობრივი მონაცემების გადამოწმების შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი მართლაც გაზრდილია. 2012 წელს საჯარო სექტორში 102 976 დასაქმებული იყო, ხოლო 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დასაქმებულთა რაოდენობა 116 442 იქნება, რაც ნიშნავს, რომ სამი წლის განმავლობაში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 13 466-ით გაიზარდა. ბიუროკრატიის ზრდა იწვევს მათი შენახვის ხარჯების და გადასახადის გადამხდელების ტვირთის სიმძიმის ზრდას.[12]

 

პრობლემას აღიარებს საქართველოს ახალი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც აცხადებს: „ბიუროკრატიული აპარატის მასშტაბები თანდათანობით, დროში გაწერილი გეგმის შესაბამისად უნდა გახდეს უფრო ეფექტიანი, უფრო ოპტიმიზირებული და ეს არის ჩემი ერთ-ერთი ამოცანა, ჩვენი კაბინეტის, რომ მთავრობა იყოს ეფექტიანი და მინიმუმ, ბიუროკრატიის ზრდა ამ ეტაპზე არ მოხდეს და შეიზღუდოს საბიუჯეტო სექტორში, საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, მაქსიმუმ, დროში გაწერილი გეგმით, მივიღოთ უფრო ეფექტიანი და ოპტიმიზირებული მთავრობა“.[13]

 

მიუხედავად აღნიშნული განცხადებისა, მიმდინარე წლის ბიუჯეტით გაზრდილია მოხელეთა სახელფასო ფონდი, გათვალისწინებულია დამატებითი თანხები ახალი საშტატო ერთეულების დასაფინანსებლად. ბიუჯეტის ამგვარი ცვლილება და მთავრობის მიერ ახალი სააგენტოების შექმნა ეჭვქვეშ აყენებს ახალი პრემიერის განცხადებას და არ გამორიცხავს ბიუროკრატიის ზრდის ტენდენციის გაგრძელებას.

 

ექსპერტთა შეფასებით, ეკონომიკა სადაც ყველაზე დიდი დამსაქმებელი საჯარო სექტორია, არ არის განვითარებაზე ორიენტირებული, განვითარების დაგეგმვაც კი შეუძლებელია [14].

 

კვლევის ფარგლებში მოვიძიეთ საქართველოში ფუნქციონალური დასაქმების კერძო სააგენტოები და დასაქმების სპეციალური ვებპორტალები: http://www.jobs.ge, www.hr.ge, www.free.ge, http://www.staf.ge, www.vacancy.ge, www.chemikariera.ge, www.bigmall.ge, http://www.vet.ge (განსაკუთრებული საჭიროების პირთათვის), http://www.edu.aris.ge (სტუდენტებისათვის), http://www.medgeo.net (სამუშაოს ძიება საქართველოში დაბრუნების მსურველთათვის), http://www.hr.gov.ge და სხვა.

 

ხელისუფლება აღიარებს აღნიშნული პორტალების გარკვეულ პოზიტიურ როლს სამუშაოს მოძიების სფეროში, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ თუ აკმაყოფილებენ ეფექტიანი საშუამავლო მომსახურების იმ მოთხოვნებს, რაც საქართველოს შრომის ბაზარზეა და ვერ აბათილებენ დასაქმების სახელმწიფო სამსახურის შექმნის საჭიროებას [15].

 

დასაქმების პროგრამების დეპარტამენტმა 2014 წლის ანგარიშში შეაჯამა მუშაობის შედეგები: 2014 წელს Worknet-ზე რეგისტრაციამ შეადგინა – 32715 სამუშაოს მაძიებელი; სააგენტო მოემსახურა 17716 მაძიებელს; რეგისტრაციაზე კონსულტაცია გაეწია 31878 მოქალაქეს; ინფორმაცია მიეწოდა 5077 დამსაქმებელს; თანამშრომლობაზე თანხმობა განაცხადა 607 დამსაქმებელმა; 205 ვაკანსია შევიდა დამსაქმებლებისგან; მოწოდებული ვაკანსიების რაოდენობაა 1708; ვაკანსიებზე გაგზავნილი სამუშაოს მაძიებლების რაოდენობაა 1481; საშუამავლო მომსახურებით დასაქმებულთა რაოდენობაა 387 [16].

 

მოცემულ ეტაპზე 2015 წლის ანგარიში ხელმისაწვდომი არ არის. 2015 წლის 12 იანვრის Worknet-ის მონაცემების მიხედვით დარეგისტრირებული იყო 33 358 სამუშოს მაძიებელი [17]. 2015 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის უფროსმა, განაცხადა რომ იმ ეტაპზე სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის დასაქმების პროგრამის მეშვეობით საქართველოს მასშტაბით 2067 პირია დასაქმებული [18].

 

ეს მონაცემი უმუშევრობის მწვავე პრობლემის გადაწყვეტისათვის მინიმალური წვლილის მქონეა. თავისთავად უმუშევრობის პრობლემა იმდენად კომპლექსური და რთულია, რომ ერთი დეპარტამენტის ფარგლებში მისი გადაწყვეტა წარმოუდგენელია. სახელმწიფომ სხვადასხვა გადაწყვეტილებებით თუ პროექტებით უნდა შექმნას გარემო, რომელშიც სამუშაო ადგილებს ქმნის არასახელმწიფო სექტორი.

 

გარდა Worknet-ზე განხორციელებული აქტივობებისა, დასაქმების დეპარტამენტს სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებიც აქვს განხორციელებული და მომზადებული (ან მონაწილეობა მიღებული): საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმა, შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის კონცეფციის, კარიერის დაგეგმვისა და პროფკონსულტირების კონცეფციის, დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების – 2015-2018 წლების პროგრამა და სამოქმედო გეგმა; სამუშაოს მაძიებელთა ჯგუფური კონსულტაციები ჩატარდა ყველა მუნიციპალიტეტსა და მსხვილ სოფლებში. კონსულტაციებს დაესწრო სულ – 5422 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის: 113 – პრობაციონერი, 24 – შშმ პირი და ა.შ.[19]

 

აღნიშნული აქტივობები შრომის ბაზრის შესასწავლად მნიშვნელოვანია. სახელმწიფო ინსტიტუტების დასაქმების ეფექტური პოლიტიკის წინაპირობა სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ აქტუალურ ინფორმაციას და ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას უკავშირდება.

 

სამწუხაროა რომ ყოველიევე ახალი ბიუროკრატიული ინსტიტუციის წარმოქმნის გარეშე ვერ განხორციელდა. თუმცა, ობიექტურობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის ფარგლებში სამოქალაქო სექტორში კვალიფიციური და ცნობადი არასამთავრობო ორგანიზაციების იდენტიფიცირების მცდელობამ უარყოფითი შედეგი გამოიღო. უმუშევრობის და დასაქმების საკითხებზე/პრობლემებზე სისტემატიური, სიღრმისეული, ყოვლისმომცველი ინფორმაციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები ე.წ. Think Tank ფაქტიურად არ არსებობენ და არსებობს მათი განვითარების საჭიროება. მით უფრო, რომ არც აკადემიურ სივრცეში მოიძებნება სისტემატიური კვლევითი ორგანიზაციები/ჯგუფები. გვხვდება ცალკეული კვლევები, ნაშრომები, რომლებიც შრომის ბაზრის, უმუშევრობის პრობლემის, უმუშევართა უფლებების და ა.შ. არა სისტემატიურ კვლევას წარმოადგენს.

 

საქართველოში სუსტია პროფესიული კავშირები.[20] შესაბამისად არსებობს დეფიციტი შრომით სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ სრული სურათის არსებობის. ამ ფონზე სახელმწიფოს როლის გააქტიურება მნიშვნელობას იძენს. პარალელურად ვაწყდებით არანაკლებ მნიშვნელოვან პრობლემას, სამოქალაქო სექტორში ძლიერი Think Tank ორგანიზაციების არარსებობა სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ აქტივობის/ღონისძიების სუსტ კონტროლს იწვევს – არ არსებობს მთავრობის მიერ განხორციელებული პროექტების ეფექტურობის, მათზე ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების ეფექტურობის კვლევებით დასაბუთებული კვალიფიციური დასკვნები. შესაბამისად დასაქმების დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე კვალიფიციური დასკვნები სამოქალაქო სექტორის მხრიდან არ მოყოლია. ამიტომ რთულია ობიექტური მსჯელობა რამდენად ეფექტურად იხარჯება აღნიშნული მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები, რამდენად მიზანშეწონილია ისედაც მზარდი ბიუროკრატიის პრობლემის ფონზე ახალი დასაქმების დეპარტამენტის არსებობა?!…

 

მნიშვნელოვანია მეორე საკითხი, რომელიც უშუალოდ დასაქმების პორტალ Worknet-ს შეეხება. ფაქტია, რომ შრომის ბაზარზე დეფიციტია ვაკანსიების, გასაგებია რომ სამუშაო ადგილების დეფიციტის დაძლევა პორტალის მიზანი არ არის. პორტალის ერთ-ერთ ძირითადი ამოცანა დამსაქმებლებისთვის და დასაქმების მსურველთათვის ინფორმაციის გაცვლის ეფექტური სისტემის შექმნაა, განხორციელებული ღონისძიებები ადასტურებს, რომ სააგენტო ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. თუმცა, ჩნდება კითხვა – რამდენად პრობლემური იყო ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მოპოვება დასაქმების მსურველთათვის სანამ შეიქმნებოდა Worknet-ი, გვქონდა კი ამ მიმართულებით დასაქმების პორტალების სიმცირე?!… როგორც ზემოთ აღვნიშნეთ საქართველოში დასაქმების არაერთი პორტალი მოქმედებს და მათაც დაინტერესებული პირების საკმაოდ დიდი რაოდენობა მოიხმარს.

 

ვაკანსიების დეფიციტი სერიოზულ გამოწვევებს უკავშირდება, შესაბამისად სანამ ეს გამოწვევები არ იქნება დაძლეული რეალურ შედეგებს ამ მიმართულებით არ უნდა ველოდოთ. ეკონომიკის დარგის ექსპერტთა ანალიზით, უმუშევრობის მაღალი დონე გამოწვეულია ეკონომიკის ზრდის დაბალი ტემპით, რაც თავისთავად სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკური პროცესების სტიმულირებისათვის არაეფექტურ ნაბიჯებს უკავშირდება. ამას ემატება ე.წ. სტრუქტურული უმუშევრობის პრობლემა, რომელიც გულისხმობს კვალიფიციური კადრების დეფიციტს მოთხოვნად სამუშაო პოზიციებზე: „20 წელია ინერციით ვაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ გვქონდეს დიპლომი და არა ცოდნა. გვქონდეს კავშირები და არა კრეატიული აზროვნება. გვქონდეს სუბსიდიები და არა კონკურენცია. გვქონდეს ხარისხი ბიზნესში, ფინანსებში, მენეჯმენტში და არა მათემატიკაში, ფიზიკაში ან ბიოლოგიაში. ეს ჩამონათვალი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს.“[21]

 

განხორციელებული ანალიზიდან და დღევანდელი რეალობის ფაქტობრივი შეფასებებიდან შეგვიძლია გავაკეთოთ ზოგადი დასკვნა, რომ დასაქმების მიმართულებით, სახელმწიფო პოლიტიკა ნაკლებეფექტურია. სახელმწიფო სრულად არ მოიცავს პრობლემურ სფეროში არსებულ გამოწვევებს და სუსტად ართმევს თავს 2020 დოკუმენტის ფარგლებში მოცემული ამოცანების შესრულებას.

 

უმუშევრობა უფრო ზრდის სოციალურ რისკებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს. ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დაჩქარების და არსებული სოციალური პრობლემების გადაჭრისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობის უფრო ქმედითი სტრატეგიის შემუშავებას, როგორც ბიზნეს გარემოს სრულყოფის, ისე შრომის ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარების გზით.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), ბრემენის უნივერსიტეტის ან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას. შესაბამისად, აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან პასუხისმგებელნი სტატიის შინაარსზე.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

[1]„საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია საქართველო 2020“ საქართველოს მთავრობა

[2] საქართველოს მთავრობის დადგენილება №199 2013 წლის 2 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2013-2014 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

[3] National Democratic Institute http://www.ndi.org/files/Georgia-March2013-survey-GEO.pdf

[4] საზოგადოების განწყობა საქართველოში: 2015 წლის ნოემბრის კვლევის შედეგები ჩატარებული NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ, http://www.crrc.ge/uploads/files/ndi/NDI_November_2015_Public_presentation_GEO_version_FINAL.pdf

[5]კვლევა ჩატარებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივის ფარგლებში: ,, ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“ მოწყვლადი ჯგუფების პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოში სიტუაციური ანალიზი, 4 მაისი, 2015 თბილისი

[6] http://factcheck.ge/article/73-saqarthvelos-mkvidri-mosakhleobis-umushevaria/

[7] საქსტატის ოფიციალური ვებგვერდი, http://geostat.ge/?action=page&p_id=145&lang=geo

[8] დავით აბულაძე, უმუშევრობა შემცირდა, მთავრობა „სტატისტიკური ქულების“ ჩაწერას შეუდგა, 2015-05-29 19:30:59, http://www.for.ge/view.php?for_id=40713&cat=1

[9]ლევან ალაფიშვილი, ბიუროკრატიის ზრდა საქართველოში, 16 დეკემბერი 2015, https://idfi.ge/ge/rise-of-bureaucracy-georgia

[10]http://factcheck.ge/article/daakhloebith-10-000-ith-izrdeba-sajaro-seqtorshi-dasaqmebultha-raodenoba-radgan-kedzo-seqtorshi-mthavroba-veraphers-akherkhebs-upd/

[11] იქვე.

[12] იქვე.

[13]„ჩემი ერთერთი ამოცანაა, რომ მთავრობა იყოს ეფექტიანი და მინიმუმ, ბიუროკრატიის ზრდა ამ ეტაპზე არ მოხდეს“, 29 დეკემბერი 2015, 17:47, http://news.ge/ge/news/story/164653-chemi-erterti-amotsanaa-rom-mtavroba-iyos-efeqtiani-da-minimum-biurokratiis-zrda-am-etapze-ar-mokhdes

[14] კახა მჭედლიძე, ბიუროკრატია საქართველოში და მისი საზღვრები, 15.02.2014, http://www.radiotavisupleba.ge

[15] http://www.bpn.ge/ekonomika/2626-shromis-bazris-marthvis-sakhelmtsifo-portalze-vakansiebi-aprilidan-ganthavsdeba.html?lang=ka-GE

[16]სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლიური ანგარიში

[17] http://www.mof.ge/images/File/biuj2015-9tve/TAVI_V.pdf

[18] ჯანდაცვის სამინისტრო სამუშაოს მაძიებლებს მიმართავს – http://medfm.ge/archives/4241, 06.29. 2015

[19] სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლიური ანგარიში

[20] ირაკლი პეტრიაშვილი: შუასაუკუნეობრივი შრომის კოდექსი უნდა შეიცვალოს, 27 10 2011, 09:56:29, http://www.geworld.ge/

[21]ნინა პირტახია, „თბილისი თაიმს“ უმუშევრობის გადაწყვეტის გზებზე და პრობლემის აღმოფხვრის შესაძლო გზებზე ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში აკაკი ცომაია ესაუბრა. 23.05.14, http://www.ttimes.ge/archives/20481

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024