იქნება თუ არა ყველასათვის ხელმისაწვდომი სკოლამდელი განათლება

სიახლეები 15 მარტი 2016


2016 წლის 4 მარტს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საქართველოს კანონის პროექტი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“.

 

უპირველეს ყოვლისა, მისასალმებელია, საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების ინიციატივა, რომ ერთიანი სამართლებრივი აქტით დარეგულირდეს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფერო. მიუხედავად იმისა, რომ ადრეული და სკოლამდელი აღზრდა და განათლება ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო საკითხია, დღემდე არ არის ჩამოყალიბებული აღნიშნული სფეროს ერთიანი სტანდარტები, არ არსებობს ერთიანი პროგრამები, ამავდროულად, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის და განათლების სტანდარტები განსხვავდება მუნიციპალიტეტების მიხედვით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საბაზისო სტანდარტების შემუშავება, რომელიც საერთო იქნება ყველა მუნიციპალიტეტისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ყველა ბავშვისთვის განათლების ხელმისაწვდომობას მიუხედავად მათი ფიზიკური, შემეცნებითი, ეთნიკური, რელიგიური, გენდერული და სხვა მახასიათებლებისა.


თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს“ (IDFI) დასახელებული კანონპროექტის შემდგომი სრულყოფის მიზნით აქვს შემდეგი შენიშვნები:


1. კანონპროექტის მე-15 და 22-ე მუხლები განსაზღვრავენ იმ იურიდიული პირის (რომელიც უზრუნველყოფს ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებას ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებას (შემდგომში - დაწესებულება)) ავტორიზაციის პირობებს და ამ ავტორიზაციის პირობების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირს. აუცილებელია, რომ ყველა მუნიციპალიტეტისთვის საერთო საბაზისო სტანდარტების შემუშავება/შენარჩუნების მიზნით, კანონპროექტით გათვალისწინებული ავტორიზაციის პირობების მონიტორინგში უფრო აქტიურად იყვნენ ჩართული ცენტრალური ხელისუფლების ორგანოები (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სურსათის და სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო“). ასევე, არ არის მიზანშეწონილი კანონის პროექტის 22-ე მუხლში არსებული ფორმულირების დატოვება, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტს აქვს უფლებამოსილება დააფუძნოს ახალი არასამეწარმეო იურიდიული პირი დაწესებულებაზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით. აღნიშნული გამოიწვევს ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების ზრდას. აუცილებელია, რომ დაწესებულების მონიტორინგის ფუნქცია შეითავსოს მუნიციპალიტეტის არსებულმა სტრუქტურულმა ერთეულებმა.


2. კანონპროექტი არ ითვალისწინებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მუნიციპალიტეტების პირდაპირ ვალდებულებას, რომ უზრუნველყონ აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარება; IDFI მიიჩნევს, რომ აუცილებელია აღნიშნული საკითხის ინტეგრირება კანონპროექტის მე-15 მუხლში, სადაც აღნიშნული უნდა იყოს რომ აღმზრდელ-პედაგოგთა მუდმივი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა არის ავტორიზაციის ერთ-ერთი პირობა. მხოლოდ მუდმივი პროფესიული განვითარებით შეძლებენ აღმზრდელები და პედაგოგები მიაწოდონ აღსაზრდელებს შესაბამისი ცოდნა და განახორციელონ ინკლუზიური საგანმანათლებლო მიდგომა პრაქტიკაში.


3. კანონპროექტი არ კრძალავს ალტერნატიული დაწესებულებების შექმნას, თუმცა არ ადგენს განსხვავებული სასწავლო-სააღმზრდელო დღის ხანგრძლივობის შესაძლებლობას ალტერნატიული დაწესებულებებისათვის. კანონპროექტის არსებული ფორმულირებით (მუხლი 21.2.), „დაწესებულების სასწავლო-სააღმზრდელო დღის ხანგრძლივობაა 9 საათი“. აღნიშნული გავლენას მოახდენს ისეთ დაწესებულებებზე, რომლებიც სამეწარმეო სამართლის იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით არიან დარეგისტრირებული. კანონპროექტის არსებული ჩანაწერის დატოვება, ამავდროულად, უარყოფითი შედეგის მომტანი იქნება მაღალმთიანი სოფლებისთვის, სადაც არსებობს ნახევარდღიანი (3-4 საათი) მუნიციპალური სკოლამდელი პროგრამები, რომელთა განხორციელება ხდება სკოლის ან სხვა შენობაში, რადგან სოფლებში ფიზიკურად არ არსებობს ბაღი. შესაბამისად, ნახევარდღიანი მუნიციპალური სკოლამდელი პროგრამები დაიხურება და ისედაც მოწყვლად გარემოში მყოფ ბავშვებს, სკოლამდელი განათლების ეს მინიმალური შესაძლებლობაც წაერთმევათ, რადგან ასეთ ადგილებში 3, 5, 10 ბავშვის გამო ახალ ბაღის შენობას არავინ ააშენებს. შესაბამისად, აღნიშნული ჩანაწერი ეწინააღმდეგება ინკლუზიურ საგანანმანათლებლო ხედვას. IDFI მიიჩნევს, რომ აუცილებელია საერთო საბაზისო სტანდარტების არსებობა ყველა დაწესებულებისათვის, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ ავტორიზაციის პირობებს, ინკლუზიურ საგანმანათლებლო მიდგომას, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფის შემადგენლობას, ჯგუფის მოცულობას და აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის ბავშვთან თანაფარდობას და სხვა კანონპროექტით დადგენილ საკითხებს, მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ხელი არ შეუშალოს კერძო დაწესებულებების და ნახევარდღიანი მუნიციპალური სკოლამდელი პროგრამების არსებობას და სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების კონკურენციის საფუძველზე განავითაროს საუკეთესო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პირობები ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის სტატისტიკა

11.10.2024

საჯარო მმართველობის რეფორმა ევროკავშირში გაწევრების კონტექსტში

07.10.2024

“ლიზიკო აბზიანიძის მოგონებების” პრეზენტაცია

03.10.2024

საქართველოს შედეგები გაეროს ელექტრონული მმართველობის ინდექსში

03.10.2024
განცხადებები

საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა

09.10.2024

პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს

24.09.2024

კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევას ეხმიანება

19.09.2024

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024
ბლოგპოსტები

საქართველოს ევროპული მომავალი: რა მოლოდინი აქვს ევროკავშირს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით?

09.10.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024