ძირითადი მიგნებები:
- საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის წილი ქვეყნის მთლიან ექსპორტში (რეექსპორტის ჩათვლით) მცირდება და 2024 წელს, 10 წლიან მინიმუმზე დაფიქსირდა.
- საქართველოდან ცენტრალური აზიის ქვეყნებში ავტომობილების რეექსპორტის რეკორდულად მზარდი მაჩვენებლები, მნიშვნელოვან ეჭვებს აჩენს რუსეთში სანქცირებული ტვირთის მოსახვედრად საქართველოს დერეფნის გამოყენების შესახებ. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა 2024 წელს 2 მლრდ დოლარს გადააჭარბა და მთლიანი ექსპორტის 37% დაიკავა.
- 2022 წლიდან ევროკავშირის ქვეყნებში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი მცირდება და 2024 წელს ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობამ 2015 წლის შემდგომ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი შეადგინა. 2024 წელს 2022 წელთან შედარებით ვარდნა 37.3% იყო.
- მკვეთრ კლებას აჩვენებს ექსპორტი ჩინეთთანაც, რომელიც 4 წლიან პერიოდში, განახევრდა და 2024 წელს 300 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
- 2024 წელს ადგილობრივი პროდუქციის თითქმის 22% რუსეთში იყიდებოდა. 2015 წლიდან 2024 წლამდე, ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი რუსეთში თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარით გაიზარდა - ზრდა 321,4%-ია.
- მკვეთრად მზარდია რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი. 2024 წლის მონაცემებით, ჯამურად ღვინის ექსპორტის 66% რუსეთზე მოდიოდა.
- აშშ-ში ექსპორტის მაჩვენებელი არასტაბილურობით ხასიათდება, - მიზეზი კი მთავარი საექსპორტო პროდუქტი - ფეროშენადნობებია, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გლობალურ ბაზრებზე არსებულ საფასო პოლიტიკაზე. ბოლო სამ წელში ფეროშენადნობების საექსპორტო ფასი ტონაზე 2000 დოლარიდან 1140 დოლარამდე შემცირდა.
- 2025 წელი საქართველოში იმპორტის უჩვეულო ზრდით დაიწყო. თუმცა, რომ არა ქვეყანაში დიდი მოცულობით ნახატების და ქანდაკებების შემოტანა, იანვარში იმპორტი შემცირების ტრენდს აჩვენებდა (-1.2%).
- საქართველოს სტატისტიკის ოფიციალური წყაროები არ ემთხვევა ვაჭრობის საერთაშორისო პლატფორმებზე მოყვანილ მონაცემებს. მაგალითად გაეროს საგარეო ვაჭრობის პორტალის მიხედვით, საქართველოში 2022 წელს აშშ-დან, 20 მლნ დოლარის ნახატები შემოვიდა, თუმცა მსგავსი ინფორმაცია არ გვხვდება არც საქსტატის და არც ფინანსთა სამინისტროს მონაცემებში.
შესავალი
საერთაშორისო ვაჭრობა ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს როგორც ზოგადად მსოფლიოსთვის, აგრეთვე ისეთი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა და ტრადიციულად უარყოფითი სავაჭრო ბალანსით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ისეთ მსხვილ ბაზრებთან როგორებიცაა ევროკავშირი და ჩინეთი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აქვს, წმინდა ექსპორტს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ფორმირებაში კვლავ ნეგატიური გავლენა აქვს. ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას კი შიდა მოხმარება უზრუნველყოფს, რომელმაც 2023 წელს 65 მლრდ-ს გადააჭარბა, რაც მშპ-ს (80 მლრდ მიმდინარე ფასებში) 80%-ს აღემატება. შიდა მოხმარებას კი ქვეყანაში ძირითადად საქონლის იმპორტი ფარავს, რომელიც ტრადიციულად საშუალოდ 2.5-ჯერ აღემატება ექსპორტს.
საგარეო ვაჭრობის დინამიკა ბოლო წლებია ზრდას აჩვენებს, თუმცა არის შემთხვევები როდესაც ამ ზრდას მხოლოდ ერთი კომპონენტი უზრუნველყოფს, და ის არ წარმოადგენს სავაჭრო დივერსიფიცირებას - ასე მაგალითად ბოლო წლებში ექსპორტის ზრდის მთავარი კონტრიბუტორი არა ბაზრების ან საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიცირება, არამედ ავტომობილების რეექსპორტი იყო. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით კი არაერთი კითხვა არსებობს, ხდება თუ არა საქართველოს დერეფნის გამოყენება რუსეთში სანქცირებული პროდუქტის შესატანად. მიმდინარე წლის იანვარში კი საგარეო ვაჭრობის დინამიკის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი იმპორტი გახდა - რომელიც ქვეყანაში ერთჯერადად დიდი რაოდენობის ნახატების შემოტანას უკავშირდება.
კერძოდ, 2025 წელი საქართველოში იმპორტის უჩვეულო ზრდით დაიწყო. იანვარში იმპორტმა 1.6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 45.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ერთ თვეში 1.6 მლრდ დოლარის პროდუქტის შემოტანა ქვეყანაში ისტორიული მაქსიმუმია - შედარებისთვის ეს მონაცემი 2022 წლისას 2-ჯერ აღემატება.
იმპორტის მაჩვენებელი - იანვარი
2022 – 774.2 მლნ დოლარი
2023 – 1.1 მლრდ დოლარი
2024 – 1.1 მლრდ დოლარი
2025 – 1.6 მლრდ დოლარი.
იმპორტის 30% იანვარში სურათებსა და ნახატებზე მოდიოდა - ეს პირველი შემთხვევაა როდესაც ქვეყნის საიმპორტო მაჩვენებელში სურათები და ნახატები არათუ პირველ ათეულში ხვდება, არამედ პირველ ადგილს იკავებს. კერძოდ, ერთ თვეში ქვეყანაში 481 მლნ დოლარის ნახატები შემოვიდა - ზრდა 2 მლნ%-ია. ასევე, 75 387%-ით გაიზარდა ქანდაკებებისა და სტატუების იმპორტი, რომელმაც ჯამში მთლიანი იმპორტის 2.1%, თანხობრივად კი 33.3 მლნ დოლარი შეადგინა. აღნიშნული პროდუქტები ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან და გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა - შედეგად შეიცვალა საიმპორტო ქვეყნების ტრადიციული სამეულიც და იმპორტში პირველი ადგილი აშშ-მ დაიკავა - 357.3 მლნ დოლარით, რაც მთლიანი იმპორტის 22.3%-ს შეადგენს. შედარებისთვის - წლიურად აშშ-დან იმპორტის ზრდა თითქმის 200%-ს შეადგენს, ერთ თვეში დაფიქსირებული მოცულობა კი ისტორიული მაქსიმუმია. ბრიტანეთიდან იმპორტის კუთხით კი არა მხოლოდ ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა, არამედ ერთ თვეში დაფიქსირებული 266.9 მლნ დოლარის ღირებულების იმპორტი აქამდე არსებულ ყველა წლიურ მონაცემსაც აღემატება. გაერთიანებული სამეფოდან იმპორტის ზრდა 2365%-ია. ბრიტანეთიდან და ამერიკის შეერტებული შტატებიდან სურათების, ნახატებისა და ქანდაკებების შემოტანა სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება, რომელიც ცნობილია ხელოვნების ნიმუშების კოლექციით. აქტივების საქართველოში გადმოტანას კი წინ უძღვოდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მისთვის დეკემბრის ბოლოს დაწესებული სანქციები. ივანიშვილმა ნახატები სავარაუდოდ საჰაერო გზით შემოიტანა, რის გამოც საჰაერო გზით განხორციელებული იმპორტის წილი მთლიან იმპორტში 35.8%-ს გაუტოლდა - მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი ისტორიულად საშუალოდ 7%-ს არ აღემატება.
საჰაერო გზით განხორციელებული იმპორტის წილი მთლიან იმპორტში
2025 - 35.8%
2024 – 7.9%
2023 – 6.3%
2022 – 6.7%
საქართველოს სტატისტიკის სამსახური იმპორტის მაჩვენებელს კომპანიების ზომის მიხედვითაც აკვირდება - იანვარში კი ყველაზე დიდი ზრდა ისეთ სუბიექტებზე დაფიქსირდა რომლის „ზომაც უცნობია“, - ამ კატეგორიაში კი მოიაზრება „შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის საქმიანობები; ექსტერიტორიული ორგანიზაციების საქმიანობები და სხვა სახის არაიდენტიფიცირებული საქმიანობები“.
საქართველოს იმპორტი მოვაჭრე სუბიექტების ზომის მიხედვით
2025 იანვარი
მსხვილი - 29.9%
საშუალო - 11.5%
მცირე - 14.7%
ზომა უცნობია - 43.7%
2024 წელი
მსხვილი - 41.8%
საშუალო - 17.1%
მცირე - 22.7%
ზომა უცნობია - 18.3%
ქვეყნის მთლიან იმპორტში მოწინავე ადგილს ტრადიციულად მსუბუქი ავტომობილები და ნავთობპროდუქტები იკავებს, იანვარში კი იმაზე ორჯერ მეტი ღირებულების ნახატები შემოვიდა, ვიდრე ორივე ჯგუფი ერთად.
აღსანიშნავია, რომ არის შემთხვევები როდესაც საქართველოს სტატისტიკის ოფიციალური წყაროები არ ემთხვევა ვაჭრობის საერთაშორისო პლატფორმებზე მოყვანილ მონაცემებს. ასე მაგალითად გაეროს საგარეო ვაჭრობის პორტალის Comtradeplus-ის მიხედვით, საქართველოში 2022 წელს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, 20 მლნ დოლარის ნახატები შემოვიდა, თუმცა მსგავსი ინფორმაცია არ გვხვდება არც საქსტატის და არც ფინანსთა სამინისტროს მონაცემებში.
წყარო: გაეროს საგარეო ვაჭრობის პორტალი
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი - რას ყიდიან საერთაშორისო ბაზრებზე ქართველი მეწარმეები
მიუხედავად იმისა რომ, ბოლო წლებში საქართველომ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი დაამყარა ისეთ მსხვილ ბაზრებთან როგორებიცაა ევროკავშირი და ჩინეთი, ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა არასტაბილურობით გამოირჩევა და მისი წილი ქვეყნის მთლიან ექსპორტში კლებას აჩვენებს. კერძოდ, თუკი შევხედავთ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტს, რეექსპორტის გარეშე, მისი წილი ქვეყნის მთლიან ექსპორტში კლებას აჩვენებს. ეს ერთის მხრივ ტრანზიტული მიზნით ქვეყნის დერეფნის გააქტიურებაზეც მიანიშნებს, თუმცა მეორე მხრივ ზემოთ ნახსენები ბაზრების გახსნის პარალელურად, რომლებიც ჯამურად 1.5 მილიარდ მომხმარებელზე მეტს აერთიანებს, ჩნდება კითხვა რამდენად კონკურენტუნარიანია ადგილობრივი წარმოების პროდუქცია მსოფლიო ბაზრებზე. კერძოდ ქვეყნის მთლიანი ექსპორტი 2015-2024 წლებში ჯამურად ქვეყნის მთლიანი ექსპორტი (რეექსპორტის ჩათვლით), თითქმის გასამმაგდა და 6.5 მლრდ დოლარი შეადგინა (+197%). ადგილობრივი ექსპორტი კი ამავე პერიოდში 87%-ით გაიზარდა და 3 მლრდ დოლარს მიაღწია. ადგილობრივი ექსპორტის წილი ქვეყნის მთლიან ექსპორტში საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს ბოლო ათ წლიან მინიმუმმზე იყო. ეს კი მიუხედავად იმისა რომ თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებების პარალელურად, საექსპორტო ქვეყნების რაოდენობა წლების განმავლობაში მზარდია და თუკი 2015 წელს საქართველოდან ექსპორტზე პროდუქცია მსოფლიოს 117 ქვეყანაში გადიოდა, 2024 წლის ბოლოს ადგილობრივად წარმოებული პროდუქცია მსოფლიოს 135 ქვეყანაში იყიდებოდა. რაც შეეხება ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტს - ათ წლიან პერიოდში საექსპორტო ქვეყნების სია 115-ით, 128-მდე გაიზარდა. ამ პერიოდში სიას დაემატა ძირითადად ისეთი ბაზრები სადაც ექსპორტის მოცულობა მცირეა - ასე მაგალითად პუერტო რიკო, პალესტინა, კაიმანის კუნძულები, ლუქსემბურგი, ახალი ზელანდია, ბურნიკა ფასო, ბურნუდი, ბუტანი, ვენესუელა - ამ ბაზრებზე ექსპორტის მოცულობა მთლიანი ექსპორტის 0.05%-საც ვერ აღწევს. ჯამში კი იმ ქვეყნების წილი, რომლებიც ბოლო ათ წელში დაემატნენ ადგილობრივი პროდუქციის გასაღების ბაზრებს, მთლიან ადგილობრივ ექსპორტში მხოლოდ 0.4%-ია.
მიუხედავად იმისა რომ 10 წლიან პერიოდში ადგილობრივი ექსპორტი თანხობრივად თითქმის გაორმაგდა, 2023 წლის მკვეთრი ვარდნის (-23.3%) შემდგომ ის კვლავ ვერ ეწევა 2022 წლის მონაცემს.
ქვეყნების მიხედვით, ადგილობრივი ექსპორტი ყველაზე მეტად შემცირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუკი აშშ-ში 2014 წელს 200 მილიონზე მეტის ღირებულების პროდუქცია გავიდა, 2024 წელს (წინასწარი მონაცემები) ეს მაჩვენებელი 132.6 მლნ დოლარს შეადგენდა. შედეგად აშშ-ს წილი ადგილობრივ საექსპორტო ბაზრებში 11%-დან 4.4%-მდე შემცირდა. აშშ-ში ექსპორტის მაჩვენებელი არასტაბილურობით ხასიათდება, - მიზეზი კი მთავარი საექსპორტო პროდუქტი - ფეროშენადნობებია. გასულ წელს, საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტმა აშშ-ში 132.6 მლნ დოლარი შეადგინა, საიდანაც 75% ერთ პროდუქტზე ფეროშენადნობებზე მოდიოდა (90.2 მლნ აშშ დოლარი). ანალოგიურად 2023 წელს მთლიანი ექსპორტის 76% ფეროშენადნობებზე მოდიოდა (69 მლნ აშშ დოლარი), 2022 წელს კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ფეროშენადნობების ექსპორტი 232 მლნ დოლარს შეადგენდა.
ფეროშენადნობებს საქართველოს საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, თუმცა გლობლურ ბაზრებზე არსებული არასტაბილურობა (ტარიფების ცვლილება/მოთხოვნის ვარდნა) დარგს არასტაბილურს ხდის. აქედან გამომდინარე, ადგილობრივ ქარხნებს პერიოდულად საწარმოო პროცესის შეჩერება უწევთ. სიტუაცია განსაკუთრებით მწვავეა 2022 წლიდან. თუკი 2021 წელს საქართველომ ექსპორტზე ჯამში 229,094 ტონა ფეროშედანობები გაიტანა, საიდანაც 460 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, 2024 წელს 281,516 ტონის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 322 მლნ დოლარს შეადგენდა. გამოდის რომ საექსპორტო ფასი ტონაზე 2000 დოლარიდან 1140 დოლარამდე შემცირდა.
მნიშვნელოვანი შემცირება ფიქსირდება უკრაინის ბაზარზეც - 2024 წელს ქართულ ბაზარზე წარმოებული პროდუქტის ექსპორტი უკრაინაში 37%-ით ჩამოუვარდებოდა 2014 წლის მაჩვენებელს. ასევე მნიშვნელოვანი ვარდნა ფიქსირდება კანადის ბაზარზეც, სადაც 2014-2024 წლებში ექსპორტის მოცულობა 90%-ზე მეტად შემცირდა. ვარდნის მაჩვენებლით ხუთეულში შედის იტალია და აზერბაიჯანიც.
არასტაბილურობით ხასიათდება ევროკავშირის ბაზრის ათვისებაც. 2022 წლიდან მოყოლებული ევროკავშირის ქვეყნებში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი მცირდება და 2024 წელს ექსპორტზე გატანილი პროდუქციის მოცულობამ 2015 წლის შემდგომ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი შეადგინა - კერძოდ გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის მოცულობა 477 მლნ. აშშ დოლარი იყო. ბოლო ათ წლიან პერიოდში კი ევროკავშირის ქვეყნებში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის ვარდნა ყველაზე მკვეთრი 2024 წელს იყო - წლიურად -21.7%. ყველაზე დიდ ნიშნულს კი ექსპორტმა 2022 წელს მიაღწია - 761 მლნ. აშშ დოლარი - ორ წლიან პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 284 მლნ. დოლარით, - 37.3%-ით შემცირდა. მცირდება მთლიან ადგილობრივ ექსპორტში ევროკავშირის წილიც, რომელმაც 2024 წელს ბოლო 10 წლის მინიმუმი - 15.8% შეადგინა. შედარებისთვის: 2019 წელს ეს მაჩვენებელი 31.2%-ს შეადგენდა. 2022-2024 წლებში კლება დაფიქსირდა 10 ქვეყანაში - მათ შორის - 38%-ით შემცირდა ექსპორტი ბელგიაში, 70%-ით ბულგარეთში, 19%-ით გერმანიაში, 29%-ით დანიაში, 34%-ით ესპანეთში, 18%-ით ირლანდიაში, 12%-ით იტალიაში, 22%-ით ლიეტუვაში, 80%-ით მალტაში, 47%-ით შვედეთში. თანხობრივად ყველაზე დიდი შემცირება ბულგარეთზე მოდის, სადაც ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი 2022 წელს 419.8 მლნ დოლარს შეადგენდა, 2024 წელს კი 121 მლნ დოლარს. მკვეთრი ვარდნის მიზეზი ამ შემთხვევაშიც ფეროშენადნობების ექსპორტის შემცირება გახდა.
თუკი 2014 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, ევროკავშირის ქვეყნებში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი მხოლოდ 17%-ით გაიზარდა, 60%-იანი იყო ზრდა დსთ-ს ქვეყნებში. კერძოდ, დსთ-ს ქვეყნებში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტმა 2024 წელს 1.2 მლრდ დოლარი შეადგინა - მთლიანი ექსპორტის 41%. თუკი ევროკავშირის წილი მთლიან ექსპორტში შემცირების ტენდენციას აჩვენებს, ზრდა ფიქსირდება დსთ-ს ქვეყნებზე, რომლის წილიც მთლიან ექსპორტში ისტორიულ მაქსიმუმზეა.
დსთ-ს რეგიონის 11 ქვეყნიდან ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის მოცულობა ყველაზე მასშტაბური რუსეთშია, - დსთ-ს ქვეყნების 52%. ჯამში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტში კი რუსეთის წილი ასევე ბოლო ათ წლიან მაქსიმუმზეა და თუკი ის 2015 წელს 9.7%-ს შეადგენდა, 2024 წელს ადგილობრივი პროდუქციის თითქმის 22% რუსეთში იყიდებოდა. 2015 წლიდან 2024 წლამდე, ექსპორტი რუსეთში გაიზარდა დაახლოებით 498,3 მილიონი აშშ დოლარით, რაც 321,4%-იანი ზრდაა. რუსეთში ექსპორტის ყველაზე დიდი წილი ტრადიციულად ღვინოზე, მინერალურ და სპირტიან სასმელებსა და სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე მოდის.
ექსპორტთან ერთად მზარდია რუსეთიდან იმპორტიც. ბოლო ათ წლიან პერიოდში თუკი ქვეყანაში იმპორტი ჯამურად 131%-ით გაიზარდა, რუსეთიდან იმპორტის ზრდა 195%-ს შეადგენდა. თანხობრივად რუსეთიდან შესყიდული პროდუქციის ღირებულება თითქმის სამჯერ არის გაზრილი. კერძოდ, 2024 წელს რუსეთიდან ქვეყანაში 1.8 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა. ყველაზე დიდი ზრდა 2022 წელს იყო, როდესაც რუსეთიდან იმპორტი ერთ წლიან პერიოდში თითქმის 80%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში მკვეთრი ზრდა ძირითადად ნავთობპროდუქტებზე მოდიოდა, რასაც წინ უძღვოდა იმ დროინდელი პრემიერის მოწოდება ბიზნესისადმი, რომ გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად, ახალი შედარებით იაფიანი ბაზრები მოეძიებინათ, რის შემდეგაც ნავთობპროდუქტების ბაზარი მეტ წილად რუსეთზე გახდა დამოკიდებული - 2023 წელს ქვეყანაში ბენზინისა და დიზელის საწვავის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთიდან შემოვიდა - 736,1 ათასი ტონა, რაც მთლიანი იმპორტის 60,9%-ს შეადგენს.
მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ქართული ღვინის დამოკიდებულებაც რუსეთის ბაზარზე. კერძოდ თუკი მაგალითად, 2016 წელს რუსეთში რეალიზებული ღვინის ღირებულება 55.8 მლნ დოლარი იყო, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 182.6 მლნ დოლარამდე გაიზარდა. აღსანიშნავია რომ ქართული ღვინისთვის რუსეთი ერთ-ერთ იაფიან ბაზრად რჩება და თუკი დანარჩენ მსოფლიოში ერთი ლიტრი ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 3.3 დოლარს შეადგენს, რუსეთში ეს მაჩვენებელი 18%-ით ნაკლები - 2.7 დოლარია. 2024 წლის მონაცემებით, ჯამურად ღვინის ექსპორტის 66% რუსეთზე მოდიოდა.
საქართველოს მთლიან ექსპორტში (ადგილობრივი ექსპორტის ჩათვლით) მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი მოწინავე ადგილს იკავებს. ავტომობილების რეექსპორტმა მკვეთრი ზრდა 2022 წლიდან დაიწყო და თუკი 2021 წელს ქვეყნიდან რეექსპორტზე 456.5 მლნ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილები გავიდა, ეს მოცულობა 2024 წელს 2 მლრდ დოლარს გადასცდა და მთლიანი ექსპორტის 37% შეადგინა. შედარებისთვის - 2021 წელს მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტს მთლიან ექსპორტში საშუალოდ 10% ეკავა.
საქსტატის მონაცემებით, მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის ყველაზე დიდი ზრდა ყირგიზეთზე მოდის. კერძოდ, თუკი ყირგიზეთში 2021 წელს 17 მლნ დოლარის ღირებულების ავტომობილები გავიდა, ამ მონაცემმა 2024-ში 1.2 მლრდ დოლარს მიაღწია. ჯამში მხოლოდ გასულ წელს საქართველოდან რეექსპორტით ყირგიზეთში 34 560 მსუბუქი ავტომობილი გავიდა. გამოდის რომ საქართველოს გავლით ყირგიზეთში ძირითადად ძვირადღირებული ავტომობილები გადის - საშუალო ღირებულებით 34 500 დოლარი.
ყირგიზეთიდან ავტომობილების ექსპორტი რუსეთში ასევე მზარდია. 2023 წელს ყირგიზეთიდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა რუსეთში საჯარო წყაროების მიხედვით, 52.5 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც მაგალითად 2021 წელს ეს მაჩვენებელი 5.3 მლნ დოლარს შეადგენდა. ჯამურად 2023 წელს ყირგიზეთში 184 789 ავტომობილის იმპორტი მოხდა, თუმცა საერთაშორისო მედია ქვეყნის ოფიციალურ მონაცემებს ეჭვქვეშ აყენებს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ავტომობილების რეექსპორტი ყაზახეთშიც - 2024 წელს, ქვეყნიდან ყაზახეთში 48,986 მსუბუქი ავტომობილი გავიდა, ჯამური ღირებულებით 751 მლნ დოლარი. გამოდის რომ თითო ავტომობილის საშალო ფასი 15,300 დოლარის ფარგლებშია. შედარებისთვის, 2021 წელს საქართველოდან ყაზახეთში ჯამში 2,280 მსუბუქი ავტომობილი გავიდა - ზრდა 2048%-ია. თანხობრივად ყაზახეთში ექსპორტირებული ავტომობილების ღირებულება 2024 წელს 751 მლნ დოლარს შეადგენდა - 2021-ში კი მხოლოდ 23.8 მლნ დოლარს - ზრდა 3,050%-ია.
უკრაინაში ომის დაწყების და რუსეთისთვის სანქციების დაწესების პარალელურად გაჩნდა ეჭვები გამოიყენებდა თუ არა რუსეთი ცენტრალური აზიის ქვეყნებს სანქცირებული ტვირთის მის ტერიტორიაზე მოსახვედრად. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო საქართველოდან ყირგიზეთსა და ყაზახეთში ექსპორტის მოცულობის მკვეთრი ზრდა. ევროკავშირის და აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციებით, ევროკავშირის ქეყნებიდან და ამერიკიდან საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების რუსეთში პირდაპირი რეექსპორტი აკრძალულია. სანქციების დარღვევით, ავტომობილების იმპორტიორთა დარგი შესაძლოა მნიშვნელოვანი რისკების წინაშე დადგეს. მიუხედავად იმისა რომ ოფიციალური მონაცემებით აშშ-დან და ევროკავშირიდან ავტომობილების პირდაპირი ექსპორტი არ ხდება, ყაზახეთსა და ყირგიზეთში ექსპორტის მკვეთრი და არაბუნებრივი ზრდა კითხვის ნიშანს ტოვებს ხდება თუ არა ქვეყნის დერეფნის გამოყენება რუსეთში სანქცირებული ტვირთის მოსახვედრად. 2024 წლის მონაცემები კი ცხადყოფს რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებში საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი კვლავ ისტორიულ მაქსიმუმზეა.
მეორეს მხრივ, გამოწვევად რჩება ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გატანაც. წმინდა ექსპორტი საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის შესაძლოა ეკონომინკური ზრდის მამოძრავებელი გახდეს, თუმცა მიუხედავად შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმებისა, რიგი პრობლემების გამო ქართველ მეწარმეებს საერთაშორისო ბაზრების ათვისება უჭირთ.
ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის პრობლემურია რუსეთთან სავაჭრო კავშირების ზრდაც, განსაკუთრებით იმ ფონზე რომ ის მკვეთრად აჭარბებს ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო კავშირებს. მეტიც - ბოლო ათ წლიან პერიოდში, ევროკავშირის ქვეყნებში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი 11%-ით შემცირდა, დსთ-ს ქვეყნებში კი 167%-იანი ზრდა იყო. შედეგად ევროკავშირის წილი მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 33%-დან 16%-მდე შემცირდა, დსთ-ს წილი კი 29%-დან - 41.5%-მდე გაიზარდა. ადგილობრივ ექსპორტში მოცემულ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩინეთის წილი, რომელიც 2015 წელს თუკი 5%-ის ფარგლებში იყო, 2024 წელს 9%-ს გადააჭარბა. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ჩინეთთან როგორც ჯამური ექსპორტი ასევე ადგილობრივი ექსპორტი ბოლო წლებია კლებას აჩვენებს - 4 წლიან პერიოდში, ჩინეთთან ჯამური ექსპორტი განახევრდა და 2024 წელს 300 მლნ დოლარი შეადგინა. აქედან 274 მლნ დოლარი კი ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი იყო, რომელიც მაგალითად 2022 წელს 700 მლნ დოლარს აღწევდა.
ადგილობრივი ექსპორტის ზრდა ფიქსირდება ისეთ ქვეყნებზეც რომლებსაც საგარეო ვაჭრობაში დიდი წილი არ უკავიათ. გამონაკლისია თურქეთი, სადაც ადგილობრივმა ექსპორტმა 400 მლნ-ს მიაღწია (წილი მთლიან ადგილობრივ ექსპორტში - 13.4%, თუმცა ზრდა მთლიან ადგილობრივ ექსპორტში მხოლოდ 2%-ის ფარგლებშია) . ზრდა ფიქსირდება მაგალითად არაბთა გაერთიანებულ საემიროებში თუმცა მისი წილი მთლიან ადგილობრივ ექსპორტში მხოლოდ 0.6%-ია; ეგვიპტეზე, რომლის წილის ასევე არ აღემატება 1%-ს, ერაყზე რომლის წილიც მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 1.5%-ია, ინდოეთზე და ირანზე რომლებსაც ასევე 1%-ზე ნაკლები კონტრიბუცია აქვთ ადგილობრივ ექსპორტში.
ქვეყნის მთლიან ექსპორტში კი ევროკავშირის წილი 2015 წელს 28,3% იყო და ეს მაჩვენებელი 2024 წელს 8.7%-მდე შემცირდა, მაშინ როდესაც დსთ-ს ქვეყნების წილი 38.1%-დან, 69%-მდე გაიზარდა.
ინტერვიუ ისტორიკოს გიორგი მამულიასთან
07.03.2025