რა არის ინკლუზიური ზრდა?

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | სტატია 15 დეკემბერი 2015

ავტორი: ლაშა არევაძე

 

სტატია დაიწერა პროექტ "სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება"-ს ფარგლებში და გამოქვეყნდა პროექტის ბლოგზე "საქართველო 2020".

 

„ვაშინგტონის კონსესუსიდან“ ინკლუზიურ ზრდამდე

ინკლუზიური ზრდის თემატიკის აქტუალიზება რაც აისახა ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტში „საქართველო 2020“ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც ანარეკლი იმ დებატებისა რაც აკადემიურ და ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებლებს შორის მიმდინარეობს. ფაქტიურად „სტრატეგია 2020“ გამოდის კლასიკური არგუმენტით იმათ წინაღმდეგ ვინც აქცენტს აკეთებს ეკონომიკურ ზრდაზე უპირველეს ყოვლისა. სტრატეგიის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ რომ მიუხედავად ეკონომიკის სწრაფი ზრდისა მას შედეგად არ მოყოლია უთანასწორობის შემცირება.

 

გასული ათწლეულის ეკონომიკური პოლიტიკა ახლოს იდგა „ვაშინგტონის კონსენსუსის“ სახელით ცნობილ პარადიგმასთან, რაც გულისხმობს აქცენტის გაკეთებას მაკროეკონომიკურ სტაბილიზაციაზე და მაშტაბური ინფარასტრუქტურული პროექტების განხორციელებით კერძო ინვესტიციების ფესილიტაციას. რასაც შედეგად მოყვება ეკონომიკური ზრდა. ხოლო ეკონომიკის კუზნეცისეული[1] განვითარების ლოგიკით ეკონომიკური ზრდა საბოლოოდ მიგვიყვანს უთანასწორობის პრობლემის დაძლევამდე. ან როგორც ჯ.კენედი იტყოდა „ზღვის მოქცევა ყველა ნავს ატივტივებს[2]“ 90-იანი წლებში „ვაშიგტონის კონსენსუსის“ ლოგიკამ დომინატის ფუნქცია დაკარგა. მის მიმართ სკეპტიციზმი დაკავშირებული იყო მის მეტწილად თეორიულ ხასიათთან. აგრეთვე იმის გამოც, რომ ე.წ. „ინდუსტრიული პოლიტიკა“ , რომელიც უარყოფილი იყო „ვაშიგტონის კონსენსუსის“ მიხედვით წარმატებული აღმოჩნდა მთელ რიგ შემთხვევებში: სამხრეთ კორეა, ჰონკონგი, ჩინეთი და სხვა. „ვაშიგტონის კონსენსუსის“ ლოგიკა ასევე გამოეთიშა მსოფლიო ბანკის ეკონომიკურ პოლიტიკასაც, და დღეს აშკარად დომინირებს ე.წ. „ ინკუზიური ზრდის“ პარადიგმა.

 

რატომ გახდა აქტუალური ინკლუზიური ზრდა? როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ რამდენიმე საკითხი საჭიროებს უფრო მეტ განხილვას. რას ნიშნავს თავად ინკლუზიური ზრდა? ღარიბთა შემოსავლებზე ზრუნვას? სულ მცირე შეიძლება ითქვას რომ ინკლუზიური ზრდის მიზანი პროდუქტიული დასაქმების ხელშეწყობაა. ინკლუზიური ზრდა მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ სიღარიბე „არასასურველია“, თუ იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში საფრთხე შეექმნება მომავალ ეკონომიკურ ზრდას? ან რამდენად არის ეკონომიკური ზრდა სიღარიბის და უთანასწორობის შემცირების გარანტი? როგორც ჩანს საკითხთა სპექტრი საკმაოდ ვრცელია, პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება დისკუსიის წამოწყება დასმულ საკითხებზე რათა განვსაზღვროთ თუ რატომ გახდა „ინკლუზიური ზრდის“ პარადიგმა აქტუალური რომელიც გაზიარებულია სტრატეგია 2020-ის მიერ, რომ არ შეგვექმნას ცრუ მოლოდინები და შევაფასოთ საქართველოს დღევანდელი მიღწევები ამ კუთხით.

 

მსოფლიო ბანკის შეფასებით, ეკონომიკური ზრდა უდავოდ აუცილებელია სიღარიბის შესამცირებლად, მაგრამ იმისათვის რომ ზრდა იყოს მდგრადი მან უნდა უზრუნველყოს სამუშაო ძალის ფართო ჩართულობა ზრდის პროცესში . ინკლუზიური ზრდა გულისხმობს ღარიბთა პირობების გაუმჯობესებას არა გადანაწილების პოლიტიკით, არამედ მათი ჩართულობით ეკონომიკურ აქტივობაში.

 

“ვაშინგტონის კონსესუსის“ მიმართ სკეპტიციზმი დაიწყო ემპირიული მონაცემების ინტერპრეტაციით, რამაც აჩვენა რომ ეკონომიკური ზრდის პარალელურად სიღარიბე და უთანასწორობა არ მცირდებოდა, ხოლო ასეთი ვითარება ხელს შეუშლიდა გრძელვადიანი ეკონომიკურ ზრდას და დაისვა კითხვა, არის თუ არა უთანასწორობა დაბალი ეკონომიკური ზრდის ფაქტორი? ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ უთანასწორობა განსაკუთრებით აქტივების (მაგ. მიწის) მფლობელობის კუთხით განაპირობებს დაბალ ეკონომიკურ ზრდას. მაინც რატომ შეიძლება გამოიწვიოს უთანასწორობამ დაბალი ეკონომიკური ზრდა? პირველი ახსნა არის პოლიტიკური, კერძოდ, რაც უფრო დიდია ეკონომიკური უთანასწორობა მით მეტი ადამიანი ირჩევს ისეთ პოლიტიკურ ძალას რომლის განაცხადი და პოლიტიკა მიმართულია შემოსავლების გადანაწილებაზე გადასახადების გზით, რაც თავის მხრივ იწვევს ინვესტიციების სურვილის და რაოდენობის შემცირებას და დაბალ ეკონომიკურ ზრდას.

 

მეორე ახსნა თუ რატომ შეუძლია ეკონომიკურ უთანასწორობას ეკონომიკური ზრდის შეფერხება უკავშირდება კრედიტის ბაზარს. კერძოდ, თუ აქტივები არათანაბრად არის განაწილებული და ეკონომიკური აქტივობა მოითხოვს კრედიტს გირაოთი, ვინაიდან ღარიბ მოქალაქეებს არ აქვთ საკმარისი აქტივები, რომ დააგირაონ მაგალითად, იმისათვის რომ წამოიწყონ ეკონომიკური აქტივობა, მიიღონ განთლება, მაშინ ეს იწვევს ნაკლებ ჩართულობას ეკონომიკური პროდუქტის შექმნაში და ნაკლებ ეკონომიკურ ზრდას. მაგრამ რამდენად მიზანშეწონილია აქტივების გადანაწილების გზით სიტუაციის შეცვლა.

 

პირიქით, როგორც კვლევები ცხადყოფს აქტივების გადანაწილების შედეგად მიღებული დადებითი ეფექტი ღარიბთათვის არის უარესი ვიდრე ინვესტიციების შემცირება თავიდან შედარებით მდიდარი სუბიექტების მიერ. (პრაქტიკულად ეს არის ზიმბაბვეს გამოცდილება 2008 წელს როდესაც მოხდა მსხვილი მიწათმფლობელების მიწების გადანაწილება მცირემიწიან ფერმერებზე რასაც თან მოყვა პროდუქციის წარმოების დაცემა ჰიპერინფლაცია და სრული კრახი)[3]. საბოლოოდ, ყველაზე სწორი სტრატეგია უთანასწორობის შესამცირებლად და მაღალი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად არის მწარმოებლური აქტივების ზრდა, ეს კი მიიღწევა ამ აქტივების დაგროვებით, მაგალითად ინვესტირებით ადამინისეულ კაპიტალში. ინკლუზიური ზრდის მთავარი პოსტულატი სწორედ პროდუქტიული დასაქმების ზრდაა.

 

ორი განსხვავებული შეხედულება არსებობს იმის შესახებ თუ რა უნდა იყოს ეკონომიკური პოლიტიკის მიზანი ღარიბთა შემოსავლების ზრდის კუთხით. პირველი, უთანასწორობის შესამცირებლად და ღარიბთა შემოსავლების ზრდისათვის საჭიროა სპეციალური პროგრამები. მეორე, ისინი ვინც აღიარებენ კუზნეცის მრუდის ფორმის დამოკიდებულების არსებობას მიიჩნევენ, რომ მთავარი აქცენტი უნდა იყოს გადატანილი ეკონომიკურ ზრდაზე.

 

მაშინ როდესაც ქვეყანაში განვითარებას იწყებს ინდუსტრიული სექტორი , რომელიც უფრო პროდუქტიულია ვიდრე სოფლის მეურნეობა, აგრო სექტორში დასაქმებულთა შეფარდებითი შემოსავლები კლებულობს და ხდება სოფლიდან ქალაქად მიგრაცია , ინდუსტრიულ სექტორში შემოსავლები უფრო უთანაბროდ არის განაწილებული ვიდრე სოფლის მეურნეობაში. შესაბამისად, უთანასწორობა ამ დროს იმატებს. საბოლოო ეტაპზე კი ეკონომიკური ზრდის პარალელურად ხდება შემოსავლების უთანაბრობის შემცირება. „კუზნეცის მრუდისეული“ განვითარების სცენარი ამტკიცებს იმას რომ ეკონომიკურ ზრდას საბოლოოდ მივყავართ უთანასწორობის შემცირებისაკენ. მეტიც, მაგალითად, ა. კრაი და სხვები აჩვენებენ, რომ ეკონომიკური ზრდა ამავე ტემპით იწვევს ღარიბთა შემოსავლის ზრდას, და ემპირიული მონაცემების მიხედვით ღარიბთა შემოსავლების ზრდას ზოგად ეკონომიკური ზრდის პარალელურად ჩამორჩენა არ აქვს. მეტიც, ე.წ. ლიბერალური პოლიტიკის ქვაკუთხედი სტაბილური ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, მცირე ზომის მთავრობა უფრო მეტად ზრდის დაბალშემოსავლიანთა წილს მთელს შემოსავლებში.

 

„კუზნეცისეული“ ლოგიკის ტესტირებაში ბევრი მკვლევარის დრო და ენერგია დაიხარჯა, საბოლოოდ კი მივიღეთ რომ ეს ლოგიკა ამართლებს კროს სექციულ ანალიზში (ანუ თუ ყველა ქვეყნის მონაცემს ავიღებთ ერთი პერიოდისათვის და შევისწავლით კავშირს შემოსავალსა და უთანასწორობას შორის), მაგრამ ეს თეორია უძლურია ახსნას ევოლუციური განვითარების მიმართულება უთანასწორობასა და შემოსავალს შორის ქვეყნის შიგნით ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით.

 

მაგალითად, IMF-ის მკვლევარების ანალიზი[4] აჩვენებს, რომ უთანასწორობა უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე და ასევე მის ხანგრძლივობაზე. მათ ასევე გადაამოწმეს ოკუნის დაკვირვება რომლის მიხედვითაც უთანასწორობა (რომელიც ხელს უშლის ეკონომიკურ ზრდას) თუ გადაწყვეტილი იქნება გადანაწილების პოლიტიკით არის უფრო მეტი ზიანის მომტანი ეკონომიკური ზრდის კუთხით ვიდრე თავად უთანასწორობა, და ემპირიულად აჩვენეს, რომ ოკუნის თეორია სწორია მხოლოდ ექსტრემალურ შემთხვევებში როცა გადანაწილების პოლიტიკა ჯინის კოეფიციენტს[5] ცვლის მნიშვნელოვნად (0.13 -ით), სხვა შემთხვევაში გადანაწილება ზრდის მიმართ ნეიტრალურია.

 

საბოლოოდ, თუნდაც კუზნეცის მრუდის ირგვლივ გაუგებრობამ ანუ იმის დანახვამ რომ მომავალში ეკონომიკური ზრდა იმთავითვე სულაც არ მივყავართ შემოსავლების დისპროპორციის შემცირებასთან, და უთანასწორობა საფრთხეს უქმნის ზრდის პროცესს განაპირობა ინკლუზიური ზრდის პარადიგმის გააქტიურება.

 

სად იმყოფება საქართველო ინკლუზიური ზრდის გზაზე?

ცხადია, რომ „სტრატეგია 2020“-ის მთავარი გზავნილი არის ინკლუზიურ ზრდის წახალისება. რამდენადაც თავად ინკლუზიური ზრდის განმარტების ირგვლივაც კი არ არსებობს კონსენსუსი, ასევე რთულად იდენტიფიცირებადია ადეკვატური შეფასების ინდიკატორიც. თუმცა მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია (რომელიც წარდგენილი იყო დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე 2015 წელს) შეგვიძლია მივიჩნიოთ ერთ-ერთ საუკეთესოდ ამ კუთხით. ინკლუზიური ზრდის შეფასება მოითხოვს კომპლექსურ ინდიკატორთა კრებულს. 

 

ეს გასაკვირი სულაც არ არის ვინაიდან მისი განმარტება ყველაზე ლაკონურად შეიძლება გამოიხატოს როგორც პროდუქტიული დასაქმების ზრდა. ამ მიზნის მისაღწევად მრავალი მაჩვენებლის დაკმაყოფილებაა საჭირო. მაგალითად მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ მიღებული მეთოდოლოგიით ინკლუზიური ზრდის გაზაზე მიღწევები შეიძლება დაჯგუფდეს 7 კატეგორიად[6]: რომლებიც თავის მხრივ კიდევ მოიცავენ უამრავ სუბ-ინდიკატორს, ესენია: 1) განათლებისა და უნარების განვითარება, 2) დასაქმება და სამუშაო ძალის კომპენსაცია, 3) აქტივების ზრდა და კერძო საკუთრება 4) კორუფცია და რენტა[7] 5) საბაზისო სერვისები და ინფრასტრუქტურა 6) რეალურ ეკონომიკაში ინვესტირებისათვის ფინანსური შუამავლობა 7) საბიუჯეტო ტრანსფერები.

 

 საინტერესოა შევაფასოთ თუ რა მაჩვენებლებს მიაღწია საქართველომ ინკლუზიური ზრდის ლოგიკით დღემდე. ჩემი აზრით, ეს შეფასები უფრო მეტად მიუთითებს იმ პრობლემებზე რომელიც საქართველოს ეკონომიკის წინაშე დგას.

 

„სტრატეგია 2020-ის“ ერთ-ერთი მთავარი ბლოკი არის მეწარმეობის განვითარება. ამ მხრივ საინტერესოა ინკლუზიური ზრდის ანგარიშის შედეგები, მეწარმეობის კუთხით საქართველო მსგავსი დაბალი-საშუალო შემოსავლების ქვეყნების რიგში მე-10 ადგილზე იმყოფება (38 ქვეყანას შორის) ყველაზე უკან, 21-ე ადგილზე იმყოფება კონტრაქტების აღსრულების კუთხით, ასევე საშუალო პოზიციაზე იმყოფება გადასახადების გადასახდელად საჭირო დროითი დანაკარგების კუთხით. ხოლო საკუთრების უფლების დაცვის კუთხით. იმყოფება მე-15 ადგილზე.

 

ყურადღებით განხილვას საჭიროებს ფინანსური შუამავლობის ბლოკი რომლის მიხედვითაც საქართველო 16-ე ადგილზე იმყოფება დაბალ-საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს შორის. 31-ე ადგილზეა ყველაზე ღარიბი 40%-იანი ჯგუფის მოსახლეობის ხელმისაწვდომობით ბიზნეს ანგარიშების გახსნის კუთხით. კრედიტზე ხელმისაწვდომობის კუთხით კი 23-ე ადგილზე. საქართველოს საშუალო პოზიცია უკავია ფინანსური სექტორის ხელმისაწვდომობის კუთხით. კიდევ უფრო ცუდი პოზიცია გვაქვს ინვესტიციებისათვის ფინანსური შუამავლობის კუთხით (19/38). ადგილობრივი ქონების ბაზრის ხელმისაწვდომობის კუთხით 34 ადგილი 38 დაბალი-საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებს შორის, ხოლო ვენჩერული კაპიტალის მოზიდვის კუთხით 32-ე ადგილი.

 

ინკლუზიური ზრდის მთავარი მიზანი პროდუქტიული დასაქმების ხელშეწყობაა და ამის ხარჯზე ფართოდ დაფუძნებული ეკონომიკური ზრდის მიღწევაა. ისევე როგორც ფინანსური შუამავლობის კუთხით ამ კომპონენტშიც საქართველოს სერიოზული ჩავარდნა აქვს ჩვენი ჯგუფის ქვეყნებს შორის (24-ე ადგილი). საშუალოზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს დასაქმების, ახალგაზრდების დასაქმების, თვითდასაქმების კუთხით, ასევე ტალანტების შენარჩუნების კუთხით საქართველო 24-ე ადგილზე იმყოფება, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა დასაქმების კუთხით კი 26-ე ადგილზე. საუკეთესო მაჩვენებელი ამ ბლოკში საქართველოს აქვს ეკონომიკური აქტივობის ლეგალურობის თვალსაზრისით. ის საუკეთესოა თავისი ჯგუფის ქვეყნებს შორის.

 

საერთო ჯამში საქართველოს კორუფციისა და რენტის კუთხით კარგი პოზიცია, 38 ქვყანას შორის მე-5 ადგილი გააჩნია. თუმცა არის გარკვეული ჩავარდნებიც ცალკეულ კომპონენტებში, მაგალითად პოლიტიკოსთა მისამართით ნდობა (მე-18 ადგილი). ამავე დროს საქართველოს წარმატებები სანიმუშოა კორუფციის არარსებობის კუთხით (1-ლი ადგილი ჯგუფში). და ბოლოს საქართველოს ყველაზე დიდი ჩავარდნა რენტის კონცენტრაციის კუთხით აქვს (34-ე ადგილი). ბაზრის კონცენტრაციის და კონკურენციის დაბალი ხარისხის კუთხით საქართველო 25-ე, 26-ე ადგილებზეა. საბანკო აქტივების კონცენტრაციის კუთხით 31-ე ადგილზე (35-ს შორის), ასევე არათანაბრადაა გადანაწილებული ქონება.

 

მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო განათლებისა და უნარები კუთხით მე-4 ადგილზე იმყოფება ამ ჯგუფში (უკრაინის, მოლდოვასა და ტაილანდის შემდეგ). ცუდი მაჩვენებელი გაგვაჩნია განათლებაზე დანახარჯების კუთხით (28-ე ადგილი, 2.71% მშპ-იდან). მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობის პრობლემა საქართველოს ერთ ერთი მთავარი გამოწვევაა, მეორეს მხრივ ძალიან რთულია კვალიფიციური სამუშაო ძალის პოვნა. ამ მახასიათებლის მიხედვით საქართველო 35-ე ადგილზეა. რაც იმაზე მიუთითებს რომ კვალიფიკაციის პრობლემა უმწვავესად დგას ეკონომიკური ზრდის გამოწვევებს შორის, და ხაზს უსვამს ხარისხის პრობლემას განათლების სისტემაში.

 

სოციალური დაცულობის[8] კუთხით საქართველო იმყოფება მე-7 ადგილზე, თუმცა მიზანშეწონილი არ არის ამ მონაცემზე დაყრდნობით ვიმსჯელოთ დღევანდელ სიტუაციაზე ვინაიდან ამ ნაწილში შეფასება ეყრდნობა 2012 წლამდე მონაცემებს.

 

ჯგუფებს შორის კლასიფიკაციის გაკეთების მთავარი მიზანია დაანახოს ქვეყნებს თუ რა დონეზე იმყოფებიან შემოსავლის ამ ჯგუფში და შესაბამისად რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება. დავოსის ეკონომიკური ფორუმის ეს შეფასება მნიშვნელოვან გზავნილებს წარმოშობს: პირველი, საქართველო მრავალკომპონენტიანი შეფასებით ეკონომიკური ზრდის კუთხით არ არის მოწინავე პოზიციაზე საშუალო-დაბალი შემოსავლიანი ქვეყნების ჯგუფში, გარკვეული წარმატებების მიუხედავად კორუფციის არ არსებობის და განათლების ხელმისაწვდომობის კვალდაკვალ, მთავარ გამოწვევად მაინც რჩება ფინანსური ბაზრების განუვითარებლობა, კრედიტზე ხელმისაწვდომობა, განათლების დაბალი ხარისხი, ბაზრის კონცენტრაცია, კონტრაქტების აღსრულების მექანიზმი, საკუთრების უფლების დაცვა და აშ. შეფასება მნიშვნელოვანია იმდენად რამდენადაც ის აჩვენებს ჩავარდნებს მსგავსი შემოსავლის მქონე ქვეყნებს შორის. აქედან გამომდინარე პრობლემატურია არა თუ მაღალ შემოსავლიან ქვეყნებთან „დაწევა“ არამედ მნიშვნელოვანი ძალისხმევაა საჭირო არსებულ ჯგუფში დასაწინაურებლად.

 

არსებობს სხვა შეფასებებიც, მაგალითად UNDP-ის მთავარი ეკონომისტის განმარტებით ეკონომიკური ზრდა არის ინკლუზიური თუ ის „ხდება იმ სექტორში სადაც ჩართულნი არიან ყველაზე ღარიბები, ხდება იქ სადაც ცხოვრობენ ღარიბები, დაფუძნებულია იმ ფაქტორების გამოყენებაზე რომელსაც ღარიბები ფლობენ, ამცირებს იმ ფასებს რასაც მეტწილად ღარიბები მოიხმარენ,[9]“ განვიხილოთ თითოეული მათგანი:

 

2012 წლიდან 2014 წლამდე სოფლის მეურნეობის გამოშვება 20%-ით გაიზარდა (მაშინ როცა მთლიანი ეკონომიკური ზრდა 8% იყო). თუმცა შეუძლებელია ეს მიაწერო ინკლუზიური ზრდის პოლიტიკის შედეგს, ვინაიდან ჯერ ერთი 2014 წელს ზრდა მხოლოდ 5% იყო, და აგრეთვე მაგალითად, 2010 წლიდან 2011-მდე ზრდა სოფლის მეურნეობაში იყო 16%ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ სოფლის მეურნეობაში გამოშვება მცირეა და აბსოლუტურ მაჩვენებლებში არც ისე დიდი ცვლილებები საბოლოოდ ფარდობითად მაღალ ზრდას აფიქსირებს, რისი შენარჩუნებაც ვერ ხერხდება, რაც იმას ნიშნავს რომ აქაც მდგრადი ზრდა არ შეიმჩნევა.

 

როგორც დიაგრამიდან (ნახ. 1) ჩანს, გამოკვეთილად უფრო მაღალი ზრდის ტემპი ქალაქად შემოსავლის ზრდისა 2007 წლიდან დღემდე იყო მხოლოდ ერთხელ (2007 წელი). 2012 წლის შემდგომი პერიოდი სულაც არ არის უფრო სასარგებლო სოფლისათვის ვიდრე ქალაქისათვის, მეტიც UNDP-ის ზემოთ მოცემული მიდგომით ამ კომპონენტში ინკლუზიური ზრდა უფრო 2010-11 წლიან პერიოდში აღინიშნება, ვიდრე შემდგომ.

 

უნდა აღინიშნოს, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსში შემავალი კომპონენტებიდან სურსათზე და არა ალკოჰოლურ საქონელზე (რასაც უფრო მეტი წილი უჭირავს ღარიბთა სამომხმარებლო კალათაში) არ გამოირჩეოდა ფასების დონის უფრო მაღალი ზრდით ვიდრე სხვა ჯგუფები.

 

საბოლოოდ, მინდა შევაჯამო ინკლუზიური ზრდა ფისკალურ პოლიტიკასთან მიმართებით. არსებითად, ინკლუზიური ზრდა მკვეთრად არ ემიჯნება „ვაშინგტონის კონსენსუსის“ ლოგიკას, ვინაიდან ინკლუზიური ზრდის მოდელშიც აქცენტი კეთდება ეკონომიკურ ზრდაზე, რომელშიც მაქსიმალურად ჩართულია წარმოების ფაქტორები, განსაკუთრებით კი პროცესში რთავს ფაქტორთა იმ მფლობელებს რომლების შემოსავლების მედიანურ განაწილებაში მარცხნივ იმყოფებიან.

 

ინკლუზიური ზრდა მიზანშეწონილად მიიჩნევს ისეთ სოციალურ პოლიტიკას, რომლიც ხელს შეუწყობს წარმოების ფაქტორთა ფართო ჩართულობას ზრდაში და ემიჯნება „კალდორ-ჰიკსის“ ლოგიკას, რომლის მიხედვითაც მთავარი ეკონომიკური ზრდაა და შემდეგ ზრდის რედისტრიბუცია სოციალური უზრუნველყოფის გზით. მაშინ როცა ინკლუზიური ზრდა, როგორც ეს ავხსენით ამ აბზაცში, ზრდის პროცესში ღარიბთა ჩართულობის უზრუნველყოფით უზრუნველყოფს მომავალში გადასანაწილებელი ხარჯების შემცირებას და ბიუჯეტის მდგრადობას სოციალური სახის ხარჯების გაწევასთან მიმართებით. თუმცა თანდათან უფრო სოციალურ უზრუნველყოფაზე ორიენტირებული ბიუჯეტი სიღარიბის დაძლევის ფარდობითი მიდგომის შთაბეჭდილებას ტოვებს (ანუ უთანასწორობის შემცირება გადანაწილების გზით და არა პროდუქტიული დასაქმების ხელშეწყობით), რაც არ არის ინკლუზიური ზრდის მეინსტრიმი.

 

 

 

შენიშვნები:

[1] თეორია. რომლის მიხედვითაც ეკონომიკის ზრდის საწყის ეტაპზე უთანასწორობა იმატებს შემდეგ შემოსავლის მაღალი დონის პირობებში კლებულობს.

[2] C. Tilly. 2004. “Why Inequality is Bad for the Economy: Geese, Golden Eggs, and Traps.” Wealth Inequality Reader

[3] Deininger, K., and L. Squire (1998) “New ways of looking at old issues: inequality and growth,” Journal of Development Economics 57, pp. 259-287

[4] J. D. Ostry and others . 2014. “Redistribution, Inequality and Growth”. IMF

[5] ჯინის კოეფიციენტი ზომავს შემოსავლების უთანასწორობას. ის იცვლება 0-დან 1-მდე

[6] The Inclusive Growth and Development Report 2015 published by the World Economic Forum

[7] საბაზრო ან პოლიტიკური ძალაუფლების გამოყენებით

[8] მრავალკოპონენტიანი შეფასება, რომელიც მოიცავს მაგალითად ისეთ საკითხებს როგორებიცაა, სოციალური უზრუნველყოფის წილი მშპ-ში, მთავრობის ეფექტურობა სოციალური უზრუნველყოფის სფეროში და აშ.

[9] T.Palanivel. 2011. „Consultation on Conceptualizing Inclusive Growth”, UNDP report.

 

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), ბრემენის უნივერსიტეტის ან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას. შესაბამისად, აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან პასუხისმგებელნი სტატიის შინაარსზე.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024