დღეს სრულად ცივილიზებული სამყარო თანხმდება, რომ საბჭოთა კავშირი წარმოადგენდა ძალადობრივ რეჟიმის, რომლის ჩადენილი დანაშაულები არ ჩამოუვარდებოდა ნაცისტური რეჟიმის მიერ განხორციელებულ ტოტალურ ტერორს.
საქართველოში საბჭოთა ისტორია 70 წელს ითვლის. 70 წლის განმავლობაში საქართველო და ქართველი ხალხი იყო რუსული ტერორის მსხვერპლი და ნებსით თუ უნებლიედ, თავადაც მონაწილეობდა ძალადობაში სხვებზე და საკუთარ თანამემამულეებზე.
ყოფილმა სოციალისტურმა ქვეყნებმა, საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ბანაკის დაშლის შემდეგ მიიღეს ლუსტრაციის კანონმდებლობა, რომელიც კომუნისტური პარტიის თანამდებობაზე მომუშავე პირებს უკრძალავდა გარკვეული ვადით თანამდებობების დაკავების უფლებას. ასევე, თანამდებობების დაკავების უფლება ეზღუდებოდათ საბჭოთა სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომლებს.
აღნიშნული კანონმდებლობის მიზანი იყო, ერთი მხრივ, კომუნისტური რეჟიმის მხილება და დანაშაულებათა დაგმობა, ხოლო, მეორე მხრივ, მიზნად ისახავდა ასეთი ქვეყნების შემდგომი უსაფრთხოების დაცვასა და უშიშროების უზრუნველყოფას. ასეთი ტიპის კანონმდებლობა მიიღო ლიტვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, უნგრეთმა, ჩეხეთმა, პოლონეთმა და სხვა ქვეყნებმა.
საქართველოში, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ლუსტრაციის შესახებ კანონის დამოუკიდებლობის პირველ ეტაპზე მიღება. ამას თან დაერთო, რომ საბჭოთა უშიშროების თანამშრომლებმა მოსკოვში წაიღეს ყოფილი უშიშროების კომიტეტის არქივის მნიშვნელოვანი ნაწილი, ხოლო არქივში დარჩენილი დოკუმენტების უდიდესი ნაწილი განადგურდა 1991-1992 წლის თბილისის ომის დროს უშიშროების კომიტეტის შენობაში გაჩენილი ხანძრის თუ შემდგომი პერიოდის განმავლობაში.
საქართველომ ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, მხოლოდ 2011 წლის 31 მაისს მიიღო საქართველოს კანონი „თავისუფლების ქარტია“, რომლის მიზანია სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ტერორიზმის წინააღმდეგ სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის კოორდინაცია, სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტებისა და ტვირთების მონიტორინგი და სხვა საკითხები. ამავდროულად, „თავისუფლების ქარტიის“ მიზანია საბჭოთა ტოტალიტარული იდეოლოგიის დაგმობა. კომუნისტურმა დიქტატურამ თანამედროვე სამყაროსთვის არნახული ფორმით დაარღვია ადამიანის უფლებები; განახორციელა მასობრივი ტერორის ფორმები, რამაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და თავისუფლება შეიწირა; ჩაახშო სინდისის, აზრის, რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლება. „თავისუფლების ქარტიის“ მიზანია საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის რესტავრაციის პრევენცია.
ამ მიზნის განსახორციელებლად „თავისუფლების ქარტია“ უკრძალავს ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების თანამშრომლებს (კანონის მე-10 მუხლი), ასევე, 1921 წლის 25 თებერვლიდან 1991 წლის 9 აპრილამდე სხვადასხვა პარტიულ თანამდებობაზე მყოფ პირებს (კანონის მე-9 მუხლი), დამოუკიდებელი საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობაზე (კანონის მე-8 მუხლი) დანიშვნას.
„ლუსტრაცია“ ლათინური სიტყვაა და მსხვერპლშეწირვას ნიშნავს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თითქმის 25 წელი გავიდა. რამდენად გამართლებულია დღეს ასეთი შემზღუდავი ნორმების არსებობა? რამდენად ლეგიტიმურია საჯარო ინტერესი, რომელმაც ასეთი ფორმით კერძო ინტერესის შეზღუდვა და, შესაბამისად, ადამიანის უფლებების „მსხვერპლშეწირვა“ შეიძლება დააკანონოს.