ვეხმიანებით ევროკომისიის ანგარიშს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე

განცხადებები | კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები 15 აგვისტო 2022

ევროკომისიის 2022 წლის 10 აგვისტოს ანგარიში მიმოიხილავს 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის 6 სექტემბრამდე (ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე) პერიოდში საქართველოს მიერ  ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების დინამიკას. 

 

ევროკომისიის შეფასებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კანონის უზენაესობისა დადემოკრატიის ხარისხმა საქართველოში მნიშვნელოვანი უკუსვლა განიცადა.  სასამართლო სისტემადა მართლმსაჯულება, კანონის უზენაესობა ისევე, როგორც მედია გარემო კრიტიკულ პრობლემათა მცირე ჩამონათვალია. 

 

ხაზგასასმელია, რომ ევროკომისიის წინა წლის ანგარიშთან  შედარებით, არსებითად გაიზარდა იმ სფეროთა ჩამონათვალი, რომელშიც ევროკომისია მნიშვნელოვან პრობლემებს ხედავს. მაგალითისთვის, ევროკომისია აღნიშნავს, რომ კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკვანძო საკითხებში საქართველომ არსებითი უკუსვლა განიცადა. შედარებისთვის, 2021 წლის ანგარიში მიუთითებდა, რომ ადამიანის უფლებების სფეროში საქართველო ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოვებას აქტიურად განაგრძობდა. 

 

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ევროკომისიის მიერ იდენტიფიცირებული გამოწვევები დაკრიტიკული შეფასებები არ წარმოადგენს მოულოდნელობას. კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრობლემებზე სამოქალაქო საზოგადოება წლებია აქტიურად საუბრობს. 

 

საქართველოს ევროპული მომავალი ქართველი ხალხის არჩევანია და ეს ნება სახელმწიფოს ძირითად კანონშია გადმოცემული. ამ სულისკვეთებით უნდა იმოქმედოს საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ. სამწუხაროდ, 2021 წელს ხელისუფლებამ არაერთი ისეთი ნაბიჯი გადადგა, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა ევროინტეგრაციის პროცესი. აღსანიშნავია, რომ ესპროცესი ჯერ არ შეწყვეტილა, არც, მათ შორის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად დადგენილი წინაპირობების ფონზე. 

 

საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ვიწრო პარტიული ინტერესებით მოქმედება და გადადგას რეალური ნაბიჯები კანონის უზენაესობის ფუნდამენტური პრობლემების გამოსასწორებლად. 

 

 

ევროკომისიის ანგარიში საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე: კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები

 

შესავალი

 

ევროკომისიის ანგარიში[1] საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ასახავს საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების დინამიკას 2021 წლის 5 თებერვლიდან ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის 6 სექტემბერს არის დაგეგმილი.

 

ანგარიშის თანახმად, საქართველომ სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის, მედია გარემოს, სასამართლო სისტემისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით უკუსვლა განიცადა, რამაც მნიშვნელოვნად გააუარესა დემოკრატიის ხარისხი ქვეყანაში. ამ მიმართულებით ევროკომისიის დასკვნით მნიშვნელოვანი გაუარესება მოხდა, რაც შეშფოთებას იწვევს.

 

სასამართლოს სისტემა და მართლმსაჯულება

 

განსაკუთრებით კრიტიკულია ანგარიში მართლმსაჯულების რეფორმასთან მიმართებით. 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებაში (ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმება) და მომდევნო შემთხვევებში, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ აიღო ვალდებულება განეხორციელებინა ამბიციური სასამართლო რეფორმა, როგორც პირველი ნაბიჯი ფართო, ინკლუზიური პარტიებს შორის შეთანხმებული რეფორმის პროცესისა. მიუხედავად ამისა, სასამართლო სისტემაში წარდგენისა და დანიშვნის პროცესები 2021 წელს კომპლექსური რეფორმების გარეშე გაგრძელდა.

 

სასამართლო სისტემაში რეფორმები გასული წლის განმავლობაში შეჩერდა და საკვანძო სფეროებში რეგრესიც კი განიცადა. საქართველოს ხელისუფლებამ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გაზრდის ვალდებულება არაერთხელ აიღო, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის დაწყებამდე მათი შერჩევის პროცესში ცვლილებების შეტანის საშუალებით ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის ზედიზედ სამ დასკვნაში მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად. თუმცა, 2021 წლის 12 ივლისს, 1 დეკემბერს და 29 დეკემბერს, შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მთლიანობაში 11 მოსამართლე დაინიშნა. 2021 წლის აპრილში საერთო სასამართლოების შესახებ კანონში მცირე ცვლილებები შევიდა. მიუხედავად ამისა, მოსამართლეთა წარდგენის პროცესში ხანგრძლივად არსებული ხარვეზები (კერძოდ, გასაჩივრების პროცესის არარსებობა) აღმოუფხვრელი რჩება ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიუხედავად. ეუთო/ოდირის საბოლოო მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, პარლამენტის მიერ განხორციელებული დანიშვნის პროცედურის ეტაპი კვლავინდებურად არ ითვალისწინებს საკმარის სამართლებრივ გარანტიებს, რაც უარყოფითად აისახება მთლიანი პროცესის კეთილსინდისიერებაზე.

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთი არამოსამართლე წევრის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოცხადებული ვაკანსია დღემდე შეუვსებელია. ევროკომისია იმედს გამოთქვამს, რომ ეს არამოსამართლე წევრები უფრო ფართო კონსენსუსის საფუძველზე (პარლამენტის სამი მეხუთედის უმრავლესობით) შეირჩევიან და სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებს წარმოადგენენ.

 

კრიტიკულად არის შეფასებული აგრეთვე 2021 წლის 30 დეკემბერს დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში. პროექტის შემუშავების პროცესში არ ჩატარებულა კონსულტაციები და დაჩქარებული პროცედურის გატარების დასაბუთება არ ყოფილა. ცვლილებებმა გააძლიერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოზიცია, შექმნა მოსამართლეთა ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანის შესაძლებლობა ევროსტანდარტებით მოთხოვნილი შეზღუდვების გარეშე და დისციპლინური სამართალწარმოების ახალი საფუძველი. 

 

საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულება

 

ანგარიშში აგრეთვე საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების აღსასრულებლად პარლამენტისთვის წარდგენილ კანონპროექტზე, რომელიც დღემდე არ არის მიღებული. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება სასამართლო აქტებზე ხელმისაწვდომობის უფლებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტს დაევალა იმგვარი საკანონმდებლო მექანიზმის შემოღება, რომელიც უზრუნველყოფდა სასამართლო აქტებზე ხელმისაწვდომობის უფლებასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებას შორის სამართლიან ბალანსს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვალდებულება აგრეთვე გათვალისწინებული იყო 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებით.

 

საარჩევნო რეფორმა, საკონსტიტუციო ცვლილებები და დამოუკიდებელი ინსტიტუტები

 

ანგარიში ეხმიანება 2021 წლის ივნისში საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გახანგრძლივდა შეჯამების ვადა, დაწესდა შემთხვევითი წესით შერჩეული შედეგების სავალდებულო გადათვლა და შემოღებულ იქნა გარანტიები საარჩევნო უბნების შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით, რიგი ოდირის წინა რეკომენდაციებისა გაუთვალისწინებელი დარჩა. საარჩევნო ბარიერისა და საპარლამენტო ფრაქციის ფორმირების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები კი დღემდე არ არის მიღებული.

 

ანგარიში აგრეთვე უარყოფითად აფასებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და აღნიშნავს, რომ პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო პაკეტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლის შესახებ არსებითი წინასწარი კონსულტაციების გარეშე. ანგარიში ახსენებს ეუთო / ოდირის 2022 წლის 18 თებერვლის მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც პროცესი, რომლითაც ეს ცვლილებები განხორციელდა, საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობასა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების ფუნქციონირებას საქართველოში.

 

2021 წლის 29 ივნისს პარლამენტში წარდგენილ იქნა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევას. თუმცა, ვენეციის კომისიის არსებული რეკომენდაციების და 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების მიუხედავად, აღნიშნული ცვლილება დღემდე არ არის მიღებული.

 

ადამიანის უფლებები, სახალხო დამცველი და მედია

 

ანგარიშში აგრეთვე საუბარია მედია გარემოზე, რომელიც პლურალისტური და კონკურენტუნარიანია, მაგრამ ასევე ძალზე პოლარიზებული. ანგარიში ეხმიანება Reporters Without Borders-ის პრესის თავისუფლების 2022 წლის გლობალურ ინდექსს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მედიის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად გაუარესდა. 2021 წლის მონაცემებით, საქართველოს 180 ქვეყანას შორის იკავებდა მე-60 ადგილს, 2022 წლის შეფასებით კი საქართველომ გადაინაცვლა 89-ე ადგილზე. განსაკუთრებით გაუარესება იგრძნობა ჟურნალისტების უსაფრთხოების კუთხით ამ მხრივ საქართველო 180 ქვეყანას შორის 135-ე ადგილს იკავებს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია 2021 წლის 5 ივლისის მოვლენები. ევროკომისია ეხმიანება თბილისში ღირსების მარშის გაუქმებას და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ თავდამსხმელების წინააღმდეგ სამართლებრივი ღონისძიებები გრძელდება, თუმცა კოორდინირებული თავდასხმის ორგანიზატორებს ბრალი არ წაუყენეს.

 

ევროკომისია აგრეთვე ეხმიანება 2021 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ ცნობებს ფართო მოსმენების (მათ შორის დიპლომატების) შესახებ. ამ საქმეზე ხელისუფლების მიერ დაწყებული გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. ანგარიშში აგრეთვე ნახსენებია 2022 წლის 7 ივნისს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის შესაბამისად მატულობს სამართალდარღვევათა რაოდენობა, რომელთა მიმართებაში ნებადართული იქნება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ხოლო ამ მოქმედებების ხანგრძლივობა იზრდება. ამან გამოიწვია შეშფოთება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან დაკავშირებით. 2022 წლის 22 ივნისს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო.

 

ანგარიშში აგრეთვე ნახსენებია ადამიანის უფლებათა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელმაც 2021-2030 წლები უნდა მოიცვას, თუმცა ეს დოკუმენტი საქართველოს მთავრობის მიერ დღემდე არ არის მიღებული. გენდერული თანასწორობა კვლავ გამოწვევად რჩება, განსაკუთრებით გენდერული და ოჯახში ძალადობის საკითხები. ეს ცხადყოფს გადარჩენილთა მხარდაჭერის გაძლიერების, დამნაშავეთა რეაბილიტაციის პროგრამების და ცნობიერების ამაღლების კამპანიების მნიშვნელობას, განსაკუთრებით ადგილობრივი თემის დონეზე. თუმცა დადებითად არის შეფასებული ის, რომ გენდერული კვოტების შესაბამისად 2017 წლის არჩევნებთან შედარებით 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე არჩეული ქალების წილი 19.6%-დან 31.4%-მდე გაიზარდა. 

 

ევროკომისია დადებითად აფასებს სახალხო დამცველის როლს ადამიანის უფლებების კონტექსტში. სახალხო დამცველი და მისი აპარატი აქტიურად აგრძელებდა თავისი სამეთვალყურეო როლის შესრულებას, თუმცა მისი მანდატის შესაბამისად გაცემული რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა. ევროკომისია აგრეთვე ახსენებს სახალხო დამცველის აპარატის დამოუკიდებლობის შერყევისა და მისი თანამშრომლების კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენების მცდელობებს სენსიტიურ საკითხებზე (მათ შორის „თბილისი პრაიდის“, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის) გამოხმაურების გამო.

 

პოლიტიკური პოლარიზაცია და პოლიტიკურად სენსიტიური სასამართლო საქმეები

 

პოლიტიკურ პოლარიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისია ახსენებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის უპრეცედენტო მაღალი დონის მედიაციის შედეგად 2021 წლის 19 აპრილს მიღებულ დოკუმენტს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის მიღწევა და დეპოლარიზაცია იყო, თუმცა მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ შეთანხმებიდან 2021 წლის ივლისში გავიდა და უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ნაციონალური მოძრაობა) შეთანხმებას მხოლოდ „ქართული ოცნების“ გასვლის შემდეგ შეუერთდა. შეთანხმების ძირითადი ნაწილები კი კვლავ შეუსრულებელი რჩება.

 

ანგარიშში ასევე ყურადღება ეთმობა პოლიტიკურად სენსიტიურ სასამართლო საქმეებს, რომელთა შორისაც ახსენებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას 2021 წლის თებერვალში და მის შემდგომ გათავისუფლებას 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხების ფარგლებში. აგრეთვე, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისა და პოლიტიკური პარტია „ლელოს“ საქმე 2022 წლის იანვარში, რაც სახალხო დამცველის აპარატისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ უარყოფითად შეფასდა. აგრეთვე ანგარიშში ნახსენებია ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანია „მთავრის“ დირექტორის ბ-ნ გვარამიას საქმეზე 2022 წლის 16 მაისს გამოტანილი განაჩენი, რომლითაც ბ-ნ გვარამიას 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ანგარიში ეხება აგრეთვე მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნის ვიდეომასალის გამოქვეყნებას და სათანადო ჯანდაცვისა და სასამართლო სხდომებზე დასწრების უფლების სავარაუდო დარღვევას.

 

სისხლის სამართლის პოლიტიკა, ანტიკორუფციული ღონისძიებები და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა

 

ევროკომისია დადებითად აფასებს სისხლის სამართლის საკითხებთან თანამშრომლობასთან მიმართებაში საქართველოს მუშაობის გაგრძელებას, აგრეთვე კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის მიღებას. რაც შეეხება კორუფციის პრევენციასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას, ევროკომისია აღნიშნავს ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციაში გადასვლას, რის გამოც ახალი ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის მომზადება და მიღება და ანტიკორუფციული რისკის შეფასების მეთოდოლოგიის დანერგვა გადაიდო.  ევროკომისია აგრეთვე ახსენებს საერთაშორისო გამჭვირვალობის (Transparency International) 2020 წლის ინდექსს, სადაც მითითებულია, რომ საქართველოში ანტიკორუფციული რეფორმები ფერხდება პოლიტიკური კრიზისისა და სახელმწიფოს მიტაცების ბრალდებების ფონზე. ანგარიშში დადებითად არის შეფასებული აგრეთვე 2021 წელს განახლებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული საკანონმდებლო ბაზა. აგრეთვე, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულების შესრულება.

 

დასკვნა

 

საბოლო ჯამში, 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება გრძელდებოდა. თუმცა, ევროკომისიის შეფასებით, შეშფოთებას იწვევს კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, მედია გარემოსა და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული მდგომარეობა. აღნიშნული მიმართულებებით ევროკომისია აღნიშნავს, რომ შეინიშნება არსებითი გაუარესება. წინა წლის ანგარიშთან[2] შედარებით, გაიზარდა იმ სფეროთა ჩამონათვალი, რომელშიც ევროკომისია მნიშვნელოვან პრობლემებს ხედავს. მაგალითისთვის, თუკი წინა წლის ანგარიშში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დასახელებული იყო სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის განხორციელება, ამ მიმართულებით 2022 წლის ანგარიში ამბობს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა შეფერხდა და ძირითად სფეროებში რეგრესიც კი განიცადა. რაც შეეხება ადამიანის უფლებების მიმართულებას, თუკი 2021 წლის ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ ადამიანის უფლებების სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოვება აქტიურად გრძელდება, 2022 წლის ანგარიშში  ნახსენებია „არსებითი უკუსვლა“ ამ მიმართულებით. აგრეთვე, ახალი ანგარიში პრობლემურად წარმოაჩენს ისეთ ასპექტებსაც, როგორიც არის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, მედია თავისუფლება და უსაფრთხოება, რომლებიც 2021 წლის ანგარიშში კრიტიკულად არ იქნა შეფასებული. აღსანიშნავია ისიც, რომ წინა წლისგან განსხვავებით, ახალი ანგარიში ეხება აგრეთვე პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხს და სისხლის სამართლის კონკრეტულ საქმეებს ახსენებს. ხოლო რაც შეეხება 2021 წლის ანგარიშის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას - პოლიტიკური ძალებს შორის პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობას, 2022 წლის ანგარიშში აღნიშნული პრობლემა კვლავ აქტუალურად რჩება.

 

ევროკომისია ყურადღებას ამახვილებს საქართველოსთვის წარდგენილ 12 პრიორიტეტზე და ამ ისტორიულ მომენტზე ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე. „ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად ინკლუზიური და პარტიათა შორის თანამშრომლობის საშუალებით, ევროპის გზით მისი შემდგომი წინსვლისთვის. ევროკავშირი ამ საქმეში საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს.“-ნათქვამია ანგარიშში. ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენს 2023 წლიდან, გაფართოების პაკეტის ფარგლებში. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე კომისია წარადგენს თავის შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები აიღოს. ამ კონტექსტისა და ევროკავშირის 12 რეკომენდაციის გათვალისწინებით, ევროკომისიის აღნიშნული ანგარიში და მასში იდენტიფიცირებული პრობლემები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

 

 

 

[1] https://data.consilium.europa.eu/doc/document/ST-11784-2022-INIT/en/pdf?fbclid=IwAR0Rvoq7lQj8YL3-PMfjjOdai5oz2unGKvAOT89IH9gsbL2qq-lslAq-HRo 

[2] https://www.eeas.europa.eu/sites/default/files/2021_association_implementation_report_in_georgia.pdf 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023