პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის (IPN) ვიზიტი ბათუმი - საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა სამარხების აღმოჩენისა და ექსჰუმაციის დაგეგმვა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 22 ოქტომბერი 2021

2021 წლის 20 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით, პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის (IPN) წარმომადგენლები, არქეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ტომაშ ბორკოვსკი (Tomasz Borkowski) და არქეოლოგი, კრიშტოფ მიკოლაიჩიკი (Krzysztof Mikolajczyk) ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მეუფის, დიმიტრის მოწვევით ვიზიტით იმყოფებოდნენ ბათუმში, სადაც ადგილზე გაეცნენ 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა სამარხებს. პოლონელი სპეციალისტების ვიზიტს ორგანიზება გაუწია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI).

 

პოლონელი სპეციალისტების ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ საკითხზე შეთანხმებას:

 

1. უკვე აღმოჩენილი  №6 სამარხის სწრაფ რეჟიმში, ზამთრის დადგომამდე შესწავლასა და ნეშტების ამოსვენებას.

 

2. 2022 წლიდან, პოლიგონის ტერიტორიის სრულად დამუშავებასა და დარჩენილი მასობრივი სამარხების აღმოჩენას, რათა შემდგომში ადგილზე დაიგეგმოს ხსოვნის ფართომასშტაბიანი ღონისძიებები.

 

IDFI-ის პირველადი კვლევის თანახმად,  აჭარაში სულ დახვრიტეს 1050 ადამიანი, რომელთაგანაც 311 სხვა ქვეყნის მოქალაქე იყო, მათ შორის იყო 30-მდე ეთნიკური პოლონელიც. შესაბამისი ინფორმაცია IDFI-მ მიაწოდა პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტს, რის შემდეგაც პოლონური მხარე დაინტერესდა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ბედის გარკვევითა და მათი იდენტიფიკაციისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებით.

 

პირველ დღეს პოლონელი სტუმრები ეპარქიის წარმომადგენელთან, დედა სიდონიასთან ერთად ეწვივნენ სამარხების ადგილს და გაეცნენ არსებულ მდგომარეობას. მათ დაათვალიერეს უკვე აღმოჩენილი სამარხი №6, რომელიც მზადაა გასახსნელად და ნეშტების ამოსასვენებლად. გარდა ამისა, გამოთვალეს პოლიგონის საერთო მასშტაბი, წინა პერიოდებში დამუშავებული სამარხების მდგომარეობა და საკმაოდ მაღალ დონეზე შეაფასეს ეპარქიის მიერ 2017-2019 წლებში დამოუკიდებლად და 2021 წელს ამერიკელ სპეციალისტებთან ერთად ჩატარებული სამუშაოები.

 

სამარხების დათვალიერების შემდეგ, პოლონელი ექსპერტები ეწვივნენ აჭარის ა/რ ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სადაც შეხვედრა გამართეს მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან და მის მოადგილესთან, ზურაბ თენეიშვილთან. აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობს აჭარის მთავრობის მიერ შექმნილ, სამარხების შემსწავლელ კომისიას. ადგილობრივი მთავრობის წევრებმა სრული მზადყოფნა გამოთქვეს სამომავლოდ ეპარქიასთან, IPN-თან და IDFI-სთან ერთად პროექტში ჩართულობაზე, აქტუალური საკითხების საბოლოოდ და დროულად გადასაწყვეტად. სამინისტრო და აჭარის ა/რ მთავრობა მზადყოფნას აცხადებს ყველა საჭირო ნაბიჯის გადასადგმელად, რათა დაიწყოს რეპრესირებულთა სამარხების შესწავლა, მათი ნეშტების იდენტიფიკაცია და სათანადო პატივის მიგება.

 

ვიზიტის დასკვნით დღეს, IPN არქეოლოგებს და IDFI-ს წარმომადგენელს უმასპინძლა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მეუფემ, დიმიტრიმ. მეუფემ, ეპარქიის მხრიდან, მზადყოფნა გამოთქვა დასახმარებლად სამარხების საკითხზე მუშაობის პროცესში , არქეოლოგებს შესთავაზა მონასტრის ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილების გამოყოფა და სხვა საჭიროებებში დახმარება კვლევის პერიოდში.

 

პოლონელმა სტუმრებმა, წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონი მოინახულეს და პანსიონის აღსაზრდელებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.

 

IDFI თვლის, რომ, უახლოეს მომავალში, საჭიროა დაკომპლექტდეს არქეოლოგთა და სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც იმუშავებს უკვე აღმოჩენილ სამაროვნებზე და ასევე გაგრძელებს დანარჩენი სამარხების ძებნას. ამ მხრივ IPN ექსპერტების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, რადგან მათ გააჩნიათ მსგავსი ტიპის სამუშაოების ჩატარების დიდი გამოცდილება. პოლონეთსა და მეზობელ ქვეყნებში მათ შესწავლილი აქვთ ასობით მსგავსი ადგილი. აღნიშნული ვიზიტი, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის გარშემო, მრავალმხრივი ურთიერთთანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. პრობლემის მოსაგვარებლად ერთიანდებიან სამთავრობო და არასამთავრობო, საეკლესიო ხელისუფლების წარმომადგენლები და უცხოელი პარტნიორები.

 


ღონისძიება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024