ვიზა ლიბერალიზაცია - არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ?

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | პუბლიკაციები | სტატია 29 ივნისი 2016

ავტორი: გიორგი ლომთაძე

 

ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი გრძელდება. იგი არ შეჩერებულა და ადრე თუ გვიან წარმატებით დასრულდება. თუმცა, საქართველოსთვის არსებითად მნიშვნელოვანია ეს პროცესი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დასრულდეს, ვინაიდან მას გავლენა ექნება არჩევნების შედეგებზე და მოსახლეობის განწყობაზე ევროინტეგრაციის მიმართ.


სამწუხაროდ, პროცედურული საკითხების გათვალისწინებით, არჩევნებამდე ვიზა ლიბერალიზაციის დასრულება ნაკლებად სავარაუდოა.

 

20 ივნისს გაიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო, სადაც ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია იყო. საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია ამ საკითხის მიმართ მნიშვნელოვანია, რადგან ამ ფორმატში ვიზა ლიბერალიზაციაზე თანხმობა პოლიტიკური მხარდაჭერის ტოლფასია.


შეხვედრა საქართველოსთვის სასიკეთოდ დასრულდა, რადგან საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების წინააღმდეგ არცერთი ქვეყანა არ წასულა (სკეპტიკოსი ქვეყნების ჩათვლით - გერმანია, იტალია, საფრანგეთი და ბელგია). შეხვედრის შემდგომ გაკეთდა პოზიტიური განცხადებებიც, რომლებიც ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის დასრულების სამომავლო პერსპექტივებზე მიუთითებს.


საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის თანახმად:

 

  • „ყველა ქვეყნისთვის ნათელია, რომ საქართველომ დააკმაყოფილა ყველა კრიტერიუმი. ახლა უკვე ჰოლანდიის ხელმძღვანელობით საბჭოს ხელშია კორეპერის (COREPER) ერთ-ერთი უახლოესი სხდომის დღის წესრიგში დააყენოს ეს საკითხი. ყველა ქვეყანამ აღნიშნა, რომ საქართველომ წარმოუდგენელი სამუშაო ჩაატარა, რაც იმსახურებს აღიარებას რაც შეიძლება მალე."

     

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩიუსის მიხედვით კი:

 

  • "საქართველო მიიღებს უვიზო მიმოსვლას. არცერთ წევრ სახელმწიფოს საწინააღმდეგო აზრი არ გამოუთქვამს. ეს იყო ყველაზე პოზიტიური შეხვედრა. სავარაუდოდ, საბჭოშიც და პარლამენტშიც ერთდროულად მივიღებთ გადაწყვეტილებას."

 

ერთ-ერთი საკვანძო საკითხი გააჟღერა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარ რინკევიჩმა:

  

  • „საქართველომ უნდა მიიღოს უვიზო მიმოსვლა. გადაწყვეტილებას დღეს არ ველოდით. ძალიან კმაყოფილი ვარ შეხვედრით, უაღრესად პოზიტიური იყო. სამწუხაროდ, საბოლოო ვადა არ გვაქვს, მაგრამ ადრეული შემოდგომა - მე ასე მგონია.“

 

როგორც ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ IDFI-ის მიერ მომზადებულ წინა სტატიაში იყო მოყვანილი - „ევროკომისიამ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა 2016 წლის 9 მარტს. ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა უნდა განიხილონ და მას კენჭი უყარონ, რათა საკანონმდებლო ცვლილება დამტკიცდეს. საბოლოოდ, განახლებული რეგულაციის დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილებას ხელს მოაწერენ ევროპარლამენტის პრეზიდენტი (მარტინ შულცი) და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი (ამჟამად ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბერტ კონდერსი) [1 ივლისს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა გადადის სლოვაკეთზე, შესაბამისად, ცვლილებაზე ხელს მოაწერს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი]. რეგულაცია მისი ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 20 დღეში შევა ძალაში.“

 

 

რა ეტაპზეა ვიზა ლიბერალიზაცია

 

ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის დასასრულებლად საჭიროა ევროკავშირის ორი საკანონმდებლო ორგანოს - ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს - თანხმობა [პროცედურის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე].

 

 

ევროპარლამენტის თანხმობა

 

ამჟამად, საკანონმდებლო ინიციატივა ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში (LIBE) განიხილება. საკითხთან დაკავშირებით ანგარიში მზადაა და მოუწოდებს LIBE-ს მხარი დაუჭიროს პროცესის დასრულებას. ანგარიშში შესწორებების შეტანის ბოლო ვადაა 14 ივლისი, შესაბამისად, კომიტეტში ანგარიშს ამ თარიღამდე კენჭს ვერ უყრიან. მას შემდეგ, რაც LIBE კენჭს უყრის ანგარიშს, საკითხი ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა გავიდეს.

 

ევროპარლამენტში ოქტომბრის თვემდე საკომიტეტო განხილვები საპარლამენტო კალენდრის მიხედვით შეიძლება გაიმართოს:

 

•  27 და 30 ივნისს

•  11-14 ივლისს
•  29-31 აგვისტოს
•  1, 5, 8, 26 და 29 სექტემბერს

 

თავად პლენარული სხდომები ჩანიშნულია:

 

•  4-7 ივლისს
•  12-15 სექტემბერს

 

 

 

 

იმის გამო, რომ LIBE-ის კომიტეტის ანგარიშში შესწორებების შეტანის ბოლო ვადა 14 ივლისია, საკითხის 4-7 ივლისის პლენარულ სხდომაზე გატანა ვერ მოხერხდება. შესაბამისად, კომიტეტში გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ივლისი-აგვისტოს პერიოდში, რათა პარლამენტმა საკითხს 12-15 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე უყაროს კენჭი. ევროპარლამენტში პროცესის დასრულების მსგავსი სცენარი ყველაზე ხელსაყრელია საქართველოსთვის.

 

ევროკავშირის საბჭოს თანხმობა

 

სტატიაში უკვე აღინიშნა, რომ ვიზა ლიბერალიზაციაზე გადაწყვეტილება ევროპარლამენტის გარდა ევროკავშირის საბჭომაც უნდა მიიღოს.


ევროკავშირის საბჭოში, 20 ივნისის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომდე, საკითხი რამდენჯერმე იქნა განხილული, თუმცა დადებითი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. 20 ივნისის საბჭოს გადაწყვეტილებამ გამოავლინა პოლიტიკური ნება, რომელიც პროცესის ხელახლა დაწყებას შესაძლებელს ხდის. საკანონმდებლო პროცედურის მიხედვით, ჰოლანდიამ, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, უნდა დააყენოს საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი კორეპერში. ამ ფორმატში ინიციატივის განხილვის შემდგომ, გადაწყვეტილებას ამტკიცებენ მინისტრები შესაბამის საბჭოში. ვინაიდან ევროკავშირის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებმა გადაწყვეტილება ვერ მიიღეს, შესაბამისი უფლებამოსილება წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებზეც გადადის. თუმცა, ჯერ-ჯერობით არაა გარკვეული თუ როდის განიხილავენ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხს კორეპერში.


კორეპერი ყოველკვირეულად იკრიბება და მომდევნო შეხვედრები ჩანიშნულია 30 ივნისს, 7 და 13 ივლისს. ჰოლანდიის თავჯდომარეობის ვადა გადის 1 ივლისს და შემდგომ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე როტაციის პრინციპით ხდება სლოვაკეთი, რომელიც აღმოსავლეთთან პარტნიორობის (რომლის ნაწილიც საქართველოა) ქვეყნების მიმართ უფრო კეთილგანწყობილია.

 

 

 

ამასთანავე, გასათვალისწინებელია საგარეო საქმეთა მინისტრების მომდევნო შეხვედრა, რომელიც ჩანიშნულია 18 ივლისს. ეს ბოლო შესაძლებლობაა ოქტომბრამდე ევროკავშირის საბჭოში გადაწყვეტილება იქნას მიღებული, ვინაიდან მომდევნო შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების, ისევე როგორც საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ოქტომბერშია ჩანიშნული, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის დასრულება შეუძლებელია. 

 

აღსანიშნავია, რომ, თუ ჰოლანდიის მიერ მოხდა საკითხის გატანა კორეპერში 30 ივნისისთვის (რაც ნაკლებად სავარაუდოა), დადებით გადაწყვეტილებას მინისტრების დონეზე წინ არაფერი ეღობება.

 

 

ვიზა ლიბერალიზაციის გაჭიანურების შესაძლო მიზეზები

 

როგორც ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ IDFI-ის წინა სტატიაში იყო განხილული, ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გადახედვამდე, საქართველო, სავარაუდოდ, ვერ მიიღებს უვიზო რეჟიმს. შეგახსენებთ, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი მოიცავს იმ პირობათა ნუსხას, რომელთა გათვალისწინებით ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტაა შესაძლებელი. ამ მხრივ მდგომარეობა დამაიმედებელია, ვინაიდან შეჩერების მექანიზმიც ევროპარლამენტის LIBE-ს კომიტეტში განიხილება და ანგარიშში კომიტეტის წევრთა შესწორებები უკვე დაფიქსირებულია. ამასთანავე, საბჭომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე დადებითი გადაწყვეტილება უკვე მიიღო და შეჩერების მექანიზმის განახლებული ვერსიის დამტკიცებას მხოლოდ პარლამენტის თანხმობა სჭირდება. ამ საკითხზე ევროპარლამენტში ერთიანი პოზიციაა, რაც იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ გადაწყვეტილების მიღება კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე არ შეფერხდება.


ამ ფაქტორების გარდა, გასათვალისწინებელია 23 ივნისის დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგები, რომლის თანახმად, დიდი ბრიტანეთი მომდევნო ორი წლის (მინიმუმ) განმავლობაში დატოვებს ევროკავშირს. ამ მოვლენამ უკვე ბევრი გაუთვალისწინებელი პრობლემა შექმნა, რის გამოც ევროკავშირის დღის წესრიგში სხვა საკითხების განხილვის აქტუალობამ იკლო, მათ შორის საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხმაც. მაგალითად, LIBE-ის კომიტეტში საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხის განხილვა ჩანიშნული იყო 27 ივნისს, თუმცა ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით რიგგარეშე პლენარული სხდომის (28.06.2016) გამო, 27 ივნისის ყველა საკომიტეტო განხილვა გადაიდო. LIBE-ს კომიტეტში, საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხის განხილვა 27 ივნისის მაგივრად ჩაინიშნა 4 ივლისს.

 

 

დასკვნა

 


მინისტრთა საბჭოს 20 ივნისის შეხვედრის შემდეგ, ეჭვები იმის შესახებ, რომ საქართველომ შეიძლება ვერ მიიღოს უვიზო რეჟიმი, გაქარწყლდა. ყველაზე ოპტიმისტური სცენარით, საკითხი სექტემბერში გადაწყდება. თუმცა, პროცედურული საკითხების გათვალისწინებით, საქართველოს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის დასრულება ნაკლებად სავარაუდოა.


ერთი მხრივ, უცნობია, მოასწრებს თუ არა კორეპერი საქართველოს საკითხის განხილვას საგარეო საქმეთა მინისტრების 18 ივლისს დანიშნულ შეხვედრამდე. ხოლო მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებით გამოწვეულ არასტაბილურობასა და გაურკვევლობას, ევროპარლამენტმა შესაძლოა ვერ მოასწროს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის დამტკიცება აგვისტოს შესვენებამდე.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023