ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | ბლოგპოსტები 5 მაისი 2025

ავტორი: ნინო კვინტრაძე

 

"ეს ნამდვილად არის ჩვენ ქვეყნის დიდი მიღწევა. ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით ჩვენი მოქალაქეებისათვის ყველა ის სიკეთე გახდება ხელშესახები, რომელიც ევროპულ ინტეგრაციასთან არის დაკავშირებული" - ამ სიტყვებით მიულოცა მოქალაქეებს იმ დროინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება 2017 წელს.  ევროკავშირის “სიკეთეებთან” დაკავშირებული აქცენტები ეტაპობრივად შეიცვალა და “ქართული ოცნების” დღეს უკვე პრემიერ-მინისტრი ევროპარალმენტარებს “ოდიოზურს” უწოდებს და მათ ქვეყნის პოლარიზაციაში, სიცრუესა და შეურაცხყოფაში სდებს ბრალს. არსებულ სტატიაში მიმოხილულია ყველა ის სარგებელი, რომელიც 2017 წლის შემდგომ საქართველოს მოქალაქეებისთვის გახდა ხელმისაწვდომი და რომელიც დღეს მთავრობის ანტი-დასავლური ქმედებების გამო, საფრთხის ქვეშ დგას.

 

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება ქვეყნისთვის ნამდვილად იყო დიდი მიღწევა, რომელიც თანაბრად ვრცელდებოდა მისი სრულყოფილი ფუნქციონირებისა და განვითარების თითქმის ყველა ასპექტზე - დაწყებული ჯანდაცვით, განათლებით, კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებით დასავლეთთან, დასრულებული ქვეყნის რეპუტაციული ზრდით გლობალურ პოლიტიკურ რუკაზე. სწორედ უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ შეუწყო ხელი ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდას, საქართველოსა და ევროკავშირს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განვითარებას, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების (DCFTA) ათვისებას, მოქალაქეებისთვის დასავლურ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას, და სხვა მრავალ მიმართულებას, რომელიც, ჯამში ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალაა და რომელი ციფრებითაც ასე ამაყობენ დღეს “ქართული ოცნების” წევრები.

 

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა - დახვეწილი კანონმდებლობა

 

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა (VLAP – Visa Liberalisation Action Plan) საქართველომ ევროკომისიისგან 2013 წელს მიიღო.  სამოქმედო გეგმა დაყოფილი იყო ორ ფაზად და ოთხ ძირითად ბლოკად, რის შედეგადაც ქვეყანამ არაერთი მიმართულებით ძირეული საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა:

 

I. დოკუმენტების გაცემის უსაფრთხოება, მათ შორის ბიომეტრიული პასპორტები.

 

პერსონალური მონაცემების დაცვა - შესაბამისი კანონმდებლობის მიღება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნა.

 

II. მიგრაციის მართვა, თავშესაფარი, საზღვრის მართვა.

 

მიგრაციის მართვის ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;

საზღვრის მართვის მოდერნიზება - სასაზღვრო ინფრასტრუქტურის და ტექნოლოგიების გაუმჯობესება;

თავშესაფრის სისტემის რეფორმირება - კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;

უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენების პრევენცია (უკან დაბრუნების პოლიტიკის ეფექტურობა).

 

III. საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება

 

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა - კანონმდებლობის განახლება;

ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა;

სამართალდამცავი ორგანოების და მართლმსაჯულების რეფორმა.

 

IV. ფუნდამენტური უფლებები

 

ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება (ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხი საზოგადოებრივ დისკუსიებში);

ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების გაძლიერება. 

 

სამოქმედო გეგმის მეორე ფაზა მიღებული კანონმდებლობების რეალიზაციას მოიცავდა - მათ პრაქტიკაში ამუშავებასა და ეფექტიანობის ჩვენებას, რასაც 2017 წლის მარტში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის წესის ამოქმედება მოჰყვა.

 

ვიზალიბერალიზაცია - დათვლადი შედეგი

 

როგორც ზევით აღვნიშნეთ, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკაზე: ტურიზმზე, ავიაციაზე, ფულად გზავნილებსა და თავისუფალ ვაჭრობაზე.

 

ტურიზმი

 

სწორედ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გახდა საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განვითარების საფუძველი, რასაც ქვეყანაში არაერთი ევროპული ავიაკომპანიის შემოსვლა და შედეგად ტურისტების ნაკადიც მოჰყვა.

 

2017 წლის მარტის ბოლოს ამოქმედებული უვიზო მიმოსვლის ეფექტი ტურიზმის სექტორზე უკვე წლის მეორე ნახევრიდან იყო შესამჩნევი. ჯამში კი 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტები 20%-ზე მეტად გაიზარდა, ზრდის ტემპი კიდევ უფრო მასშტაბური იყო 2018 წელს. ევროკავშირიდან ტურისტების რაოდენობამ პიკს 2019 წელს მიაღწია და კოვიდ პანდემიის შემდგომ, აღნიშნულ ნიშნულს ჯერაც ვერ დაუბრუნდა.

 

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

 

ტურისტების რაოდენობის ზრდას ბუნებრივად მოჰყვა ქვეყანაში როგორც უცხოური ვალუტის შემოდინება, რაც ლარის კურსის სტაბილურობის წინაპირობაა, ასევე მოსახლეობის ფინანსური კეთილდღეობის გაუმჯობესება. თუკი ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2016 წელს 2.1 მლრდ დოლარს შეადგენდა, ეს თანხა 2017 წელს 2.7 მლრდ დოლარამდე, 2018 წელს კი 3.2 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები ტრადიციულად მაღალმხარჯველ ტურისტებად მიიჩნევიან, რასაც თან მოჰყვა ქვეყანაში ტურისტული ობიექტების განვითარება და რაც მთავარია, რეგიონების განვითარების ტემპის ზრდა - მაღალმთიან დასახლებებში სასტუმროებისა და კვების ობიექტების განვითარება, სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზება, რაც ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები თითო ვიზიტზე ქვეყანაში საშუალოდ $1300-ს ხარჯავენ, - ამ მონაცემით კი მათ მხოლოდ საუდის არაბეთისა და ისრაელის მოქალაქეები უსწრებენ.

 

წყარო: ეროვნული ბანკი

 

საგარეო ვაჭრობა - ქართული პროდუქცია ევროკავშირში

 

უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას წინ უძღვოდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შეთანხმების ამოქმედება 2016 წლის 1 ივლისს. (თუმცა, მისი ზოგიერთი ნაწილი დროებითად მოქმედებდა 2014 წლის 1 სექტემბრიდან რაც საშუალებას აძლევდა საქართველოსა და ევროკავშირს დაეწყოთ თანამშრომლობა და მოემზადებინათ ბაზარი სრული ამოქმედებისთვის). ქართველი მეწარმეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დამყარება პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებთან კავშირის დამყარების პროცესში მნიშვნელოვან ადგილს თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ბაზრის ათვისების კუთხით არაერთი გამოწვევა არსებობს და ბოლო წლებში ექსპორტის მაჩვენებელი მატების ნაცვლად იკლებს, სწორედ DCFTA-ია ეკონომიკის დივერსფიცირების, ბიო მეურნეობის განვითარების, სურსათის უვნებლობის სტანდარტების გაუმჯობესების, საბაჟო წესების დახვეწის, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის გაძლიერების და სხვა არაერთი მიმართულების განვითარების საფუძველი.  ევროკავშირის ქვეყნებში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედების შემდეგ, მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებდა - 2019 წელს ქვეყნის მთლიან ექსპორტში ევროკავშირის წილმა 30%-ს გადააჭარბა, ქართველმა მეწარმეებმა კი დასავლეთში 700 მლნ დოლარზე მეტის ღირებულების პროდუქციის რეალიზება მოახდინეს. ევროკავშირში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტმა ყველაზე დიდი ვარდმა 2024 წელს აჩვენა და ის 2016 წლის მონაცემსაც ჩამოუვარდება.

 

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

ფულადი გზავნილები - ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა

 

ვიზალიბერალიზაციამ გააადვილა მობილობა და ზოგიერთ შემთხვევაში ასევე შექმნა შესაძლებლობა დროებითი დასაქმებისთვის ევროკავშირში. რამდენიმე ქვეყანამ (გერმანია, პოლონეთი, ლიტვა, ესტონეთი, საფრანგეთი) შექმნა სპეციალური მოკლევადიანი სამუშაო პროგრამები საქართველოს მოქალაქეებისთვის, ძირითადად სასოფლო-სამეურნეო და სეზონურ სამუშაოებზე. მიუხედავად იმისა რომ აღნიშნული პროგრამების მიზანს ერთის მხრივ არალეგალური მიგრაციის შემცირება წარმოადგენს, და მასში მონაწილეობისთვის სპეციალური ვიზის მიღებაა საჭირო, არაერთი ქართველი სარგებლობს ამ შესაძლებლობით.

 

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

 

FDI - ევროპული კომპანიები ქართულ ბაზარზე

 

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის გახშირებას მოჰყვა ბიზნეს კავშირების გამარტივებაც.  უვიზო მიმოსვლა თავისთავად არ ნიშნავს პირდაპირ კავშირს საინვესტიციო ნაკადებთან, რადგან უცხოელი ინვესტორები არც ადრე საჭიროებდნენ ვიზას საქართველოში შემოსვლისთვის, თუმცა აღსანიშნია ისეთი არაპირდაპირი ეფექტები როგორიცაა -  საქართველოს მიმართ გლობალური ინტერესი და  ქვეყნის იმიჯის გაუმჯობესება -  როგორც ევროკავშირთან დაახლოებული, ღია ბაზრის მქონე ქვეყნის. უვიზო მიმოსვლამ და ბიუჯეტური ავიაკომპანიების ბაზარზე შემოსვლამ გაზარდა საქართველოს ფიზიკური ხელმისაწვდომობა ევროპის ქვეყნებიდან. ევროკავშირი თითქმის ყოველთვის იყო ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი საქართველოს მთლიან FDI-ში, და 2017 წლის შემდეგ მისი წილი სტაბილურად მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება (30–35%).

 

წყარო: საქსტატი

 

განათლება - მზარდი აკადემიური შესაძლებლობები

 

ვიზალიბერალიზაციამ არანაკლებ მნიშვნელოვანი წინსვლა მოახდინა განათლების მიმართულებითაც: გაძლიერებული მობილობა და ევროკავშირში მიმოსვლის გამარტივება პირდაპირ აისახა ქართველ სტუდენტთა ჩართულობაზე საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში. მიუხედავად იმისა რომ, უვიზო მიმოსვლა პირდაპირ სწავლის უფლებას არ იძლევა და ევროკავშირის ქვეყნებში გრძელვადიანი სწავლისთვის ისევ სპეციალური ვიზაა საჭირო, თუმცა უვიზო რეჟიმმა საგრძნობლად გააადვილა პირველადი წვდომა ევროპულ უნივერსიტეტებთან, გაცვლით პროგრამებთან და პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებულ მოკლევადიან შესაძლებლობებთან.

 

მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართველი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობა Erasmus+ პროგრამაში, რომელიც  ევროკავშირის უმსხვილეს საგანმანათლებლო პლატფორმას წარმოადგენს. ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლის შემდეგ Erasmus+ პროგრამაში ჩართულ ქართველ სტუდენტთა რიცხვი საშუალოდ 30-50%-ით იზრდებოდა. თუ 2016 წელს პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 1000-მდე ქართველი მონაწილეობდა, 2023 წლისთვის ეს რიცხვი 5200-მდე გაიზარდა.

 

უვიზო მიმოსვლამ ხელი შეუწყო ქართველ ახალგაზრდებს მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა საზაფხულო სკოლებში, სასწავლო ბანაკებში და ტრენინგ-სემინარებში, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში ტარდება. მოკლევადიანი კურსებისთვის ვიზის საჭიროების მოხსნა ხშირად მნიშვნელოვანი ბარიერის მოხსნას ნიშნავს: დღეს ქართველ სტუდენტებს შეუძლიათ უვიზოდ გაემგზავრონ აკადემიურ კონფერენციებზე, გაცნობითი ტურებზე ან მოკლევადიან პროფესიულ პროგრამებზე.  უვიზო მიმოსვლის შემდეგ ევროპულ უნივერსიტეტებთან დაიდო მეტი ორმხრივი  ხელშეკრულება, ერთობლივი სამაგისტრო პროგრამებისა და კვლევითი პროექტების მიმართულებით, განსაკუთრებით Erasmus Mundus-ისა და Horizon Europe-ის ფარგლებში.

 

უვიზო მიმოსვლა და ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის ზრდა

 

უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებისთვის გამარტივდა მკურნალობის მიზნით მოგზაურობა ისეთ ქვეყნებში, სადაც  თანამედროვე სამედიცინო ინფრასტრუქტურა და მაღალი ხარისხის სერვისებია ხელმისაწვდომია. არაერთი პაციენტი დამატებითი ბიუროკრატიის გარეშე,  მკურნალობის მიზნით გაემგზავრა ევროკავშირის  ქვეყნებში სადაც ისეთი მომსახურებები, როგორიცაა მაგალითად ონკოლოგიური მკურნალობა ან რთული ქირურგიული ოპერაციები, უფრო მაღალი ხარისხისაა.

 

ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური დახმარება

 

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება არ წარმოადგენს ერთჯერად პოლიტიკურ შეთანხმებას - ის დაეყრდნო წლების განმავლობაში გამყარებულ პარტნიორობას, რომლის ფარგლებში საქართველომ მიიღო როგორც პოლიტიკური, ასევე ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პარალელურად და შემდგომ პერიოდშიც, ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა მრავალმილიონიანი გრანტებისა და პროგრამების საშუალებით მხარი დაუჭირეს სწორედ იმ რეფორმებს, რომლებიც უვიზო მიმოსვლის წინაპირობა გახდა.

 

ფინანსური მხარდაჭერა ძირითადად მიმართულია ისეთ სექტორებზე, როგორიცაა:

 

  •      კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულების რეფორმა;
  •      საჯარო მმართველობის გამჭვირვალობა და დახვეწვა;
  •      განათლებისა და პროფესიული უნარების განვითარება;
  •      გენდერული თანასწორობა და ადამიანის უფლებების დაცვა;
  •      სოფლის მეურნეობის განვითარება და გარემოს დაცვა.

 

პროგრამებმა, როგორიცაა EU4Georgia, EU4Business, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კერძო სექტორის გაძლიერებასა და რეგიონების განვითარებაში. EU4Business ინიციატივის ფარგლებში, მხოლოდ 2023 წელს საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების ზრდის მხარდასაჭერად 43.8 მილიონი ევრო გამოიყო, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის მთლიანი ბიუჯეტის 33.5%-ს შეადგენს. 2023 წელს საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვა 1.8 მილიარდ ევროს შეადგენს, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მცირე და საშუალო საწარმოების მიერ გენერირებული მთლიანი შემოსავლის 21.8%-ს შეადგენს. EU4Business-ის მიერ მხარდაჭერილი ქართული მცირე და საშუალო საწარმოების რაოდენობა 39,072-ია, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მცირე და საშუალო საწარმოების მთლიანი რაოდენობის 58.1%-ს შეადგენს.

 

ამასთან, მხოლოდ 2021-2024 წლებში ევროკავშირმა საქართველოსთვის დაახლოებით 340 მილიონი ევრო გამოყო  გრანტის სახით ახალი სამეზობლო, განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრუმენტის (NDICI – Global Europe) ფარგლებში. აღნიშნული ფინანსური და ტექნიკური დახმარება მიზნად ისახავს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას და ევროკავშირის სტანდარტებთან და ნორმებთან დაახლოებას. დახმარება კონკრეტულ მიმართულებებზე ნაწილდება და მოიცავს ისეთ ინიციატივებს, როგორებიცაა:

 

დასაქმების ხელშეწყობა და უნარების განვითარება -  7 მილიონი ევროს ოდენობის პროგრამა მიმართულია პროფესიული უნარების განვითარებაზე და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანაზე. პროგრამა მოიცავს როგორც პროფესიულ ტრენინგებს, ასევე დამსაქმებლებთან კავშირის გამარტივებას.

 

 სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება რეგიონებში -  პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSOs) მხარდაჭერას საქართველოს 10 რეგიონში.

 

ციფრული ჩართულობის გაზრდა და სოფლის განვითარება -  5 მილიონი ევროს ინიციატივა ემსახურება ციფრული უთანასწორობის შემცირებას ქალაქსა და სოფელს შორის. პროექტის ფარგლებში 200 სოფელში შეიქმნა საჯარო ინტერნეტ სივრცეები, ასევე პროექტი მოიცავს მოსახლეობის ციფრული უნარების განვითარებას.

 

ცალკე აღსანიშნავია სამთავრობო დახმარება - 2019-2024 წლებში საქართველოს სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ მიღებული ევროკავშირის დაფინანსება 517 მილიონ ევროს შეადგენდა.

 

 

ეს არასრული ჩამონათვალია იმ ფინანსური მხარდაჭერის, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან იღებენ ევროკავშირისგან და რომელიც დღეს საფრთხის ქვეშ დგას. ბოლო წლებში მმართველი პარტიის მიერ დაწყებულმა ანტი-დასავლურმა რიტორიკამ, რუსული კანონის მიღებამ, რეპრესიებმა და ძალადობამ სამოქალაქო აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ არაერთხელ გამოიწვია ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების მწვავე რეაქცია. სწორედ ანტი-დასავლური ქმედებების გამო ევროკომისიამ მთავრობის ფინანსური დახმარება უკვე გაყინა - სამთავრობო უწყებებს დასავლეთისგან 121 მლნ ევრო უნდა მიეღოთ, თუმცა პროგრამები, რომლემბსაც პირდაპირი სარგებელი მოჰქონდა მთავრობისთვის, შეჩერებულია.

 

ამასთან, ევროკავშირის რამდენიმე  ქვეყანამაც განაცხადა, რომ შეაჩერეს საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება, - ასე მაგალითად შვედეთი წელიწადში დაახლოებით 19 მლნ დოლარიან მხარდაჭერას უწევდა მთავრობას.  ევროკავშირი მიუთითებს, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტების რღვევა და ევროკავშირის ღირებულებებისგან ჩამოშორება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ  დაფინანსებებს, არამედ ქვეყნის კანდიდატის სტატუსსაც.  დადგება თუ არა შეჩერების საფრთხის ქვეშ ზევით მოყვანილი სხვა პროგრამები და ის სარგებელი რომელსაც საქართველოს მოქალაქეები იღებენ ევროგაერთიანებისგან დღეს რთული სათქმელია - ევროკავშირი კვლავ მკაფიოდ გამოხატავს ქართველი ხალხის და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მხარდაჭერას, თუმცა რეპრესიული სისტემა ფართოვდება.

 

დასკვნა

 

ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნამ გაამარტივა მობილობა და გახსნა კარი ახალ პერსპექტივებზე განათლებაში, ჯანდაცვაში, კულტურულ ურთიერთობებსა და სამოქალაქო ჩართულობაში. უვიზო რეჟიმმა ხელი შეუწყო ქართული კულტურის გაცნობასა და გავრცელებას ევროპაში. ვიზის საჭიროების მოხსნამ კერძო სექტორს და სამოქალაქო საზოგადოებას შესაძლებლობა მისცა, კონტაქტების დამყარება დასავლელ პარტნიორებთან გაცილებით ეფექტურად და დროის მოკლე ვადებში მოახდინონ.  ამასთან, უვიზო მიმოსვლამ ხელი შეუწყო საქართველოს მოქალაქეების, ღირებულებითი და კულტურული დაახლოების პროცესს ევროპასთან. ეს პროცესი კი ქმნის საფუძველს  ევროპული ინტეგრაციისთვის.

 

მართალია ეკონომიკური თვალსაზრისით, უვიზო მიმოსვლა პირდაპირ გავლენას არ ახდენს ინვესტიციებსა თუ დასაქმებაზე, თუმცა მას თან სდევს ქვეყანაში საერთაშორისო ინტეგრაციისა და ღია გარემოს ჩამოყალიბების პროცესები, რაც ბუნებრივად უწყობს ხელს საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდას.

 

უვიზო მიმოსვლა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებს  დაანახა თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ღია ევროპული სივრცე.

 

მხარდაჭერა რომელსაც ათწლეულების განმავლობაში იღებდა ქვეყანა ევროგაერთიანებისგან დღეს უკვე აღარ არის გარანტირებული. ევროკავშირმა არაერთხელ ცხადად დააფიქსირა, რომ მხარდაჭერა დამოკიდებულია  დემოკრატიული მმართველობის ხარისხზე, რომელიც სწრაფ უკუსვლას აჩვენებს.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი კიდევ 11 პოზიციით გაუარესდა, ქვეყანა 114-ე ადგილზეა.

02.05.2025

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიებების ახალი ეტაპი საქართველოში

30.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024