ბოლო წლების გამოცდილება, განსაკუთრებით კი მასობრივი მიყურადების სავარაუდო ფაქტების შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია ცხადად აჩვენებს, რომ ფარული მეთვალყურეობა სისტემური გამოწვევაა საქართველოსთვის. ტოტალური თვალთვალი, ფარული მიყურადებით მოპოვებული ჩანაწერების პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად გამოყენება, ადამიანებზე ზემოქმედება და მათი შანტაჟი ცხადყოფს მწვავე კრიზისს, დემოკრატიულ უკუსვლას და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების უგულებელყოფას ქვეყანაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინსტიტუციური მოწყობა, მის ხელში თავმოყრილი ჭარბი და უკონტროლო ძალაუფლება, ზედამხედველობის ეფექტიანი სისტემის არარსებობა შეუთავსებელია ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებსა და პრინციპებთან. ფარული მიყურადების მარეგულირებელი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სათანადო დაცვას. ქვეყანაში არ არსებობს ზედამხედველობისა და კონტროლის ეფექტიანი სისტემა და სათანადო პროცედურული გარანტიები, რაც სახელმწიფოს მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებას უზრუნველყოფდა.
ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დახურული უწყებაა და მისი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი გასაიდუმლოებულია. უსაფრთხოების სექტორში შემავალი ინსტიტუტების გაუმჭვირვალობა აფერხებს მათზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას, რაც თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკს კიდევ უფრო აძლიერებს.
ქვეყანაში მოქმედი დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანო - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ არის აღჭურვილი კონტროლისა და ზედამხედველობის სათანადო ბერკეტებით. მას მინიჭებული აქვს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მონიტორინგის ფუნქცია, აკონტროლებს მოსამართლის განჩინების ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, პროკურორის მოტივირებული დადგენილებით მიმდინარე ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, თუმცა ამგვარი მონიტორინგი ვერ უზრუნველყოფს უკანონო მეთვალყურეობის თავიდან აცილებას და გამოვლენას. ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს აქვს ტექნიკური შესაძლებლობა ზედამხედველობის მექანიზმების გვერდის ავლით განახორციელოს მეთვალყურეობა, რაც ტოტალური თვალთვალისა და თითოეული ინდივიდის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის საფრთხეს ქმნის.
არაეფექტიანია უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობაც. ნდობის ჯგუფს, რომელიც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლს ახორციელებს, მოქმედი კანონმდებლობით არ გააჩნია კონტროლისა და ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმები. ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კონტროლის დადგენილი წესი არის ბუნდოვანი და არ იძლევა სააგენტოს საქმიანობის საფუძვლიანად შემოწმების შესაძლებლობას.
არსებულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ისიც, რომ პროკურატურა პოლიტიკურ გავლენებს დაქვემდებარებულ ინსტიტუტად აღიქმება. შესაბამისად, დაბალია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევასთან დაკავშირებული დანაშაულების ეფექტიანი და გამჭვირვალე გამოძიების მოლოდინი.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებობს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სახით, მისი საგამოძიებო მანდატი შეზღუდულია და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე არაერთი დანაშაული ამ მექანიზმის რეაგირების მიღმა რჩება. მოქმედი კანონმდებლობით, ინსპექტორის სამსახური პასუხისმგებელია საჯარო და კერძო დაწესებულებების მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლზე, თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნები იკვეთება, საქმე რეაგირებისთვის შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ეგზავნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს დღემდე არ აქვს რატიფიცირებული პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ მოდერნიზებული 108 კონვენცია. 108+ კონვენციის რატიფიცირებას საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის მონაცემთა დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს აწესებს, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების რეალიზებას და საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრებას ეროვნულ დონეზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნებისათვის მონაცემთა დამუშავებაზე ეფექტური და დამოუკიდებელი ზედამხედველობის უზრუნველყოფის ვალდებულება, რაც უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულების გაზრდის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. სამწუხაროდ, საქართველო ევროპის საბჭოს იმ 8 წევრ ქვეყანას შორის არის, რომელსაც მოდერნიზებულ კონვენციაზე ჯერ ხელი არ მოუწერია.
საბოლოო ჯამში, არსებული სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩო პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კუთხით მწვავე პრობლემების არსებობაზე მიუთითებს, რაც სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის საფუძველს ქმნის. რაც უფრო ფართო და ბუნდოვანი უფლებამოსილება აქვს მინიჭებული სახელმწიფო ორგანოებს და რაც უფრო ნაკლებია მის განხორციელებაზე კონტროლი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკი მით უფრო მაღალია.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის მყარი გარანტიების არსებობა არსებითად მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობისათვის. ეს უფლება ადამიანებს თავიანთი პიროვნების, შეხედულებებისა და ურთიერთობების თავისუფლად განვითარების შესაძლებლობას ანიჭებს. თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოება მოითხოვს ადამიანის პირადი ავტონომიის პატივისცემას, მასში სახელმწიფოსა და კერძო პირების ჩარევის მინიმუმამდე შემცირებას. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ძირითადი მიზანია, ინდივიდი დაიცვას სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული თვითნებური ჩარევისგან. სამწუხაროდ, საქართველოში ამ კუთხით არსებული ვითარება საგანგაშოა, რაც ძირეული და სისტემური ცვლილებების აუცილებლობაზე მიუთითებს.
____
ბლოგპოსტი მომზადებულია პროექტის „პერსონალური მონაცემების დაცვის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მიერ. ბლოგპოსტში გამოხატული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ნიდერლანდების საელჩოს პოზიციას.