V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი | ანგარიში | სტატია 8 აპრილი 2024

2024 წლის V-Dem Institute-ის დემოკრატიის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სხვადასხვა კატეგორიაში ქულების კლება აღინიშნება. დემოკრატიის საშუალო ხარისხის გაუარესების მიზეზად ანგარიში პირველ რიგში საარჩევნო პროცესებზე მიუთითებს. კვლევის ფარგლებში საქართველოს შეფასება 2017 წლის მერე უარესდება, თუმცა საქართველო ჯერ კიდევ არჩევითი დემოკრატიის კატეგორიაში განიხილება.

 

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, V-Dem-ის შემადგენელ ხუთივე მაღალი დონის ინდექსში საქართველოს მაჩვენებლები შემცირდა. V-Dem-ის მაღალი დონის ინდექსებია:

 

- არჩევითი დემოკრატიის ინდექსი;
- სათათბირო დემოკრატიის ინდექსი;
- მონაწილეობითი დემოკრატიის ინდექსი;
- ეგალიტარული დემოკრატიის ინდექსი;
- ლიბერალური დემოკრატიის ინდექსი.

 

V-Dem-ის ანგარიში ასახავს საქართველოში ბოლო პერიოდში მომხდარ მოვლენებს, მათ შორის 2023 წლის მარტის მოვლენებს, როდესაც მთავრობა ცდილობდა ე.წ. აგენტების კანონის მიღებას.

 

V-Dem-ის შეფასებით გლობალური მასშტაბით, 2023 წლის მდგომარეობით, აღინიშნება ზოგადი დემოკრატიის კლების ტენდენცია. მსოფლიო მოსახლეობის 71% ავტოკრატიული რეჟიმების გარემოში ცხოვრობს. ამის გათვალისწინებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების ფონზე, მნიშვნელოვანია საქართველოში არ მოხდეს დემოკრატიის უკუსვლა. V-Dem-ის მონაცემები იძლევა დემოკრატიის ხარისხის კონკრეტულ ინდიკატორებზე დაყრდნობით შეფასების საშუალებას, და ამ ინდიკატორების უგულებელყოფა, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში არსებულ დემოკრატიის ხარისხზე ისახება.



V-Dem რეიტინგის შესახებ

 

გიოტებორგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტის ბაზაზე დაფუძნებული V-Dem Institute ყოველწლიურად აქვეყნებს მონაცემებს, რომლითაც შესაძლებელია სხვადასხვა ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის შეფასება. შეგროვებული მონაცემების სანდოობა და ხარისხი საერთაშორისო დონეზეა აღიარებული. მაგალითად, ღია მმართველობის პარტნიორობა (Open Government Partnership - OGP) V-Dem-ის ბაზიდან ორ ინდიკატორს იყენებს ინიციატივის წევრობის კანდიდატ ქვეყნების შეფასებისთვის — CSO-ების შექმნის და გაუქმების ინდიკატორი, რომელიც აფასებს თუ რამდენად აკონტროლებს მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნისა და გაუქმების პროცესს, და სახელმწიფოს მხრიდან CSO-ებზე ზეწოლის ინდიკატორი.


V-Dem-ის მეთოდოლოგია ეყრდნობა როგორც ოფიციალურ დოკუმენტებს (როგორიცაა კონსტიტუცია, კანონები და მთავრობის სამართლებრივი აქტები), ასევე ექსპერტების მხრიდან მოვლენების შედარებით სუბიექტურ აღქმას და შეფასებას (მაგ: ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, არჩევნები და სხვა). V-Dem განასხვავებს დემოკრატიის სხვადასხვა დონის ინდექსებს და მათ დასადგენად განსაზღვრავს შესაბამის ინდიკატორებს. დემოკრატიის 21 საშუალო დონის ინდექსები ერთმანეთისგან მიმართულებებით განსხვავდებიან (მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების და ალტერნატიულ ინფორმაციის არსებობის, კანონის წინაშე თანასწორობის და ინდივიდუალური თავისუფლების, ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობების, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის, თავისუფალი არჩევნების და ა.შ.), ხოლო ხუთი მაღალი დონის, უფრო ზოგადი მაკრო-ინდექსი (არჩევითი დემოკრატიის, ლიბერალური დემოკრატიის, მონაწილეობითი დემოკრატიის, სათათბირო დემოკრატიისა და ეგალიტარული დემოკრატიის ინდექსები), საშუალებას გვაძლევს მარტივად აღვიქვათ წლების მიხედვით სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების დემოკრატიულობა. V-Dem-ის მეთოდოლოგია ინდექსების საზომად 400 ინდიკატორზე მეტს ადგენს.


მაკრო ინდექსებს, ისევე როგორც დემოკრატიის საშუალო დონის ინდექსებს, ენიჭება 0-დან 1-მდე ქულა. შესაბამისად, ქულაში მცირე კლებაც კი მნიშვნელოვან ცვლილებებზე მიუთითებს ზოგადი დემოკრატიის ამ ინდიკატორის ხარისხის კუთხით.


სტატიაში ანალიზისთვის გამოყენებულია ფარდობითი სკალის (relative scale) მონაცემები. აღნიშნული მონაცემები მიღებულია გაზომვის მეთოდით, სადაც გათვალისწინებულია მონაცემების გაზომვაში ჩართული ექსპერტების შეხედულებებს შორის სხვაობა და სხვა გარემოებები, რაც რეალური სურათის შექმნას უწყობს ხელს. ინდექსებისა და ინდიკატორების მაჩვენებელი მათემატიკური ფორმულის საფუძველზე დგება და შესაბამისი ქულა და ადგილი ენიჭება რეიტინგში.

 

 

 

გრაფიკი 1: საქართველოს დემოკრატიის მაღალი დონის ინდექსები 2021-2023 წლები

 

 

საინტერესოა, რომ არჩევითი დემოკრატიის, ლიბერალური დემოკრატიის, მონაწილეობითი დემოკრატიის, სათათბირო დემოკრატიისა და ეგალიტარული დემოკრატიის ინდექსების დინამიკაში დაკვირვებისას, 2004 და 2013-2014 წლებში საქართველოში მნიშვნელოვნად იზრდება ზემოთ აღნიშნული ინდექსების მაჩვენებლები, რაც შესაძლოა კავშირში იყოს საქართველოში პოლიტიკური სპექტრის, კერძოდ, ხელისუფლების ცვლილებასთან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წლიდან დღემდე საქართველოში მაღალი დონის ინდექსების უმრავლესობამ გაუარესება დაიწყო. საყურადღებოა, რომ 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, იყო მატება ლიბერალური დემოკრატიისა და სათათბირო დემოკრატიის ინდექსებში, მაგრამ 2023 წელს ორივემ დაიკლო და ქულებმა 2021 წლის შედეგებზე დაბლა დაიწიეს. 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, V-Dem-ის შემადგენელ ხუთ მთავარ ინდექსს შორის ერთადერთი, სადაც გაუარესება შედარებით უმნიშვნელოა, არის ლიბერალური დემოკრატიის ინდექსი.

 

 

სამოქალაქო საზოგადოება

 

V-Dem მონაცემები აგრეთვე ფარავს ინდიკატორებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების მიმართ დემოკრატიულ პროცესებს აფასებს. კვლევაში ნაჩვენებია ინდიკატორები, რომლებიც აფასებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართვა/გამოთიშვა სამოქალაქო საქმიანობიდან და მათზე სახელმწიფოს კონტროლს, ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას (რეპრესიები), სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში ქალების ჩართულობას და ზოგადად პოლიტიკურ პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობას. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელის გარდა, ყველა სხვა ინდიკატორი ფასდება 1-დან 4-მდე სკალით. სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობითი გარემო კი 1-დან 3-მდე სიდიდით.

 

აღსანიშნავია, რომ V-Dem-ის მონაცემები შეიცავს ინდექსებს, რომლებიც არ წარმოადგენენ ზემოთ აღნიშნული მაღალი და საშუალო დონის ინდექსების შემადგენელ ნაწილებს. მათგან ერთ-ერთია სამოქალაქო საზოგადოების მთავარი ინდექსი (Core Civil Society Index). ამ ინდექსში საქართველომ 2023 წელს ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო (0.808 ქულა, როდესაც 2012 წელს შეფასება 0.848 ქულას, ხოლო 2022 წელს 0.919 ქულას შეადგენდა). ინდექსი ზომავს სახელმწიფოს მხრიდან სამოქალაქო სექტორის საქმიანობაში ჩაურევლობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობის ხარისხს. კერძოდ, ინდექსის შედეგების გამოთვლა ხდება სამ ინდიკატორზე დაყრდნობით: 1) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საჯარო ცხოვრებაში ჩართულობასა და გამოთიშვაზე კონტროლი; 2) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლა; 3) CSO-ებისთვის მონაწილეობითი გარემო. აღნიშნულიდან პირველ ორმა ინდიკატორმა 2022 წელთან შედარებით საგრძნობლად იკლო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სამოქალაქო ინდექსში შედეგების კლება სახელმწიფოს მხრიდან სამოქალაქო სექტორზე გაზრდილმა ზეწოლამ განპირობა.

  

გრაფიკი 6: საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მთავარი ინდექსის დინამიკა  2012-2023

V-Dem მონაცემები ცხადყოფს, რომ 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, საქართველოში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საჯარო ცხოვრებაში ჩართულობასა და გამოთიშვაზე კონტროლის მიმართულებით (3.658-დან 2.992-მდე), რომელიც აფასებს თუ რამდენად თავისუფლად შეუძლიათ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს აქტიურად იყვნენ ჩართულები პოლიტიკურ ცხოვრებაში და რამდენად ცდილობს ხელისუფლება გავლენა მოახდინოს მათ საქმიანობაზე შეზღუდვების, აკრძალვებისა თუ ხელისუფლებისთვის ლოიალური ორგანიზაციების მხარდაჭერით/დაფინანსებით. კლების ტენდენცია ამ მიმართულებით 2021 წლის შემდეგ დაიწყო, როდესაც ქულა 3.741-ს შეადგენდა. 

 

2022 წელთან შედარებით ნაკლებად, თუმცა ასევე იკლო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლის ინდიკატორმა (3.692-დან 3.337-მდე). 2020 წლის მაღალ ქულასთან (3.878) შედარებით ეს კლება ძლიერ უარყოფით პროცესებზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ CSO-ბზე ზეწოლის ინდიკატორი კლებულობდა 2007 წლიდან 2012 წლამდე, შემდეგ იზრდებოდა 2013-2014 წლებში და მას შემდეგ, 2017 წლის ჩათვლით მდგრადი კლებით ხასიათდებოდა. 2022 წელს ამ ინდიკატორმა მცირედით მოიმატა წინა წელთან (3.61) შედარებით, მაგრამ ეს ტენდენცია, როგორც ზემოთ აღინიშნა, არ შენარჩუნდა.

 

2022 წელთან შედარებით ოდნავ გაიზარდა CSO-ების მონაწილეობითი გარემოს ინდიკატორის ქულა (2.35-დან 2.438-მდე), რომელიც აფასებს სამოქალაქო საზოგადოების მრავალფეროვნებასა და მათ საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის დონეს. ეს ინდიკატორი 0-დან 3-მდე ქულით ფასდება, სადაც მაქსიმულური ქულა მიუთითებს, რომ ქვეყანაში მრავალფეროვანი სამოქალაქო სექტორია და საზოგადოების წარმომადგენლობისთვის ნორმად ითვლება მათ საქმიანობაში ჩართულობა.   

 

 

დასკვნა:

 

 

2021-2023 წლებში V-Dem მონაცემების მიხედვით საქართველოში დემოკრატიის ხარისხი კვლავ  გაუარესდა. განსაკუთრებით ეს აღინიშნება არჩევითი დემოკრატიის, სათათბირო დემოკრატიის, მონაწილეობითი დემოკრატიის, და ეგალიტარული დემოკრატიის მაკრო ინდექსებში. შედარებით უმნიშვნელო კლება არის ლიბერალური დემოკრატიის ინდექსშიც. ამგვარად, საქართველომ უკუსვლა განიცადა V-Dem-ის შემადგენელ ყველა მაღალი დონის ინდექსში.

 

 

მონაცემების ცვლილება მიუთითებს, რომ გასაუმჯობესებელია სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესში, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა. იმის გათვალისწინებით, რომ V-Dem-ის ანგარიში პირდაპირ მიუთითებს 2023 წლის მარტში ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებულ მოვლენებს, როდესაც საუბრობს საქართველოში დემოკრატიის ხარისხის კლებაზე, 2024 წელს ამ კანონის დღის წესრიგში დაბრუნება კიდევ უფრო ნეგატიურად აისახება დემოკრატიის ხარისხზე. 

 

 

 

 

/public/upload/Analysis/V-Dem-2024 V-Dem .pdf

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024