2025 წლის V-Dem Institute-ის დემოკრატიის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში “საარჩევნო ავტოკრატიაა”. კვლევის ფარგლებში საქართველოს შეფასება 2017 წლის შემდეგ უარესდებოდა, თუმცა ჯერ კიდევ გასულ წელს ქვეყანა “დემოკრატიის” კატეგორიაში განიხილებოდა და ავტოკრატიზაციის "საეჭვო კანდიდატად" მიიჩნეოდა.
2024 წელს ქვეყანაში, საქართველომ დამოუკიდებლობის შემდეგ, ერთწლიან პერიოდში ყველაზე დიდი უკუსვლა განიცადა და "საარჩევნო ავტოკრატიად" იქცა, რისი მიზეზიც გასული წლის საპარლამენტო არჩევნები გახდა.
აღსანიშნავია, რომ არაერთი მიმართულებით ქვეყნის ქულა ისტორიულ მინიმუმს გაუტოლდა, ხშირ შემთხვევებში კი მსგავსი დაბალი შეფასება ქვეყანას 2003 წლის შემდგომ არ ჰქონია. ასე მაგალითად, ლიბერალური დემოკრატიის, არჩევითი დემოკრატიის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების და სასამართლო სისტემის მიმართულებით.
“2013-2017 წლებში საქართველო დემოკრატიზაციის პროცესს გადიოდა, რასაც თან ახლდა სასამართლოს დამოუკიდებლობის, სიტყვის თავისუფლებისა და სამოქალაქო უფლებების გაუმჯობესება. თუმცა, 2018 წლიდან დემოკრატიის უკუსვლა დაიწყო და ეს პროცესი 2023 წლამდე ეტაპობრივად მიმდინარეობდა. 2024 წელს დემოკრატიის მაჩვენებლები მკვეთრად დაეცა და საქართველომ “საარჩევნო ავტოკრატიად” გადაინაცვლა”, - ვკითხულობთ ანგარიშში, სადაც აღნიშნულია, რომ 2024 წლის საარჩევნო პროცესი ფართომასშტაბიანი გაყალბების ბრალდებებითა და მასობრივი პროტესტების ფონზე მიმდინარეობდა.
“მთავრობამ ოპოზიციური პარტიები კრიმინალურ ძალებად მონათლა, მათი აკრძალვით დაიმუქრა, მომიტინგეები და სამოქალაქო აქტივისტები კი დააკავა და სამართლებრივი დევნა დაიწყო. დამატებით, „უცხოელი აგენტების“ ახალი კანონი იქნა შემოღებული. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც საქართველოს დემოკრატია რისკის ქვეშ დგას და ეს საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას.
საქართველოში საარჩევნო დარღვევებმა და რუსეთის ჩარევამ საარჩევნო პროცესში ევროპარლამენტი იმ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა, რომ არ ეღიარებინა არჩევნების
შედეგები”.
ანგარიშში აღნიშნულია, ისიც რომ 2024 წელს საქართველოში პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების სამართლებრივი და ფინანსური ბარიერები გახშირდა.
V-Dem-ის მონაცემები გვიჩვენებს, იმასაც რომ საქართველოში გახშირდა მთავრობის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების მასშტაბიც.
V-Dem-ის შესახებ
გიოტებორგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტის ბაზაზე დაფუძნებული V-Dem Institute ყოველწლიურად აქვეყნებს მონაცემებს, რომლითაც სხვადასხვა ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის შეფასებაა შესაძლებელი. ამისათვის V-Dem მონაცემთა უზარმაზარ ბაზას ეყრდნობა, რომელიც 60 ინდექსსა და 500-მდე ინდიკატორს აერთიანებს. შეგროვებული მონაცემების სანდოობა და ხარისხი საერთაშორისო დონეზეა აღიარებული.
V-Dem-ის მონაცემები იძლევა დემოკრატიის ხარისხის კონკრეტულ ინდიკატორებზე დაყრდნობით შეფასების საშუალებას, და ამ ინდიკატორების უგულებელყოფა, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში არსებულ დემოკრატიის ხარისხზე ისახება.
V-Dem-ის მეთოდოლოგია ეყრდნობა როგორც ოფიციალურ დოკუმენტებს (როგორიცაა კონსტიტუცია, კანონები და მთავრობის სამართლებრივი აქტები), ასევე ექსპერტების მხრიდან მოვლენების შედარებით სუბიექტურ აღქმას და შეფასებას (მაგ: ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, არჩევნები და სხვა). V-Dem განასხვავებს დემოკრატიის სხვადასხვა დონის ინდექსებს და მათ დასადგენად განსაზღვრავს შესაბამის ინდიკატორებს. დემოკრატიის ინდექსები ერთმანეთისგან მიმართულებებით განსხვავდებიან (მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების დაალტერნატიულ ინფორმაციის არსებობის, კანონის წინაშე თანასწორობის და ინდივიდუალური თავისუფლების, ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობების, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის, თავისუფალი არჩევნების და ა.შ.), ხოლო მაღალი დონის, უფრო ზოგადი მაკრო-ინდექსი (არჩევითი დემოკრატიის, ლიბერალური დემოკრატიის, მონაწილეობითი დემოკრატიის, სათათბირო დემოკრატიისა და ეგალიტარული დემოკრატიის ინდექსები), საშუალებას გვაძლევს მარტივად აღვიქვათ წლების მიხედვით სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების დემოკრატიულობა.
საქართველოს გზა “ავტოკრატიამდე”
მაკრო ინდექსებს, ისევე როგორც დემოკრატიის საშუალო დონის ინდექსებს, ენიჭება 0- დან 1-მდე ქულა. შესაბამისად, ქულაში მცირე კლებაც კი მნიშვნელოვან ცვლილებებზე მიუთითებს ზოგადი დემოკრატიის ამ ინდიკატორის ხარისხის კუთხით.
2024 წელს, წინა წელთან შედარებით, V-Dem-ის შემადგენელ ხუთივე მაღალი დონის ინდექსში საქართველოს მაჩვენებლები შემცირდა. V-Dem-ის მაღალი დონის ინდექსებია:
- არჩევითი დემოკრატიის ინდექსი;
- სათათბირო დემოკრატიის ინდექსი;
- მონაწილეობითი დემოკრატიის ინდექსი;
- ეგალიტარული დემოკრატიის ინდექსი;
- ლიბერალური დემოკრატიის ინდექსი.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ინდექსში საქართველოს ქულა 2003 წლის შემდგომ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდა. ასე მაგალითად, 2024 წელს, საქართველომ მკვეთრი ვარდნა განიცადა „ლიბერალური დემოკრატიის“ ინდექსის თვალსაზრისით - ერთ წელში ქვეყნის ქულა 0.45-დან, 0.33-მდე დაეცა - ამ უკანასკნელზე დაბალი ქულა კი ქვეყანას ბოლოს 22 წლის წინ ჰქონდა. ისტორიულად კი ერთ წლიან პერიოდში მსგავსი ვარდნა (-0.12 ქულა) ქვეყანას არასდროს ჰქონია.
ანალოგიურად, 2003 წლის შემდგომ, ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდა „არჩევითი დემოკრატიის“ ინდექსიც, რომლის ქულამაც 0.48 ქულა შეადგინა.
საქართველოს უკუსვლა აქვს ისეთ კომპონენტში, როგორიცაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები – ინდიკატორი პასუხობს კითხვას: ყველა გარემოების – წინასაარჩევნო პერიოდის, არჩევნების და არჩევნების შემდგომი მოვლენების გათვალისწინებით, შეაფასებდით ამ არჩევნებს, როგორც თავისუფალსა და სამართლიანს?
V-Dem Institute-ის მიხედვით, არჩევნების პროცესში არსებული ხარვეზები, როგორიცაა, მაგალითად, ამომრჩევლის დაშინება, არღვევს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პრინციპს. 2024 წელს, აღნიშნულ კრიტერიუმში ქვეყნის ქულა 1.63-ს შეადგენდა, მაშინ როდესაც 2023 წელს ის 2.44-ს შეადგენდა. 2024 წლის შედეგი 2003 წლის შემდგომ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
მკვეთრი ვარდნა ფიქსირდება კომპონენტში რომელიც ზომავს, თუ რამდენად ხშირი იყო ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან, საარჩევნო პერიოდში „დაშინების“ მცდელობა. კერძოდ, კომპონენტი პასუხობს კითხვას: არჩევნებზე ოპოზიციის კანდიდატები/პარტიები/კამპანიის მუშაკები ექვემდებარებოდნენ თუ არა რეპრესიებს, დაშინებას, ძალადობას ან შევიწროებას ხელისუფლების, მმართველი პარტიის ან მათი წარმომადგენლების მიერ. საქართველოს ქულამ 2.13 შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ "ადგილი ჰქონდა პერიოდულად, არა სისტემატურად, მაგრამ შესაძლოა ცენტრალურად კოორდინირებულად - ხელისუფლების ან მისი წარმომადგენლების მიერ ოპოზიციის შევიწროებასა და დაშინებას". მსგავსი დაბალი შედეგი ქვეყანას ასევე 2003 წლის შემდგომ არ ჰქონია.
2015 წლის შემდგომ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდა იმ კატეგორიის ქულა, რომელიც ზომავს, თუ რამდენად ხშირად ერევა ხელისუფლება სასამართლო გადაწყვეტილებებში.
არის კატეგორიები, სადაც საქართველოს 2024 წელს უფრო დაბალი შედეგი აქვს, ვიდრე დამოუკიდებლობის მთელს ისტორიაში - მაგალითად, “ზედა ინსტანციის სასამართლოების დამოუკიდებლობა” - ქვეყნის ქულა 0.99-ს შეადგენს, რაც ისტორიული მინიმუმია.
2025 წლის V-Dem Institute-ის დემოკრატიის ანგარიშის შედეგები არაერთი მიმართულებით საგანგაშოა და საქართველოს ისტორიის იმ პერიოდში აბრუნებს, როდესაც ქვეყანაში არათუ დემოკრატიული ინსტიტუტები, არამედ საბაზისო საცხოვრებელი პირობებიც კი არ არსებობდა. 2024 წელს ქვეყანამ ისტორიულად ყველაზე მკვეთრი ვარდნა განიცადა, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც საპარლამენტო არჩევნები გახდა.
ინტერვიუ ისტორიკოს გიორგი მამულიასთან
07.03.2025