ხელშეკრულება თბილისის მერიასა და შპს „სი-ტი პარკს“ შორის: აქამდე საიდუმლო დეტალები

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი | სტატია 8 სექტემბერი 2014

2007 წელს დედაქალაქში ავტომობილების პარკირების ორგანიზებისთვის თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში შპს „ამაგონის“ და შპს „შოჰარ პარკინგ სერვისის“ კონსორციუმმა გაიმარჯვა. აღნიშნულმა კომპანიებმა შპს „სი-ტი პარკი“ დააფუძნეს, რომელიც 2007 წლიდან გახდა მონოპოლისტი ქ. თბილისის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების საკითხში. მიუხედავად დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა, თბილისის მერიასა და შპს "სი-ტი პარკს" შორის დადებული ხელშეკრულების ყველა დეტალი მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი.

 

IDFI აქამდეც ცდილობდა მოეპოვებინა ზემოთაღნიშნული ინფორმაცია, თუმცა 2013 წლის დეკემბერში ინსტიტუტმა მიიღო ხელშეკრულების მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მერიის ცნობით არ წარმოადგენდა შპს „სი-ტი პარკის“ კომერციულ საიდუმლოს. 

 

როგორც თბილისის ახალი მთავრობის გადაწყვეტილებით გასაჯაროებული ხელშეკრულების მიხედვით ირკვევა, დღემდე კომერციულ საიდუმლოდ იყო მიჩნეული ხელშეკრულებისა და დანართების ათობით სხვადასხვა მუხლი და ქვეპუნქტი, დანართების დიდი ნაწილი და ხელშეკრულებაში შესული სამი ცვლილება.


საინტერესოა, რომ აქამდე გასაიდუმლოებული რჩებოდა არა მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც პარკირების სფეროში კომპანიის ექსკლუზიურ უფლებებს ამყარებდა, არამედ ასევე კომპანიის ფუნქციონირების სხვადასხვა ტექნიკური საკითხები, ისევე როგორც მერიასთან ურთიერთობის ფინანსური და მმართველობითი დეტალები. ქვემოთ წარმოგიდგენთ იმ საკითხების ანალიზს, რაც ინსტიტუტმა ნახევარი წლის წინ საჯარო ინფორმაციის სახით ვერ მიიღო და მხოლოდ ახლა გახდა საჯაროდ ხელმისაწვდომი.


შემოსავლის განაწილება თბილისის მერიასა და სი-ტი პარკს შორის


ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც დღემდე უცნობი იყო, ეხება თბილისის მერიასა და სი-ტი პარკს შორის შემოსავლების განაწილებას. კერძოდ, უცნობი იყო თბილისის მთავრობასა და სი-ტი პარკს შორის საერთო შემოსავლების განაწილების წესი (ხელშეკრულების მუხლი 11.3). როგორც ირკვევა, თავდაპირველი ხელშეკრულების თანახმად, ქ. თბილისის მერიას უნდა მიეღო პარკირების შემოსავლების 60% და დამატებითი მომსახურების შემოსავალი (ისეთი მომსახურება რაც არ არის აღნიშნული ხელშეკრულებაში), ხოლო შპს „სი-ტი პარკს“ - პარკირების შემოსავლის 40% და დამატებითი მომსახურების შემოსავალი. აქვე უნდა ითქვას, რომ ასევე, საიდუმლოდ იყო მიჩნეული მუხლი 11.1.3, რომლის მიხედვითაც დაკონკრეტებული იყო ის მომსახურებები, რაც არ ითვლება „დამატებით მომსახურებად“ და არ აძლევდა ქ. თბილისის მერიას შემოსავლის მიღების უფლებას (მაგ. ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლების ბლოკირება, ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა ა.შ.). ქ.თბილისის მერიას არ ქონდა უფლება მიეღო სხვა მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი. ამას გარდა, უცნობი იყო დეტალები (დანართი 11.3) იმ მინიმალური შემოსავლის შესახებ რაც ქ.თბილისის მერიას უნდა მიეღო სი-ტი პარკისგან ყოველწლიურად. ხელშეკრულების დანართის თანახმად, ქ.თბილისის მერიას პირველ წელს უნდა მიეღო 1 მლნ ლარი, ოპერირების დანარჩენ წლებში კი მისი მინიმალური შემოსავალი ყოველწლიურად იზრდებოდა* .


საინტერესოა, რომ ქ.თბილისის მერიის მიერ ყოველწლიურად მისაღები მინიმალური თანხის გადახდამ ორჯერ გადაიწია, რაც ასევე უცნობი რჩებოდა. პირველი, 2008 წლის 31 დეკემბრის ცვლილებით, თანხის ზრდამ გადაიწია ერთი წლით, რადგან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დაძაბვა და აგვისტოს ომი მიჩნეულ იქნა ფორსმაჟორულ სიტუაციად, რის გამოც კომპანიის საქმიანობის პირველ წლად განისაზღვრა 2009 და არა 2008 წელი.


ხელშეკრულების მეორე, 2009 წლის 23 ივლისის ცვლილების თანახმად 2009 წლის მინიმალური თანხის უდიდესი ნაწილის - 1 მლნ ლარიდან 900.000 ლარის გადახდამ - გადაიწია ათი წლით, 2019 წლისთვის. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, მსგავსი გადავადება განხორციელდა „იმის ვარაუდით, რომ ამ დროისთვის სი-ტი პარკი შეძლებდა მომსახურების მიწოდებასა და საფასურის მიღებას“ იმისთვის რომ აენაზღაურებინა 2009 წლის მინიმალური ვალდებულების დარჩენილი ნაწილი. კერძოდ, 2009 წლის ცვლილების მიზეზად დასახელდა 2009 წლის აპრილში რუსთაველის გამზირზე დაწყებული ოპოზიციური გამოსვლები, ე.წ. საკნების პროტესტი, რის გამოც კომპანიამ საქმიანობის განხორციელება მხოლოდ 2009 წლის აგვისტოში დაიწყო. როგორც ცვლილების ტექსტშია ნათქვამი, „სი-ტი პარკს ხელი შეუშალეს სრული მოცულობით თავისი საქმიანობის და მომსახურების მოწოდებაში არა თავისი ბრალეული ქმედების შედეგად“. ამასთან, სი-ტი პარკი ამ პერიოდში უკვე ახორციელებდა ისეთ საქმიანობებს, როგორიცაა, პარკირების ინსტრუქტორების დატრენინგება, ქუჩების შეღებვა, საგზაო ნიშნების მოთავსება ა.შ. ხელშეკრულების ცვლილების თანახმად ეს ქმედებები მოითხოვდა „დიდი თანხების ინვესტირებას მაშინ, როდესაც არ მიიღებოდა არანაირი სახის შემოსავალი“. შესაბამისად, სი-ტი პარკს „დაადგა მნიშვნელოვანი ზიანი“, არ მისცემია საშუალება განეხორციელებინა მომსახურებები და მიეღო შესაბამისი საფასური, რის გამოც გაუმართლებელი იქნებოდა მისგან მინიმალური საშემოსავლო ვალდებულების გადახდა.


ხელშეკრულების მესამე, 2011 წლის 6 აპრილის ცვლილების შედეგად სი-ტი პარკსა და თბილისის მერიას შორის შემოსავლების განაწილების საკითხი კიდევ უფრო დაზუსტდა. 2011 წლის ცვლილებაში აღნიშნულია, რომ 2009 წელს ქ.თბილისის მთავრობის მიერ პარკირების არსებული სისტემის შეცვლის (საათობრივის ნაცვლად პერიოდული გადახდის სისტემის შემოღებით) მცირდებოდა სი-ტი პარკის შემოსავალი და „სი-ტი პარკს აშკარად ჰქონდა კომპენსაციის მიღების უფლება ხელშეკრულების საფუძველზე“. ამას გარდა, აღნიშნულია, თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადების შესახებ, რომლის თანახმადაც თუ პარკირების გადასახადის და ჯარიმების ცვლილებები მიუღებელი იქნებოდა "სი-ტი პარკისთვის", ხელშეკრულება შეწყდებოდა მერიის მიერ. ცვლილების ტექსტში ასევე ნათქვამია, თითქოსდა თბილისის მერიამ ცალმხრივად დაიწყო პარკირების გადასახადების შეგროვება იმ კომპანიის მეშვეობით, რომელიც მან ამ მიზნებისთვის დააფუძნა, რაც ხორციელდებოდა "სი-ტი პარკთან" დადებული ხელშეკრულების „უხეში დარღვევით“. ამ ყოველივეს მიუხედავად, სი-ტი პარკმა „უდიდესი ძალისხმევითა და ხარჯით“ 2009 წლის 20 ოქტომბერს დაიწყო პარკირების ახალი სისტემის შესაბამისად საქმიანობა.


აღნიშნულის გამო ქ.თბილისის და სი-ტი პარკი მორიგდნენ არაერთ ცვლილებაზე, რომელიც საგრძნობლად ზრდიდა სი-ტი პარკის გარანტირებულ შემოსავლებს და ამცირებდა თბილისის მერიის შემოსავლებს.


განისაზღვრა, რომ ე.წ. საწყისი პერიოდის განმავლობაში, რაც მოიცავს 2008-2010 წლებს, ქ. თბილისის მთავრობას უფლება ექნებოდა მიეღო სი-ტი პარკისგან მხოლოდ 3.310.000 ლარი. ამ თანხიდან ხელშეკრულების მესამე ცვლილების მომენტისთვის "სი-ტი პარკს" გადახდილი ქონდა 1.737.400 ლარი და დარჩენილი ქონდა 1.572.600 ლარი, რომლის გადახდის ვადაც გადაწეულ იქნა 2020 წლის 31 დეკემბრამდე. სი-ტი პარკი აღარ იქნებოდა ვალდებული თბილისის მთავრობისთვის გადაერიცხა ნებისმიერი სხვა თანხა რაც ამ პერიოდში დაგროვდებოდა მის ანგარიშზე.


ამას გარდა, გადაწყდა, რომ სი-ტი პარკს მიეცა უფლება მიეღო ე.წ. „მინიმალური წლიური თანხა“, საიდანაც მას უნდა დაეფინანსებინა საოპერაციო ხარჯები. ეს თანხა, ცვლილების თანახმად, შეადგენდა 2.500.000 ლარს დღგ-ს გარეშე. ამას გარდა, პარკირების წესის შეცვლის გათვალისწინებით თბილისის მერია და სი-ტი პარკი მორიგდნენ, რომ სი-ტი პარკი მიიღებდა 3 ლარს პარკირების ყოველი ჯარიმიდან, ხოლო ის თანხა რაც დარჩებოდა სი-ტი პარკის მიერ საკუთარი მინიმალური წლიური თანხის მიღების შემდეგ კვლავ 40/60%-ით გადანაწილდებოდა სი-ტი პარკსა და თბილისის მერიას შორის. ასევე აღსანიშნავია, რომ სი-ტი პარკს უნდა მიეღო პარკირების შემოსავლიდან მიღებული თანხის 100%, იმ დრომდე სანამ სი-ტი პარკის შემოსავალი არ მიაღწევდა 2.500.000 ლარს. ასევე, თუ მთავრობა არ გადარიცხავდა თანხას (3 ლარი თითო ჯარიმაზე), სი-ტი პარკს უფლება ექნებოდა გამოეტანა აღნიშნული თანხა მის მიერ განსაზღვრული ანგარიშიდან.


თუ პარკირების შედეგად მიღებული შემოსავალი სი-ტი პარკის მინიმალურ წლიურ თანხაზე (2.500.000 ლარი) ნაკლები იქნებოდა თბილისის მთავრობას უნდა დაეფარა სხვაობა. იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მერია შეამცირებდა პარკირების საფასურს, სხვაობა სი-ტი პარკისთვის წლის ბოლოდან 20 დღეში უნდა გადაეხადა. ხოლო თუ პარკირების საფასური არ იქნებოდა შემცირებული, სხვაობა დაემატებოდა შემდგომ წლებს და ჩაითვლებოდა მის შემადგენელ ნაწილად იმ დრომდე სანამ სი-ტი პარკი მთლიანად არ მიიღებდა თანხებს.


2011 წლის ცვლილებით თბილისის მთავრობას შეეზღუდა პარკირების საფასურის გადახდის სისტემის შეცვლის უფლება, კერძოდ, მას ქონდა უფლება დაებრუნებინა გადახდის ძველი სისტემა, თუმცა იღებდა ვალდებულებას არ შეემცირებინა საფასურის თანხები ხელშეკრულების ვადის ბოლომდე.


გარდა ამისა, 2011 წლის ცვლილებით შეიცვალა გარანტიის ოდენობა, რაც "სი-ტი პარკს" მესამე წლიდან ხელშეკრულების დასრულებამდე ქ.თბილისის მერიისთვის უნდა წარედგინა. თუკი მანამდე ნათქვამი იყო, რომ მესამე წლიდან შპს „სი-ტი პარკის“ მიერ წარსადგენი გარანტია შეადგენდა ქ. თბილისის მერიის სი-ტი პარკისგან მიღებული წინა წლის შემოსავლების მთლიან ოდენობას, 2011 წლის ცვლილების შედეგად ეს თანხა განისაზღვრა 500.000 ლარით. შედარებისთვის, პირველ წელს სი-ტი პარკის დამფუძნებელმა კომპანიებმა შპს „ამაგონმა“ და შპს „შოპარ პარკინგ სერვისიზმა“ წარმოადგინეს 1.200.000 ლარის გარანტია, ხოლო მეორე წლის გარანტია შეადგენდა 1.861.500 ლარს.


ხელშეკრულების შეწყვეტა და კომპენსაცია


არანაკლებ საინტერესოა ის პირობები, რაც წაყენებული ქონდა თბილისის მერიას ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით. კერძოდ, საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი იყო თავდაპირველი ხელშეკრულების მე-12.2 მუხლით განსაზღვრული კომპენსაციის რაოდენობა, რასაც, ხელშეკრულების მე-9 მუხლის თანახმად „სი-ტი პარკი“ მიიღებდა იმ შემთხვევაში თუ თბილისის მერია მესამე მხარეს ან სხვა სამთავრობო ორგანოს გადასცემდა ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებების მსგავს ან კონკრეტულ უფლებას. მე-12.2 მუხლით დღეს ვიგებთ არა მხოლოდ კომპენსაციის რაოდენობას, არამედ დამატებით პირობებს, როდესაც ქ. თბილისის მერია ვალდებული იქნებოდა შპს „სი-ტი პარკისთვის“ აენაზღაურებინა თანხა. კერძოდ, კომპენსაცია გადასახდელი იქნებოდა არა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თბილისის მერია შეწყვეტდა ხელშეკრულებას საკუთარი მიზეზით, სი-ტი პარკის მხრიდან აღებული ხელშეკრულებების დარღვევის გარეშე, არამედ მაშინაც კი თუ შპს „სი-ტი პარკი“ თავად შეწყვეტდა ხელშეკურლებას ქ. თბილისის მერიის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. თუ შეწყვეტა მოხდებოდა ხელშეკრულების დაწყებიდან 4 წლის განმავლობაში, შპს „სი-ტი პარკისთვის“ გადასახდელი კომპენსაცია დაიანგარიშდებოდა შემდეგი ფორმულით - 500,000 ლარი გამრავლებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან ვადის დასრულებამდე დარჩენილი თვეების რაოდენობაზე. ხოლო თუ შეწყვეტა მოხდებოდა ხელშეკრულების დაწყებიდან 4 წლის შემდეგ, ქ. თბილისის მერია ვალდებული იყო შპს „სი-ტი“ პარკისთვის აენაზღაურებინა შეწყვეტის ხარჯები, რომლებიც შემდეგი ფორმულით დაანგარიშდებოდა: გასული 12 თვის განმავლობაში შპს „სი-ტი პარკის“ მომსახურებიდან მიღებული საშუალო თვიური შემოსავალი გაყოფილი ორზე და გამრავლებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან მისი ვადის ბოლომდე დარჩენილი თვეების რაოდენობაზე.


კომპენსაციაზეა საუბარი ხელშეკრულების აქამდე საიდუმლო მე-5 მუხლშიც, რომელიც ეხება შესაბამისი კანონმდებლობის ცვლილების შედეგებს. აღნიშნული მუხლის მიხედვით, თუ საქართველოს კანონმდებლობა ისე შეიცვლება, რომ შპს „სი-ტი პარკის“ შეეზღუდება შესაძლებლობა, განახორციელოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, დაეკისრება დამატებითი პასუხისმგებლობას, ან რაიმე სახით შეუმცირდება შემოსავალი, მაშინ შპს „სი-ტი პარკი“ უფლებამოსილია მიიღოს კომპენსაცია მოთხოვნიდან 60 დღეში, შემდეგი ოდენობით: საკანონმდებლო ცვლილებებამდე არსებული უშუალო ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში მიღებული შემოსავლის საშუალო თვიური მაჩვენებელი გამრავლებული იმ თვეების რაოდენობაზე, რაც დარჩენილი იყო ცვლილების ძალაში შესვლიდან ხელშეკრულების ვადის გასვლამდე. ამას გარდა, შპს „სი-ტი პარკი“ უფლებამოსილი იყო მიეღო კომპენსაცია იმ დამატებითი ხარჯების გაწევის გამო, რომელიც უკავშირდება საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე ვალდებულებებსა და ხელშეკრულების საგანს. საიდუმლოდ იყო მიჩნეული ერთ-ერთი დანართის მუხლიც, რომლითაც იცვლებოდა ინფლაციის შემთხვევაში შპს „სი-ტი პარკისთვის“ კომპენსირების პირობები.


საინტერესოა, რომ "სი-ტი პარკის" მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მას ანალოგიური რაოდენობის კომპენსაციის გადახდა არ ეკისრებოდა. ასეთ შემთხვევაში მერია უფლებამოსილი იქნებოდა მიეღო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო, სი-ტი პარკს არ დაუბრუნდებოდა გადახდილი ხარჯები და არ აუნაზღაურდებოდა გაწეული ხარჯები. ასევე ნათქვამია, რომ თუ სი-ტი პარკი არ შეასრულებდა მასზე აღებულ ვალდებულებებს, ან არაჯეროვნად შეასრულებდა მათ, მერიას შეეძლო მოეთხოვა კომპენსაცია. თუმცა, მერიისთვის გადასახდელი კომპენსაციის დაანგარიშების წესი, სი-ტი პარკისთვის გადასახდელი კომპენსაციისგან განსხვავებით, ხელშეკრულებაში დეტალურად გაწერილი არ ყოფილა.


"სი-ტი პარკის" საქმიანობა


გარდა ფინანსური საკითხებისა, ფართო საზოგადოებას დღემდე ხელი არ მიუწვდებოდა მრავალ დეტალზე სი-ტი პარკის საქმიანობის შესახებ. მაგ. თავდაპირველი ხელშეკრულების დანართში 4.1, რომელიც არეგულირებს მომსახურებების საკითხს, მთლიანად იყო ამოღებული მე-3 მუხლის დიდი ნაწილი (3.1, 3.1.1, 3.1.2, 3.1.3, 3.1.4) რომლითაც ზუსტდება მომსახურებების სახეობები. კერძოდ, ამ ნაწილის მიხედვით მომსახურებები მოიცავდა ინფრასტრუქტურის მომზადებას, საგზაო ნიშნების მონტაჟს, საზოგადოების ინფორმირებას, ავტომატური საზომი მოწყობილობების, პარკირების ფიჭური სისტემის გავრცელებასა და ოპერირებას ა.შ.


საიდუმლო იყო კომპანიის საქმიანობის ისეთი პრაქტიკული დეტალები, როგორიცაა მუხლი მე-12, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების ხელმოწერიდან 3 თვეში შპს „სი-ტი პარკი“ დაამონტაჟებდა მომსახურებების განსახორციელებლად საჭირო ტექნოლოგიურ სისტემებს. მე-16 მუხლის თანახმად, სავალდებულო თანხმობის მიღებიდან 3 თვეში შპს „სი-ტი პარკი“ ვალდებული იყო ქ. თბილისის ტერიტორიაზე განეთავსებინა პარკირების საფასურის გადახდის 30 სპეციალური მოწყობილობა. მე-17 მუხლით შპს „სი-ტი პარკი“ აიღო ვალდებულება რომ მის მიერ დანერგილი ტექნოლოგიური სისტემები მაქსიმალურად აკმაყოფილებდეს ქ. თბილისის მერიის მოთხოვნებს, შეესაბამებოდეს კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს. და ბოლოს, მე-18 მუხლის მიხედვით განსაზღვრულია შპს „სი-ტი პარკის“ მიერ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია რომ კომპანია განაახლებს საგზაო ნიშნებს, აღადგენს პარკირების საფასურის გადახდის დაზიანებული ან მოპარული მოწყობილობებს, ქოლ-ცენტრები იმუშავებს კვირაში 5 სამუშაო დღე, ოპერირებას გაუწევს გადახდის ცენტრებს ა. შ. საინტერესოა, რომ 2011 წლის ცვლილებით სი-ტი პარკმა მოიხსნა ვალდებულება განეხორციელებინა საფასურის აკრეფის სხვადასხვა აპარატურის მონტაჟი, როგორც ეს თავდაპირველ ხელშეკრულებაში იყო მითითებული.


მთლიანად ამოღებული იყო თითქმის მთლიანი 11.1.1 დანართი, (პუნქტები 2-დან 6-ის ჩათვლით). გასაიდუმლოებული ნაწილები შეეხებოდა პარკირების საფასურს, ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლების ბლოკირების საფასურს, სპეციალურ დაცულ სადგომზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაყვანის საფასურს, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელების ან მძღოლებისთვის პარკირებისას შეღავათებით, ან განსაკუთრებული პირობებით სარგებლობის, ან ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებასთან დაკავშირებული საბუთის/აღჭურვილობის საფასურსა და საფასურის შეცვლის საკითხს.

 

კომერციულ საიდუმლოდ იყო მიჩნეული დანართი 10.2.5, სადაც განსაზღვრულია ქ. თბილისის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ფასიანი პარკირების ადგილები, ამ ადგილებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაყენების ხერხები, ფასიანი პარკირების საათები და დღეები.


სხვა საკითხები


გარდა ზემოთაღნიშნულისა, დღემდე კომერციულ საიდუმლოდ იყო მიჩნეული ისეთი საკითხები როგორიცაა ფორს-მაჟორი (მუხლი 13.5), კონფიდენციალურობა (მუხლი 15), ასევე ინფორმაცია მრჩეველთა კომიტეტის შექმნისა და წევრობის დეტალების შესახებ (4.1 დანართის მე-4 მუხლი). მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი სი-ტი პარკის მიერ თბილისის მერიისთვის წარდგენილ ანგარიშებში დაფარული არ ყოფილა. ასევე, მიუხედავად იმისა რომ „სი-ტი პარკის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებული იყო, რომ მას ქ.თბილისში პარკირების სფეროს მართვის უფლება 15 წლის ვადით მიენიჭა, ქ.თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების (2007 წლის 7 დეკემბრის) მე-3 მუხლი, რომლითაც ეს ვადები განისაზღვრა, საიდუმლოდ იყო მიჩნეული. ასევე უცნობი იყო, რომ ვადა სამჯერ შეიცვალა: პირველი ცვლილებით (2008 წელს) კომპანიის საქმიანობის პირველ წლად განისაზღვრა 2009 და არა 2008 წელი. მეორე ცვლილებით (2009 წელს) კომპანიამ საქმიანობა დაიწყო 2009 წლის აგვისტოში. მესამე ცვლილებით (2011 წელს) ხელშეკრულების დასრულების ვადამ გადაიწია 2024 წლის 31 დეკემბრამდე.


დასკვნა


რომ შევაჯამოთ, ცხადი ხდება, რომ საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი რჩეცბოდა ქ. თბილისის მერიასა და შპს „სი-ტი პარკს“ შორის 2007 წელს დადებული ხელშეკრულების ისეთი მნიშვნელოვანი დეტალები, როგორიცაა მხარეების მიერ აღებული ვალდებულებები, შემოსავლების განაწილება, კომპენსაციის პირობები.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად (272 მუხლის 1–ლი პუნქტი) კომერციულ საიდუმლოებად შესაძლებელი ცნობილ იქნას ტექნოლოგიური შემოქმედების მნიშვნელოვანი სიახლე, ცნობა კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე, ინფორმაცია რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ასევე ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. აღსანიშნავია რომ ხელშეკრულების ის ნაწილი რომელის მოწოდებაზეც თბილისის მერიამ 2013 წლის 16 დეკემბრის წერილით უარი განუცხადა ინსტიტუტს, ძნელია მოხვდეს კომერციული საიდუმლოების განმარტების ქვეშ, რადგან ის არ მოიცავდა ისეთი სახის ინფორმაციას რომელიც შეიძლებოდა მიჩნეულიყო ტექნოლოგიურ გამოგონებად, მნიშნველოვან სიახლედ ან რაიმე ინოვაციური ფორმულის შემცველად. ასევე შეუძლებელია მოცემული ინფორმაციის გამჟღავნებას ზიანი მიეყენებინა სითი პარკის კონკურენტუნარიანობისთვის, რადგან თავად ხელშეკრულების თანახმად ამ უკანასკნელს მინიჭებული ქონდა თბილისის გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების სფეროს ექსკლუზიური მართვის უფლება.


აღნიშნულის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მიზანშეწონილობა. შესაბამისად, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მომავალში მეტად იქნას უზრუნველყოფილი ხელისუფლებასა და კერძო კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების გამჭვირვალობა.

 

*ქ.თბილისის მერიის ყოველწლიური მინიმალური შემოსავლები შპს „სი-ტი პარკის“ ოპერირების მეორე წლიდან გამოითვლებოდა ფორმულით: 1,000,000 * 1.1n-1 სადაც n არის წლების რაოდენობა გასული ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღიდან.

 

დოკუმენტები:

ხელშეკრულება თბილისის მერიასა და შპს "სი-ტი პარკს" შორის

ხელშეკრულება თბილისის მერიასა და შპს "სი-ტი პარკს" შორის - პირველი შესწორება

ხელშეკრულება თბილისის მერიასა და შპს "სი-ტი პარკს" შორის - მეორე შესწორება

ხელშეკრულება თბილისის მერიასა და შპს "სი-ტი პარკს" შორის - მესამე შესწორება

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024