2015 წლის 12 სექტემბრიდან უკრაინაში ძალაში შევა კანონი „საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“. აღნიშნული კანონის თანახმად სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღებ პირებს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და სავალდებულო დაზღვევის ფონდებს დაეკისრებათ ვალდებულება კვარტალში ერთხელ გამოაქვეყნონ დეტალური ინფორმაცია საჯარო ფინანსების განკარგვის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია განთავსდება ერთიან ვერ-პორტალზე. გამოქვეყნებული მონაცემები უნდა იყოს სრულყოფილი და ზუსტი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ სუბიექტების მიერ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არ იქნება შესაბამისობაში რეალობასთან პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ შესაბამისი სანქციები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ღია მონაცემების ვებ-პორტალი ხელმისაწვდომი იქნება გამოსაყენებლად ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ხოლო მის მომხმარებლებს არ დაეკისრებათ რაიმე სახის გადასახადის გადახდის ვალდებულება.
ერთიან პორტალზე გამოქვეყნდება სხვადასხვა სახის ინფორმაცია, მათ შორის მონაცემები ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების ოდენობის, დადებული ხელშეკრულებებისა და გარიგებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების, სამივლინებო ხარჯებისა და სხვათა შესახებ.
„საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ უკრაინის კანონის მიღებამ დააყენა მთელ რიგ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანის საჭიროებაც. შესაბამისად, 2015 წლის 9 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ ცვლილებები შეიტანა „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ“ კანონში. აღნიშნული ცვლილებებით უკრაინის კანონმდებლობაში გაჩნდა ტერმინი ღია მონაცემები. კერძოდ, ღია მონაცემები განმარტებულია, როგორც უკრაინის ელ-მმართველობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ შექმნილ და ადმინისტრირებულ ღია მონაცემთა ერთიან ვებ-პორტალზე იმგვარი ფორმატით გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია, რომელიც იძლევა მისი თავისუფლად დამუშავებისა და კონკრეტული ინფორმაციის გამოცალკევების საშუალებას. ცვლილებების თანახმად ღია მონაცემების კატეგორიას დაექვემდებარება შემდეგნი ინფორმაცია:
- მეწარმეთა და არასამეწარამეო იურიდიულ პირთა რეესტრი;
- ტელე-რადიო მაუწყებელთა რეესტრი;
- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების რეესტრი;
- ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ;
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრი;
- ინფორმაცია ადგილობრივ თვითმმართველობათა ბიუჯეტის შესახებ;
- სახელმწიფო და ადგილობრივ თვითმმართველობათა ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ჯერ კიდევ 2012 წელს შესული ცვლილებებით ყველა საჯარო დაწესებულებას საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტები სავალდებულოდ უნდა განესაზღვრათ შესაბამისი სამართლებრივი აქტებით 2013 წლის 1 სექტემბრამდე. განსხვავებით უკრაინისგან, აღნიშნული ცვლილებები არ შეეხო სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს. საქართველოში განსხვავებით უკრაინისა, ასევე არ არის განსაზღვრული არანაირი პასუხისმგებლობა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულების არ შესრულებისთვის, რაც ხშირად განსაზღვრავს იმას, რომ რიგი საჯარო დაწესებულებებისა საერთოდ არ ასრულებენ და მხოლოდ მოჩვენებითად ასრულებენ საკუთარ უფლება-მოვალეობებს. მნიშვნელოვანია აგრეთვე აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ შეიცავს, აგრეთვე ვალდებულებას ინფორმაციის ღია მონაცემების ე.ი. შესაბამის დამუშავებად ფორმატში (მაგ. Excel-ის დოკუმენტის სახით) გამოქვეყნებისა. რაც უკვე ნიშნავს, იმას, რომ უკრაინაში მიღებული ცვლილებები გამჭვირვალობის გაცილებით უფრო მაღალ სტანდარტებს ამკვიდრებს, ვიდრე ეს საქართველოში განხორციელდა.
მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობამ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ საქართველოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში აიღო ვალდებულება შეექმნა ღია მონაცემთა ერთიანი პორტალი (www.data.gov.ge), თუმცა სამწუხაროდ უნდა ითქვას რომ ვებ-პორტალი დღემდე არ არის სრულად შევსებული საჯარო მონაცემებით. აღნიშნული ნაწილობრივ სწორედ იმით არის განპირობებული, რომ არსებული კანონმდებლობა არ შეიცავს ინფორმაციის ღია მონაცემების ფორმატში გამოქვეყნების ვალდებულებას. როგორც ამას უკრაინის მაგალითი ცხადყოფს, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე მიღებულ იქნეს შესაბამისი ნორმატიული აქტი, რომელიც დეტალურად დაარეგულირებს ღია მონაცემებთან დაკავშირებულ საკითხებს, ხოლო კანონით დადგენილი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში დააწესებს შესაბამის სანქციებს. ამასთან აუცილებელია განისაზღვროს სახელმწიფო ორგანო, რომელსაც დაეკისრება ღია მონაცემთა გამოქვეყნების ვალდებულების შესრულებისა და ინფორმაციის სიზუსტის მონიტორინგის ვალდებულება. დარღევათა აღმოჩენის შემთხვევაში აღნიშნულ ორგანოს უფლება უნდა ქონდეს სანქციები დააკისროს კონკრეტულ პირებს.
აღსანიშნავია, რომ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ საქართველოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მთავრობას აღებული აქვს აგრეთვე ვალდებულება მიიღოს „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი. აღნიშნული კანონის პირველი პროექტი, სპეციალური სამუშაო ჯგუფის მიერ (იუსტიციის სამინისტრო, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, ექსპერტები და IDFI-ი) მომზადდა 2014 წელს. კანონპროექტი მათ შორის ითვალისწინებს ღია მონაცემთა ტერმინის განსაზღვრას, ღია მონაცემთა ერთიანი პორტალის შექმნას, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულების კანონში გაწერას, აგრეთვე ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერის სახით, შესაბამისი ზედამხედველი ორგანოს შექმნას. მიუხედავად იმისა, რომ „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ტექსტი ჯერ კიდევ წინა წელს იქნა გაგზავნილი შესაბამის სახელმწიფო უწყებაში, საწუხაროდ კანონპროექტი ამ ეტაპზეც არ არის ინიცირებული პარლამენტში განსახილველად. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ახლო მომავალში უზრუნველყოფს აღნიშნული კანონპროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენას და მისი მიღების შემთხვევაში საქართველოშიც იქნება განსაზღვრული ის დადებითი ცვლილებები რაც გამჭვირვალობის რეფორმის ფარგლებში აისახა უკრაინის კანონმდებლობაში.