უეფას სუპერთასის ბილეთები საჯარო დაწესებულებებისათვის

სიახლეები | კვლევები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 2 სექტემბერი 2015

2015 წლის 11 აგვისტოს თბილისში გამართული უეფას სუპერთასის ფინალურ მატჩზე დასწრების რეკორდული მაჩვენებელი 51 490 მაყურებელი დაფიქსირდა. საქართველოში აღნიშნულ მატჩზე დამსწრეთა მსურველი გაცილებით მეტი იყო, თუმცა ბილეთების შეზღუდულმა რაოდენობამ ყველა გულშემატკივარს ამის საშუალება არ მისცა. გულშემატკივრების ყველაზე დიდი უკმაყოფილება ბილეთების გაყიდვის ხარვეზებით წარმართულმა პროცესმა გამოიწვია. აღნიშნულ მატჩზე დასწრებაზე არსებული მაღალი მოთხოვნის და ინტერესის ფონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის მნიშნელოვან გამოწვევად იქცა სამართლიანობის პრინციპის დაცვით ქართველ გულშემატკივრებზე ბილეთების გაყიდვის საკითხი.



წინამდებარე კვლევაში IDFI შეეცადა გამოერკვია რამდენად თანაბრად ხელმისაწვდომი იყო უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთები საჯარო სექტორში დასაქმებული და სხვა მოქალაქეებისათვის.

 

კვლევის ფარგლებში IDFI-იმ 20 ცენტრალურ საჯარო დაწესებულებას (საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მთავრობის ადმინისტრაცია, 16 სამინისტრო, თბილისის მერია) მიმართა შემდეგი მოთხოვნებით:

 

  • 2015 წლის 11 აგვისტოს თბილისში გასამართი უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების და მოსაწვევების გამოყოფასთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან არსებული მიმოწერის ასლები.

  • უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრებად გადმოცემული ბილეთების და მოსაწვევების (ცალ-ცალკე) რაოდენობა კატეგორიების მიხედვით.


ზემოთ ხსენებული 20 უწყებიდან ინსტიტუტმა პასუხი მიიღო 17 უწყების შემთხვევაში. სამწუხაროდ ფინანსთა, შინაგან საქმეთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს პასუხი ჩვენს მოთხოვნებზე დღემდე არ მოუწოდებია.


როგორც დანარჩენი უწყებებიდან მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა 8 საჯარო დაწესებულების შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მიმოწერას, რომლის მიხედვით დაწესებულებები ითხოვდნენ დახმარების გაწევას მათი თანამშრომლებისათვის (თანამშრომლების საკუთარი სახსრებით) უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენაში. აღნიშნულ 8 უწყებას ფეხბურთის ფედერაციის მიერ შესასყიდად სულ გადაეცათ 710 ბილეთი, საიდანაც ყველაზე მეტი გამოეყოთ ქალაქ თბილისის მერიას და საქართველოს პარლამენტს.

 

  • თბილისის მერია - 240 ბილეთი
  • საქართველოს პარლამენტი - 200 ბილეთი
  • პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 50 ბილეთი
  • იუსტიციის სამინისტრო - 50 ბილეთი
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 50 ბილეთი
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 50 ბილეთი
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 50 ბილეთი
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო - 20 ბილეთი

კვლევაში წარმოდგენილი 17 საჯარო დაწესებულებიდან მიღებული მონაცემები ბადებს კითხვებს 2015 წლის 11 აგვისტოს ქალაქ თბილისში ჩატარებული უეფას სუპერთასის მატჩზე მოქალაქეებისთვის ბილეთების შეძენის თანაბარი და სამართლიანი პირობების შექმნასთან დაკავშირებით. როგორც კვლევაში გამოჩნდა საჯარო დაწესებულებში დასაქმებულ 710 თანამშრომელს მიეცა საშუალება ბილეთების შესყიდვა განეხორციელებინათ არსებული დაბრკოლებების გვერდის ავლით, კერძოდ მათ აღარ მოუწიათ ვაკის პარკში ბილეთების გაყიდვის რთულ პროცესში მონაწილეობის მიღება.

 

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კვლევა წარმოდგენილია მხოლოდ 17 საჯარო დაწესებულების მაგალითზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბილეთების შეძენის გამოცხადებული წესების გვერდის ავლით გაცილებით დიდი რაოდენობით ბილეთი გაიყიდა საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომლებზე, ვიდრე ეს წინამდებარე კვლევაში იქნა ჩვენს მიერ წარმოდგენილი.



კვლევის სამიზნე მთელი რიგი დაწესებულებების მაგალითზე უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრებ ბილეთებთან დაკავშირებით სახეზე გვაქვს შემდეგი პრაქტიკა:

  • მაღალი თანამდებობის პირები შუამდგომლობდნენ ფეხბურთის ფედერაციასთან მათ უწყებაში დასაქმებული თანამშრომლებისათვის ბილეთების გამოყოფასთან დაკავშირებით;
  • საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული თანამშრომლებისათვის გამოყოფილი ბილეთების შესყიდვა ხორციელდებოდა ამ თანამშრომლების სახსრებით;

  • ოფიციალური წერილებიდან ჩანს, რომ ბილეთების გაყიდვის პროცესთან დაკავშირებული საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე, თანამდებობის პირები მაინც ცდილობდნენ მაქსიმალურად გაეზარდათ უწყებებისთვის გამოყოფილი ბილეთების რაოდენობა.

  • როგორც ოფიციალური დოკუმენტაციიდან ჩანს, თანამდებობის პირების მიერ ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით ბილეთების მიღების მთავარ ფაქტორად, აღნიშნულ მატჩზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და ბილეთების გაყიდვასთან წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემები სახელდება. ენერგეტიკის მინისტრი, კახი კალაძე, წარმოადგენს გამონაკლისს, ვინც სწორედ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით უარი თქვა მის უწყებაში დასაქმებულ თანამშრომლებზე უკვე გამოყოფილი ბილეთების შესყიდვაზე.

  • ფეხბურთის ფედერაციის მიერ საჯარო დაწესებულებებში VIP მოსაწვევების გამოყოფა განხორციელდა გაურკვეველი პრინციპით. მაგალითად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცა 4 VIP მოსაწვევი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 7 VIP მოსაწვევი, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საგარეო საქმეთა სამინისტროს უარი ეთქვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებზე აღნიშნული მოსაწვევების გადაცემაზე.

დასკვნის სახით გვსურს აღვნიშნოთ, რომ ბილეთების შეძენის მსგავსი პრაქტიკა ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის კეთილსინდისიერების პრინციპს, რადგან არავის აქვს უფლება გამოიყენოს საკუთარი სამსახურეობრივი მდგომარეობა რაიმე სახის პირადი სარგებლის თუ უპირატესი მდგომარეობის მოპოვების მიზნით.

 

 იხილეთ კვლევა

/public/upload/IDFI/supercup.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024