სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | სტატია 28 მარტი 2023

2023 წლის 20 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ. ანგარიშში ასახულია 2022 წლის განმავლობაში საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული მდგომარეობა. გამოკვეთილია მრავალი პრობლემური საკითხი, მათ შორის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად მიჩნეულია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და არაფორმალური გავლენები. ნათქვამია, რომ მართლმსაჯულების მიმართულებით 2022 წელს დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ვერ უწყობს ხელს სასამართლო სისტემის გაძლიერებას. პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები კი კვლავ ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად რჩება.

 

ნეგატიურად არის შეფასებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მისი თანმდევი მოვლენები. სერიოზულ პრობლემებად დასახელდა პოლიტიკური პოლარიზაცია, მმართველი პარტიის მიერ არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის დისკრედიტიის მცდელობები, ასევე, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით არსებული გამოწვევები.

 

წინამდებარე ანალიზში მიმოხილულია სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებები რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით.

 

1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება

 

სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმიანება 2021 წლის ბოლოს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა შესაბამისადაც გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მის ნაცვლად შეიქმნა ორი დამოუკიდებელი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ პარლამენტმა ცვლილებები მიიღო სათანადო კონსულტაციების გარეშე, დაჩქარებული წესით და ერთი კვირის ვადაში უყარა კენჭი სამი მოსმენით, რასაც მოჰყვა კრიტიკა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ანგარიში მითითებას აკეთებს OSCE/ODIHR-ის 2022 წლის 18 თებერვლის დასკვნაზე, სადაც გაკრიტიკებულია პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ცვლილებების მიღების პროცესი და აღნიშნულია, რომ სამსახურის დამოუკიდებლობის დაზიანება და მისი მანდატის გავრცელება იმ დანაშაულებზე, რომლებიც არ მოდის შესაბამისობაში ინსტიტუტის თავდაპირველ არსთან, მნიშვნელოვნად დააზიანებს სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტურ გამოძიებას.

 

სახელმიწფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ სამსახურის გაუქმებას წინ უძღოდა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ 2021 წლის ნოემბერში, რუსთავის ციხიდან გლდანის პენიტენციურ კლინიკაში გადაყვანისას სავარაუდო არაადამიანური მოპყრობის საქმეზე გამოძიების დაწყება, აგრეთვე სამსახურის მიერ იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაჯარიმება სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი კადრების გავრცელების გამო.

 

2022 წლის 17 ნოემბერის გადაწყვეტილებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის სარჩელი. სასამართლომ დაადგინა, რომ ადეკვატური ეკვივალენტური პოზიციის ან სამართლიანი კომპენსაციის გარეშე ინსპექტორისა და მისი მოადგილეების გათავისუფლება ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის შეუფერხებლად განხორციელების უფლებას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ ექსპერტთა კრიტიკა დაიმსახურა, რადგანაც მან დასაშვებად მიიჩნია ინსპექტორისა და მისი მოადგილეების გათავისუფლება სამართლიანი კომპენსაციის პირობებში და შექმნა სახიფათო პრეცედენტი იმ თანამდებობის პირების გასათავისუფლებლად, რომლებიც დამოუკიდებლად ახორციელებენ უფლებამოსილებას.

 

2. პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები

 

ანგარიში ნახსენებია ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი. საქართველოს სახალხო დამცველმა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებმა მკაცრად გააკრიტიკეს 2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლითაც ოპოზიციური არხის დირექტორს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით. ანგარიში ციტირებს Amnesty International-ს, რომლის მიხედვითაც ამ განაჩენმა „ნათელი გახადა ხელისუფლების მზარდი გავლენა სასამართლოზე იმგვარ საქმეებში, რომლებიც მიმართულია ოპონენტების გაჩუმებისკენ“. 2022 წლის 2 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი. ანგარიში ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებას, რომლის მიხედვითაც ნიკა გვარამიას საქმეზე არაერთხელ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. 7 დეკემბერს, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ამ საქმეში „პოლიტიკური მოტივაცია არის ცხადი“.

 

ანგარიში აგრეთვე ეხება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეს. „ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილს მიიჩნევენ პოლიტიკურ პატიმრად“ - ნახსენებია ანგარიშში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. 2022 წლის განმავლობაში სახალხო დამცველი არაერთგზის მოუწოდებდა ხელისუფლებას, სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწია სააკაშვილისთვის. 11 მარტს, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, სრული და ადეკვატური მკურნალობის, ასევე ზუსტი დიაგნოზისა და სათანადო სამედიცინო დახმარების ნაკლებობა, შეიძლება გაუტოლდეს ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, რომელიც ეხება წამებას, არაადამიანურ და/ან ღირსების შემლახველ მოპყრობას“.

 

ანგარიშში აგრეთვე ნახსენებია დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ორი თანამშრომლის, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეები და მათ მიმართ გამოყენებულია „თვითნებური დაპატიმრების“ ტერმინი. ანგარიშის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ე.წ „კარტოგრაფების საქმე“ დაახასიათეს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული. მმართველი პარტიის განცხადებებმა, რომლებმაც საქმე დაუკავშირეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ეს ეჭვები კიდევ უფრო გააღრმავა. სახალხო დამცველმა აპრილის თვეში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნა, რომ აღნიშნულ საქმეში იყო პოლიტიკური ან/და სხვა არაკანონიერი მოტივები.

 

3. მართლმსაჯულება

 

სახელმწიფო დეპარტამენტი მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას. ანგარიშის მიხედვით, მოსამართლეები მოწყვლადი არიან პოლიტიკური წნეხის მიმართ, როგორც სასამართლო სისტემის შიგნიდან, აგრეთვე გარედან, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკურად მოტივირებულ საკითხებსა და სუბიექტებს. 2022 წლის განმავლობაში გრძელდებოდა კოალიციის “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის”, აგრეთვე საერთაშორისო საზოგადოების მიერ შეშფოთების გამოხატვა სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობის მიმართ. განსაკუთრებით ხაზგასმული იყო პრობლემა, რომელიც უკავშირდება, ძირითადად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და სასამართლოების თავმჯდომარეებისგან შემდგარი მოსამართლეების ჯგუფის გავლენას, რომლებიც ახშობენ კრიტიკულ აზრს სასამართლოში და აბრკოლებენ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისკენ მიმართულ შეთავაზებებს. ნათქვამია, რომ არასამთავრობო სექტორი ამ გავლენიან ჯგუფს მოიხსენიებს როგორც „კლანი“.

 

აქტუალურია ისეთი პრობლემები, როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გავლენა ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე, საქმეების განაწილების სისტემის მანიპულირება, საბჭოს საქმიანობის გაუმჭვირვალობა და მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნულია, რომ სამოქალაქო საზოგადოების შეხედულებით, სასამართლო სისტემის რეფორმირების ოთხი ტალღა უშედეგო გამოდგა, რადგანაც არ არსებობდა სათანადო პოლიტიკური ნება, რომ მართლმსაჯულება იყოს დამოუკიდებელი.

 

ანგარიში ასევე ეხმიანება ევროკომისიის მიერ ევროკავშირის კანდიდატობისთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტული ამოცანიდან ერთ-ერთს - მართლმსაჯულების რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღებას. ამ პრიორიტეტის აღსრულების ფარგლებში საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის 3 ოქტომბერს მიიღო სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ხოლო 14 ნოემბერს დააინიცირა საკანონმდებლო ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში. როგორც სტრატეგია, აგრეთვე საკანონმდებლო ცვლილებები მკაცრად იქნა გაკრიტიკებული არასამთავრობო სექტორის მხრიდან. კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც შემოთავაზებული სტრატეგია და კანონპროექტი ვერ მოაგვარებს მართლმსაჯულებაში არსებულ ძირითად პრობლემებს, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანს - მართლმსაჯულების სისტემაში არსებული არაფორმალური გავლენების შემცირებას.

 

ანგარიშში აგრეთვე ნახსენებია ვენეციის კომისიის 2022 წლის 20 ივნისის დასკვნა, რომელიც მიემართებოდა  „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში 2021 წლის საკანონმდებლო ცვლილებებს. ვენეციის კომისია კრიტიკას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ცვლილებები პარლამენტმა, რიგგარეშე სესიაზე, საზოგადოებრივი ჩართულობისა და კონსულტაციების გამართვის გარეშე, დაჩქარებული წესით განახორციელა. მიღებული ცვლილებები ინიცირების ეტაპზევე კრიტიკული შეფასების საგანი გახდა სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო აქტორებისა და თავად მოსამართლეთა ნაწილის მხრიდან, როგორც პროცედურული, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით. ვენეციის კომისიის შეფასებით, ცვლილებებს ექნება მსუსხავი ეფექტი მოსამართლეების გამოხატვის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე.

 

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობა კვლავ გამოწვევად რჩება იმის გამო, რომ მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს გააჩნია ეფექტური ბერკეტები, რომლებიც, მათ შორის მოიცავს, დანიშვნის პრობლემურ პროცედურას, დისციპლინურ საქმისწარმოებას, დაწინაურების პროცესს, საქმეების შემთხვევითი განაწილების სისტემით მანიპულირებას, მოსამართლეთა როტაციას. გამოწვევად რჩება აგრეთვე სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა - ანგარიშში აღნიშნულია, რომ გამჭვირვალობის ნაკლებობამ სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობას ძირი გამოუთხარა. 2020 წლიდან, შეწყდა სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნება. საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის  გადაწყვეტილება ავალდებულებდა პარლამენტს, უზრუნველეყო სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტებით.

 

გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ეხმიანება სასამართლოს გავლენიანი ჯგუფის, ე.წ “კლანის” წევრების მიმართ კორუფციის შესახებ ბრალდებებს და საუბრობს 2022 წლის 7 აგვისტოს “სტუდია მონიტორის” რეპორტაჟზე, რომლის თანახმადაც, ქვეყნის ზოგიერთმა ყველაზე გავლენიანმა მოსამართლემ ვერ შეძლო ქონების სრულად დეკლარირება ან დაადეკლარირა ისეთი აქტივები, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატებოდა მათ გაცხადებულ შემოსავალს.

 

4. პირადი ცხოვრება და ფარული საგამოძიებო მოქმედებები

 

2022 წლის 6 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა, მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტის ვეტოსა და ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმული კრიტიკისა, მიიღო ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომელმაც გაახანგრძლივა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადა ექვსი თვიდან ცხრა თვემდე და განუსაზღვრელი ვადით 70-ზე მეტი დანაშაულისთვის, გააფართოვა დანაშულთა წრე, რომელზეც ნებადართულია ამ ღონისძიებების გამოყენება და წლობით გაახანგრძლივა ფარული თვალთვალის ობიექტი პირისთვის შეტყობინების ვადა.

გარდა ამისა, 2022 წლის განმავლობაში დაფიქსირდა სავარაუდო უკანონო ფარული თვალთვალის შემთხვევები. 13 ივლისს, „ტვ მაესტრომ“ გამოაქვეყნა ოპოზიციურ ტელევიზიაში, „მთავარ არხში“ გამართული საუბრების ჩანაწერები, რომელთა ავთენტურობაც ტელევიზიის დირექტორმა დაადასტურა. „ტვ პირველმა“ 2022 წლის 17 სექტემბერს გამოაქვეყნა მასალა, რომელიც ეხებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოპოზიციური პარტიების სავარაუდოდ უკანონო მიყურადებას. ანგარიში ეხმიანება აგრეთვე გამოძიების არაეფექტურობას 2021 წლის აგვისტოსა და სექტემბერში სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი მასალების, ე.წ „კრებსების“ საქმეზე. 18 მაისს, 5-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც გაკრიტიკებულია პროკურატურა და აღნიშნულია, რომ მას დამნაშავეთა გამოვლენისა და მათი დასჯის ინტერესი არ ამოძრავებს.

 

5. მედიის თავისუფლება

 

5.1. სასამართლო საქმეები მედიის წინააღმდეგ

 

2022 წლის განმავლობაში ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არაერთგზის გამოითქვა მწვავე კრიტიკა ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოსთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე. ამ კონტექსტში ნახსენებია ნიკა გვარამიას, როგორც მთავარი ოპოზიციური არხის დირექტორის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი. 18 მაისს, 42-მა ორგანიზაციამ ერთობლივად განაცხადა, რომ „გვარამიას პატიმრობა აღიქმება, როგორც საფრთხე სხვა დამოუკიდებელი მედიისთვის და გაფრთხილება, რომ შეწყვიტონ ხელისუფლების კრიტიკა და იმ ფაქტების გაშუქება, რაც მიუღებელია მთავრობისთვის“.

 

სახალხო დამცველმა, მედიის წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა გამოთქვეს თავიანთი ეჭვები, რომ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ აღძრული სხვა საქმეებიც პოლიტიკურად მოტივირებულია. ამგვარ საქმეებს მიეკუთვნება ავთანდილ წერეთლის, „ტვ პირველის“ დამფუძნებლის მამის წინააღმდეგ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა. 2022 წლის იანვარში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ავთანდილ წერეთელი, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე დამნაშავედ ცნო ჯგუფურ თაღლითობაში და სასჯელის სახით განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7-7 წლით, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისინი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო. 15 თებერვალს კი, საქართველოს პარლამენტმა საპარლამენტო მანდატი მოუხსნა ჯაფარიძეს.

 

ანგარიშში აგრეთვე ნახსენებია თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და „ტვ ფორმულას“ მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე. 2022 წლის 29 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 5.8 მილიონი აშშ დოლარი დააკისრა კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ. ანგარიშში ციტირებულია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის დირექტორის განცხადება, რომლის მიხედვითაც, კეზერაშვილს საქართველოში ტელეკომპანიის გარდა სხვა ქონება არ გააჩნია, რის გამოც გადაწყვეტილების აღსრულება გამოიწვევს კომპანიის წილების გასხვისებას.

 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2022 წლის განმავლობაში შეინიშნებოდა ხელისუფლების წარმომადგენლების და მათთან დაკავშირებული პირების მიერ ჟურნალისტების წინააღმდეგ დეფამაციური სარჩელების აღძვრის მზარდი ტენდენცია (ე.წ „SLAPP“ საქმეები). 

 

5.2. საჯარო ინფორმაციაზე წვდომის პრობლემა

 

2022 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან პრობლემად რჩებოდა ჟურნალისტების წვდომა საჯარო ინფორმაციაზე, აგრეთვე მათი დაშვება საჯარო უწყებებში. მაგალითად, 2022 წლის 19 მარტს, „ტვ პირველის“ ჟურნალისტი, ნატალია ქაჯაია არ იქნა დაშვებული პარლამენტში მას შემდეგ, რაც კრიტიკული შეკითხვები დაუსვა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს. 22 მარტს, ოპოზიციური მედიის წარმომადგენლები არ იქნენ დაშვებული ეროვნულ მუზეუმში კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის, ოფიციალური ვიზიტის გასაშუქებლად. სექტემბერში კი საქართველოს მთავრობამ “ბიზნეს მედია საქართველოს” (BMG) რედაქტორს თელარა გელანტიას არ მისცა საქართველოს მთავრობის სხდომაზე დასწრების საშუალება.

 

5.3. კომუნიკაციების კომისია, საზოგადოებრივი მაუწყებელი და კანონმდებლობა 

 

ანგარიშში ნახსენებია კომუნიკაციების კომისიის მიერ 2022 წლის აგვისტოში სამი კრიტიკული მაუწყებლის  “ფორმულას”, “მთავარი არხისა” და “ტვ პირველის” დასანქცირება კამპანია “შინ ევროპისკენ” კლიპის ეთერში განთავსების გამო. ვიდეორგოლი მაუწყებლების ეთერში 24 ივნისის პროდასავლური და ანტირუსული აქციის ანონსის სახით გადაიცა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს შემთხვევა არასამთავრობო სექტორის მიერ შეფასდა, როგორც „შემაშფოთებელი“ და „დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპთან შეუთავსებელი“.

 

2022 წლის განმავლობაში არასამთავრობო სექტორის მიერ არაერთგზის გამოითქვა კრიტიკა საზოგადოებრივ მაუწყებელს, კომუნიკაციების კომისიასა და მმართველი პარტიას შორის მჭიდრო კავშირების შესახებ. 2022 წლის აპრილში მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოეხმაურა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ვასილ მაღლაფერიძის არჩევას და მიიჩნია ეს მაუწყებლის დამოუკიდებლობისთვის საზიანოდ.

 

წლის ბოლოს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში. ცვლილებებმა გააფართოვა კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილებები მედიაკონტენტის კონტროლის სფეროში, შემოიტანა იმ დაინტერესებული პირის პასუხის უფლება, რომლის კანონიერი ინტერესებიც შეილახა მაუწყებლის პროგრამაში არასწორი ფაქტების გადაცემით, დააწესა სიძულვილის ენის ბუნდოვანი განმარტება. ეს ცვლილებები კრიტიკულად შეაფასა მედიის ადვოკატირების კოალიციამ.

 

5.4. ჟურნალისტებზე თავდასხმები

 

მედიის ადვოკატირების კოალიციისა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თანახმად, 2022 წლის განმავლობაში, ჟურნალისტებზე თავდასხმის 11 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის, ანგარიში ახსენებს 30 ივნისს აშშ-ს საელჩოში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თავდასხმას „ტვ პირველის“ დამფუძნებელზე.

 

დოკუმენტში საუბარია 2022 წლის 18 მარტს ზუგდიდში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე ძალადობრივი თავდასხმის შესახებ. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ საქმეზე გამოძიება დასრულებული ჯერ კიდევ არ არის. 2022 წლის 2 მარტს 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე გამოკითხვის შემდეგ, “ფორმულას” ჟურნალისტ რატი წვერავას სასამართლოსთან, ძალადობრივ ჯგუფებთან დაკავშირებული პირები დაესხნენ თავს. ამასთანავე, შეურაცხყოფა მიაყენეს “რუსთავი 2-ის”თანამშრომლებს არჩილ ჭიჭიბოშვილს და ხათუნა გაგნიძეს.  

 

6. 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენები

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ მთავრობის წარუმატებლობამ, სანდო გამოძიება ჩაეტარებინა და სამართლებრივი დევნა განეხორციელებინა 2021 წლის ივლისის ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ, მოიტანა ის, რომ ამ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული პირები დაუსჯელები არიან. სამოქალაქო საზოგადოების, სახალხო დამცველისა და საერთაშორისო საზოგადოების აზრით, ხელისუფლებამ სათანადოდ არ გამოიძია აღნიშნული ფაქტები.

 

2022 წლის 14 ივნისს, 9 არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა ერთობლივი განცხადება და გამოეხმაურა ტელეკომპანია "პირველი"-ს ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დაგეგმვასა და აღსრულებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში სუს-ი) თანამშრომლების სავარაუდო მონაწილეობას აღწერს. განცხადების მიხედვით „2021 წლის 5 ივლისს მომხდარი მასობრივი ძალადობა საპოლიციო უმოქმედობისა და ჟურნალისტებისა და აქტივისტების დასაცავად სახელმწიფოს დემონსტრაციული პასიურობის განსაკუთრებულ შემთხვევად ფასდებოდა, თუმცა 12 ივნისს გასაჯაროვებული ინფორმაცია ქმნის კიდევ უფრო სახიფათო და შემაშფოთებელ დაშვებას, რომ მასობრივი ძალადობის დაგეგმვისა და პროცესების მართვის უკან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შესაძლოა იდგეს.“

 

7. კორუფცია

 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ეფექტურად ებრძვის დაბალი დონის კორუფციას, არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ მიუთითებენ შეკავება-გაწონასწორების მექანიზმის სისუსტესა და სამართალდამცავი ორგანოების დამოუკიდებლობის ნაკლებობაზე, რაც მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლას კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად ტოვებს. არასამთავრობო სექტორი საუბრობს, რომ ქვეყანაში არ არსებობს სახელმწიფო კომპანიებსა და დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოებში კორუფციის პრევენციის ეფექტური მექანიზმები. კვლავ აქტუალურია სამოქალაქო საზოგადოების მოწოდება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს გაძლიერებასთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემიდან მისი გამოყოფის თაობაზე.

 

სახელმწიფო დეპარტამენტი მითითებას აკეთებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა -  საქართველოს” 2021 წლის დეკემბრის ანგარიშზე, რომლის მიხედვითაც “კორუფციასთან ბრძოლის არსებული ინსტიტუციური მოდელი არ მოიცავს ყველა ფუნქციას (კორუფციის პრევენცია, გამოძიება, ანტი-კორუფციული პოლიტიკის იმპლემენტაცია, ცნობიერების ამაღლება), რომელიც აუცილებელია კორუფციასთან ეფექტური ბრძოლისთვის”.

 

8. არჩევნები და პოლიტიკური მონაწილეობა

 

სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა“ (TI) და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) 2022 წლის 22 ივლისის ანგარიშს, რომელიც ეფუძნებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მიერ მოწოდებულ მასალებს. ანგარიში ეხებოდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, აგრეთვე, ნაწილობრივ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მოქმედ  იმ სავარაუდო სქემასა და სისტემას, რომელიც მმართველი პარტიის და რამდენიმე სახელმწიფო უწყების თანამდებობის პირების კოორდინაციის შედეგად, სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებით, ამომრჩევლის მოსყიდვას და მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხმების მობილიზებას ისახავდა მიზნად. ანგარიშმა გამოკვეთა „მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა“.

 

ანგარიშის თანახმად, მმართველი პარტია და სუსი ამზადებდნენ საჯარო სკოლის დირექტორების პოლიტიკურ პროფილებს და პოლიტიკური ნიშნით ახდენდნენ მათ დისკრიმინაციას.

 

გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ 2022 წლის განმავლობაში ოპოზიციური პარტიები აცხადებდნენ უთანასწორო თამაშის წესების შესახებ, რაც გამოწვეული იყო მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის სრული კონტროლით და ღრმა პოლარიზაციით - მათ შორის დაშინებისა და ზეწოლის გზით.

 

9. არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის დისკრედიტაცია, მტრული გარემო

 

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ სერიოზული პრობლემები გამოიკვეთა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ხელისუფლების თანამშრომლობის ნაწილში. მაგალითად, მოყვანილია მმართველი პარტიის მიერ 2022 წლის 18 აგვისტოს საქართველოს პარლამენტში ISFED-ის არდაშვება საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე. 2022 წლის 13 სექტემბერს კი მმართველმა პარტიამ ISFED და TI არ დაუშვა ევროკავშირის მოთხოვნებთან დაკავშირებით გამართულ კონსულტაციებზე.

 

რაც შეეხება სახალხო დამცველს, ანგარიშში ნახსენებია, რომ სამოქალაქო საზოგადოება სახალხო დამცველს ახასიათებს, როგორც ადამიანის უფლებების დამცველ ყველაზე ობიექტურ სახელმწიფო ინსტიტუტს. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ 2022 წლის განმავლობაში, ქვეყანაში არსებული მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში, მმართველი პარტია აქტიურად ახდენდა სახალხო დამცველის მარგინალიზაციას. მმართველი პარტიის ლიდერები ხშირად ესხმოდნენ თავს სახალხო დამცველს და პოლიტიკურ მიკერძოებულობაში სდებდნენ ბრალს. სახელმწიფო დეპარტამენტი აგრეთვე შეეხო სახალხო დამცველის არჩევის პროცესს. დოკუმენტში აღინიშნა, რომ კანდიდატის შერჩევის პროცესი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კრიტიკულად და ინსტიტუტის დამაზიანებლად შეფასდა.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023