2015 წლის 16-17 აპრილს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) წარმომადგენლებმა, ნინო მერებაშვილმა და თამარ იაკობიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობისა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) ორგანიზებით განხორცილებული პროექტის „პერსონალური მონაცემების დაცვა და გამოხატვის თავისუფლება“ ფარგლებში სტუდენტებისთვის ჩაატარეს ორდღიანი ტრენინგი თემაზე - ინფორმაციის საკანონმდებლო რეგულირება და პრაქტიკა საქართველოში. პროექტის პარტნიორებს ასევე წარმოადგენდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.
ტრენინგის პირველ დღეს, IDFI-ს იურისტმა ნინო მერებაშვილმა ისაუბრა ინფორმაციის თავისუფლების საკანონმდებლო რეგულაციებზე საქართველოში, გააცნო სტუდენტებს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის პროცედურები და ადმინისტრაციულ ორგანოთა ვალდებულებები. განხილულ იქნა ღია მმართველობა პარტნიორობის ფარგლებში (OGP) საქართველოს მიერ აღებული ვალდებულება მიიღოს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ დამოუკიდებელი საკანონმდებლო აქტი. IDFI-ს წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს ორგანიზაციის რეკომენდაციები, რომლებიც არსებულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას შეეხება. განხილულ იქნა ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერის ინსტიტუტი და ამ მხრივ არსებული საერთაშორისო პრაქტიკა. ორგანიზაციის იურისტმა ასევე ისაუბრა IDFI-ს სასამართლო პრაქტიკაზე და სასამართლო სისტემაში არსებულ დადებით ცვლილებებზე.
ტრენინგის მეორე დღეს, ორგანიზაციის ანალიტიკოსმა თამარ იაკობიძემ სტუდენტებს გააცნო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკა საქართველოში. განხილულ იქნა ყველაზე დახურული და ღია საჯარო დაწესებულებების ნუსხა. ორგანიზაციის ანალიტიკოსმა სტუდენტებს მიაწოდა დაწვრილებითი ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შექმნილ საჯარო მონაცემთა ბაზაზე - www.opendata.ge, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს საშუალება გაეცნოს IDFI-სა და სამი პარტნიორი ორგანიზაციის მიერ („საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „მწვანე ალტერნატივა“) მოთხოვნილ და მიღებულ სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაციას. განხილულ იქნა ასევე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების გავლენა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ტენდენციებზე. სტუდენტებს წარედგინათ რამდენიმე სადემონსტრაციო მაგალითი, როდესაც ერთი და იგივე ადმინისტრაციული ორგანოს გამჭვირვალობის ხარისხი 2012 წლის საკანონმდებლო არჩევნების შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა.
ტრენინგის დასასრულს სტუდენტებს კიდევ ერთხელ განემარტათ მათი უფლება მოითხოვონ ადმინისტრაციული ორგანოებიდან ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია, რომელიც მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენს. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გამოხატეს საკუთარი მზადყოფნა სამართლებრივი დახმარება გაუწიონ ტრენინგის მონაწილეებს საჯარო ინფორმაციის მიღების პროცესში პრობლემების არსებობის შემთხვევაში.
IDFI მიესალმება თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობისა და ELSA-ს ინიციატივას გააღრმაოს დაინტერესებულ სტუდენტთა ცოდნა ისეთ საკითხებზე, როგორიც ინფორმაციის თავისუფლება და პერსონალური მონაცემების დაცვაა. სწორედ ამ მიზნით 2014 წლის 9 მარტს IDFI-სა და ELSA-ს შორის ხელი მოეწერა სპეციალურ მემორანდუმს რომელიც, მიზნად ისახავს ორგანიზაციათა ურთიერთთანამშრომლობის გზით, სხვადასხვა საკითხებთან, მათ შორის ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მატარებელი თემების პუპულარიზაციას, საჯარო ინსტიტუტების საქმიანობის გამჭირვალობის ხელშეწყობასა და მოცემულ აქტივობებში სტუდენტების ჩარულობის გაზრდას. ჩვენ მომავალშიც გამოვხატავთ მზადყოფნას ვითანამშრომლოთ ნებისმიერ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებზე საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებისა და ცნობეირების ამაღლების მიზნით.