15 და 22 ნოემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გამართა ტრენინგი სახელწოდებით ,,ღია პარლამენტი - ახალგაზრდების ხმა". ტრენინგი გაიმართა პროექტის - ,,ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის" ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და საქართველოს პარლამენტი პროგრამის ,,საქართველოს საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერების" ფარგლებში, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს. ტრენინგი ჩატარდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში.
ტრენინგის ფარგლებში განსახილველი თემები იყო: ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიზანი და საქმიანობის არსი; საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა 2015-2016; და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა საჯარო პოლიტიკაში. ტრენინგს გაუძღვნენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები: დირექტორი - გიორგი კლდიაშვილი, პროექტის კოორდინატორი - დავით მაისურაძე და ანალიტიკოსი - თამარ იაკობიძე. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა უნივერსიტეტების სოციალური მეცნიერებების, ეკონომიკისა და სამართლის ფაკულტეტების 50-მდე სტუდენტმა.
გიორგი კლდიაშვილი სტუდენტებს ესაუბრა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) არსსა და მისიაზე. OGP წარმოადგენს მრავალმხრივ ინიციატივას და მიზნად ისახავს უზრუნველყოს მთავრობების მხრიდან კონკრეტული ვალდებულებების შესრულება ღია მმართველობის, გამჭვირვალობის, მოქალაქეების ჩართულობის, კორუფციასთან ბრძოლის, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით. ინიციატივა ასევე, გულისხმობს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას იმისათვის, რომ მთავრობები უფრო ღია, ეფექტური და ანგარიშვალდებული გახდნენ, რისი შედეგიც იქნება საზოგადოებრივი რესურსების უფრო ეფექტიანი მართვა და ინკლუზიური განვითარება. გიორგიმ ასევე ისაუბრა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მოღვაწეობის სხვადასხვა ასპექტზე, განსაკუთრებით კი, ყურადღება გაამახვილა საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების მნიშვნელობაზე. აღსანიშნავია, რომ სესია ღია ფორმატში წარიმართა, როდესაც სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ ჩართულიყვნენ საინტერესო დისკუსიებში.
დავით მაისურაძემ სტუდენტებს წარუდგინა საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა 2015-2016 და ესაუბრა იმ ინიციატივებზე, რომელიც სამოქმედო გეგმაშია შესული და პარლამენტმა 2015-2016 წლებში უნდა განახორციელოს. გეგმის მიზანია უზრუნველყოს ღია მმართველობის პარტნიორობისა და საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციის პრინციპების შესაბამისად საქართველოს პარლამენტის ღიაობა და საპარლამენტო ინფორმაციის გამჭვირვალობა, აგრეთვე, ხელი შეუწყოს საპარლამენტო საქმიანობასა და საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. ინიციატივების გაცნობა მნიშვნელოვანი იყო სტუდენტებისათვის, რამდენადაც კონკურსის პირობების თანახმად, ტრენინგის დასრულების შემდეგ მათ თავად უნდა ჩამოაყალიბონ საკუთარი ინიციატივები და წარუდგინონ IDFI-ს. ყველაზე რეალისტური, ქმედითი და მნიშვნელოვანი ინიციატივის შემდეგი წლის სამოქმედო გეგმაში შესვლა განიხილება საქართველოს პარლამენტის ინტერ-ფრაქციული ჯგუფისა და ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მიერ, ინიციატივის ავტორი ასევე მოწვეული იქნება აღნიშნულ შეხვედრაზე.
თამარ იაკობიძემ - IDFI-ს ანალიტიკოსმა ისაუბრა საჯარო პოლიტიკაში სამოქალაქო ჩართულობის გზებსა და მექანიზმებზე, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის მაგალითზე. თამარმა სტუდენტებს გააცნო გადაწყვეტილების მიღების პროცესში სხვადასხვა ეტაპებზე ჩართულობის შესაძლებლობა და სამოქალაქო ჩართულობის დონეები, ისევე როგორც თითო ეტაპზე შესაძლო მექანიზმები ჩართულობისთვის. სესიამ დებატები და აზრთა სხვაობა გამოიწვია საქართველოში არსებულ რეალობასთან დაკავშირებით. მონაწილეებში გაჟღერდა აზრი, რომ ხშირად მოსახლეობამ არ იცის თუ როგორ უნდა დააყენოს პრობლემა საჯარო პოლიტიკის დღის წესრიგში, შედეგად, ისინი ვერ ახერხებენ მათ თემში არსებული პრობლემის მოგვარებას, ისევე როგორც, ბიუჯეტით გამოყოფილი თანხის ათვისებას და შედეგად, მოუგვარებელი პრობლემებითა და შემდეგ წლებში ნაკლები ბიუჯეტით რჩებიან.
კონკურსის მეორე ეტაპზე 30 ნოემბერს, სტუდენტები ეწვევიან საქართველოს პარლამენტს, თბილისში, სადაც ისინი დაათვალიერებენ ფოტოგამოფენას პარლამენტარიზმის თემატიკაზე, უკეთ გაეცნობიან პარლამენტის კანონშემოქმედებით საქმიანობას, გაიგებენ კომიტეტების საქმიანობის შესახებ და შეხვდებიან პარლამენტის აპარატისა და საქართველოს პარლამენტის ინტერ-ფრაქციული ჯგუფის თავმჯდომარეს - თამარ კორძაიას, რომელიც სტუდენტებს გაესაუბრება პარლამენტის მიერ სამოქმედო გეგმით ნაკისრ ვალდებულებებზე.
18 დეკემბერს იქნება ტრენინგის დახურვა და სერტიფიკატების გადაცემა. აღსანიშნავია, რომ 18-ში გამოვლინდებიან საპარლამენტო ღიაობასთან დაკავშირებით საუკეთესო ინიციატივების ავტორები.